№ას-882-840-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი მოპასუხეების – ხ. გ-სა და შ. გ-ის მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. ხ. გ-ეს და შ. გ-ეს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ საკრედიტო დავალიანება – 11871.04 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა – 10548.43 აშშ დოლარი, პროცენტი – 1122.61 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 200 აშშ დოლარი);
2. სს „ს. ბ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს სახით 414.37 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;
3. აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა შ. გ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი – ქ.თბილისში, კ-ას პირველი შესახვევის №21-ში მდებარე №1 შენობის ½ ნაწილი;
4. დადგინდა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნას, აღსრულება მიექცეოდა ხათუნა გ-ის სხვა ქონებაზე.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. გ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 9 ივლისს, საჩივრის შეტანის ბოლო ვადა კი იყო 2013 წლის 10 ივლისი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხევაში დაიწყო 2013 წლის 27 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 10 ივლისს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2013 წლის 11 ივლისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 9 ივლისს, საჩივრის შეტანის ბოლო ვადა კი იყო 2013 წლის 10 ივლისი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს „მ-ის“ კურიერის მიერ შედგენილი შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ აპელანტ შ. გ-ის წარმომადგენელმა, ქ. უ-მა სააპელაციო საჩივარი შპს „მ-ის“ საკურიერო სამსახურს ჩააბარა 2013 წლის 9 ივლისს 21-00 საათზე (იხ. ს.ფ. 171).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მან სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 9 ივლისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, შ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობს, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინება და საქმე შ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე