საქმე №ას-790-749-2013 25 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ც-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ც-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის მიმართ სესხის – 50 000 ლარის, 2009 წლის მარტიდან სარჩელის აღძვრამდე 35 თვეზე 52500 ლარისა და გადაუხდელ თანხაზე სესხის სრულად დაფარვამდე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2009 წლის 15 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 50 000 ლარი განუსაზღვრელი ვადით ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. მოპასუხემ დაფარა მხოლოდ 10 თვის სარგებელი, ხოლო დანარჩენი დავალიანება არ გადაუხდია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ არანაირი ფულადი ვალდებულება არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ც-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 35000 ლარისა და 5250 ლარის ანაზღაურება. ამავე კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით კი, მ. გ-ს ს. ც-ას სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის – 35000 ლარის 3%-ის გადახდა თანხის სრულ დაფარვამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში – მ. გ-მა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი ს. ც-ამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 22 თებერვალს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მ. გ-ი. ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 22 თებერვალს, მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებისათვის კანონით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 23 თებერვალს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, აღნიშნული ვადა ამოიწურა 2013 წლის 25 მარტს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 25 მარტს, აღნიშნული ვადა ამოიწურა 2013 წლის 8 აპრილს. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მ. გ-მა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2013 წლის 10 აპრილს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით (გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 8 აპრილს).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის, 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. გ-ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
მ. გ-მა არაერთხელ მიაკითხა სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თუმცა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეს გაუგზავნა და მხარეს 2013 წლის 26 მარტს ჩაბარდა, 30 მარტს კი მ.გ-მა მიიღო მეორე გადაწყვეტილების ასლი, რომლის გამო საქმის განხილვაზე იგი არ მიუწვევიათ და განხილვის შესახებაც არ შეუტყობინებიათ. აპელანტმა მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ჰქონდა 14 დღის ვადა, როგორც ეს სარეზოლუციო ნაწილში იყო მითითებული. ამასთან, მ.გ-ს არ ჰყავდა წარმომადგენელი და ამის გამო არ იცოდა, რომ თითოეული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო დამოუკიდებლად. ამდენად, მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დარღვეულად არ უნდა ჩაეთვალოს და ძირითადი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს დამატებითი გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლებით და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 22 თებერვალს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მ. გ-ი.
უდავოა, რომ მ. გ-ი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტთა წრეს არ განეკუთვნებოდა და მასზე ვრცელდებოდა ამავე კოდექსის 2591 მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ კანონით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 23 თებერვალს და ამოიწურა 2013 წლის 25 მარტს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 25 მარტს და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2013 წლის 8 აპრილს. სააპელაციო საჩივარი კი მ. გ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2013 წლის 10 აპრილს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლისას დაშვებულ იქნა გარკვეული უზუსტობა.
სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი აპელანტ მ. გ-ის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მ. გ-ს მისი გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან – 2013 წლის 24 და არა 25 მარტიდან, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 24 მარტი დაემთხვა უქმე, კვირა დღეს. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2013 წლის 8 აპრილს (6-7 აპრილი იყო დასვენების დღეები). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დასაწყისი, თუმცა მართებულად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო თარიღი და სავსებით დასაბუთებულად მიიჩნია, რომ მ. გ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის 2013 წლის 10 აპრილს შეტანით აპელანტმა კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისთვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან, ვინაიდან როგორც ძირითადი, ისე დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილებით მხარეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განემარტა მათი გასაჩივრების წესი და პირობები.
ამასთან, არც სადავო გადაწყვეტილებები არ შეიცავს რაიმე დათქმას იმის შესახებ, რომ მათი გასაჩივრება რაიმე სახით დაკავშირებულია ერთმანეთთან, შესაბამისად, აპელანტს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, 2013 წლის 22 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მოგვიანებით გამოტანილი დამატებითი გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან აეთვალა. აღნიშნული კი იმაზე მეტყველებს, რომ კერძო საჩივრის ხსენებული არგუმენტი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
ასევე დაუსაბუთებელია მ. გ-ის მითითება, რომ მას არ ჰყავდა წარმომადგენელი და ამის გამო არ იცოდა, რომ თითოეული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო დამოუკიდებლად.
სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
ხსენებული ნორმა მოქმედი კანონმდებლობის არცოდნას მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევისას საპატიო და შესაბამისი სამართლებრივი შედეგებისაგან დამცავ გარემოებად არ მიიჩნევს. ამდენად, მ. გ-ი ვალდებული იყო, სცოდნოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი სურვილისამებრ, მიემართა კვალიფიციური დახმარებისათვის.
რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ მან არაერთხელ მიმართა საქალაქო სასამართლოს მის საქმეზე გამოტანილი 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების მისაღებად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ.გ-მა საქალაქო სასამართლოში განცხადება შეიტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღემდე მაშინ, როდესაც ევალებოდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადებულიყო მე-20-30-ე დღეებში. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე კი, სასამართლო კოლეგია ვალდებული არ იყო, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლი გადაეცა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე