Facebook Twitter

№ას-936-894-2013 18 ნოემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ. მ. თ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ქ. მ. თ-ის“ სარჩელი მოპასუხე თ. ს-ის მიმართ დაკმაყოფილდა:

1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10935.76 ლარის გადახდა;

2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 328.10 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-ემ. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას, შემდეგი საფუძვლებით: აპელანტმა, 2013 წლის 16 ივლისს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა სასამართლოს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ 2013 წლის 24 ივლისის განჩინებით განუხილველად დატოვა თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, რაც დაასაბუთა დადგენილ ვადაში თ. ს-ის მიერ ხარვეზის შეუვსებლობით. რეალურად, თ. ს-ეს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2013 წლის 6 და არა 5 ივლისს. ამდენად, აპელანტმა დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით აპელანტ თ. ს-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 437.43 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) წარდგენა. ამავდროულად, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ხსენებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და იგი არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა მოტივირებული იყო იმით, რომ აპელანტი იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სახეზე არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რადგან მხარეს არ წარუდგენია მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები (ტომი 2, ს.ფ. 2-4);

სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინება 2013 წლის 3 ივლისს გაეგზავნა და ამავე წლის 5 ივლისს პირადად ჩაბარდა აპელანტს (ტომი 2, ს.ფ. 5-6).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო 2013 წლის 6 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 15 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. მიუხედავად ამისა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა, აპელანტის წარმომადგენელმა, სააპელაციო სასამართლოში წარადგინა მითითებული ვადის გადაცილებით – 2013 წლის 18 ივლისს. ამასთან, აღნიშნულ შუამდგომლობაზე თანდართული საფოსტო კონვერტით დგინდება, რომ შუამდგომლობა ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 16 ივლისს, ასევე ვადის გადაცილებით (ტომი 2, ს.ფ. 7-9).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტს ჩაბარდა არა 2013 წლის 5 ივლისს, არამედ 6 ივლისს, შესაბამისად, მან დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოება, ვინაიდან მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არაა საკმარისი, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დადგენილი, იმ უდავო გარემოების გასაქარწყლებლად, რომ აპელანტს ხარვეზის განჩინება პირადად ჩაბარდა 2013 წლის 5 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე