№ას-1086-1036-2013 26 დეკემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს ,,ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მარჩენალის დაკარგვის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 4 თებერვალს ნ. ლ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს ,,ს. რ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2013 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიურად სარჩოს დაკისრება 625 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით, აგრეთვე ერთობლივად მიუღებელი სარჩოს სხვაობის - 488.70 ლარის ანაზღაურება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მეუღლე გ.ლ-ე მუშაობდა სს ,,ს. რ-ი” მემანქანედ, 1991 წლის 02 აგვისტოს, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის საფუძველზეც გარდაიცვალა 1995 წლის 19 ივლისს. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სს ,,ს. რ-ა“, მარჩენალის დაკარგვის გამო, მრავალი წლის განმავლობაში, მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდიდა სარჩოს, მაგრამ მოპასუხე არ ახდენდა მოსარჩელისათვის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას, იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის - მემანქანის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც მოსარჩელე კარგავდა იმ შემოსავალს, რაც კანონით ეკუთვნოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
1. სს ,,ს. რ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს სახით, ყოველთვიურად 625 ლარის გადახდა 2013 წლის 1 თებერვლიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
2. მოპასუხეს ნ. ლ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მიუღებელი სარჩოს სახით - 488.70 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ს. რ-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სს ,,ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე ნ. ლ-ის მეუღლე, გ. ლ-ე წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე სს ,,ს. რ-ი” მემანქანედ;
მოსარჩელის მეუღლემ, სს ,,ს. რ-ი” შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც მოგვიანებით 1995 წელს გარდაიცვალა;
მოპასუხე სს ,,ს. რ-ა”, მოსარჩელეს, მარჩენალის დაკარგვის გამო, ყოველთვიურად უხდიდა სარჩოს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც მოხდა მოსარჩელის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება), მოპასუხე სს ”ს. რ-ა” მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდიდა სარჩოს - 550 ლარის ოდენობით, მემანქანის ყოველთვიური ხელფასის - 1100 ლარის ოდენობის გათვალისწინებით;
2012 წლის 16 ივლისიდან, გაიზარდა მოქმედი მემანქანის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა და ის შეადგენდა - 1250 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე ნ. ლ-ეს, 2012 წლის ივლისის თვეში, სარჩოს სახით უნდა მიეღო - 588.70 ლარი [(1100 ლარი: 31 დღეზე x 15 დღეზე = 532.25 ლარი) + (1250 ლარი: 31 დღეზე x 16 დღეზე = 645.16 ლარი) = 1177.41 ლარი 2], მაგრამ 2012 წლის ივლისის თვეში, მოსარჩელე ნ. ლ-ემ, სარჩოს სახით, ნაცვლად 558.70 ლარისა, მიიღო 550 ლარი. ამდენად, 2012 წლის ივლისის თვეში მოსარჩელემ სარჩოს სახით ვერ მიიღო 38.70 ლარი (558.70 ლარი - 550 ლარი);
2012 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, მოსარჩელე სარჩოს სახით იღებდა 550 ლარს (1100 ლარის ნახევარს), მაშინ როდესაც, ამ დროისათვის მოქმედი მემანქანის ხელფასი იყო - 1250 ლარი, რომლის ნახევარი შეადგენდა - 625 ლარს (1250 ლარი : 2), რასაც უნდა იღებდეს მოსარჩელე. შესაბამისად, მოსარჩელე 2012 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 1 თებერვლამდე, სარჩოს სახით ვერ იღებდა სხვაობას – თვეში 75 ლარს (625 ლარი - 550 ლარი), რაც საერთო ჯამში შეადგენდა - 450 ლარს (75 ლარი x 6 თვეზე);
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.1.-3.2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (ფაქტები) პრეიუდიციულად დადგენილი იყო კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, №2/1168-12 სამოქალაქო საქმეზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ასეთია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს 2012 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 01 თებერვლამდე, სარჩოს სახით უნდა ანაზღაურებოდა – 488.70 ლარი (38.70 ლარი + 450 ლარი), ხოლო 2013 წლის თებერვლის თვიდან, მას უნდა ანაზღაურებოდა სარჩოს სახით ყოველთვიურად - 625 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეეძლო მოეთხოვა ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობდა ამის მნიშვნელოვანი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სარჩო ექვემდებარებოდა ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებდა, რომ დამსაქმებლის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდებოდა დანიშნული სარჩოს გაცემის ვალდებულება. ამასთან, მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებდა სარჩოს გაანგარიშების წესს, თუმცა, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებდა თავად ზიანის ანაზღაურების მიზანზე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობდა, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ სს „ს. რ-ი’’ გარდაცვლილი გ. ლ-ის თანრიგის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ს.რ-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, ვინაიდან ამ მუხლის თანახმად, მიუღებელ შემოსავალზე მოთხოვნა ნამდვილია მაშინ, როდესაც მას წინ უსწრებს ნამდვილი უფლება ამ შემოსავლის მიღებაზე. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს. სახელშეკრულებო ურთიერთობისგან განსხვავებით, როდესაც მხარეს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური მოლოდინი, ეს მოლოდინი დასაქმებულს ვერანაირად ვერ ექნება შრომითსამართლებრივი ურთიერთობების დროს. შეუძლებელია იმის თქმა, იმუშავებდა თუ არა მოსარჩელის მეუღლე მოპასუხე საწარმოში (თუნდაც მას ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა) და შესაბამისად, იგი მიიღებდა თუ არა მთელი ამ წლების განმავლობაში შრომის ანაზღაურებას;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის №4/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო დახმარების ადმინისტრირების წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომისუუნაროდ ითვლება პირი, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის მქონე (ქალი – 60 წლის, ხოლო მამაკაცი 65 წლის ასაკიდან). ამ მუხლიდან გამომდინარე, გარდაცვლილი პირი მარჩენალად ითვლება და მისი სამოქალაქო ვალდებულება რჩენის თვალსაზრისით გრძელდება საპენსიო ასაკის მიღწევამდე. მოცემულ შემთხვევაში, გ. ლ-ის სამოქალაქო ვალდებულება მეუღლის რჩენაზე გაგრძელდებოდა 65 წლის ასაკის მიღწევამდე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი სარჩოს გადაანგარიშების წესს არ ითვალისწინებს, იგი მხოლოდ სარჩოს მიღების უფლებას განსაზღვრავს;
2013 წლის 01 მარტის საქართველოს მთავრობის N45 დადგენილების თანახმად, დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სს ,,ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსახილველად დაუშვას სს ,,ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს ,,ს. რ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 22 ოქტომბერი, საგადასახადო დავალება № 750) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე