Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-750-711-2013 25 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. ჯ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სასესხო ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ., თ, ა. და ნ. ჯ-ის მიმართ საბანკო დავალიანების დაფარვისა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ჯ-ას დაეკისრა №484152 სესხიდან გამომდინარე: ძირი თანხის – 21125.88 აშშ დოლარის, პროცენტის – 4213.80 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 976.7 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, დაზღვევიდან გამომდინარე №490538 სესხზე: ძირი თანხის – 71.04 აშშ დოლარის, პროცენტის – 18.68 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 14.2 აშშ დოლარის გადახდა, ა. ჯ-ას, თ. ჯ-ას, ნ. ჯ-სა და შ. ჯ-ას სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა №532366 სესხიდან გამომდინარე: ძირი თანხის – 58934.01 აშშ დოლარის, პროცენტის – 18703.56 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 3261.4 აშშ დოლარის გადახდა, ა. ჯ-ას, თ. ჯ-ას, ნ. ჯ-სა და შ. ჯ-ას „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დაზღვევიდან გამომდინარე №532680 სესხზე: ძირი თანხის – 218.74 აშშ დოლარის, პროცენტის – 57.50 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 44.3 აშშ დოლარის გადახდა, ა. ჯ-ას, თ. ჯ-ას, ნ. ჯ-სა და შ. ჯ-ას სს „ს. ბ-ის” სასარგებლოდ ოვერდრაფტის დავალიანება: ძირის – 1710 ლარის, პროცენტის – 450.23 ლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ა. ჯ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, გ-ის მასივის მე-2 მკ/რ-ნის 35-ე კორპუსში მდებარე №26 ბინა, (ფართი – 17 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...), ასევე ქ. მცხეთაში, ს-ოს ქ.№28-ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართი: 900 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 75.50 კვ.მ. დამხმარე ფართი 37.42 კვ.მ. სასარგებლო ფართი 112.92 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...). იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას, დადგინდა, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შ., ა, თ, ნ. და ა.ჯ-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განჩინებით შ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2013 წლის 29 მარტს წინამდებარე საქმეზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რის შემდეგ მოსარჩელე სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენლმა ს. ფ-ემ და მოპასუხე შ. ჯ-ას წარმომადგენელმა დ. დ-ემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, მოითხოვეს გადაწყვეტილება დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე. შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა წარმომადგენლებს ჩამოერთვათ ხელწერილი.

მითითებული გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილი) სხვა მოპასუხეებთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ჯ-ამ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სს „ს. ბ-სა“ და შ. ჯ-ას წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, რის გამოც, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შ. ჯ-ას ნაწილში დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტ შ. ჯ-ას მითითება იმის შესახებ, რომ მის წარმომადგენელს არ გააჩნდა გასაჩივრებაზე უარის თქმის უფლებამოსილება. საქმეში მოთავსებულ მინდობილობაში პირდაპირ მითითებულია შ. ჯ-ას წარმომადგენელ დ. დ-ის უფლებამოსილება სასამართლოს ნებისმიერი აქტის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, წარმომადგენლის ამ უფლებამოსილებით აღჭურვა, გულისხმობს ამ უფლებაზე უარის თქმის შესაძლებლობასაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ. ჯ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინებით შ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის ადვოკატმა უარი განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თავად შ. ჯ-ას არ უთქვამს, ხოლო ადვოკატ დ. დ-ის მოქმედება არ იყო შეთანხმებული მარწმუნებელთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს არ უნდა შეეზღუდოს კანონით მისთვის მინიჭებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დგინდება, რომ შ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის მიღებით.

ხსენებული განჩინების მიღებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე და 250-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება. თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს მოცემულ საკითხზე და მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კარგავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას იმ შემთხვევაში, თუ წერილობით გამოხატავს ნებას გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და მოითხოვს, გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის დაფიქსირების სახით. კანონის დასახელებული დანაწესი მიმართულია პროცესუალური ეკონომიის პრინციპის განხორციელებისაკენ, რა დროსაც გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს და აღნიშნულით ასრულებს საქმის წარმოებას.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტ შ. ჯ-ას წარმომადგენელი დ. დ-ე დაეთანხმა მისი მარწმუნებლის მიმართ მიღებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებას, უარი განაცხადა მის გასაჩივრებაზე და მოითხოვა, სასამართლო შემოფარგლულიყო მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით (ს.ფ. 162).

წარმოდგენილი კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ დ.დ-ის მოქმედება ზემოხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მარწმუნებელ შ. ჯ-ან შეთანხმებული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ განუსაზღვრელი ვადით გაცემულ რწმუნებულებაზე, რომლის მიხედვითაც შ. ჯ-ამ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა დ. დ-ეს და ნება დართო მარწმუნებლის სახელით განეხორციელებინა ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება, მათ შორის, უარი ეთქვა სარჩელზე, გაესაჩივრებინა სასამართლოს ნებისმიერი აქტი, დაემთავრებინა საქმე მორიგებით და ა.შ.

ამდენად, მითითებული მტკიცებულება მოწმობს, რომ დ.დ-ეს სრული უფლება გააჩნდა, მარწმუნებელ შ. ჯ-ას სახელით უარი ეთქვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით კანონიერად ჩათვალა შ. ჯ-ას წარმომადგენელ დ. დ-ის მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა შ.ჯ-ას მიერ გამოვლენილ ნებად და კანონიერად დაუდო საფუძვლად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, რადგან გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმით მხარემ დაკარგა შემდგომში იმავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება.

რაც შეეხება მხარის არგუმენტს, რომ სადავო შემთხვევაში წარმომადგენელი მოქმედებდა მასთან შეუთანხმებლად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სანოტარო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლის მოქმედებათა სისწორესთან და მარწმუნებლის ნების შესაბამისობასთან დაკავშირებული რისკი სრულად მარწმუნებელს ეკისრება. შესაბამისად, მითითებული არგუმენტი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე