№ას-1071-1005-2012 9 დეკემბერი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. უ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - მ. ხ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-სა და ნ. უ-ის მიმართ და მოითხოვა კ. ლ-სა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე კ. ლ-სა და ნ. უ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო იპოთეკით დატვირთული, კ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარება შემდეგი საფუძვლებით:
2007 წლის 6 ივნისს, ერთი მხრივ, კ. ლ-ეს, ხოლო, მეორე მხრივ, მ. ხ-სა და ნ. უ-ს შორის მოტყუებით, წერილობითი ფორმით დაიდო სარგებლიანი და ვადიანი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. იპოთეკით დაიტვირთა კ. ლ-ის კუთვნილი ქ.ხაშურში, ფ-ის ქ.№24-ში მდებარე უძრავი ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენით კ. ლ-ეს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასთან მიმართებით მ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თაღლითობის ჩადენაში.
შპს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ „აი.ჯის“ 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით გამსესხებელთა – მ.ხ-სა და ნ.უ-ის პრეტენზია დაკმაყოფილდა და კ.ლ-ის უფლებამონაცვლე ნ.ბ-ეს დაეკისრა თანხის, პირგასამტეხლოსა და საარბიტრაჟო საქმის განხილვის ხარჯების ანაზღაურება.
სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 22 იანვრის განკარგულებით საცხოვრებელი სახლი ნატურით გადაეცა ნ. უ-ს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ნ. უ-მა მიუთითა, რომ მსესხებელსა და მ. ხ-ს რეალურად გადასცა 7980 აშშ დოლარი და არ არსებობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, იგი გადაეცა სააღსრულებო ბიუროს მიერ.
ხაშურის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კ. ლ-სა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი კ. ლ-სა და ნ. უ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2980 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში – მოპასუხემ, ხოლო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი კ. ლ-სა და ნ. უ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2980 აშშ დოლარის ნაწილში, მოპასუხე ნ. უ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 146.61 ლარის გადახდა და ამ ნაწილებში სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ბ-ის სარჩელი კ. ლ-სა და ნ. უ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 6 ივნისს კ. ლ-ეს (მესაკუთრე), მ. ხ-სა და ნ. უ-ს (იპოთეკარები) შორის სანოტარო წესით დაიდო სარგებლიანი (თვეში 3%), ვადიანი (სამთვიანი), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ. ხ-თან – 5000 აშშ დოლარზე, ნ. უ-ან კი, – 7980 აშშ დოლარზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა კ. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება –496 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 138 კვ.მ განაშენიანებული საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი ხაშურში, ფარნავაზის ქუჩა N24-ში.
ნ. ბ-ე წარმოადგენს კ. ლ-ის უფლებამონაცვლეს.
შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „აი.ჯის” 2009 წლის 16 ივნისის №1/23-08 გადაწყვეტილებით გამსესხებელთა – მ.ხ-სა და ნ. უ-ის პრეტენზია დაკმაყოფილდა და კ.ლ-ის უფლებამონაცვლე ნ.ბ-ეს ნ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 994.42 აშშ დოლარის, ხოლო მ. ხ-ის სასარგებლოდ – 9 845 აშშ დოლარის გადახდა. ნ.ბ-ეს მ.ხ-სა და ნ. უ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოსა და საარბიტრაჟო საქმის განხილვის ხარჯების ანაზღაურება. დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული ზემოთ მითითებული უძრავი ნივთის იძულებითი რეალიზაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის სააღსრულებლო ბიუროს 2010 წლის 22 იანვრის განკარგულებით ქ.ხაშურში, ფ-ის ქუჩა №24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი კრედიტორ ნ. უ-ს გადაეცა ნატურით ორჯერ აუქციონზე გატანის შემდეგ რეალიზაციის შეუძლებლობის გამო, კრედიტორისვე განცხადების საფუძველზე, ხოლო მ.ხ-ს განცხადებით სააღსრულებლო ბიუროსათვის ქონების ნატურით გადასაცემად არ მიუმართავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებით ნ. ბ-ის საჩივარი შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „აი.ჯის“ 2009 წლის 16 ივნისის №1/23-08 გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 2007 წლის 6 ივნისის ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელე ნ. ბ-ეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.
სასამართლომ უდავოდ ჩათვალა, რომ სარჩელის ეს მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი მოთხოვნაა, რომლის იურიდიული ინტერესი (სარჩელის მიხედვით) მდგომარეობს სადავო უძრავ ქონებაზე ნ. ბ-ის სანივთო უფლების (საკუთრების უფლების) აღდგენაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და, რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.
ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის არსებითი დამახასიათებელი ნიშანია იურიდიული ინტერესი, ანუ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს დაინტერესებულ პირს. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება (მოცემულ შემთხვევაში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა) გაუმართლებელია.
პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ეს განსახილველი აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, ვინაიდან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისთვის სასურველი მიზანი ვერ მიიღწევა და ამ გზით სადავო სახლზე საკუთრების უფლების აღდგენა ვერ მოხდება, რადგან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, სააღსრულებლო ბიუროს 2010 წლის 22 იანვრის განკარგულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება გადაეცა კრედიტორ ნ. უ-ს, რომელიც არ გასაჩივრებულა.
სასამართლოს მითითებით, ნ. უ-მა საკუთრების უფლება ქ.ხაშურში, ფ-ის ქუჩა N24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე მოიპოვა აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით უდავოა, რომ 2007 წლის 6 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობით სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელე ნ. ბ-ის საკუთრების უფლება ვერ აღდგება, ვინაიდან დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება ნ. უ-მა მოიპოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე. ამასთან, ამ სახლზე მისი (ნ.უ-ის) საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძველი ნამდვილია და მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ზემოთ ხსენებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და აღმასრულებლის განკარგულება ძალაშია, 2007 წლის 6 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ქ. ხაშურში, ფ-ის ქუჩა N24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე ნ. ბ-ის დაბრუნების წინაპირობას არ წარმოშობს.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ბ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ ზოგადად მიუთითა, რომ არ არსებობს იურიდიული ინტერესი, თუმცა არ მიუთითა, რას ნიშნავს აღნიშნული. ფაქტობრივად, მსჯავრდებულებმა ა-მა და მ.ხ-მა გააფორმეს ყალბი ხელშეკრულება და ამ გზით ნ.უ-ი სახლს უკანონოდ დაეუფლა. სასამართლომ ვერ მიუთითა, რაში გამოიხატება კასატორის მოთხოვნის უკანონობა იმ შემთხვევაში, თუ განაჩენებით დადგინდა სიყალბე. სასამართლომ იმდენად ბუნდოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი აღქმა შეუძლებელია. ამ საქმესთან დაკავშირებით წარდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მაგრამ სასამართლომ ეს მასალები არ გაანალიზა.
მეტიც, თუ სასამართლო უარს იტყოდა სააპელაციო სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მაშინ უნდა ემსჯელა ე.ა-სა და მ.ხ-ის მიმართ უკანონო განაჩენზე. საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განაჩენით კ. ლ-ის ეპიზოდში მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და მას დაეკისრა 3500 ლარის გადახდის ჯარიმა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2012 წლის 30 მაისს სახლი გადაფორმებულია დამნაშავე მ.ხ-სა და მის თანამონაწილე ნ.უ-ის სახელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა, რომ 2007 წლის 6 ივნისს კ. ლ-ეს (მესაკუთრე), მ. ხ-სა და ნ. უ-ს (იპოთეკარები) შორის სანოტარო წესით დაიდო სარგებლიანი (თვეში 3%), ვადიანი (სამთვიანი), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ. ხ-ან – 5000 აშშ დოლარზე, ნ. უ-ან კი, – 7980 აშშ დოლარზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა კ. ლ-ის კუთვნილი უძრავი ქონება – 496 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 138 კვ.მ განაშენიანებული საცხოვრებელი სახლის ½ ხაშურში, ფ-ის ქუჩა N24-ში. ნ. ბ-ე წარმოადგენს კ. ლ-ის უფლებამონაცვლეს. შპს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ „აი.ჯის“ 2009 წლის 16 ივნისის №1/23-08 გადაწყვეტილებით გამსესხებელთა – მ.ხ-სა და ნ. უ-ის პრეტენზია დაკმაყოფილდა და კ.ლ-ის უფლებამონაცვლე ნ.ბ-ეს ნ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 994.42 აშშ დოლარის, ხოლო მ. ხ-ის სასარგებლოდ – 9 845 აშშ დოლარის გადახდა. ნ.ბ-ეს მ.ხ-სა და ნ. უ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოსა და საარბიტრაჟო საქმის განხილვის ხარჯების ანაზღაურება. დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული ზემოთ მითითებული უძრავი ნივთის იძულებითი რეალიზაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის სააღსრულებლო ბიუროს 2010 წლის 22 იანვრის განკარგულებით ქ.ხაშურში, ფ-ის ქუჩა №24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი კრედიტორ ნ. უ-ს გადაეცა ნატურით ორჯერ აუქციონზე გატანის შემდეგ რეალიზაციის შეუძლებლობის გამო, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ხოლო მ.ხ-ს განცხადებით სააღსრულებლო ბიუროსათვის ქონების ნატურით გადასაცემად არ მიუმართავს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებით ნ. ბ-ის საჩივარი შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „აი.ჯის“ 2009 წლის 16 ივნისის №1/23-08 გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია“ აღნიშნული ნორმის მიზნებისათვის გულისხმობს მხარის მითითებას იმ საპროცესო სამართლებრივ დარღვევებზე, რის შედეგადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დადგინდა. განსაკუთრებით ეს ეხება მტკიცებულებათა არასწორად შეფასების საკითხს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ნ. ბ-ეს არ გააჩნია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ბ-ემ სარჩელით მოითხოვა კ. ლ-სა და ნ. უ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის გზით, ანუ, მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენდა რესტიტუცია, როგორც ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგი.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დაუშვებლობა, თავისთავად, არ გამორიცხავს ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის მიხედით, ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ალტერნატიული ფორმაა კომპენსაციის გადახდა.
იმავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კ. ლ-სა და ნ. უ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლის 6 ივნისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ორი ხელშეკრულება, გამსესხებლები იყვნენ მ. ხ-ი და ნ. უ-ი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები მოტყუებით დაიდო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა კ. ლ-ეს არ მიუღია.
საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება მ. ხ-სა და შუამავალ ე. ა-ის დანაშაულებრივი ქმედებები მოცემული ხელშეკრულებების დადებისას და დამდგარია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც შეეხება ნ. უ-ს, განაჩენის თანახმად, მან სესხის ხელშეკრულებაში მითითებული 7980 აშშ დოლარი მ. ხ-ს გადასცა, ხოლო ამ უკანასკნელს თანხა კ. ლ-ის არ გადაუცია, შესაბამისად, არ იკვეთება ნ. უ-ის მხრიდან არამართლზომიერი ქმედება. ის გარემოება, რომ თანხა მ. ხ-მა მიითვისა, ნ. უ-ის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, რომ ნ. უ-ი და მ. ხ-ი დანაშაულის თანამონაწილეები იყვნენ და შეთანხმებულად მოქმედებდნენ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით. ნ. ბ-ეს კი, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ნ. ბ-ეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ მ. ხ-ის მიმართ, ხოლო ნ. უ-სა და კ. ლ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები არ დასტურდება. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგებისას ნების ნაკლს მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას საფუძვლად დაედო, მაგრამ არსებითია ის გარემოება, რომ ამგვარი შეცდომა გარიგების კონტრაჰენტის მიერ მიზანმიმართულადაა გამოწვეული, გარიგების ბათილობის მიზეზი, შეცდომა გამოწვეულია მეორე მხარის ქმედებით და იგი სამართალურთიერთობის კეთილსინდისიერი მონაწილე ნების ნაკლთან მიმართებით არ არის. ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის მოსარჩელის უნდა წარედგინა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი, არ დასტურდება ნ. უ-ის მიერ კ. ლ-ის მოტყუება. განაჩენის თანახმად (ტ. 1-ლი, ს.ფ. 17), კ. ლ-ეს ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერინა მ. ხ-მა და ე. ა-მა, ასევე მათ ნ. უ-ან მიღებული 7980 აშშ დოლარიდან გადასცეს 1000 დოლარი და განუმარტეს, რომ დანარჩენ თანხას ბიზნესისთვის გამოიყენებდნენ, ანუ, კ. ლ-ის ცნობილი იყო, რომ ნ. უ-ან ხელშეკრულება იდებოდა 7980 აშშ დოლარზე, ეს თანხა ნ. უ-ს გადაცემული ჰქონდა მ. ხ-ის და რომ 1000 დოლარის გამოკლებით, სესხის თანხა რჩებოდა მ. ხ-ან, შესაბამისად, ნ. უ-ის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რაზეც სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება არასწორად დააკისრა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების შემთხვევებს, ხოლო იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნ. ბ-ის მითითებით, მის მიერ აღძრული იყო სარჩელი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, ნ. ბ-ეს ნ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი ბაჟის - 200 ლარის ანაზღაურება, ასევე მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 146,61 ლარის ანაზღაურება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას, ამდენად, ნ. უ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საკითხის კანონიერება დამატებით განმარტებას აღარ საჭიროებს.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო ნ. უ-ის მიმართ ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. საქმეში არსებული განაჩენით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნობილია მხოლოდ ერთ-ერთი მოპასუხე - მ. ხ-ი, ამდენად, ნ. უ-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა არ წარმოდგენს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელს და ამ ნაწილში ნ. ბ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი იმთავითვე არ არსებობდა. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ იგი კ. ლ-ის უფლებამონაცვლეა, რომელიც დაზარალებულად იყო ცნობილი, ხოლო კ. ლ-ის შვილი, თ. ბ-ე ინვალიდია, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან თ.ბ-ე მოცემულ საქმეზე მხარე არ არის და მის მიმართ სასამართლო ხარჯების გათავისუფლების თაობაზე კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა გავლენას ვერ მოახდენს ნ. ბ-ის ვალდებულებაზე. საკასაციო სასამართლო ვერც კ. ლ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობას განიხილავს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული მოწმობა 2006 წელსაა გაცემული და არ ასახავს სარჩელის აღძვრის შემდგომ მდგომარეობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში კანონიერია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა აღიარებით სარჩელზე იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიღებულია იმგვარად, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო ნ. უ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ნაწილში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები არ არსებობდა, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს. საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს კ. ლ-ის, ასევე ნ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად და სამოქალაქო მოსარჩელედ აღიარების შესახებ 2009 წელს გაცემულ ცნობებს, ვინაიდან, აღნიშნულ ცნობებით არ ირკვევა, რომ გამოძიება ნ. უ-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, გარდა ამისა, ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის უნდა არსებობდეს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი, დანაშაულის ჩადენა კი, შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია კ. ლ-სა და ნ. უ-ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამდენად, დავის საგნის ღირებულება 7980 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს, შესაბამისად, ნ. ბ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 399 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. ნ. ბ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 399 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე