Facebook Twitter

საქმე №ა-2815-შ-66-2013 1 ნოემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ლ. კ-უ

მოწინააღმდეგე მხარე – პ. კ-უ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის, ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით პ. კ-სა და ლ. ჟ-ის(მეუღლის გვარი კ-უ) ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდა, შეწყდა მათ შორის 2004 წლის 26 მარტს საქართველოში, ქ.თბილისში რეგისტრირებული ქორწინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. კ-უმ და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების თანახმად, საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, მხარეები საქმის განხილვაში წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობდნენ და მათ შორის სამოქალაქო ქორწინება შედგა საქართველოში, ქ.თბილისში 2004 წლის 26 მარტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა საქართველოს უზენაესი სასმართლოში წარმოედგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, დ-ის ქ.№8 და 2013 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, დედას ა. ჟ-ს გადასაცემად (ს.ფ.16).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ლ. კ-უს შუამდგომლობა საბერძნეთის, ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. კ-უმ და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა საქართველოს უზენაესი სასმართლოში წარმოედგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2013 წლის 4 ოქტომბერს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, დედას – ა. ჟ-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 5 ოქტომბერს და ამოიწურა 14 ოქტომბერს, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2013 წლის 15 ოქტომბერს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ ლ. კ-უს შუამდგომლობა საბერძნეთის, ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. კ-უს შუამდგომლობა საბერძნეთის, ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე