Facebook Twitter

საქმე №ას-1091-1040-2013 12 ნოემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. დ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე უსწორობის გასწორების, სხდომის დანიშვნისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შეჩერების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ შპს „ს. კ-მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა შპს „მ. ლ-ან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ 2013 წლის 16 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს.კ-ის“ დირექტორის ო. ც-ას შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და არსრულების შესახებ დაკმაყოფილდა.

2013 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასმართლოს განცხადებით მიმართა გ. დ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული შეცდომის გასწორება, სხდომის დანიშვნა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გ. დ-ის განცხადება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების, სხდომის დანიშვნისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ რომ აღნიშნული განჩინება არ საჩივრდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შემოიტანა გ.დ-მა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებისმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, გ. დ-ი კერძო საჩივრით არ მოითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუმებას, თუმცა განსახილველი დავის არსი სწორედ ამ საკითხს ეხება და, ვინაიდან, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი განიხილოს სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „მ. ლ-ან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების კანონიერების საკითხი, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებითვე განემარტა მხარეს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინების კანონიერების შემოწმების ნაწილში გ.დ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 35612 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. დ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე