Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-786-746-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ. ო. ჯ. კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „მ. ო. ჯ. კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ხ-სა და ც.ს-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების – 17 000 აშშ დოლარის, სარგებლის – 3252,45 აშშ დოლარისა და ჯარიმის – 2188,64 აშშ დოლარის გადახდის, ასევე, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი დავალიანების 0,1%-ის გადახდის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების დასაფარად ნ. ხ-ის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – ნ. ხ-სა და ც. ს-ს მოსარჩელე სს „მ. ო. ჯ. კ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის 17 000 აშშ დოლარის, პროცენტის 3252.45 აშშ დოლარისა და ჯარიმის 218.86 აშშ დოლარის, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა ვალდებულების შესრულებამდე გადაუხდელი ძირითადი თანხის – 17 000 აშშ დოლარის 0.01% 1.7 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების თანხის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე ნ. ხ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, დიდი დიღმის დასახლების ი. პ-ის ქ.№12-ში მდებარე (ყოფილი დ/დ-ი, I მ/რ, კორპუსი 20) №134 ბინა (საკადასტრო კოდი ....), რაც ნ. ხ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით აპელანტ ნ. ხ-ს დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 4 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოედგინა სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

აღნიშნული განჩინება 2013 წლის 7 ივნისს ჩაბარდა აპელანტის მეუღლე ბ. ხ-ს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2013 წლის 11 ივნისს.

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ხარვეზის შევსების ოთხდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 8 ივნისიდან და ამოიწურა 2013 წლის 11 ივნისს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ხ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მხარემ შეასრულა, თუმცა 2013 წლის 16 მაისის განჩინებით სასამართლომ მას დაავალა დამატებით 5 დღეში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხარვეზის შევსება.

2013 წლის 3 ივნისს ნ.ხ-მა ორი განცხადებით მიმართა სასამართლოს. ერთის მეშვეობით მან მოითხოვა ხარვეზის შესავსებად ვადის კიდევ 3-5 დღით გაგრძელება, რის შემდეგად იგი გაეცნო საქმის მასალებს და წარადგინა დასაბუთებული განცხადება ხარვეზის შევსებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ შეაფასა მხოლოდ პირველი განცხადება, მეორე კი დატოვა რეაგირების გარეშე.

იმის გამო, რომ აპელანტს 2013 წლის 3 ივნისს შევსებული ჰქონდა ხარვეზი, მას ყურადღება აღარ მიუქცევია 2013 წლის 5 ივნისის განჩინებაზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ.

ამდენად, სააპელაციო საჩივარი მეორე განცხადების შეუფასებლობის ნაწილში განუხილველად დატოვებულად ვერ ჩაითვლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის გამო.

მითითებული ნორმის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 14 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

აღნიშნულის პასუხად ნ. ხ-მა ხარვეზი გამოასწორა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში, რის საფუძველზე მას ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან 2013 წლის 3 ივნისს ორი განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას. პირველი განცხადებით მხარემ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის კიდევ 3-5 დღით გაგრძელება (ტომი 1, ს.ფ. 16), ხოლო მეორე განცხადებით ნ. ხ-მა მიიჩნია, რომ გამოასწორა ხარვეზი კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებით (ტომი 1, ს.ფ. 17).

სააპელაციო პალატამ იმსჯელა რა აპელანტის 2013 წლის 3 ივნისის მხოლოდ პირველ განცხადებაზე 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით მხარეს ხარვეზის შევსების ვადა კიდევ 4 დღით გაუგრძელა, ხოლო მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

წარმოდგენილი კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მხრიდან 2013 წლის 3 ივნისს ნ. ხ-ის მიერ შეტანილი მეორე განცხადების კანონის მოთხოვნათა დაცვით შეფასების შემთხვევაში პალატა წარმოებაში მიიღებდა მის სააპელაციო საჩივარს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატა ვალდებული იყო, ემსჯელა და დადებითი ან უარყოფითი შეფასება მიეცა მხარის სადავო განცხადებისათვის, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, რა დროსაც სასამართლომ უნდა იმსჯელოს მე-2 ტომის ს.ფ. 17-ზე განთავსებული ნ. ხ-ის 2013 წლის 3 ივნისის განცხადებაზე და შეაფასოს, გამოასწორა თუ არა აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე