Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1177-1122-2013 6 დეკემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ვ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ა-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ფულადი ვაკდებულების შესრულება, არამართლზომიერი მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ვ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს გადაეცა მისი კუთვნილი ავატომანქანა უაზ 452 სანომრე ნიშნით .... მოპასუხე ვ. ბ-ის მფლობელობიდან არ იქნა გამოთხოვილი შემდეგეი ნივთები:23 სული მსხვილფეხა საქონელი (მეწველი ძრაოხა), 6 სული ღორი, 9 სული დეკეული, 22 სული ხბო, 1 სული ფური, 1 კომპლექტი (მუშამდგომარეობაჲ, 1600 ლარის ღირებულების) სახერხი, 2 ერთეული 5 ტონიანი უჟანგავი ციხტერნა, შიფერი, სათადარიგო ნაწილები. ვ. ბ-ს ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 აშშ დოლარის გადახდა და პირგასდამტეხლოს გადახდა 2170 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის განჩინება ვ. ბ-ის წარმომადგენელემა ე. ა-ემ ჩაიბარა 2013 წლის 31 ოქტომბერს (ტ.2, ს.ფ.106). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 1 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 21 ნოემბერს, ხოლო საკასაციო საჩივარი ვ. ბ-მა ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 22 ნოემბერს (ტ.2, ს.ფ.108-117) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ვ. ბ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია