Facebook Twitter

№ა-3547-ა-10-2013 21 ნოემბერი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქმეზე ნ. ბ-ის სარჩელისა გამო სს „გ.ქ. ბ-ის“ წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის განსჯადობას.

როგორც განცხადებითა და საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „გ. ქ. ბ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 0,04 ლარის ანაზღაურება, მოპასუხესვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის, გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ნ. ბ-ი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დანარჩენ ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

განმცხადებელი ითხოვს როგორც ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ზემდგომმა სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუქმებული ნაწილის მიმართ თვითონ მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ზემდგომ სასამართლოში, რომელიც თვითონ განიხილავს საკითხს მთლიანად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმების შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენასმა სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა მხოლოდ სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და დავის საგანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად არ მიუღია, ამასთან, ახალი გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენასმა სასამართლომ ფაქტობრივად, ნონა ბერიკაშვილის კერძო საჩივარი დააკმაყოფილა და არა საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ სარეზოლუციო ნაწილი ამგვარად ფორმულირებული არ არის. ამ გარემოებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოა ქ. თბილისის საოლქო სასამართლო, რომელმაც ნ. ბ-ის სარჩელი არსებითად განიხილა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საოლქო სასამართლოების გაუქმების შემდეგ, მოცემული საქმე ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის იურისდიქციას.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო არაგანსჯადი სასამართლოა და, შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი, განიხილოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე ნ. ბ-ის განცხადება, აღნიშნული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ამასთან, განმცხადებელს უნდა განემარტოს, რომ იგი უფლებამოსილია, იმავე მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე, 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განმცხადებელს განემარტოს, რომ მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე განსჯადი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი