№ას-255-245-2013 29 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ. დ-ი, ზ. დ-ი (წარმომადგენელი რ. გ-ი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ- ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების – მ. დ-სა და ზ. დ-ის სარჩელი მოპასუხე მ- ს-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ზ. დ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ. დ-სა და ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე მ. და ზ. დ-მა შეიტანეს კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
კერძო საჩივრის მოტივები:
აპელანტის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოს განცხადებით მიმართა 2012 წლის 28 დეკემბერს. ამის შემდეგ იგი პერმანენტულად მიმართავდა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, თუმცა მოსამართლის თანაშემწე ატყობინებდა, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. აპელანტის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება შეძლო მხოლოდ 2013 წლის 11 იანვარს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა სასამართლოს უნდა დაეწყო 12 იანვრიდან და არა 9 იანვრიდან. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2013 წლის 25 იანვარი, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2013 წლის 24 იანვარს, ანუ ვადის დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ზ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელეების – მ. დ-სა და ზ. დ-ის წარმომადგენელი რ. გ-ი, რომელიც საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილია გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი აქტი, მათ შორის, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 24). ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეები (მათი წარმომადგენელი) ვალდებულნი იყვნენ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მათ გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართათ 2012 წლის 30 დეკემბრიდან 2013 წლის 9 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებულ ვადაში მოსარჩელეებს (მათ წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ჩაიბარა მხოლოდ 2013 წლის 11 იანვარს (ს.ფ. 148).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მას გადაეცა 2013 წლის 11 იანვარს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს, მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ თავისი განმარტებით შემოიფარგლა. რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენლის 2012 წლის 28 დეკემბრის განცხადებას, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს განცხადება ვერ ჩაითვლება აპელანტის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან ეს ნორმა გარკვევით მიუთითებს გასაჩივრების მსურველი მხარის ან მისი წარმომადგენლის ვალდებულებაზე – გამოცხადდეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა. ამდენად, 20-დღიანი ვადის გასვლამდე კანონი სასამართლოს არ ავალდებულებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებასა და მხარისათვის გადაცემას, შესაბამისად, ამ ვადის ამოწურვამდე მხარის სასამართლოსადმი მიმართვა ატარებს ფორმალურ ხასიათს და იგი ვერ მიიჩნევა იმ ვალდებულების შესრულებად, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 დღის გასვლამდე, ხოლო, მოგვიანებით 30 დღის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, მას არ შეუსრულებია კანონის მოთხოვნა სასამართლოში გამოცხადების თაობაზე, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით და სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. და ზ. დ-ის წარმომადგენელ რ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე