Facebook Twitter

საქმე №ა-3346-შ-91-2013 25 ნოემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ი და ნ. ბ-ი განქორწინდნენ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ბ-მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მხარეთა დაუსწრებლად, თუმცა თავად გადაწყვეტილების შინაარსით შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცებულებების შესწავლით დაადგინა განქორწინების თაობაზე მხარეთა თანხმობა და სხვა), ირკვევა, რომ ნ. ბ-ი საქართველოს მოქალაქეა (წარმოდგენილია ასევე საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, ნ. ბ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში დაედასტურებინა გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მოითხოვდა, შესული იყო თუ არა კანონიერ ძალაში, ასევე, განესაზღვრა, თუ რა იურიდული ინტერესი გააჩნია მხარეს გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ და მიეთითებინა მოწინააღმდეგე მხარის - ნ. ბ-ის მისამართი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ნ. ბ-მა ჩაიბარა 2013 წლის 12 ნოემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ნ. ბ-ი შუამდგომლობა ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ბ-მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, ნ. ბ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში დაედასტურებინა გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მოითხოვდა, შესული იყო თუ არა კანონიერ ძალაში, ასევე, განესაზღვრა, თუ რა იურიდული ინტერესი გააჩნია მხარეს გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ და მიეთითებინა მოწინააღმდეგე მხარის - ნ. ბ-ის მისამართი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორმა პირადად ჩაიბარა 2013 წლის 12 ნოემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 13 ნოემბერს და ამოიწურა 22 ნოემბერს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ ნ. ბ-ის შუამდგომლობა ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის შუამდგომლობა ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე