საქმე №ას-1032-986-2013 16 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ. ჯ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ. ჯ-ას“ მიმართ 3276 ლარის გადახდის შესახებ, საიდანაც 276 ლარი არის ჯარიმა, ხოლო 3000 ლარი კი – პირგასამტეხლო შემდეგი საფუძვლებით:
2011 წლის 16 სექტემბრის №157 ბრძანების თანახმად, მოსარჩელემ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის გზით შპს „გ. ჯ-ას“ 6000 ლარად საკუთრებაში გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის სოფელ ც-ი მდებარე 60000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
მხარეთა შორის 2012 წლის 10 იანვარს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „გ. ჯ-ამ“ იკისრა ვალდებულება, 30 დღის ვადაში გადაეხადა ნასყიდობის ფასი, ხოლო მიწის ნაკვეთს 20 წლის განმავლობაში გამოიყენებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ააშენებდა სასათბურე მეურნეობას და დამხმარე შენობა-ნაგებობებს ყვავილების ნერგებისა და ყვავილების წარმოებისათვის, რისთვისაც განახორციელებდა 350000 ლარის ინვესტიციას, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში დარჩენილ მიწაზე გაზრდიდა სასათბურე მეურნეობას სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოებისათვის, რისთვისაც დამატებით განახორციელებდა 150000 ლარის ინვესტიციას.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იქნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, მყიდველი (შპს „გ. ჯ-ა“) გამყიდველს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს) ჯარიმის სახით გადაუხდიდა ქონების ღირებულების 0,1%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეადგენდა 276 ლარს (ვალდებულების დარღვევის პერიოდია 2012 წლის 10 ივლისი, ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის, ჯარიმის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა 2012 წლის 24 აგვისტოს. შესაბამისად, 2012 წლის 10 ივლისიდან 2012 წლის 24 აგვისტომდე გასულია 46 დღე და ჯარიმის ოდენობაც ვადაგადაცილებულ 46 დღეზე, ქონების ღირებულების – 6000 ლარის – 0.1 %-ის გათვალისწინებით, შეადგენს 276 ლარს).
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3 პუნქტის თანახმად, გამყიდველს (სამინისტროს) უფლება ჰქონდა, ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება, თუ მყიდველს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში არ იქნებოდა გატარებული ქმედითი ღონისძიებები აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ამავე მუხლის 4.5 პუნქტის მიხედვით კი, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2. და 4.3. მუხლებით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, „მხარეები ახორციელებენ ორმხრივ რესტიტუციას და მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის (მხარეთა შეთანხმებით შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადასტურებული კაპიტალდაბანდების) 50%-ის ოდენობით, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების შემძენს უნაზღაურდება ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის მხოლოდ 50%-ი“.
შპს „გ. ჯ-ამ“ დადგენილ ვადაში გადაიხადა ნასყიდობის ფასი –6000 ლარი, ქონება აღირიცხა მის სახელზე, მაგრამ რაიმე ქმედითი ღონისძიება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის არ განუხორციელებია, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2012 წლის 24 აგვისტოს №233 ბრძანების თანახმად, მან გააუქმა (მოშალა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „გ. ჯ-ას“ შორის 2012 წლის 10 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს „გ. ჯ-ას“ ჯარიმისა და პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 3276 ლარის გადახდა. ამავე ბრძანებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვა.
ხელშეკრულების მოშლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სადავო ქონება დაუბრუნდა, იგი აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად, რის შემდეგაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელით მოითხოვა შპს „გ. ჯ-ის“ ჯარიმის – 276 ლარის და პირგასამტეხლოს – 3000 ლარის (ნასყიდობის ფასის 50%-ის) დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, ჯარიმის სახით 276 ლარის ანაზღაურების ნაწილში ცნო, ხოლო 3000 ლარის გადახდაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს №233 ბრძანება შპს „გ. ჯ-ას“ სათანადოდ არ ჩაბარებია. არასწორია მითითება იმაზე, რომ იგი გადაეცა შპს-ს თანამშრომელს, რადგან დირექტორის გარდა სხვა თანამშრომელი საზოგადოებას არ ჰყავდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმის – 276 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით 3000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ხელშეკრულების პირობები იყოფა შემდეგნაირად: 1. პირობებად, რომლებიც წინასწარ არის ჩამოყალიბებული, გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის და მათ ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს. ასეთი პირობების მეშვეობით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა და მათ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ეწოდება; 2. პირობებად, რომლებიც მხარეთა მიერ დეტალურად არის განსაზღვრული. ამასთან, უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.
სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 417-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, 2012 წლის 10 იანვარს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებობს მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტის მიხედვით, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2. და 4.3. მუხლებით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მხარეები ახორციელებენ ორმხრივ რესტიტუციას და მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის (მხარეთა შეთანხმებით შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადასტურებული კაპიტალდაბანდების) 50%-ის ოდენობით.
დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 10 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, თუკი გამყიდველის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში არ გატარება ქმედითი ღონისძიებები ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, სამინისტრო უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, რაც მან განახორციელა კიდეც. ასევე უდავოა, რომ ასეთ შემთხვევაში აღდგება ორმხრივი რესტიტუცია და მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა.
სააპელაციო პალატის მითითებით, სადავოა მხოლოდ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტში არსებული დათქმა, რომ „მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის 50%-ის ოდენობით“, ანუ სადავოა აღნიშნული დათქმა კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, წარმოშობს თუ არა შპს „გ. ჯ-ის“ ვალდებულებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დამატებით გადაიხადოს ნასყიდობის ფასი 50%-ის ოდენობით, სულ – 3000 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლისა და 338-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების შინაარსის დადგენისას ყურადღება ექცევა მხარეთა რეალურ ნებას და არა მის გარეგან გამოხატულებას. ამასთან, მხარეთა ობიექტური ნების დადგენა უნდა მოხდეს გონივრული განსჯის შედეგად. მხარეთა ნების დადგენისას ყურადღება უნდა მიექცეს ხელშეკრულების შინაარსს.
პალატამ აღნიშნა, რომ ზოგადად ნების განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს, ესენია ობიექტურობის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს ხელშეკრულების ტექსტს და გამოხატავდეს მხარეთა ნებას, ერთიანობის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კომპლექსურად, კონსტიტუციურ პრინციპებთან ერთობლიობასა და შესაბამისობაში და ხელშეკრულების მთლიანი ტექსტის ლოგიკურ ჭრილში.
მოცემულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „გ. ჯ-ას“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია მხარეთა პასუხისმგებლობა, ხოლო სადავო 4.5 პუნქტში კი აღნიშნულია შემდეგი: „გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2 და 4.3 მუხლებით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მხარეები ახორციელებენ ორმხრივ რესტიტუციას და მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის (მხარეთა შეთანხმებით შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადასტურებული კაპიტალდაბანდების) 50 %-ის ოდენობით, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების შემძენს უნაზღაურდება ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის მხოლოდ 50% “.
დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეები ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში შეთანხმებულები არიან როგორც ორმხრივი რესტიტუციის აღდგენაზე, ასევე პირგასამტეხლოს გადახდაზე. თავის მხრივ, ორმხრივი რესტიტუცია ნიშნავს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ნასყიდობის საგანი – უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებით აღრიცხულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო რაც შეეხება შპს „გ. ჯ-ას“ მიერ გადახდილ ნასყიდობის საფასურს – 6000 ლარს, აღნიშნული თანხა შპს „გ. ჯ-ას“ დღეის მდგომარეობით არ დაუბრუნებია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის მიუხედავად, ორმხრივი რესტიტუცია არ მომხდარა, კერძოდ, პირვანდელი მდგომარეობა აღდგენილია ცალმხრივად ხელშეკრულების მონაწილე მხოლოდ ერთი მხარის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს) სასარგებლოდ და უძრავი ქონება, რაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ამჟამად აღრიცხულია არა შპს „გ. ჯ-ას“, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის – შპს „გ. ჯ-ან“ მიმართებით ორმხრივი რესტიტუცია არ მომხდარა, ვინაიდან მას უკან ნასყიდობის საფასური – 6000 ლარი არ დაბრუნებია.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების სადავო პუნქტის გონივრული განმარტება გულისხმობს სწორედ იმას, რომ როგორც პირგასამტეხლოს გადახდა, ასევე ორმხრივი რესტიტუცია უნდა განხორციელდეს ერთობლივად. ის ფაქტი, რომ მხარეთა მიერ ნება სწორედ აღნიშნული ფორმით იქნა გამოხატული კიდევ უფრო ამყარებს ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტის მეორე წინადადებას, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების შემძენს უნაზღაურდება ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის მხოლოდ 50%“. აღნიშნული დათქმით მხარეებმა ნება გამოხატეს, გამყიდველის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს) მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში მყიდველს (შპს „გ. ჯ-ას“) მის მიერ გადახდილი ნასყიდობის საფასური უკან უბრუნდებოდა არა სრული, არამედ მხოლოდ 50%-ის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 50% კი რჩებოდა გამყიდველს, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს სახით გადასახდელ თანხად.
ამდენად, სასამართლოს მითითებით, მხარეებმა დააფიქსირეს ნება, რომ იმ შემთხვევაში თუკი მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდებოდა და ასეთ შემთხვევაში გამყიდველი ცალმხრივად მოშლიდა ხელშეკრულებას, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა – ნასყიდობის ფასის 50% მყიდველის მიერ იმთავითვე გადახდილად ითვლებოდა და მას ცალკე პირგასამტეხლოს სახით დამატებით კიდევ ნასყიდობის ფასის 50%-ის გადახდის ვალდებულება აღარ ეკისრებოდა. საწინააღმდეგო მსჯელობის დაშვების შემთხვევაში კი იარსებებს ისეთი გარემოება, როდესაც ორმხრივი რესტიტუციის აღდგენის ნაცვლად დაირღვევა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის – შპს „გ. ჯ-ას“ უფლებები, რადგან იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ქონების შემძენს (შპს „გ. ჯ-ას“) უკან არ აქვს დაბრუნებული მის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის სახით გადახდილი თანხა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას დამატებით კიდევ მოუწევს 3000 ლარის (ნასყიდობის ფასის 50%-ის) გადახდა, ჯამში სულ შპს „გ. ჯ-ას“ მიერ გადახდილი თანხის ოდენობა კი იქნება 9000 ლარი, რაც ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მიერ 2012 წლის 10 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოხატულ ნებას, ასევე, მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.
სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 417-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. შპს „გ. ჯ-ამ“ აღიარა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული ფაქტი სათანადოდ არ შეაფასა.
სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, რომ შპს „გ. ჯ-ას“ სადავოდ არ გაუხდია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება.
მხარეებს დავა ჰქონდათ არა ორმხრივ რესტიტუციაზე, არამედ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. სწორედ ამ დავის ფაქტობრივ გარემოებებზე უნდა ემსჯელა სასამართლოს და არა ხელშეკრულების სხვა უფლებებსა და ვალდებულებებზე, რის გამოც გასცდა დავის საგანს, არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა სამართლებრივი ნორმები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე