№ას-1078-1029-2013 7 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 29 ივლისს ს. ა-ემ საჩივრით (სააპელაციო საჩივრით) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ს. ა-ის საჩივარი დარჩე განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ა-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებიმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც განუხილველად დარჩა ს. ა-ის საჩივარი შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ა-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ა-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ს. ა-ეს დაუბრუნდეს (პირადი ნომერი №...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 22 ოქტომბერს №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია