№ას-1066-1017-2013 20 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ინდივიდუალური მეწარმე ს. ჩ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი – გ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ნასყიდობის საგნის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე ს. ჩ-ს დაევალა შეცვალოს მოსარჩელისათვის მიწოდებული 9800კგ ბოსტნეულის კონსერვი („ლეჩო“) საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 18 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით 9800კგ ბოსტნეულის კონსერვის ღირებულება განისაზღვრა 21266,00 ლარით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალურმა მეწარმე ს. ჩ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ი/მ ს. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდივიდუალური მეწარმე ს. ჩ-ის წარმომადგენელმა გ. ო-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე ს. ჩ-ის წარმომადგენელ გ. ო-ს ჩაბარდა 2013 წლის 7 ნოემბერს.
2013 წლის 12 ნოემბერს ინდივიდუალური მეწარმე ს. ჩ-ის წარმომადგენელმა გ. ო-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო ამავე წლის 14 ნოემბერს – შპს „სკს-ის“ ადმინისტრატორ ნ. დ-ის მიერ გაცემული ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური მეწარმე ს. ჩ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ გ. ო-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2013 წლის 7 ნოემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.35). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 8 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 11 ნოემბერს, ვინაიდან 10 ნოემბერი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
2013 წლის 12 ნოემბერს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გ. ო-მა ფოსტის მეშვეობით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფოსტო ქვითრით დასტურდება, რომ მან დოკუმენტები ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 12 ნოემბერს (ტ.2, ს.ფ.35), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზეც, კერძოდ, შპს „სკს-ის“ ადმინისტრატორ ნ. დ-ის მიერ გაცემული ცნობით რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული კორესპოდენცია კერძო საჩივრის ავტორმა შპს „სკს-ს“ ფოსტას“ ჩაბაარა 2013 წლის 11 ნოემბერს. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულება კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების უტყუარ წინაპირობას არ წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, კანონმდებელმა ამავე ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების ტვირთის მხარისათვის დაკისრების გზით, კანონმდებელმა მას მისცა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებით განსაზღვროს სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წრე, თუმცა სავალდებულოა, ეს მტკიცებულებები, განკუთვნადობის თვალსაზრისით, სწორად იქნას შერჩეული, აღნიშნულის პარალელურად კი, კანონმდებლობით განისაზღვრა სასამართლოს ვალდებულება, გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს მხარის მიერ მტკიცების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობას, კერძოდ, დაადგინოს, ესა თუ ის ფაქტი რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნას დადასტურებულად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში, ერთი მხრივ, წარმოდგენილია დოკუმენტი – ქვითარი, სადაც კერძო საჩივრის ავტორის მიერ დოკუმენტების ფოსტისათვის გადაცემის თარიღად 2013 წლის 12 ნოემბერია მითითებული (აღნიშნულით დასტურდება კერძო საჩივრის მიერ საპროცესო ვადის დარღვევა) და, მეორე მხრივ, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემული ნორმა აღმჭურველი ხასიათისაა და მისი ფართოდ განმარტების შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებს, ნორმით ამომწურავადაა განსაზღვრული რეგულირებული ურთიერთობის ადრესატის ქცევის წესი და სავალდებულოდაა მიჩნეული საჩივრის, საბუთებისა თუ ფულადი თანხის უშულოდ ფოსტის ან ტელეგრაფისათვის ჩაბარების აუცილებლობა. შპს „სკს-ს“ ფოსტის ცნობით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ 2013 წლის 11 ნოემბერს სკს-ს“ ფოსტის საშუალებით გაგზავნილი წერილი საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩაბარდა 2013 წლის 12 ნოემბერს. ამავე დროს საქმეში წარმოდგენილია საფოსტო ქვითარი, სადაც დოკუმენტების ფოსტისათვის გადაცემის თარიღად 2013 წლის 12 ნოემბერია მითითებული, რაც შესაძლოა, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის განმსაზღვრელი ნორმების დარღვევასა და დამრღვევის შესაძლო პასუხისმგებლობაზე მიუთითებდეს.
საკასაციო პალატა ამ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორ ინდივიდუალური მეწარმე ს. ჩ-ის წარმომადგენელ გ. ო-ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას – შპს „სკს-ის“ ადმინისტრატორ ნ. დ-ის მიერ გაცემული ცნობას, რომლის თანხმად, კერძო საჩივრის ავტორმა დოკუმენტები ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 11 ნოემბერს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს წარმოადგენს არა შპს „სკს-ის“ ფოსტის ადმინისტრატორ ნ. დ-ის მიერ გაცემული ცნობა, არამედ, საფოსტო ქვითარი, რომელზეც დოკუმენტების ფოსტისათვის გადაცემის თარიღად გარკვევით არის მითითებული 2013 წლის 12 ნოემბერი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალური მეწარმე ს. ჩ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ინდივიდუალური მეწარმე ს. ჩ-ის დაუბრუნდეს ი. ბ-ის მიერ 2013 წლის 11 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია