საქმე №ას-1133-1064-2012 11 დეკემბერი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ბ-ე, მ. ს-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე, ბ. ბ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სხვა შემადგენლობისთვის
დავის საგანი – უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ბ-ემ და მ. ს-ემ (ქორწინებამდელი გვარი ბ-ე) მოპასუხეების - მ. ბ-ის და ბ. ბ-ის მიმართ სარჩელით მოითხოვეს მშობლების ვ. და ა. ბ-ის სამკვიდროს მესაკუთრეებად თანაბარწილად ცნობა, რასაც წარმოადგენდა უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი 540 კვ/მ #332 ნაკვეთიდან, რომელიც მოქცეულია ბ. ბ-ის საკუთრებაში და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი 88,04 კვ/მ, რაც კუთვნილ წილთან ერთად რეგისტრირებულია ბ. ბ-ის სახელზე - საკადასტრო კოდით #.... ასევე მოითხოვეს მოპასუხე - მ. და ბ. ბ-ს შორის 2003 წლის 19 მაისის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ხელშეკრულების ბათილობა ნაწილობრივ 540 კვ/მ მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის ნახევრის და შესაბამის მიწის ნაკვეთზე მისი თანმდევი შედეგების ნაწილში.
მოპასუხეებმა - მ. და ბ. ბ-მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო უძრავი ქონება ეკუთვნოდათ მოსარჩელეების და მოპასუხე ბ. ბ-ის პაპას, რომლის გარდაცვალების შემდეგაც კომლში დარჩა მისი მეუღლე მეორე ქორწინებიდან ნ. ბ-ე. ნ. ბ-ე, როგორც კომლის ერთადერთი წევრი აღირიცხა კომლის უფროსად და ქონება უანდერძა თავის შვილს პირველი ქორწინებიდან ს. ხ-ს. ს. ხ-მა 1981 წელს ქონება მიჰყიდა ა. ბ-ეს - მოპასუხე ბ. ბ-ის მამას, რომელმაც 1986 წელს აჩუქა ცოლს - მ. ბ-ეს, ხოლო მ. ბ-ემ 2003 წელს აჩუქა შვილს - ბ. ბ-ეს. მოსარჩელეთა მამას ვ. და მოპასუხის მამას ა. სადავო ქონება მემკვიდრეობით არ მიუღიათ და ქონების მესაკუთრე ამირანი გახდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის და მ. ს-ის სარჩელი - მოპასუხეების ბ. და მ. ბ-ის მიმართ თელავის რაიონის სოფ. ბ-ი, მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... თანამესაკუთრედ ცნობის და მ. და ბ. ბ-ს შორის 2003 წლის 19 მაისს დადებული უძრავი ნივთის ნაჩუქრობის ხელშეკრულების, თანმდევი შედეგით ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ის და მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება ეკუთვნოდა მოსარჩელეთა და მოპასუხე ბ. ბ-ის პაპას - ა. ბ-ეს. მოსარჩელეების მამა - ვ. ბ-ე და მოპასუხე ბ. ბ-ის მამა - ა. ბ-ე არიან ა. ბ-ის შვილები. მოსარჩელეთა მამა - ვ. ბ-ე გარდაიცვალა 2010 წლის 02 მაისს, დედა, ა. ბ-ე - 2011 წლის 24 სექტემბერს. ა. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ მის კომლში დარჩა ბოლო წევრი - მისი მეუღლე მეორე ქორწინებიდან - ნ. ბ-ე, რომელმაც პირველი ქორწინებიდან მოყოლილ შვილს - ს. ხ-ს უანდერძა ეს ქონება.
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის მიერ გაცემული დამოწმების ფურცლის და საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით (ს.ფ. 97-98) დადასტურებულია, რომ სადავო სახლი მთლიანად აღრიცხული იყო ს. ხ-ის სახელზე;
1981 წლის 25 იანვრის თელავის რაიონის სახალხო დეპუტატთა ქვემო ხოდაშენის სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №1 სხდომის ოქმით დადასტურებულია, რომ ა. ბ-ეს ნება დაერთო თელავის რაიონის სოფ. ბ-ი შეეძინა ს. ხ-ის კუთვნილი ბინა (ს.ფ. 103-104); ხოლო, 1981 წლის 12 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ს. ხ-ან სადავო (მამისეული) სახლი იყიდა ა. ბ-ემ (ს.ფ. 98).
დადგენილია, რომ ა. და ვ. ბ-ს სადავო სახლი (მამის დანაშთი ქონება) მემკვიდრეობით არ მიუღიათ.
1986 წლის 12 ნოემბერს დამტკიცებული ტიპობრივი პროექტის მიხედვით ა. ბ-ეს საცხოვრებელ სახლზე, მდებარე თელავის რაიონის სოფ. ბ-ი, მიეცა აშენების და დაშენების უფლება (ს.ფ. 95.) 1986 წლიდან მ. ბ-ე ჩაწერილია სოფ. ბ-ი და ითვლება კომლის ერთადერთ წევრად.
დადგენილია, რომ 1987 წლის 12 თებერვალს სადავო სახლი (მშენებარე ბინის პირველი სართული, საერთო საცხოვრებელი ფართი) ა. ბ-ემ სანოტარო ფორმით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა მ. ბ-ეს და აღნიშნული ქონება (მთელი) აღირიცხა მ. ბ-ის საკუთრებად (ს.ფ. 157).
2002 წელს გაცემული ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მიხედვით (რეესტრი №7/4-1-29) დასტურდება, რომ სოფ. ბ-ი საკუთრების უფლებით, სახლი, წილობრივი მონაწილეობით - მთელი, აღრიცხულია მ. ბ-ის სახელზე (ს.ფ. 157).
სადავო სახლის ცნობა-დახასიათებით დადასტურებულია, რომ სახლი აშენებულია 1970 წელს და უძრავი ქონების 2003 წლის 19 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია ბ. ბ-ის სახელზე რეგისტრაციის №1-1012. (იხ.ს.ფ. 33);
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 01 და 06 დეკემბერს გაცემული №181680 და №183996 ცნობებით დადასტურებულია, რომ მ. ბ-ის კომლს თელავის რაიონის სოფ. ბ-ი ერიცხება 950 კვ.მ. და 492,15 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი, საკადასტრო კოდით №... და №... (ს.ფ. 140, 142)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 01 და 06 დეკემბერს გაცემული №181538 და №184027 ცნობებით დადასტურებულია, რომ ვ. ბ-ის კომლს თელავის რაიონის სოფ. ბ-ი ერიცხება 851,27 კვ.მ. და 536,30 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი, საკადასტრო კოდით №.... და №... (ს.ფ. 141, 143);
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერია:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
დადასტურებულია, რომ ა. და ვ. ბ-ს სადავო სახლი (მამის დანაშთი ქონება) მემკვიდრეობით არ მიუღიათ და 1981 წლის 12 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ს. ხ-ან სადავო სახლი იყიდა ა. ბ-ემ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 104-105-ე მუხლების თანახმად მოქალაქეს არ ჰქონდა უფლება საკუთრებაში ჰქონოდა ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, კომლის წევრი კომლის ქონებაზე უფლებას კარგავს, კომლიდან 3 წლის განმავლობაში წასვლის გამო. დადასტურებულია და მოსარჩელეებიც არ უარყოფენ, რომ ვ. ბ-ე მამის გარდაცვალების პერიოდში ჩაწერილი იყო ქ. თბილისში და რეგისტრირებული არ იყო მამის კომლში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან (1997 წლის 25 ნოემბერი) ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესები. აღნიშნული სამართლის ნორმიდან გამომდინარე, მ. ბ-ე, რომელსაც ა. ბ-ემ 1987 წელს სადავო სახლი მთლიანად აჩუქა და გახდა სადავო სახლის მთლიანი წილის მესაკუთრე უფლებამოსილი იყო საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა სადავო საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცები ტვირთი ეკისრებოდათ რა მოსარჩელეებს, მათ განმარტების გარდა, რომ სადავო სახლის ნაწილი ეკუთვნოდა ვ. ბ-ეძ, აღნიშნული სხვა მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ს. ა-ის განმარტება, რომ სახლის ნახევარი ვ. ბ-ის საკუთრება იყო და მოსარჩელეთა მტკიცება, რომ სახლის მთლიანი წილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე აღირიცხა მ. ბ-ის სახელზე, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, გარემოებები, რომელიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით (საჯარო რეესტრის ჩანაწერით), არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით). ამასთან, სიყალბის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეთა მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, ვ. ბ-ეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ მოუხდენია. ამასთან, მ. ბ-ის სახელზე 2002 წლის 2 მაისს შედგენილი ტექსაინვენტარიზაციო პასპორტი, რომლითაც დასტურდება, რომ სახლი წილადობრივი არ არის, მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
სადავო ჩუქების ხელშეკრულებით (2003 წლის 19 მაისი, რეესტრის #1/1012) დადასტურებულია, რომ ჩუქების საგანი (მთლიანი სახლი) გაჩუქებამდე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მ. ბ-ის სახელზე საკადასტრო მონაცემებით #....
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს რა უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, რეესტრის მონაცემები მ. ბ-ის სახელზე მთლიანი სახლის რეგისტრაციის თაობაზე, ვ. ბ-ეს სიცოცხლეში და დღეის მდგომარეობით მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ გამსხვისებელი მ. ბ-ე კანონიერი გზით იყო დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში სადავო სახლის მესაკუთრედ, რის გამოც ბ. ბ-ე სადავო საკუთრების კეთილსინდისიერი და მართლზომიერი შემძენია, რომლის გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
მოსარჩელეები ლ. ბ-ე და მ. ს-ე სარჩელით ითხოვდნენ მ. და ბ. ბ-ს შორის 2003 წლის 19 მაისს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობას იმ დასაბუთებით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ - მ. ბ-ემ სადავო ჩუქების ხელშეკრულებით განკარგა ქონების ის ნაწილი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და ის წარმოადგენდა მოსარჩელეების მამის კუთვნილ უძრავ ნივთს. ამდენად, წინამდებარე დავის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს, მ. ბ-ის მიერ 2003 წლის 19 მაისს გაჩუქებული უძრავი ქონების ნაწილი და მოსარჩელეთა მშობლების კუთვნილი უძრავი ნივთის ნაწილი წარმოადგენს თუ არა ერთიდაიგივე უძრავ ქონებას.
19.05.2003 წ. მ. ბ-ეს და ბ. ბ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მ. ბ-ემ (მჩუქებელი) ბ. ბ-ეს (დასაჩუქრებული) აჩუქა უძრავი ქონება. ხელშეკრულების თანახმად საჩუქრის მახასიათებლებია: ა) სარეგისტრაციო ზონა - თელავი, კოდი 53, ბ) სექტორი - ბ-ი, კოდი 02, გ) კვარტლის N05, ნაკვეთის N01, დ) ფართობი 3099კვ.მ. ე) მისამართი - თელავის რაიონი, სოფ. ბ-ი, ვ) ნაკვეთის ფუნქცია - სას. სამეურნეო (საცხ. სახლი), ზ) მიწის სარეგისტრაციო N53/02/05/01, თ) რეგისტრაციის თარიღი - 14.05.2003წ. მთელი მიწის ნაკვეთის მახასიათებელია ა) სარეგისტრაციო ზონა - თელავი, კოდი 53, ბ) სექტორი - ქვ. ხ-ი, კოდი 02, გ) კვარტლის N09, ნაკვეთის N337, დ) ფართობი 950 კვ.მ. ე) მისამართი - თელავის რაიონი, ქვ. ხ-ი, ვ) ნაკვეთის ფუნქცია - სას. სამეურნეო, ზ) მიწის სარეგისტრაციო N..., თ) რეგისტრაციის თარიღი - 14.05.2003 წ. (ტ. I, ს.ფ. 68-72).
ამდენად, სადავო ჩუქების ხელშეკრულებაში საჩუქრის მახასიათებლად მითითებულია ორი მიწის სარეგისტრაციო კოდი: N...და N.... ანუ, დგინდება, რომ ჩუქების ხელშეკრულებით განიკარგა სწორედ აღნიშნული საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთები. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებთან უნდა მოხდეს მოსარჩელეთა მამის კუთვნილი უძრავი ქონების იდენტიფიცირება, რათა დადგინდეს, აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულებით განიკარგა თუ არა ის ქონება, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მოსარჩელეთა მამას.
მოსარჩელეთა მითითებით, მათ მამას, ვ. ბ-ის კომლს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა სამი უძრავი ნივთი, რომელზეც ვ. ბ-ის საკუთრების უფლება დასტურდება მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებით. ამასთან, მოსარჩელეთა განმარტებით, 19.05.2003 წ. მ. ბ-ეს და ბ. ბ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით განიკარგა ერთი უძრავი ნივთი, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - თელავი, კოდი 53, სექტორი - ქვ. ხ-ი, კოდი 02, კვარტლის N09, ნაკვეთის N332, ფართობი 536.30. ქონების ადგილმდებარეობა სოფ. ბ-ი, საკუთრების ფორმა - მიწისა და შენობა-ნაგებობების საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო (იხ.: მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, ტ. I, ს.ფ. 28).
საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი ორთოფოტო, რომლითაც დგინდება, რომ უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით ..., ანუ ის უძრავი ქონება, რომელზედაც მოსარჩელეთა მამის კომლი სასარგებლოდაა გაცემული მიწის საკუთრების მოწმობა, ემიჯნება მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით #.... როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 21.06.2012 წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, აღნიშნული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდით #...) წარმოადგენს სადავო გარიგებით გაჩუქებულ უძრავ ქონებას, რომელიც ასევე მოიცავს მოსარჩელეთა მამის დანაშთ ქონებასაც (უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით ... (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 21.06.2012 წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 12:54:48-12:55:03).
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებით დგინდება, რომ უძრავი ქონება სარეგისტრაციო ზონა - თელავი, კოდი 53, სექტორი - ს. ბ-ი კოდი 02, კვარტლის N05, ნაკვეთის N1, ფართობი 3099 კვ.მ და უძრავი ქონება სარეგისტრაციო ზონა - თელავი, კოდი 53, სექტორი - ს. ბ-ი კოდი 02, კვარტლის N09, ნაკვეთის N337, ფართობი 950 კვ.მ. ბ. ბ-ის სახელზე აღირიცხა 19.05.2003 წ. სადავო ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (ტ. I, ს.ფ. 166). ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ 19.05.2003 წ. სადავო ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ბ. ბ-ის სახელზე აღირიცხა შემდეგი უძრავი ქონება: სარეგისტრაციო ზონა - თელავი, კოდი 53, სექტორი - ქვ. ხ-ი, კოდი 02, კვარტლის N40, ნაკვეთის N021, ნაკვეთის წინა ნომ. ..., დაზუსტებული ფართობი 3128.00 კვ.მ შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 178.30. მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N... (იხ.: საჯარო რეესტრის ამონაწერი, ტ. I, ს.ფ. 41).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მ. ბ-ის მიერ ბ. ბ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N..., საჯარო რეესტრში დღესდღეობით რეგისტრირებულია ნომრით N....
რაც შეეხება ლ. ბ-ის და მ. ს-ის მიერ მითითებულ უძრავ ნივთს, საკადასტრო კოდით N..., საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N... რეგისტრირებულია მ. ბ-ის სახელზე და უძრავი ქონების მიწის ფართია 492,15 კვ.მ (სასოფლო-სამეურნეო), მდებარე ქ. თელავი, სოფელი ბ-ი (ტ. I, ს.ფ. 142).
რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეთა სარჩელის საფუძვლად მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ აღნიშნული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N... ემიჯნება მოსარჩელეთა მამის დანაშთ ქონებას საკადასტრო კოდით ..., საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2011 წ. წერილი იმის თაობაზე, რომ განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე (შემსრულებელი ინდ. მეწარმე „გ. გ-ი“) მოცემულ მიწის ნაკვეთზე ფართობით 540.3 კვ.მ გადაფარვაშია N... სარეგისტრაციო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან. საქმის მასალებით არ დგინდება, ზემოაღნიშნულ ნახაზზე დატანილი ფართი 540.3 კვ.მ. წარმოადგენს იმ ნაკვეთს, რომელზეც მოსარჩელეთა მამკვიდრებელს გააჩნდა საკუთრების უფლება, კერძოდ სადავო უძრავი ნივთს, საკადასტრო კოდით ....
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა ის გარემოება, რომ მ. ბ-ის მიერ 2003 წლის 19 მაისს გაჩუქებული იქნა იმ უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც მოსარჩელეთა მშობლების კუთვნილი უძრავ ქონებას წარმოადგენდა. შესაბამისად, არ არსებობდა ამ საფუძვლით 19.05.2003 წ. მ. ბ-ეს და ბ. ბ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველი.
სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ბ-ემ და მ. ს-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ. ბ-ის მიერ 2003 წლის 19 მაისს გაჩუქებული ქონების ნაწილი, მოსარჩელეების მშობლების კუთვნილ უძრავ ქონებას არ წარმოადგენდა. დაუსაბუთებელია განჩინება თუ რატომ არ მიიჩნევა სათანადო მტკიცებულებად საჯარო რეესტრის 20.10.11 წლის წერილი იმის თაობაზე, რომ განცხადებაზე დართული საკადასტრო ნახაზზე არსებული ფართობი გადაფარვაშია. დაუსაბუთებელია რატომ არ დგინდება, რომ ნახაზზე დატანილი ფართი წარმოადგენს იმ ნაკვეთს, რომელზეც მოსარჩელეებს გააჩნიათ საკუთრების უფლება სადაო უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით .... კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მიუთითა ექსპერტის დასკვნის სავალადებულობაზე და ვინაიდან საკმარისად არ ჩათვალა მოსარჩელის მტკიცებულებები სადავო უძრავი ნივთის იდენტიფიცირებისათვის თავად იყო უფლებამოსილი, დაენიშნა ექსეპრტიზა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ლ. ბ-ის და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ბ-ის და მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ლ. ბ-ის და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს დაუბრუნდეს მ. ს-ის (პირადი #...) მიერ 2012 წლის 21 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESG22, მიმღების ანგარიშის №200122900 სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე