¹ ბს-639-551-კ-04 25 იანვარი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმა, მშენებლობის შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ა-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ლ. მ-ის, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, ხელვაჩაურის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ლ. მ-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება მისი შედეგებით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1992 წლიდან ითხოვდა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას სოფ. ადლიაში მდებარე მიწის ნაკვეთზე, მიუხედავად გამგეობის მხრიდან დაპირებისა, ხელშეკრულება არ გაფორმებულა. 2000 წელს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოცვლის წესით საკარმიდამო მიწის ნაკვეთად გამოუყვია ლ. მ-ისათვის, რომელმაც სახლის მშენებლობა დაიწყო. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ გამგეობის მოქმედება უკანონო იყო, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო ფონდის მიწას და მისი საკარმიდამო ნაკვეთად გაცემა დაუშვებელი იყო.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს: ლ. მ-ეს საკუთრების უფლებით ერიცხებოდა 0.15 ჰა საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც მოქცეული იყო ქ. ბათუმის აეროპორტის განაშენიანების პერსპექტიულ ზოლში, ითვლებოდა სამხედრო დანიშნულების სტრატეგიულ მიწის ნაკვეთად, რის გამოც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა არ მიეცა. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ციტრუსებით განაშენიანებულს. გამგეობამ გაითვალისწინა ლ. მ-ის თხოვნა და მოცვლის წესით, ციტრუსებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთის ხარჯზე გამოუყო მე-3 ბრიგადის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც ლ. მ-ემ მიიღო სახლის მშენებლობის ნებართვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 16 მაისის განჩინებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ. მ-ეს 1994 წლიდან საკარმიდამოდ გამოყოფილი ჰქონდა და სარგებლობდა 0,15 ჰა, რომელზედაც საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ შეიძლებოდა, რადგან საკარმიდამო განთავსებული იყო აეროპორტის განაშენიანების ზოლის მიწაზე. ლ. მ-ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი სტრუქტურების დასკვნებითა და ნებართვით მოხდა მიწის ნაკვეთის მოცვლა იმ მოტივით, რომ ლ. მ-ის 4 _ სულიან ოჯახს შესაძლებლობა მისცემოდა, აეშენებინა საცხოვრებელი სახლი. გაცვლილობის შედეგად ლ. მ-ემ სახელმწიფოს ჩააბარა მასზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი და მიიღო იმავე ოდენობის ნაკვეთი, რომელზეც სათანადო ნებართვის შედეგად დაიწყო სახლის მშენებლობა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ა. ა-ის მოთხოვნა და განმარტა, რომ მისი განცხადება სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე ხელვაჩაურის მიწის მართვის სამმართველოში რეგისტრირებული არ ყოფილა და მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა გონიოს ჯიშთსაშენ მეურნეობას, რომელსაც ქვეიჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ლ. მ-ესთან და 30წ. განმავლობაში იგი სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით და მიიჩნია, რომ ლ. მ-ეზე მიწის ნაკვეთის მონაცვლეობით არ დარღვეულა ა. ა-ის უფლებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. ა-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 16 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რათა სასამართლოს გაერკვია, ხომ არ მდებარეობდა ლ. მ-ისათვის მონაცვლეობის წესით გაცემული მიწის ნაკვეთი 21 კმ-იან სასაზღვრო ზოლში და შეიძლებოდა თუ არა მისი გამოყოფა საკარმიდამო მიწის ნაკვეთად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹48 დადგენილების მე-4 პუნქტისა და “სახელმწიფო საზღვრის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 25 თებერვლის განჩინებით კვლავ არ დაკმაყოფილდა ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. ა-ის მიერ არასწორად იყო გაგებული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-4 პუნქტი და ამავე წლის 10 მარტის ¹190 დადგენილების პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც 21 კმ-იან სასაზღვრო ზოლის მიწებს მიიჩნევს სახელმწიფო ფონდის მიწებად. აღნიშნული პუნქტი არ კრძალავს 21 კმ-იან სასაზღვრო ზოლში მიწის ნაკვეთის გაცემას, არამედ ზღუდავდა ზოგიერთი სტრატეგიული კულტურით დაკავებული მიწების გაცემას სარეფორმო ფონდში. ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 30 დეკემბრის ¹249 განკარგულებით გაუქმებულ იქნა შეზღუდვები, რომლებიც დაწესებული იყო 21 კმ-იან სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მიწების გაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც მოპასუხეს უფლება ჰქონდა, მიეღო მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის გამგეობისაგან, მით უფრო, რომ მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა მონაცვლეობის წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი მიუთითებს, რომ ლ. მ-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა კანონმდებლობის დარღვევით, ვინაიდან მიწის ნაკვეთი განეკუთვნებოდა სახელმწიფო მიწის ფონდს და მისი საკარმიდამოდ გაცემა დაუშვებელი იყო მიწის სტატუსის შეცვლამდე.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 30.12.94 ¹249 განკარგულება. ასევე “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ კანონის” მე-7 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტი და მე-8 მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტი, რადგან აღნიშნული ნორმების საფუძველზე ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, განკარგონ სარეფორმო ფონდში რიცხული მიწები. განსახილველ შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ფონდის მიწის განკარგვას, რისი უფლებაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას და კახაბრის თემის საკრებულოს არ გააჩნდათ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 თებერვლის განჩინება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1994 წლიდან ლ. მ-ეს საკარმიდამოდ გამოყოფილი ჰქონდა და სარგებლობდა 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ შეიძლებოდა, ვინაიდან გამოყოფილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა აეროპორტის განაშენიანების ზოლში. ლ. მ-ის განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1999წ. 23 აგვისტოს ¹91 გადაწყვეტილებით, შესაბამისი სტრუქტურების დასკვნებითა და ნებართვით მოხდა მიწის ნაკვეთის მოცვლა იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელის 4 _ სულიან ოჯახს შესაძლებლობა მისცემოდა, აეშენებინა საცხოვრებელი სახლი. სადავო მიწის ნაკვეთის მიღების შემდეგ ლ. მ-ემ სახელმწიფოს ჩააბარა მასზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, ხოლო გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, სათანადო ნებართვის საფუძველზე, დაიწყო სახლის მშენებლობა.
უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 თებერვლის ¹48 დადგენილების IV და ¹190 დადგენილების პირველი პუნქტები, აგრეთვე, საქართველოს მეთაურის 30/11-94 ¹243 განკარგულების შინაარსი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და განხილულ იქნა ის საკითხები, რომელთა შესახებაც მიეთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინებაში. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1999წ. 23 აგვისტოს ¹91 გადაწყვეტილებით ლ. მ-ისათვის მონაცვლეობის წესით გამოყოფილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მართალია, მდებარეობდა 21 _ კილომეტრიან სასაზღვრო ზოლში, მაგრამ იგი არ წარმოადგენდა იმ ტიპის მიწის ნაკვეთს, რომლის გამოყოფა საკარმიდამო მიწის ნაკვეთად დაუშვებელი იყო მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-4 პუნქტისა და 1992წ. 10 მარტის ¹290 დადგენილების პირველი პუნქტის საფუძველზე და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმების თანახმად, 21-კმ-იან სასაზღვრო ზოლში იკრძალებოდა იმ მიწის ნაკვეთების გამოყოფა, რომელზედაც გაშენებული იყო სტრატეგიული კულტურები, მსხვილი სამექანიზაციო ფართობები, აგრეთვე ნაკვეთები, რომლებზეც ფუნქციონირებდნენ მაღალსპეციალიზებული მეურნეობები. საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე აქტების (მინისტრთა კაბინეტის ¹48 და 190 –ე დადგენილებები) ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ზემომითითებული დადგენილებებით მთლიანად არ ყოფილა აკრძალული 21 _ კმ-იან სასაზღვრო ზოლში მოქცეული მიწის ნაკვეთების გამოყოფა, აკრძალული იყო 21 _ კმ-იან სასაზღვრო ზოლში მოქცეული მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მიწის ნაკვეთების გამოყოფა, რომელსაც არ მიეკუთვნება ლ. მ-ისათვის მონაცვლეობის წესით გამოყოფილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით განემარტა აპელანტს, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 30 დეკემბრის ¹249 განკარგულებით გაუქმებულ იქნა ის შეზღუდვები, რომლებიც დაწესებული იყო 21 კმ-იან სასაზღვრო ზოლში საკარმიდამო მიწების გაცემასთან დაკავშირებით და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმართველობის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი იყო, გადაეწყვიტა მიწათსარგებლობის საკითხი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მიწის გამოყოფა მოხდა მონაცვლეობის წესით, აეროპორტის განაშენიანების ზოლში გამოყოფილი 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის ჩაბარების შედეგად და არ მომხდარა ახალი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, რის გამოც არ არსებობს ა. ა-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 თებერვლის განჩინება;
3. ა. ა-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.