Facebook Twitter

№ას-747-709-2013 8 ნოემბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ე. ზ-ე, ა. ა-ი, სს „პ-ის“ აქციონერები ს. ა-ი, დ. ა-ი და სხვები

მოწინააღმდეგე მხარეები – შ. ფ-ე, ჯ. ფ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილისა და 25 ივნისის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმის ბათილად ცნობა, აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. და ჯ. ფ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „პ-ის“ მიმართ და მოითხოვეს მოპასუხე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 13 დეკემბრის №11 ოქმის ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება, შეასრულოს საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც გაიყო საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64.999494% და 35.000506% (რეალური წილის გაყოფა).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩაება შპს „მ-ი“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „პ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 13 დეკემბრის №11 კრების ოქმი, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხე სს „პ-ის“ დავალდებულებაზე, შეესრულებინა 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილება საწარმოთა ნატურით გაყოფის თაობაზე დაუსაბუთებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შ. ფ-ის, ჯ. ფ-სა და შპს ,,მ-ის" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სს ,,პ-ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელს მოპასუხე სს ,,პ-ის" დავალდებულებაზე, შეასრულოს 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილება; შ. და ჯ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს ,,პ-ს" დაევალა, შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება, გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64.999494% და 35.000506% რეალური წილის მიხედვით; სს ,,პ-ს" დაეკისრა აპელანტების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების, 6000 ლარის (აუდიტის ხარჯის), 150 ლარის (სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის) და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 800 ლარის, სულ - 6 950 ლარის გადახდა; სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი კი, არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „პ-მა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სს „პ-ის“ აქციონერთა წარმომადგენლებმა 2013 წლის 21 მარტსა და 11 აპრილს განცხადებებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილისა და 25 ივნისის განჩინებებით წარდგენილი განცხადებები არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: განმცხადებლები ედავებიან სს ,,პ-ის“ დირექტორ ხ. ქ-ეს, რომ მას არ ჰქონდა უფლება, გაესხვისებინა საწარმოში მათი აქციები, სწორედ საწარმოს გაყოფაზე და აქციათა გადანაწილებაზე ისინი არ იყვნენ ინფორმირებული, სს ,,პ-ის“ დავალდებულება შეასრულოს აქციონერთა კრების გადაწყვეტილება საწარმოს გაყოფის შესახებ ლახავს აქციონერთა ინეტერესებს და კანონს ეწინააღმდეგება. საწარმოს წილების მიხედვით გაყოფის პროცედურა უდავოა, რომ საწარმოს აქციონერების ინტერესიცაა, უფლებაც და მოვალეობაც. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ მოხდა, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესის დროს არც ერთ აქციონერს შეტყობინებაც კი არავინ გაუგზავნა. საწარმოს დირექტორი აშკარად გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, როცა სს ,,პ-ი“ ცნო პროცესში მხარედ. აქციონერები დავობენ აქციონერთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე ისე, რომ მათ არაფერი შეატყობინეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ასევე მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

_2009 წლის 18 სექტემბერს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდა განცხადება 2009 წლის 10 ოქტომბრისათვის სს ,,პ-ის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ, დღის წესრიგად განისაზღვრა სს ,,პ-ის“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური საკითხების განხილვა, ასევე მითითებული იყო, რომ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეეძლოთ სს ,,პ-ის“ დირექტორატში.

_2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრებამ გადაწყვიტა მოხდეს სს ,,პ-ის“ გაყოფა ორ დამოუკიდებელ საწარმოდ აქციების 64.999494% და 35.000506% პროპორციულად ნატურით.

_2009 წლის 21 ოქტომბერს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდა განცხადება სს ,,პ-ის“ რეორგანიზაციის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია რომ 2009 წლის 10 ოქტომბერს აქციონერთა საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ს.ს,,პ-ი’’-ს ორ დამოუკიდებელ საწარმოდ გაყოფის შესახებ 64.999494% და 35.000506% შესაბამისად ნატურით.

_2009 წლის 21 დეკემბერს სს ,,პ-ი“ დირექტორის ხ. ქ-ის მიერ აქციონერებს, მათ შორის ა. ა-ს გაეგზავნა შეტყობინება, რომ 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების შესაბამისად 2009 წლის 31 დეკემბერს გაყოფის მიზნებისათვის დანიშნული იყო შეფასების კომისიის სხდომა. ასევე, 2010 წლის 26 იანვარს სს ,,პ-სა’’ და ე. ზ-ეს შორის გაფორმდა გაცვლის წინარე ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ,,პ-ის“ ქონება ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაყადაღებულია.

_2009 წლის 10 ოქტომბრის საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულების მიზნით 2010 წლის 15 თებერვალს მოწვეული იქნას სს ,,პ-ის“ რიგგარეშე საერთო კრება, რომელზეც დაზუსტებულ იქნა, რომ სს ,,პ-ი“ იყოფოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოდ ნატურით. აქციონერთა შეთანხმების თანახმად, სს ,,პ- ან“ ქონების ნატურით გატანით და ამის საფუძველზე ახალი საწარმოს შექმნით გავიდა ორი აქციონერი შ. ფ-ე და ჯ. ფ-ე. აღნიშნულ საერთო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სს ,,პ-ის“ სამართალმემკვიდრე იქნებოდა შპს ,,მ-ი“ შესაბამისი წილით და ამავე კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სს ,,პ-ი“ გაყოფილიყო ორ საწარმოდ: სს ,,პ-ად“ და შპს ,,მ-ად“, ასევე, ამავე კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაყოფის შედეგად ჩამოყალიბებული სს ,,პ-ი“ და შპს ,,მ-ი“ გაყოფამდე არსებული სს ,,პ-ის“ სამართალმემკვიდრეს წარმოადგენენ შემდეგი წილებით: სს ,,პ-ი“ 64,999494 %-იანი წილით, ხოლო შპს ,,მ-ი“ 35,000506%-იანი წილით. აღნიშნულ კრებას ესწრებოდა განმცხადებელი ლ. ქ-ე, აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა 2010 წლის 15 თებერვლის აქციონერთა რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების ოქმი. დადგენილია, რომ ლ. ქ-ე სს ,,პ-ის“ დომინანტი აქციონერისა და მაშინდელი დირექტორ ხ. ქ-ის შვილია.

აღნიშნული გარემოებებით უდავოდ დასტურდება, რომ აქციონერებისათვის ა. ა-ის, ე. ზ-სა და ლ. ქ-ის ცნობილი იყო დავის შესახებ. აქციონერთა საერთო კრების მოწვევისა და მისი შედეგების შესახებ. ამდენად მათი განმარტება იმაზე, რომ ისინი საერთო კრების მოწვევისა და კრებებზე მიღებული შედეგების შესახებ ინფომირებულები არ იყვნენ, პალატა ვერ გაიზიარებს.

პალატამ არ გაიზიარა ასევე განმცხადებლების მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც, რომ მათ უფლებებს ეხებოდა საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ისინი, როგორც ბათუმის სასამართლოს, ისე - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უნდა მოეწვია პროცესზე, ასევე არ გაიზიარა ის, რომ ხ. ქ-ე ანუ მაშინდელი სს ,,პ-ის“ დირექტორი გასცდა თავის უფლებამოსილებას, როცა დავაში მხარედ სს ,,პ-ი“ ჩართო შემდეგი გარემოებების გამო: ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში - სრულ პარტნიორს (კომლემენტარებს), კომლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში, მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში-დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

უდავოდ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს ჯ. და შ. ფ-მა სს „პ-ის“ წინააღმდეგ, ანუ მოპასუხე მხარედ ამ დავაში მოსარჩელეთა მიერ განისაზღვრა სს ,,პ-ი“, რომლის დირექტორიც იმ დროისათვის იყო ხ. ქ-ე და მას ჰქონდა კანონით უფლებამოსილება, სასამართლოში წარმოედგინა სააქციო საზოგადოება. რაც შეეხება განმცხადებლებს ისინი მოსარჩელეებს, ჯ. და შ. ფ-ს არ დაუსახელებიათ მოპასუხე მხარეებად, რადგან მათ დავის საგანს წარმოადგენდა ს.ს ,,პ-ის“ დავალდებულება, შეესრულებინა უკვე ჩატარებული აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება გაყოფილიყო საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64.999494% და 35.000506% რეალური წილის მიხედვით.

პალატამ გაიზიარა შ. და ჯ. ფ-ის მოსაზრება, რომ საწარმოს ნატურით გაყოფა არ ეხება სხვა აქციონერების ინტერესებს. ამ ნაწილში მხარეს წარმოადგენდა სს ,,პ-ი“ და არა მისი აქციონერები. დადგენილია, რომ საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საწარმოთა გაყოფაზე, რაზედაც განმცხადებლები ინფორმირებული იყვნენ, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით სს ,,პ-ი“ დავალდებულდა შეესრულებინა საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილება. თუ განმცხადებლებს პრეტენზია ჰქონდათ საწარმოს გაყოფაზე და არ მოსწონდათ საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილება, შეეძლოთ გაესაჩივრებინათ კანონით დადგენილი წესით კანონით დადგენილ ვადაში, მათ კი, ეს უფლება არ გამოუყენებიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაინტერესებული მხარის განცხადებით მაშინ არის შესაძლებელი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, ან პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

პალატამ გაიზიარა შ. და ჯ. ფ-ის მოსაზრება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საერთოდ არ შეხებია განმცხადებლების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. დავასთან განმცხადებლებს არ გააჩნდათ სამართლებრივი კავშირი, რადენადაც დავა შეეხებოდა საერთო კრების მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას. პალატამ განმარტა, რომ განმცხადებლები: ლ. ქ-ე, ე. ზ-ე, ა. ა-ი, ს. ა-ი, დ. ა-ი და სხვები არ არიან დაინტერესებული მხარეები. შესაბამისად, განმცხადებლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად არ ჩააბა საქმეში და არ მოიწვია სხდომაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ე. ზ-ემ და ა. ა-მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ პარტნიორები არ მიიწვია სასამართლო სხდომაზე. საწარმოს წილების მიხედვით გაყოფის პროცედურა უდავოა, რომ აქციონერების ინტერესიცაა და სასამართლოს აღნიშნულის საწინააღმდეგო მითითება არაკანონიერია.

აქციონერებისათვის უცნობი იყო იმის შესახებ, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სს „პ-ის“ 2009 წლის 10 ოქტომბრის კრების ოქმთან დაკავშირებით. სასამართლომ არასწორად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აქციონერებს მოცემულ დავასთან მიმართებით არ გააჩნდათ სამართლებრივი კავშირი, რადგან დავა ეხებოდა უკვე ჩატარებული საერთო კრების მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, აქციონერები არ წარმოადგენენ ამ მხრივ დაინტერესებულ პირებს და სწორად არ იქნენ ჩაბმული საქმეში დავის განხილვისას. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა მათ კანონიერ ინტერესებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სს „პ-ის“ აქციონერებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: აქციონერებისათვის უცნობი იყო იმის შესახებ, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სს „პ-ის“ 2009 წლის 10 ოქტომბრის კრების ოქმთან დაკავშირებით. სასამართლომ არასწორად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აქციონერებს მოცემულ დავასთან მიმართებიით არ გააჩნდათ სამართლებრივი კავშირი, რადგან დავა ეხებოდა უკვე ჩატარებული საერთო კრების მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, აქციონერები არ წარმოადგენენ ამ მხრივ დაინტერესებულ პირებს და სწორად არ იქნენ ჩაბმული საქმეში დავის განხილვისას. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა მათ კანონიერ ინტერესებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, ე. ზ-ის, ა. ა-ის, სს „პ-ის“ აქციონერების ს. ა-ის, დ. ა-სა და სხვების კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთი სახეა გადაწყვეტილების ბათილობის 422-ე და 4221-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ბათილია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა დავის გადაწყვეტის შედეგით უშუალოდ და ობიექტურად დაინტერესებული პირის საქმეში მონაწილეობის გარეშე. გადაწყვეტილება უშუალო და პირდაპირ ზემოქმედებას უნდა ახდენდეს მხარის კანონიერ ინტერესებსა და უფლებრივ მდგომარეობაზე, რომ არსებობდეს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა წარმოადგენდნენ თუ არა სს „პ-ის“ აქციონერები პირებს, რომელთა ინტერესსაც ეხებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგი და უნდა მიეღოთ თუ არა მათ მონაწილეობა საქმის განხილვისას.

აღნიშნული საკითხის გადაჭრისას მნიშვნელოვანია, მითითებულ იქნეს თუ რას წარმოადგენდა შ. და ჯ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა. საქმეში წარმოდგენილი სარჩელით, ასევე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით დგინდება, რომ დავის საგანს წარმოადგენდა სს „პ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 13 დეკემბრის №11 კრების ოქმის ბათილად ცნობა და 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილების შესრულების საწარმოსათვის დავალდებულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შ. და ჯ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს ,,პ-ს“ დაევალა, შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება _ გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64.999494% და 35.000506% რეალური წილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებით განისაზღვრა მისი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ ან თუ გადაწყვეტილება მისთვის იწვევს უშუალო და პირდაპირ შედეგს.

საქმის გარემოებებით ირკვევა, რომ სადავო იყო აქციონერთა საერთო კრებაზე უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დავალდებულება და არა ზემოდასახელებული ოქმების კანონიერება, რომელთა დაკავშირებითაც, კერძო საჩივრის ავტორებს კანონით დადგენილი წესით პრეტენზიის წარდგენა შეეძლოთ. აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე დავის დროს, ალბათობის მაღალი ხარისხით სს „პ-ის“ აქციონერები იქნებოდნენ პირები, რომელთა უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ შეეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის გათვალისწინებით, ნაკისრი ვალდებულებისა თუ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება სააქციო საზოგადოების კომპეტენციაა და ასეთ დროს სათანადო მოპასუხეს, სწორედ სააქციო საზოგადოება წარმოადგენს. აღნიშნულს ადასტურებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოპასუხედ საქმეში მართებულად იქნა ჩაბმული სს „პ-ი“ და კერძო საჩივრის ავტორების დავის განხილვაში მონაწილეობის სავალდებულოობა არ იკვეთებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განმცხადებლები არ არიან დაინტერესებული მხარეები, შესაბამისად, ისინი, ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს საქმეში სწორად არ ჩაუბამს და არ მოუწვევია.

რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განჩინებას, რომლის მიხედვითაც, სს ,,პ-ის“ დირექტორ ვ. მ-ას განცხადების განხილვას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, შეჩერდა ლ. ქ-ის, ე. ზ-სა და ა. ა-ის განცხადებების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებამდე, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა უარი თქვეს მასზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2013 წლის 25 აპრილისა და 25 ივნისის განჩინებებით წარდგენილი განცხადება მართებულად არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ზ-ის, ა. ა-ის, სს „პ-ის“ აქციონერების, ს. ა-ის, დ. ა-სა და სხვების, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილისა და 25 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე