საქმე №ას-1059-1010-2013 9 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ა. ზ-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 8 იანვრის №04/88 ბრძანების საფუძველზე ა. ზ-ის სახელზე რიცხული დაყადაღებული „ვაზ 201011“ ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით „...“) ყადაღისაგან გათავისუფლება, ასევე, ხსენებული ავტომანქანის საჯარიმოზე დგომის საფასურის ანაზღაურება.
საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაებნენ კახეთის სააღსრულებო ბიურო და ს. გ-ი.
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო ავტომანქანა ყადაღისაგან გათავისუფლდა, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2013 წლის 20 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო სასამართლოს წარუდგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 20 სექტემბრის №46435 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 8 იანვრის №04/88 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ინდივიდუალურ მეწარმე ა. ზ-ის ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის ა1 ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლო აღარ განიხილავს მხარეთა შორის მიმდინარე დავას და შეწყვეტს განხილვას საქმეზე, თუ გამოარკვევს, რომ დავის საგანი აღარ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 8 იანვრის №04/88 ბრძანების საფუძველზე ა. ზ-ის სახელზე რიცხულ „ვაზ 201011“ ავტომანქანაზე (სახელმწიფო ნომრით „...“) ყადაღის დადების ფაქტს და წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა ხსენებული ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლებას.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 20 სექტემბრის №46435 ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 8 იანვრის №04/88 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გაუქმდა და ინდივიდუალურ მეწარმე ა. ზ-ის ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოცემული საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს, ვინაიდან მხარის მიერ სარჩელში დასმული შედეგი მიღწეულია, სადავო ქონება ყადაღისაგან გათავისუფლებულია, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის ა1 ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს საქმის წარმოება დ. მ-ის სარჩელის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ა. ზ-ის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 8 იანვრის №04/88 ბრძანების საფუძველზე ა.ზ-ის სახელზე რიცხული დაყადაღებული „ვაზ 201011“ ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით „...“) ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
2. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე