Facebook Twitter
saqme #a-1647-S-38-2010 10 ianvari, 2011 weli

№ ა-3129-შ-83-2013 22 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. კ. დ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ა. კ. დ-მა შვილად აიყვანა მ. ა-ე, რომელიც დაიბადა ქ.ჭიათურაში …წლის … ოქტომბერს. შვილად აყვანილი ამიერიდან ატარებს გვარს „დ-ლ.“ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 24 მაისს.

მ. ა-ემ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ცნობის წარმოდგენა იმის თაობაზე, გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული გერმანიის ტერიტორიაზე.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა შუამდგომლობის ავტორის დეიდას ფ. ფ-ს 2013 წლის 23 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილები საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ცნობის წარმოდგენა იმის თაობაზე, გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული გერმანიის ტერიტორიაზე.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის დეიდას ფ.ფ-ს ჩაბარდა 2013 წლის 23 ოქტომბერს. მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 ნოემბერს, ვინაიდან 2-3 ნოემბერი იყო არასამუშაო დღეები – შაბათი-კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ვანგენ იმ ალგოის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია