Facebook Twitter

№ას-382-363-2013 29 ნოემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – პ. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა

დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით პ. დ-ის სარჩელი მოპასუხეების: ნ. დ-ის, ლ. დ-სა და ლ.ლ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა 2001 წლის 7 ნოემბერს გარდაცვლილი ა. დ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების – ქ.თელავის სოფელ კ-ი მდებარე ქონების მესაკუთრედ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა – ნ. დ-მა და ლ. დ-მა. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით ლ. დ-სა და ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ლ. დ-ი პირადად, ხოლო ნ. დ-ი წარმომადგენელ ჯ.მ-ის მეშვეობით გაფრთხილებულ იქნა სასამართლო სხდომის დროის (12 მარტი, 11.00 საათი) თაობაზე. მათ აღნიშნული დაადასტურეს ხელწერილით. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ პირველი სხდომა მიეძღვნა როგორც სააპელაციო საჩივარზე, ისე სააპელაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებების დართვის ან დაურთველობის საკითხის გადაწყვეტას, რის გამოც სასამართლო ვერ შეუდგა სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის ეტაპს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებითად არ დაწყებულა საქმის განხილვა, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი, რადგან სააპელაციო საჩივარი არ ყოფილა მხარდაჭერილი აპელანტების მიერ.

დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. დ-მა. იგი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვას.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი დანიშნულ დროს გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს შენობაში, თუმცა მოსამართლის თანაშემწემ სასამართლოს შიდა ტელეფონით განუმარტა, რომ დალოდებოდა სხდომის დაწყებას, რის თაობაზეც მას დამატებით შეატყობინებდნენ. მოგვიანებით, თანაშემწემ ტელეფონით განუცხადა, რომ სასამართლო სხდომა უკვე დასრულებული იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით ლ. დ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომის დღეს, იგი დანიშნულ დროს გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს შენობაში, თუმცა მოსამართლის თანაშემწემ სასამართლოს შიდა ტელეფონით განუმარტა, რომ დალოდებოდა სხდომის დაწყებას, რის თაობაზეც მას დამატებით შეატყობინებდნენ. მოგვიანებით, თანაშემწემ ტელეფონით განუცხადა, რომ სასამართლო სხდომა უკვე დასრულებული იყო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია ზემოხსენებულ გარემოებათა დასადასტურებლად. მოხმობილი მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მხარე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით კი არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ მან უნდა დაადასტუროს კიდეც ეს გარემოებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე