ბს-641-228-კ-05 23 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი,
ჯ. გახოკიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ხ. ს-ემ სარჩელი აღძრა თბილისის კრწნისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე _ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 01 ოქტომბრის ¹3668 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში იმავე თანამდებობაზე აღდგენა და საგასახადო დეპარტამენტისთვის განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, Eშემდეგი საფუძვლით:
იგი გათავისუფლებულ იქნა მთაწმინდა-კრწანისის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავების განყოფილების ...ის თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.2 და 97.1 მუხლების საფუძველზე. ამავე კანონის 111.2 მუხლის თანახმად კი მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის სამიწ. ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე, ატესტაციის შედეგების გამო. ე.ი. მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამასახურიდან ბავშვის სამწ. ასაკამდე აღზრდის პერიოდში, მაშინ, როცა მოსარჩელეს ჰყავს ორი შვილი (ერთი და ორი წლის). ასევე, შკკ-ის 36.2. “ბ” მუხლით დადგენილია, რომ ქალებს, რომლესაც ჰყავს სამ წლამდე ასაკის ბავშვი, აქვთ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.
მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე არ ცნო ხ. ს-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რამდენადაც ის შტატი, რომლიდანაც ხ. ს-ე იქნა გათავისუფლებული შემცირდა და ასეთი თანამდებობა (...ი) საგადასახადო ინსპექციაში აღარ არსებობს.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ხ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინიტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004წ. 1 ოქტომბრის ბრძანება, ხ. ს-ე აღდგენილ იქნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მთაწმინდა-კრწანისის და ისანი-სამგორის განყოფილებებში ...ის ტოლფას თანამდებობაზე და მას აუნაზღაურდა ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლი და განმარტა, რომ მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. მოპასუხემ არ წარმოადგინა სარჩელზე შესაგებელი, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის გათავისუფლებისას ადმინისტრაციას სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ უთავაზებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ბრძანების გამოცემისას დარღვეული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.2 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა. ამასთან, მოსარჩელე ხ. ს-ე არის ორი შვილის დედა, რომელთაც არ შესრულებიათ სამი წელი, ამდენად, ხ. ს-ის გათავისუფლებისას მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111.2 მუხლითა და შკკ-ის 36.2. “ა” მუხლით გათვალისწინებული სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5 მუხლი და განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება სამუშაოზე აღდგენას, რამდენადაც 2004წ. 23 აგვისტოს ფინანსთა მინისტრის ¹550 ბრძანებით მთაწმინდა-კრწანისის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მისი ფუნქციები გადაეცა საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებულ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპაქციას. ამდენად, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნას საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის ისანი-სამგორის და მთაწინდა-კრწანისის განყოფილებაში ...ის ტოლფას თანამდებობაზე.
2005წ. 24 იანვარს მოსარჩელე ხ. ს-ემ განცხადებით მიმართა ამავე რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სსსკ-ის 268-ე მუხლის შესაბამისად.
მოპასუხის წარმომადგენელმა 2005წ. 3 თებერვლის სასამართლო სხდომაზე აღნიშნულ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა, იმ მოტივით, რომ განაცხადა, რომ საგასახადო დეპარტამენტი აპირებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით.
რაიონული სასამართლოს 2005წ. 03.02 განჩინებით ხ. ს-ის შუმადგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
სადავო ბრძანებით საგადასახადო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, შესაბამისად, გათავისუფლდნენ თანამშრომლები, მათ შორის ხ. ს-ე. ამავე ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საგადასახადო ინსპექციების ფუნქციები და განისაზღვრა მათი სამოქმედო სფერო. ახლად დამტკიცებულ საგადასახადო ინსპექციების დებულებებში მონაცემთა დამუშავების განყოფილება და მისი ფუნქციები საერთოდ არ არის გათვალისწონებული, შესაბამისად, სახეზეა სადავო საშტატო ერთეულის შემცირება, რის გამოც მოსარჩელე ხ. ს-ე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
რაიონული სასამართლოს განმარტება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 14.2 და შკკ-ის 36-ე მუხლების (სამასახურში დარჩენის უპირატესი უფლების) თაობაზე უმართებულოა, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში გაუქმდა ის განყოფილება და ის საშტატო ერთეული არ მომხდარა, სადაც მუშაობდა მოსარჩელე და რომელიმე თანამშრომლისათვის ამ სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლების მინიჭება. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ისანი-სამგორის და მთაწმინდა-კრწანისის განყოფილებაში დღეისთვის არ არსებობს ...ის თანამდებობა და, შესაბამისად, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ხ. ს-ე, საგადასახადო ინსპექციის მონაცემთა დამუშავებისა განყოფილების ...ი, საგადასახადო სიტემაში მომხდარი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დაკავებულ თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1 და 97.2 მუხლით, ასევე, 111.2 მუხლითა და შკკ-ის 36.2 “ა” მუხლით დადგენილი წესების დარღვევით, რის გამოც “საჯარო სამასახურის შესახებ” კანონის 127.5 მუხლის შესაბამისად, იგი ექვემდებარება აღდგენას. კერძოდ, საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილ იქნა, რომ ადმინისტრაციას მისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია, ამასთან, მას ჰყავს სამ წლამდე ასაკის ორი შვილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 20 აგვისტოს ბრძანებით მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მისი ფუნქციები გადაეცა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნას გათავისუფლებამდე დაკავებულ ტოლფას თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით საგადასახადო სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გზით, რის შედეგადაც შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია ტერიტორიული განყოფილებებით, რასაც მოჰყვა საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების ფუნქციონირების შეწყვეტა, შესაბამისად, განთავისუფლებული იქნენ თანამშრომლები, მათ შორის ხ. ს-ე.
კასატორი უთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 14.2., “შკკ-ის” 36-ე მუხლებს და განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს საშტატო ერთეულების შემცირებას და განყოფილების გაუქმებას, სადაც მუშაობდა ხ. ს-ე და არა რომელიმე თანამშრომლისათვის უპირატესობის მინიჭებას. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში დღეისათვის არ არსებობს ...ის თანამდებობა და შესაბამისად მოსარჩელის აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე შეუძულებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 Aმარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2. და 394. “ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზია დასაბუთებელია, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანებით საგადასახადო სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გზით, რის შედეგადაც შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია ტერიტორიული განყოფილებებით, რასაც მოჰყვა საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების ფუნქციონირების შეწყვეტა.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას რაიონული სასამართლოს მსჯელობა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის საფუძველზე წინანდელი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სრულებით გაიზიარა, თუმცა, იურიდიული დასაბუთების გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას არსებითად უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რომ არც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და არც “შრომის კანონთა კოდექსი” არ ითვალისწინებს ტოლფასი თანამდებობის ცნებას, სასამართლოს მიერ გამოკვლეულ უნდა იქნეს _ არსებობს თუ არა რეორგანიზაციის შემდეგ ის თანამდებობა საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურაში, რომელიც ხ. ს-ეს ეკავა სამსახურიდან გათავისუფლებამდე და შესაბამისად, ხ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღდგენა განახორციელოს მითითებული გარემოების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ.
ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სსკ-ის 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახდო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მარტის განჩინება.
3. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.