Facebook Twitter

საქმე №ა-3022-შ-79-2013 18 ნოემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ო-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ი. შ-ლ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგინდა ... წლის ... აგვისტოს დაბადებული საქართველოს მოქალაქის გ. ო-ის გერმანიის მოქალაქე ი. შ-ლის მიერ შვილად აყვანა. შესაბამისად, შვილად ასაყვანის გვარად განისაზღვრა შ-ლი, ასევე განაწილდა მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ. ო-ემ და მოითხოვა გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გერმანიის შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 8 აგვისტოს, ასევე ირკვევა რომ, გადაწყვეტილება აღსრულებულია და საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რა დროსაც მოსმენილ იქნა ორივე მხარის მოსაზრებები.

შუამდგომლობას თან ერთვის ი.შ-ლის განცხადება, რომლითაც დგინდება, რომ ის ინფორმირებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში გ. ო-ის შუამდგომლობის განხილვის შესახებ და არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. ო-ის შუამდგომლობა გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგინდა ... წლის ... აგვისტოს დაბადებული საქართველოს მოქალაქის გ. ო-ის გერმანიის მოქალაქე ი. შ-ლის მიერ შვილად აყვანა. შესაბამისად, შვილად ასაყვანის გვარად განისაზღვრა შ-ლი, ასევე განაწილდა მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ. ო-ემ და მოითხოვა გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გერმანიის შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 8 აგვისტოს, ასევე ირკვევა რომ, გადაწყვეტილება აღსრულებულია და საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, რა დროსაც მოსმენილ იქნა ორივე მხარის მოსაზრებები.

შუამდგომლობას თან ერთვის ი. შ-ის განცხადება, რომლითაც დგინდება, რომ ის ინფორმირებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში გ. ო-ის შუამდგომლობის განხილვის შესახებ და არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტზე, რომლითაც დასტურდება, რომ გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტის ყველა ეტაპზე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მხარის შუამდგომლობა, პროცესუალური თვალსაზრისით, აღიარებითი სარჩელია, რომლის დაკმაყოფილებისათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, გადამწყვეტი მოთხოვნის ნამდვილი იურიდიული ინტერესია.

მოცემულ შემთხვევაში გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, უკვე აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე და მისი განმეორებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობა აღარ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამავე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევაზე მხარეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ო-ის შუამდგომლობა გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ... წლის ... აგვისტოს დაბადებული საქართველოს მოქალაქის გ. ო-ის გერმანიის მოქალაქე ი. შ-ის მიერ შვილად აყვანა. შესაბამისად, შვილად ასაყვანის გვარად განისაზღვრა შ-ი.

3. გ. ო-ის შუამდგომლობა გერმანიის, შტუტგარტის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე