Facebook Twitter
¹ ბს-641-552-კ-04 21 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სესხის და მომსახურების ფულადი თანხების დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:
ფინანსთა სამინისტრომ 04.09.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, მოპასუხის ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 272980 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განთივარების ასოციაციისა და ფინანსთა სამინისტროს შორის 10.11.94წ. საბაზისო ხელშეკრულებით მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ საქართველოს რესპუბლიკას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, გამოუყო უპროცენტო სესხი 18.1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ფინანსთა სამინისტროსა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის 13.02.96წ. გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განთივარების ასოციაციასა და ფინანსთა სამინისტროს შორის 10.11.94წ. საბაზისო ხელშეკრულების, ფინანსთა სამინისტროსა და მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოს შორის 18.11.94წ. დადებული “პროექტის განხორციელების ხელშეკრულების და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტსა და კომუნალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოს შორის 01.12.94წ. ხელმოწერილი “კომპონენტის განხორციელების” ხელშეკრულების საფუძველზე. 13.02.96წ ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს გამოეყო 2566000 აშშ დოლარი, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 196000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების “დ” პუნქტის თანახმად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 1996 წლიდან 1997წ. ჩათვლით უნდა გადპაეხადა 2566000 აშშ დოლარის 1,25% თანხის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და ჩაერიცხა იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ანგარიშზე. ხელშეკრულების “თ” პუნქტის შესაბამისად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს ფინანსთა სამინისტროსათვის 1996 წლიდან 1997 წლის ჩათვლით, ყოველი წლის 10 დეკემბერს, უნდა გადაეხადა 2566000 აშშ დოლარის სესხის მომსახურების წლიური 0,25%, ხოლო ამავე ხელშეკრულების “ი” პუნქტის თანახმად ქ. ბათვუმის მუნიციპალიტეტი კისრულობდა ვალდებულებას თანადაფინანსების თანხა (196000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში) დაებრუნებინა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში 1997 წლიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ფინანსური ვალდებულება და მისი დავალიანება საკრედიიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 2003 წლის მდგომარეობით მთლიანობაში შეადგენს 272980 აშშ დოლარს, მათ შორის ძირითადი თანხა შეადგენს _ 196000 აშშ დოლარს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საპროცენტო თანხა _ 12830 აშშ დოლარს, დარიცხული პროცენტი სესხის სარგებლობისათვის _ 64150 აშშ დოლარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს არაერთი წერილობითი შეხსენების მიუხედავად მოპასუხე სკ-ის 361-ე, “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 33-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევით არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.03.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა რომ 13.02.96წ. ხელშეკრულების “ბ” პუნქტის მიხედვით ძირითადი სესხის თანხა (2566000 აშშ დოლარი) გადახდილი უნდა იქნეს 2004-10029 წლებში, სესხის გადახდის თანხა ჯერ არ დამდგარა. ხელშეკრულების “ბ” პუნქტის შესაბამისად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს 1996-97 წლებში უნდა გადაეხადა სესხის მომსახურების თანხა, რომელიც შეადგენდა ძირითადი თანხის 1,25%, რამაც 1996-97 წ.წ. შეადგინა 2566000-ის 1,25%=31.075X2=64150 აშშ დოლარი. ამ თანხის გადახდის ვადა ხელშეკრულების შესაბამისად დადგა 15.12.97წ., ხოლო სასარჩელო განცხადება 26.04.03წ ანუ 5 წლისა და 8 თვის შემდეგ იქნა შემოტანილი. სკ-ის 128-ე, 129-ე მუხლების საფუძველზე სამინისტროს სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი ითქვა სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გაშვების გამო.
საკრედიტო ხელშეკრულების “თ” პუნქტის თანახმად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ფინანსთა სამინისტროსათვის 1996 წლიდან 1997წ. ჩათვლით უნდა გადაეხადა ძირითადი სესხის მომსახურებისათვის წლიური 0,25% ყოველი წლის 10 დეკემბრამდე. 1996-97 წლებში ძირითადი სესხის 0,25% შეადგენს 12830 აშშ დოლარს (2566000-ის 0,25 = 6415X2 =12830), რომლის გადახდის ვადა 10,12.97წ დადგა, ხოლო სარჩელი ხუთი წლის და რვა თვის შემდეგ იქნა შემოტანილი, რის გამო სარჩელის ამ მოთხოვნასაც უარი ეთქვა ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო.
საკრედიტო ხელშეკრულების “თ” პუნქტის თანახმად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი კისრულობდა ვალდებულებას თანადაფინანსების თანხის 190000 აშშ დოლარის დაბრუნებას, ამ ნაწილში დავალიანების შესრულება ძალაში იყო შესული 1997 წლიდან და გადანაწილებული იყო გადასახდელად მომდევნო სამ წელზე, ე.ი. 1998წ ბათუმის მუნიციპალიტეტს უნდა გადაეხადა ფინანსთა სამინისტროსათვის 63333 აშშ დოლარი, 1999წ _ 63333 აშშ დოლარი, 2000წ დარჩენილი 63333 აშშ დოლარი. პალატამ აღნიშნა, რომ საკრედიტო ხელშეკრულება მხარეებს შორის 03.02.96წ იყო დადებული, ამდენად სესხის პირველ ნაწილში 63333 აშშ დოლარის გადახდის ვადა დადგა 13.02.98წ ანუ სარჩელი შემოტანილია 5 წლის და 6 თვის შემდეგ. სესხის მე-2 ნაწილის _ 63333 აშშ დოლარის გადახდის ვალდა დადგა 13.02.99წ., სარჩელი სასამართლოში 26.08.03წ. აღიძრა, ე.ი. 4 წლის და 6 თვის შემდეგ, სესხის მე-3 ნაწილის გადახდის ვადა 13.02.2000წ დადგა, სარჩელი აღძრულია 3 წლისა და 6 თვის შემდეგ. სკ-ის 128-ე, 129-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რის ფინანსთა სამინისტროს გაცდენილი აქვს მოთხოვნის ხანდამულობის სამწლიანი ვადა, რის გამო უარი ეთქვა მოსარჩელეს 190000 აშშ დოლარის დაკისრებაზე. პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საკრედიტო ხელშეკრულების “ი” ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს სადავო თანხები უნდა ამოეღო ბიუჯეტში უდავო წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ საინკასო დავალების წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს ჩამოეჭრებოდა შესაბამისი თანხა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი საინკასო მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს მიერ. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სკ-ის 130-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროდან მოპასუხეს 12.06.02წ., 25.04.02წ., 06.12.02წ. გაეგზავნა წერილები, რის გამო კასატორს მიაჩნია, რომ სამინისტროს მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და სასამართლოს მიერ იგი სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, საქმე არ იქნა განხილული არსებითად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. კასატორი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ 407-ე მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 13.02.99წ. ¹0010/2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმის მუნიცეპალიტეტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათის მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი უპროცენტო სესხიდან 2566000 აშშ დოლარი, ხოლო თანადაფინანსების სახით საქართველოს ბიუჯეტიდან 196000 აშშ დოლარი გამოეყო. ძირითადი თანხის, 2566000 აშშ დოლარის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2004-29 წლებით. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული 13.02.96წ. ¹0010/2 საკრედიტო ხელშეკრულების “ბ” პუნქტით გათვალისწინებული წესით უნდა დაებრუნებინა. ამასთანავე, საკრედიტო ხელშეკრულების “თ” პუნქტის თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტს ევალებოდა 1996 წლიდან 1997 წლის ჩათვლით სესხის მომსახურების სახით 2566000 აშშ დოლარის წლიური 0,25%-ის გადახდა. შესაბამისი თანხა ყოველი წლის 10 დეკემბერს უნდა ჩაერიცხა ანგარიშზე ¹... “ს. ბ-ში”. საკრედიტო ხელშეკრულების “ზ” პუნქტის თანახმად, 1996-97 წლებში, ყოველი წლის 15 ივნისსა და 15 დეკემბერს, სესხის მომსახურების სახით ძირითადი თანხის, 2 566 000 აშშ დოლარის 1.25% უნდა გადაეხადა. შესაბამისი თანხა უნდა ჩეაერიცხა საქართველოს ეროვნულ ბანკში, საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული ანგარიშის ნომერზე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანდაფინანსების სახით მიღებული სესხი მუნიციპალიტეტს სამი წლის ვადაში უნდა დაეფარა. საკრედიტო ხელშეკრლების აღნიშნული პირობა ძალაში 1997 წლიდან შევიდა და მისი შესრულება მომდევნო 1998 წლიდან უნდა დაწყებულიყო.
აღნიშნულიდან გამომდიონარე, 1997 წლის 10 თებერვალს დადგა ¹0010/2 საკრედიტო ხელშეკრულების “თ” პუნქტიდან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ნაკისრი ვალდებულების, 2566000 აშშ დოლარის 0.25%-ის გადახდის ვადა. 1997 წლის 15 დეკემბერს დადგა ხელშეკრულების “ა” და “ზ” პუნქტით გათვალისწინებული თანხის, 2566000 აშშ დოლარის 1.25%-ის გადახდის ვადა, თანადაფინანსების სახით მიღებული თანხის სრულად დაბრუნების ვადა 13.02.2000 წელს ამოიწურა (ხელშეკრულების “ი” პუნქტი).
სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ფინანსთა სამინისტრომ სასამართლოს სარჩელით 2003 წლის 4 სექტემბერს მიმართა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს გაცდენილი აქვს სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიანი ვადა და მისი სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების თაობაზე. საფუძველს მოკლებულია მითითება იმაზე, რომ ფინანსთა სამინისტრომ უფლების დარღვევის შესახებ დაგვიანებით შეიტყო და ხანდაზმულობის ვადა საქმეში არსებული, მოპასუხისათვის გაგზავნილი წერილების გათვალისწინებით უნდა გამოთვლილიყო. საქმის მასალებიდან გამომდინარე, კასატორს, როგორც ხელშეკრულების მხარეს, მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ უნდა შეეტყო დაუყონებლივ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დადგომისთანავე, მოპასუხის მიმართ გაგზავნილი ¹12/0925-1038/3102, ¹12/0925-698/2091 და ¹12-0925-235/7385 წერილები ხანდაზმულობის ვადის დინებაზე გავლენას ვერ მოახდენს. სკ-ის 138 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის საფუძველია სასამართლოში სარჩელის შეტანა. სარჩელის სასამართლოში ხანდაზმულობის ვადის გაცდენით შეტანა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩვრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილეის გაუქმების საფუძველი. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “უ” ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.03.04წ გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.