საქმე №ას-1095-1043-2013 6 დეკემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
A ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ. ს-სა და მ. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ლ. ბ-ის სარჩელის გამო, ზ.ს-ის, თ.ს-ის, მ. ს-ის, ნ. ს-სა და გ. ს-ის მიმართ, სესხის ვალდებულების შესრულების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ს-სა და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, თ. და მ. ს-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 5(ხუთი) დღის ვადაში დაეზუსტებინათ სააპელაციო სასამართლოს რომელ განჩინებას ხდიდნენ სადავოდ, ასევე დაეზუსტებინათ საკასაციო მოთხოვნა და წარმოედგინათ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორთა წარმომადგენელ გ. ნ-ს (იხ.რწმუნებულებები ტ.I, ს.ფ.126-127) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2013 წლის 27 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. გამომდინარე აქედან, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 28 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 2 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბერს გადმოეცა გ. ნ-ის განცხადება დასაბუთებულ საკასაციო საჩივართან ერთად, მასზე დართული საფოსტო ბარათით დგინდება, რომ გ.ნ-მა ის ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 3 დეკემბერს – საპროცესო ვადის დარღვევით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი შუამდგომლობს საპროცესო ვადის აღდგენის, ხარვეზის შევსებულად მიჩნევისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე. გ. ნ-ის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიცემული ვადიდან ორი დღე დაემთხვა დასვენების დღეს, შესაბამისად, დარჩა მხოლოდ ერთი სამუშაო დღე – 2013 წლის 2 დეკემბერი, ამ დღეს კი ის იმყოფებოდა გორის რაიონულ სასამართლოში და ვერ მოასწრო გორიდან თბილისში გადაადგილება, უზენაეს სასამართლოში გამოცხადება და სასამართლოს დავალების შესრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს პროცესში მონაწილეობის საპატიო მიზეზად მიჩნევა, საპროცესო ვადის აღდგენა და საკსაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბმისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. აღნიშნული ნორმის თანახმად კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, ამასთან აღსანიშნავია რომ გ. ნ-მა ხარვეზის განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 27 ნოემბერს – ოთხშაბათს, შესაბამისად ხარვეზის შესავსებად მას ჰქონდა საკმარისი დრო და მათ შორის სამი სამუშაო დღე. შესაბამისად, განმცხადებლის მითითება რომ ხარვეზის შესავსებად ჰქონდა მხოლოდ ერთი სამუშაო დღე და ამის გამო ვერ მოახერხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეევსო ხარვეზი უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ს-სა და მ. ს-ის წარმომადგენელ გ. ნ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 65-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. და მ. ს-ის წარმომადგენელ გ. ნ-ი შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. თ. და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე