Facebook Twitter

№ას-863-821-2013 27 ნოემბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „დ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის შედეგად, თავდაპირველი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ ნამეტი თანხის (35 328.96 ლარის ნაწილში) გამოყენების აკრძალვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „დ-ის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. კ-ს აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ჰ. ა-ის ქ. №12-ში მდებარე 124.35 კვ.მ ბინის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით.

შპს „დ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე მ. კ-ის, მის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 35 328.96 ლარისა და სააღსრულებო ხარჯის 1682.33 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შპს ”დ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. კ-ს დაეკისრა მოსარჩელე შპს ”დ-ის” სასარგებლოდ შპს ”ბ. 2007”-ისათვის თანხის დაკისრების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 35 328.96 ლარის და სააღსრულებო ხარჯის 1682.33 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მ. კ-ს შპს „დ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა აღსრულების ხარჯი 1682,33 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „დ-ს“ უარი ეთქვა მ. კ-ე აღსრულების ხარჯის სახით დამატებით 1682,33 ლარის დაკისრებაზე, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება შპს „დ-ის“ სასარგებლოდ მ. კ-ე 35328,96 ლარის დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრამ. კ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2013 წლის 26 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „დ-ის“ დირექტორმა ა. ს-ემ და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მ. კ-ს, თავის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის შედეგად, თავდაპირველი კრედიტორის (სს „ბ. ბ-ის“) მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ, დარჩენილი (ნამეტი) 35 328.96 ლარის ნაწილში აეკრძალოს თანხის გამოყენება. განმცხადებლის მითითებით, 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „დ-ის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. კ-ის საკუთრებაში არსებული სადავო ქონება დაყადაღებული იყო სს „ბ. ბ-ის“ მიერ. აღნიშნულ ქონებაზე 2013 წლის 28 ნოემბერს ჩანიშნულია აუქციონი და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მითითებულ აუქციონზე გასხვისდება ქონება, რითაც ფაქტობრივად აზრს დაკარგავს საერთო სასამართლოში წრმოებული დავა მოპასუხე მ. კ-სა და შპს „ბ. 2007-ის“ მიმართ.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დააკმაყოფილეს შპს „დ-ის“ სარჩელი და მ. კ-ს, მის სასარგებლოდ, დაეკისრა 35 328.96 ლარის გადახდა, რომლის საკუთრებაში არსებულ სადავო ქონებას წარმოადგენს ქ. თბილისში, ჰ. ა-ის ქ.№12-ში მდებარე 124.35 კვ,.მ ბინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მ. კ-ს, თავის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის შედეგად, თავდაპირველი კრედიტორის (სს „ბ. ბ-ის“) მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ დარჩენილ (ნამეტი) 35 328.96 ლარის ნაწილში აეკრძალოს თანხის გამოყენება, ვინაიდან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე თბილსის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ შპს „დ-ის“ დირექტორ ა. ი-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამისათვის მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეექმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტიას, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის _ გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. დასახელებულ ნორმაში, მართალია, საუბარია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგად წესზე, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი რეგულირების ფარგლებში მოქცეულია ასევე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „დ-ის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ. კ-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ჰ. ა-ის ქუჩა №12-ში მდებარე 124.35 კვ.მ ბინის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ამყარებს სასამართლოს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც შპს „დ-ის“ განცხადებით ირკვევა, მ. კ-ის საკუთრებაში არსებული სადავო ქონება დაყადაღებული იყო თავდაპირველი კრედიტორის სს „ბ. ბ-ის“ მიერ და 2013 წლის 28 ნოემბერს ჩანიშნული აუქციონის შედეგად არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნულ აქუციონზე გასხვისდება ქონება, რითაც შპს „დ-ის“ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არსეგულირებს გადახდევინებული თანხების განაწილებას კრედიტორთა შორის, კარძოდ, მითითებული კანონის 821-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც, განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. ამავე კანონის 822-ე მუხლის თანახმად: 1. თუ მოვალისაგან გადახდევინებული თანხა საკმარისი არ არის კრედიტორთა ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს თანხა კრედიტორთა შორის ნაწილდება ამ კანონის 823 მუხლით დადგენილი რიგის დაცვით. 2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. 3. თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორისათვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის“ თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ. კ-ის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად, თავდაპირველი კრედიტორ სს „ბ. ბ-ის“ დაკმაყოფილების შემდგომ, მ. კ-ის საკუთრებაში დარჩენილი სახსრების შემთხვევაში, მას უნდა აეკრძალოს შპს „დ-ის“ სასარგებლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული - 35 328.96 ლარის ნაწილში თანხის გამოყენების უფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 199-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ-ის“ დირექტორ ა. ს-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. მ. კ-ს აეკრძალოს, თავის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ჰ. ა-ის ქ. №12-ში მდებარე 124.35 კვ.მ უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად თავდაპირველი კრედიტორის (სს „ბ. ბა-ის“) დაკმაყოფილების შემდგომ, მის საკუთრებაში დარჩენილი სახსრების გამოყენება 35 328.96 ლარის ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე