№ას-730-692-2013 29 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს ბ. „რ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ბ. ,,რ-ის“ სარჩელი მოპასუხეების: შპს ,,კ-ის”, ი. დ-ის, მ. გ-ის, ნ. კ-ის, შპს ,,მ-სა” და ნ. ფ-ის მიმართ:
1. დასახელებულ მოპასუხეებს სს ბ. ,,რ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ:
ა. ძირი თანხის – 73496.05 აშშ დოლარის გადახდა;
ბ. პროცენტის – 15942.5 აშშ დოლარის გადახდა;
გ. პირგასამტეხლოს – 5000 აშშ დოლარის გადახდა.
2. ამავე გადაწყვეტილებით, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა:
ა. ნ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვ-ი, „საწამლ ბასეინებთან“;
ბ. ქ.თბილისში, კ-ის №7-ში ნ. ფ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება.
3. გარდა ამისა, მოპასუხეებს სს ბ. ,,რ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3230 ლარის ანაზღაურება, მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 4000 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოსა და პროცენტის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ამავე სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინება ნ. ფ-ეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საფოსტო გზავნილებისა და კორესპონდენციების ჩაბარების შესახებ უკუგზავნილით დასტურდებოდა, რომ გზავნილი 2013 წლის 20 მაისს ჩაიბარა ნ. ფ-ემ პირადად, გზავნილზე მითითებული იყო პირადი ნომერიც.
ზემოხსენებული განჩინებით, ნ. ფ-ეს ხარვეზის შესავსებად მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადა. უშუალოდ ხარვეზი შემდეგში მდგომარეობდა: ა. აპელანტს უნდა დაეზუსტებინა და განემარტა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას რა ნაწილში ასაჩივრებდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ რა ახალი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული; ბ. აპელანტს უნდა მიეთითებინა, ეთანხმებოდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებს; გ. აპელანტს დაევალა სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის მიერ მიერ დაზუსტებული მოთხოვნის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტისათვის დადგენილი ხარვეზის შევსების ბოლო ვადა – 2013 წლის 25 მაისი, იყო არასამუშაო დღე. ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნ. ფ-ეს შეეძლო სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი შეევსო მომდევნო სამუშაო დღეს, ანუ 2013 წლის 27 მაისის ჩათვლით. ასეთი რამე მას არ განუხორციელებია, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368.5, 374.1 და 374.3 მუხლების საფუძველზე ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ხოლო, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა კანონსაწინააღმდეგოა, რადგან მხარე იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით აპელანტ ნ. ფ-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში: ა. დაეზუსტებინა და განემარტა, თუ რა ნაწილში ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა ახალი გადაწყვეტილება უნდა მიეღო სააპელაციო სასამართლოს; ბ. მიეთითებინა და განემარტა, ეთანხმებოდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებს; გ. სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი დაზუსტებული მოთხოვნის 4%-ის ოდენობით. ამავდროულად, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ხსენებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და იგი არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა მოტივირებული იყო იმით, რომ აპელანტი იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სახეზე არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რადგან მხარეს არ წარუდგენია მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ტომი 2, ს.ფ. 2-4);
სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინება 2013 წლის 20 მაისს კანონით დადგენილი წესით, პირადად ჩაბარდა აპელანტს (ტომი 2, ს.ფ. 6).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა ნ. ფ-ის დაიწყო 2013 წლის 21 მაისს და ამოიწურა 2013 წლის 27 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. მიუხედავად ამისა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობს მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი, რადგან იგი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, თუმცა აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოება, ვინაიდან მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არაა საკმარისი სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. საგულისხმოა ისიც, რომ აპელანტს ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რისი უფლებაც მას გააჩნდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე