საქმე №ას-24-22-2013 12 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი – დ. ც-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გაცვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ის მიმართ უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთის გადაცემით გამოწვეული ზიანის – 4500 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
2011 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის დაიდო გაცვლის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ. კ-ეს საკუთრებაში გადაეცა 1999 წელს გამოშვებული შავი ფერის „ჰონდა კაპას“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით „...“, რომელიც ი. კ-ემ მიიღო ა. ნ-ან, გაცვლის დროისათვის ნივთი კვლავ ა.ნ-ის საკუთრებად ირიცხებოდა და სწორედ მან გადაუფორმა ავტოსატრანსპორტო საშუალება თ.კ-ეს.
2011 წლის 27 აპრილს, გაცვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი. კ-ემ თ. კ-ან მიიღო 1998 წელს გამოშვებული ავტომანქანა შავი ფერის „ჰონდა CR-V 2.01 16V 4WD“. ი. კ-ემ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული მანქანა მოგვიანებით გაასხვისა, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნივთი ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, შესაბამისად, ავტომობილი ამოღებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიერ, თუმცა მოსარჩელე იძულებული გახდა 4500 აშშ დოლარად შემძენ ო. გ-ის ეყიდა ამავე მარკის ავტომობილი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
შავი ფერის „ჰონდა კაპას“ ფირმის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით „...“ მოპასუხის საკუთრებას არ წარმოადგენს. ნივთის ფაქტობრივი მესაკუთრე დ. ც-ა, რომელსაც ავტომობილი მოპასუხემ ასევე გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. მოსარჩელემ სასამართლო შეცდომაში შეიყვანა და დ.ც-ას მფლობელობაში მყოფ ავტომობილს არასწორად დაედო ყადაღა. ის გარემოება, რომ ნივთი მფლობელის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 155-166-ე მუხლების შესაბამისად, მფლობელი ნივთის მესაკუთრედ მიიჩნევა. სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მოპასუხემ მოსარჩელეს უფლებრივად უნაკლო ნივთი გადასცა, განხორციელდა ნივთზე მოსარჩელის უფლების რეგისტრაცია და ის ავტომობილს ფლობდა წელიწადზე მეტი ხნით, შესაბამისად, მოპასუხეს ი.კ-ის მიერ გასხვისებული ნივთის გამო პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. კ-ეს ი. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2011 წლის 26 აპრილს ი. კ-ემ და თ. კ-ემ ერთმანეთს გაუცვალეს მათი კუთვნილი ავტომანქანები. ი. კ-ემ თ. კ-ეს გადასცა მის საკუთრებაში არსებული 1999 წელს გამოშვებული „ჰონდა კაპას“ მარკის შავი ფერის ავტომანქანა სანომრე ნიშნით „...“, ტექპასპორტი ..., სანაცვლოდ მისგან მიიღო 1998 წელს გამოშვებული „ჰონდა CR-V-ს“ მარკის 2.01 16V 4WD შავი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „...“, ტექპასპორტი №.... გაცვლილი ავტომანქანები დარეგისტრირდა მხარეთა საკუთრებად.
ი. კ-ემ გაცვლის გზით მიღებული ავტომანქანა მიჰყიდა ო. გ-ს, თუმცა 2012 წლის 30 მაისს აღნიშნული ნივთი ამოღებულ იქნა პოლიციის მიერ სისხლის სამართლის №088300512001 საქმესთან დაკავშირებით. ავტომანქანის ამოღების მიზეზი გახდა ის, რომ ავტომანქანა იძებნება ინტერპოლის მიერ. პალატამ დაადგინა, რომ ქვეყნის საზღვარზე შემოყვანისას სადავო ავტომანქანა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან.
მხარეები არ დავობენ, რომ მოსარჩელემ, ამოღებული ავტომანქანის სანაცვლოდ, ო. გ-ს 4500 აშშ დოლარად უყიდა სხვა ავტომანქანა. მოსარჩელე თვლის, რომ 4500 აშშ დოლარი წარმოადგენს მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებულ ზიანს, რადგანაც მოპასუხემ მას გაუცვალა უფლებრივად ნაკლიანი ნივთი მაშინ, როცა მისი ვალდებულება იყო, გაეცვალა უფლებრივად უნაკლო ნივთი. სასამართლოს განმარტებით, დასახელებულ შემთხვევაში შესაძლებელია, მანქანა უფლებრივად ნაკლიანი იყოს (ნაკლის საკითხი ჯერ დასადგენია გამოძიების მიერ), მაგრამ ნაკლის არსებობა მასზე პასუხისმგებლობას ავტომატურად მოპასუხეს არ აკისრებს.
პალატის მითითებით, მოსარჩელემ ო. გ-ს პოლიციის მიერ ამოღებული ავტომანქანის სანაცვლოდ 4500 აშშ დოლარად შეუძინა სხვა მანქანა, მაგრამ ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ მან ამოწურა მანქანის დაბრუნების ყველა საშუალება. თუ ის დაიბრუნებს ამოღებულ მანქანას, მაშინ ზიანი აღარ იარსებებს. მართალია, მხარეს გადახდილი აქვს 4500 აშშ დოლარი, მაგრამ შეიძლება მან დაიბრუნოს მანქანა, ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, რომ მოსარჩელემ ზიანი განიცადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ 4500 აშშ დოლარის გადახდისა, ეს დანახარჯი არ წარმოადგენს მხარეებს შორის ავტომანქანების გაცვლის შედეგად მიღებულ დანაკარგს, ანუ ზიანს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 521-ე, 523-ე მუხლებით, 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, 487-ე მუხლით, 489-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ კანონი მხარეებს ავალდებულებს, ერთმანეთის მიმართ გამოიჩინონ კეთილსინდისიერება და ნასყიდობისას გამყიდველმა მყიდველს მიაწოდოს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ეს პრინციპი მოქმედებს გაცვლის დროსაც. ანუ გაცვლის დროს თითოეული მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მიაწოდოს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.
საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ ი. კ-ემ, გაცვლის გზით მიღებული ჰონდა CR-V, ნასყიდობის გზით გაასხვისა ო. გ-ედ.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ. კ-ემ ი. კ-ეს გაუცვალა უფლებრივად ნაკლიანი ნივთი მაშინ, როცა მას ევალებოდა, გაეცვალა უფლებრივად უნაკლო ნივთი. ამასთან, სადავო ქონება მესაკუთრის ნების წინააღმდეგ გავიდა მისი მფლობელობიდან, რის გამოც შემძენი ვერ გახდებოდა მესაკუთრე. ცალსახად დადგენილია, რომ ავტომანქანა ამოღებულია სისხლის სამართლის საქმის გამო და იძებნებოდა ინტერპოლის მიერ. მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მოცემული ურთიერთობის რეგულაციისას მაქსიმალურად დაცულია პირის საკუთრების უფლება.
პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის, 408-ე, 409-ე მუხლების, 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესები და მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ ი. კ-ის მიერ ო. გ-ის მიყიდული „ჰონდის“ მარკის ავტომანქანა 2012 წლის 30 მაისს ამოღებულ იქნა პოლიციის მიერ სისხლის სამართლის №088300512001 საქმესთან დაკავშირებით. ავტომანქანის ამოღების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ავტომანქანა იძებნება ინტერპოლის მიერ. იმის გამო, რომ მან ო. გ-ს ავტომანქანა ვეღარ გადასცა საკუთრებაში, სანაცვლოდ შეუძინა სხვა ავტომანქანა.
ყოველივე აღნიშნულის შეფასების შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ ი. კ-ის სარჩელი 4500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. კ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატის მითითებით, მან გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, თუმცა არ ირკვევა, კონკრეტულად რომელ გარემოებას ეთანხმება ან არ ეთანხმება იგი.
არასრულია სასამართლოს დასაბუთება, თუ რატომ უნდა დაეკისროს კასატორს 4500 აშშ დოლარის გადახდა და რის საფუძველზე უნდა აგოს მან პასუხი ისეთი გარემოების გამო, რომლის მიმართ არც სისხლის და არც სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. თ.კ-ის მიერ ნივთის გაყიდვისას იგი არ იძებნებოდა და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში არანაირი ხარვეზი არ აღმოჩენილა. პალატას არ გაურკვევია, სადავო ავტომანქანა ვისი ბრალეულობით გავიდა საზღვარგარეთ მცხოვრები პირის მფლობელობიდან. აღნიშნული მიუთითებს, რომ თ. კ-ე მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეა.
სააპელაციო პალატამ ისარგებლა იმავე ნორმებით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მცირედი განსხვავებით, თუმცა არ დაუსაბუთებია, მის საფუძველზე სხვაგვარი გადაწყვეტილება რატომ მიიღო. არ ირკვევა, რის გამო იხელმძღვანელა პალატამ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით.
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლი, თუმცა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თ. კ-ე ავტომანქანის გასხვისების დროს სრულიად კეთილსინდისიერი იყო.
გაურკვეველია, რატომ იხელმძღვანელა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლით. უსაფუძვლოა აღნიშნულთან დაკავშირებით პალატის მითითება, რომ კასატორი ვალდებული იყო, მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაეცა უნაკლო ნივთი, არ ირკვევა, საიდან გამომდინარეობს მითითებული ვალდებულება.
სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ მუხლთან მიმართებით ობიექტურად და სწორად განმარტა, რომ ავტომანქანის ინტერპოლის მიერ ძებნა არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს. ჯერჯერობით საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიებით უნდა დადგინდეს, რომ მანქანა დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. მოცემული მომენტისათვის არაა დადგენილი მისი დანაშაულებრივი გზით შეძენის ან არ შეძენის საკითხი. ასევე არაა გადაწყვეტილი ავტომანქანის, როგორც ნივთმტკიცების ბედი. იგი შესაძლებელია, დაუბრუნდეს მოსარჩელეს, მის პირველ მესაკუთრეს ან მისი ბედი გადაწყდეს სხვაგვარად.
სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია პირველი ინსტანციის ამ განმარტებას რატომ არ ეთანხმება და თვითონ რას მოიაზრებს იმავე მუხლის შინაარსში. სასამართლომ იხელმძღვანელა რა ტერმინით „კრედიტორი“, აღნიშნულით თავისთავად იგულისხმება, რომ არსებობს მოვალეც. სასამართლო არ მიუთითებს, ვის თვლის მოვალედ და რომელი ხელშეკრულების საფუძველზე. თუ არსებობს კრედიტორი და მოვალე, ანუ ვალდებულება, მაშინ მისი პირობები უნდა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან. ფაქტობრივად, არანაირი ხელშეკრულება თ. კ-სა და ი. კ-ის შორის არ არსებობს. გაურკვეველია, რის საფუძველზე გაუჩნდა სააპელაციო სასამართლოს შინაგანი რწმენა, გაეუქმებინა პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
მხარეთა შორის დავა არ გამოუწვევია იმ ფაქტს, რომ თ. კ-ემ და დ. ც-ამ გაცვალეს ავტომანქანები. კასატორმა გადაიფორმა ავტომანქანა თავის სახელზე, დ.ც-ამ კი გადაფორმება თანხის არქონის გამო გარკვეული ხნით გადადო. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე, რადგან დადენილია, რომ 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო თ. კ-ის სახელზე რიცხულ „ჰონდა კაპას“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება ი. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოები:
2011 წლის 26 აპრილს ი. კ-ემ და თ. კ-ემ ერთმანეთს გაუცვალეს მათ საკუთრებაში არსებული ავტომანქანები. გაცვლის შედეგად ი. კ-ემ თ. კ-ან მიიღო ავტომანქანა ჰონდა CR-V2.01 16V 4WD, შავი ფერის, გამოშვებული 1998 წელს, სახელმწიფო ნომრით ..., ტექ. პასპორტი .... გაცვლილი ავტომანქანები დარეგისტრირდა მხარეთა საკუთრებაში.
ი. კ-ემ, გაცვლის გზით მიღებული ავტომანქანა მიყიდა ო.გ-ს. ო. გ-ის მიყიდული სადავო ავტომანქანა 2012 წლის 30 მაისს ამოღებული იქნა პოლიციის მიერ სისხლის სამართლის №088300512001 საქმესთან დაკავშირებით. ავტომანქანის ამოღების მიზეზი გახდა ის, რომ ავტომანქანა იძებნებოდა ინტერპოლის მიერ.
მოსარჩელემ ამოღებული ავტომანქანის სანაცვლოდ ო. გ-ს 4500 ამერიკულ დოლარად უყიდა სხვა ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ 4500 ამერიკული დოლარი დახარჯა, ეს დანახარჯი არ წარმოადგენს მხარეებს შორის ავტომანქანების გაცვლის შედეგად მიღებულ დანაკარგს, ანუ ზიანს.
ქვეყნის საზღვარზე შემოყვანისას სადავო საგანი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან.
თ. კ-ემ ი. კ-ეს გაუცვალა უფლებრივად ნაკლიანი ნივთი, მაშინ, როცა მისი ვალდებულება იყო მისთვის გაეცვალა უფლებრივად უნაკლო ნივთი.
კასატორის ერთ-ერთ პრეტენზიას წარმოადგენს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა სადავო ავტომანქანის ნაკლის მქონე ნივთად მიჩნევის საკითხი, კერძოდ, ჯერჯერობით სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიებით უნდა დადგინდეს, რომ მანქანა დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ამასთან, არ დასტურდება მოპასუხის ბრალეული ქმედება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა სწორად განმარტოს გამოსაყენებელი ნორმის შინაარსი. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი შესამოწმებელ ფაქტობრივ გარემოებათა განსაზღვრა.
როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა დადგენილი, მხარეებს შორის დაიდო ავტომანქანების გაცვლის ხელშეკრულება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დასასაბუთებლად მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 523-ე და 487-ე მუხლები. შესაბამისად, სწორად განსაზღვრა თ. კ-ის ვალდებულება, ი. კ-ის გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა უფლებრივი ნაკლის საკითხი. აქაც მართებულად იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის პირველი ნაწილი, თუმცა, არასწორად იქნა დადგენილი მითითებული მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
კოდექსის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. ამდენად, მოცემული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელი ნივთის უფლებრივი ნაკლის არსებობას უკავშირებს ისეთ გარემოებას, როდესაც მესამე პირს გასასხვისებელი ნივთის მიმართ თავისი სანივთო ან ვალდებულებითი სახის უფლება გააჩნია. შესაბამისად, ნამდვილი მესაკუთრის უფლების რეალიზაცია იწვევს შემძენის უფლებათა შეზღუდვას, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს შეძენილ ნივთს და იმავდროულად წარმოშობს გამყიდველის პასუხისმგებლობის საფუძვლებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძვლიანობაზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებზე მსჯელობას უფლებრივი ნაკლის თაობაზე. სასამართლო, ერთის მხრივ, ადგენს, რომ ნაკლის საკითხი ჯერ დასადგენია გამოძიების მიერ, ამასთან, თუ მოსარჩელე დაიბრუნებს ამოღებულ მანქანას, მაშინ ზიანს ადგილი აღარ ექნება, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს, რომ თ. კ-ემ ი. კ-ეს გაუცვალა უფლებრივად ნაკლიანი ნივთი, ვინაიდან ქვეყნის საზღვარზე შემოყვანისას სადავო საგანი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან. ამდენად, საქმეზე ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად არ არის დადგენილი, თუ ვინ აცხადებს სადავო ავტომანქანაზე პრეტენზიას, ანუ არ არის გამოკვეთილი მესამე პირი, რომელიც ნამდვილი მესაკუთრეა.
თვით სააპელაციო სასამართლომ ვერ აურა გვერდი იმ ფაქტზე მსჯელობას, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დასადგენია უფლებრივი ნაკლის საკითხი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე ნაკლის დადასტურებას ცდილობს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ავტომანქანა ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, არც მოსარჩელე უარყოფს იმ ფაქტს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ არ გადაწყვეტილა სადავო ავტომანქანის საკითხი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ის გარემოება, რომ გაცვლის ხელშეკრულების დადებამდე, სადავო ავტომანქანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომაცემებით ირიცხებოდა თ. კ-ის სახელზე და იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში, ქმნის ვარაუდის საფუძველს იმისათვის, რომ თ. კ-ე, როგორც გამყიდველი წარმოადგენდა გასხვისებული ნივთის მესაკუთრეს. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, რისი დამტკიცებაც, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპის მიხედვით, მას ეკისრებოდა, ხოლო ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ვერ აბათილებს ამ პრეზუმფციას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ავტომანქანის უფლებრივ ნაკლთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზია დასაბუთებულია და გაზიარებულ უნდა იქნეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის და 394-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებები. იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს, მთავარი პირობაა სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის დადასტურება, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება (განსახილველ შემთხვევაში გაცვლის ხელშეკრულება), გამყიდველს მყიდველისათვის უნდა ჰქონდეს გადაცემული უფლებრივად ნაკლიანი ნივთი (გასხვისებული ნივთის ნამდვილი მესაკუთრეა მესამე პირი), სახეზე უნდა იყოს ნაკლით გამოწვეული ზიანი (მესამე პირის პრეტენზიის წარდგენის გამო, შემძენს ჩამოერთვა ნივთი, რის გამოც სახეზეა მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი). დასახელებული შემადგენლობიდან რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს იმ სამართლებრივი შედეგის დადგომას, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, ამასთან, საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, რის შედეგადაც პალატა მიიჩნევს, რომ ი. კ-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორმა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 372 ლარი, შესაბამისად, ი. კ-ეს უნდა დაეკისროს თ. კ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად ყადაღა დაედო თ. კ-ის სახელზე რიცხულ „HONDA CAPA-სა“ (სახელმწიფო ნომრით „...“, გამოშვების წელი – 1999, ტექპასპორტი „...) და „VOLKSWAGEN GOLF IV“ 1.8-ს (სახელმწიფო ნომრით „...“, გამოშვების წელი – 1999, ტექპასპორტი „...) მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს და ზემოხსენებულ სატრანსპორტო საშუალებებს ყადაღა უნდა მოეხსნას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ი. კ-ეს დაეკისროს თ. კ-ის სასარგებლოდ 372 ლარის გადახდა.
5. მოეხსნას ყადაღა თ. კ-ის სახელზე რიცხულ „HONDA CAPA-სა“ (სახელმწიფო ნომრით „...“, გამოშვების წელი – 1999, ტექპასპორტი „...) და „VOLKSWAGEN GOLF IV“ 1.8-ს (სახელმწიფო ნომრით „...“, გამოშვების წელი – 1999, ტექპასპორტი „...) მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებებს.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე