საქმე ა-2121-ბ-8-2013 11 ნოემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ლ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - განჩინების ბათილად ცნობა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ.გ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დარჩა ძალაში. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.გ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ლ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გაუქმდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე ლ. გ-ე შეიცავალა სათანადო მოსარჩელით - ლ. გ-ით.
აღნიშნულის შემდგომ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ლ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით ლ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც ლ.გ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებით წარდგენილი კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესს სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისს განცხადებით მომართა ლ.გ-ემ და ამავე სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ეცნობა ა.ჭ-ეს, რომელიც მოცემულ პერიოდში განმცხადებლის წარმომადგენელი არ იყო. ლ.გ-ე საქმის მასალებს 2013 წლის 7 ივნისს გაეცნო, რის შემდგომაც ერთ თვიან ვადაში განცხადება წარადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლების შესწავლისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.გ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით წარმოდგენილ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, ლ.გ-ის წარმომადგენელს ა.ჭ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოში წარმოადგინოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული რწმუნებულება. აღნიშნული განჩინება ა. ჭ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო, წარდგენილი კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქმის მასალებით, ასევე, უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით ირკვევა, რომ ა.ჭ-ის უფლებამოსილების ვადა გასული იყო და ხარვეზის შესახებ განჩინება არაუფლებამოსილ პირს ეცნობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ადვოკატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს, კანონით დადგენილი წესით გაფორმებული რწმუნებულებით. წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, ხარვეზის შესახებ განჩინება ლ.გ-ეს უნდა ჩაჰბარებოდა, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოება უნდა განახლდეს კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად; თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი არ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი). გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების საფუძვლები კი დადგენილია ამავე კოდექსის 393-ე და 391-ე მუხლებით.
ამავე კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილით საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ არის შედგენილი 393-ე და 396-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს უნდა მიეცეს ამ განჩინების ჩაბარებიდან 3-დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოსადგენად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინება და საქმის წარმოება განახლდეს კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
3. ლ. გ-ეს დაევალოს ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე