Facebook Twitter

საქმე №ას-290-276-2013 23 დეკემბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ც-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განაჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ც-მა სარჩელი აღძრა მ. ნ-ის, ხ. ა-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ მოძრავი ქონების: ავეჯის - ე.წ. „გორკას“, ატლასის ფირმის გაზქურისა და „BAXI“-ის ფირმის გაზის ცენტრალურ გამათბობლის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

იგი არის შპს „ლ“-ის ერთადერთი დამფუძნებელი და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, საიდანაც აქვს საკუთარი შემოსავალი. საკუთარი შემოსავლით შეიძინა აღნიშნული ნივთები, რაც წარმოადგენს მის პირად საკუთრებას. ამასთან, ეს ნივთები მის კუთვნილ სახლში არის განთავსებული. მ. ნ-ე ფაქტიურად ცხოვრობს მის კუთვნილ ბინაში, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღია ნივთების შეძენაში, მას დაფუძნებული აქვს შპს „ზ-ი“ და ეწევა სხვადასხვა საქმიანობას, აქვს ვალები და მისი კრედიტების გამო საცხოვრებელი ბინაც იპოთეკით არის დატვირთული. დაყადაღებული მოძრავი ნივთები შეიძინა პირადად და ისინი არ წარმოადგენს სამინისტროს და ხ. ა-ის მოვალე მ. ნ-ის საკუთრებას.

მოპასუხე მ. ნ-ე დაეთანხმა ყველა ფაქტობრივ გარემოებას და ცნო სარჩელი.

მოპასუხე ხ. ა-ეს სასამართლოში არც შესაგებელი წარუდგენია და არც სხდომაზე არ გამოცხადებულა.

მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ დაეთანხმება არცერთ ფაქტობრივ გარემოებას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: მოძრავი ნივთები შეძენილია ქორწინების პერიოდში, არის თანასაკუთრება და ყადაღა სწორად ადევს მოვალის ქონებას.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ყადაღა მოეხსნა მოვალე მ. ნ-ის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 22 თებერვლის აქტის საფუძველზე დაყადაღებულ მოძრავ ქონებას, კერძოდ, ავეჯს - ე.წ. „გორკას“, ატლასის ფირმის გაზქურასა და „BAXI“-ის ფირმის გაზის ცენტრალურ გამათბობელს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტიელბა შემდეგი დასაბუთებით:

სამცხე–ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2012 წლის 22 თებერვალს მოვალე მ. ნ-ის საცხოვრებელ ადგილას - ქ. ახალციხეში, ს-ას ქუჩა №13/4-ში არსებულ მოძრავ ნივთებს ყადაღა დაედო სააღსრულებო წარმოების შესაბამისად, ფიზიკური პირის ხ. ა-ის (კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, სააღსრულებო ფურცელი #01/08-274) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, სააღსულებო ფურცელი #3/494-10) სასარგებლოდ დაკისრებული თანხების იძულებითი წესით გადახდის მიზნით.

დადგენილია, რომ ი. ც-ი და მ. ნ-ე 2007 წლის 21 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (ტ. I, ს.ფ. 108). ი. ც-ი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და წარმოადგენს 2009 წლის 02 თებერვალს დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ,,ლ”-ის 100%-იანი წილის მფლობელს. საზოგადოების საიდენტიფიკაციო კოდია №224092434, დირექტორი გ. ი-ე (ტ. I, ს.ფ. 17).

საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. ახალციხე, ს-ას ქ. №14/4-ში - მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელში არსებულ მოძრავ ნივთებსაც სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 22 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაედო ყადაღა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. ც-ის სახელზე (ტ.I, ს.ფ. 13).

საქმეში ასევე წარმოდგენილია ი. ც-ს და სხვადასხვა ფიზიკურ პირს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც დგინდება, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები შეიძინა ი. ც-მა, კერძოდ, 2009 წლის 20 ოქტომბერს ი. ც-მა 4500 ლარის გადახდის სანაცვლოდ ა. ც-ან შეიძინა ავეჯი „გორკა”, რომელიც შედგებოდა ორი მაგიდის, რვა სკამის, ორი კარადის და ერთი კედლისაგან (ტ. I, ს.ფ. 15). 2009 წლის 15 ოქტომბერს ი. ც-მა ქ. ახალციხეში მცხოვრებ ა. ზ-ან შეიძინა ,,ატლასის“ ფირმის გაზქურა 450 ლარად (ტ. I, ს.ფ. 14). 2010 წლის 15 ნოემბერს ი. ც-მა ა. ც-ან შეიძინა მეორადი გაზის ცენტრალური გამათბობელი 450 ლარად (ტ. I, ს.ფ. 16).

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებზე და აღნიშნა: ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე, ხოლო საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ც-ი არის იმ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე, რომელში არსებულ მოძრავ ნივთებსაც სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 22 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაედო ყადაღა და ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში. შესაბამისად, აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს ი. ც-ის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს.

ი. ც-ის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტის მტკიცება სარწმუნოდ განახორციელა მოსარჩელემ - საქმის მასალებით დადასტურებულია სადავო მოძრავი ნივთების პირადად ი. ც-ის მიერ შეძენის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების შეძენის შემთხვევაში, ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის უნდა დგინდებოდეს, მეორე მეუღლის მიერ დამოუკიდებელი შემოსავლის რაიმე საპატიო მიზეზით არ არსებობის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ იმ პერიოდში, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე - ი. ც-ი ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას და შეიძინა რამოდენიმე მოძრავი ნივთი (მათ შორის ე.წ. ,,გორკა“, ,,ატლასის“ ფირმის გაზქურა და ,,BAXI“ -ს ფირმის გაზის ცენტრალური გამათბობელი), მეორე მეუღლეს - მ. ნ-ეს, რომ რაიმე საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. იმ პირობებში, როდესაც მოცემულ დავაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარეზე იყო, რომელსაც არ გამოუყენებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებები თავისი შესაგებლის დასამტკიცებლად და მხოლოდ სარჩელის უარყოფით შემოიფარგლა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ც-ის მიერ 2009 -2010 წლებში შეძენილი სადავო მოძრავი ნივთები არ წარმოადგენენ მისი და მოპასუხე მ. ნ-ის თანასაკუთრებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არასწორად დაადგინა, რომ დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოსარჩელე ი. ც-ის პირად საკუთრებას, ვინაიდან ნივთები წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, შეძენილია ქორწინების პერიოდში და არის ერთობლივი მოხმარების საგნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რის შემდეგაც გააკეთა არასწორი დასკვნა:

1) სამცხე–ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2012 წლის 22 თებერვალს ქ. ახალციხეში, ს-ას ქ. №14/4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები - ავეჯი - ე.წ. ,,გორკა“, ,,ატლასის“ ფირმის გაზქურა და გაზის ცენტრალურ გამათბობელი წარმოადგენს ი. ც-ის საკუთრებას. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ახალციხეში, ს-ას ქ. №14/4-ში - მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელში არსებულ მოძრავ ნივთებსაც სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 22 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაედო ყადაღა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. ც-ის სახელზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ი. ც-ის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ნივთები, რომლებსაც დაედო ყადაღა წარმოადგენს ი. ც-ის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება № ას- 1777-1755-2011). სასამართლომ განმარტა, რომ ი. ც-ის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, დაყადაღებული ნივთები სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად შეიძინა ი. ც-მა.

2) სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს მეუღლეთა - ი. ც-ის და მ. ნ-ის თანასაკუთრებას. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების შეძენის შემთხვევაში მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთ მათგანს საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის უნდა დგინდებოდეს, მეორე მეუღლის მიერ დამოუკიდებელი შემოსავლის რაიმე საპატიო მიზეზით არ არსებობის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე - ი. ც-ი ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას და შეიძინა რამდენიმე მოძრავი ნივთი ის, რომ მეორე მეუღლეს - მ. ნ-ეს საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულზე მტკიცების ტვირთი, როდესაც მოსარჩელემ დაადასტურა ნივთების მის მიერ შეძენის ფაქტი, დააკისრა მოპასუხე მხარეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი და არასწორად მიუთითა მეუღლეთა თანასაკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უძრავი ნივთის მესაკუთრის და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების (როგორც უძრავი ნივთის საკუთვნებელის) მფლობელის, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

დადგენილია, რომ ი. ც-ი და მ. ნ-ე 2007 წლის 21 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (ტ. I, ს.ფ. 108) და მ. ნ-ე ცხოვრობს ქ. ახალციხეში, ს-ას ქ. №14/4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. ც-ის სახელზე (ტ.I, ს.ფ. 13). ასევე დადგენილია, რომ დაყადაღებული, ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში არსებული სადავო ნივთები (ტ.I, ს.ფ. 18-20) 2009-2010 წლებში სხვადასხვა დროს შეიძინა ი. ც-მა (ტ. I, ს.ფ. 14-16). ხოლო, ი. ც-ი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და წარმოადგენს 2009 წლის 2 თებერვალს დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (ს/კ №224092434) ,,ლ-ის“ 100%-იანი წილის მფლობელს (ტ. I, ს.ფ. 17).

მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი იყო ის გარემოება, რომ სადავო ნივთები შეიძინა პირადად და იგი არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას.

მოსარჩელემ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მიუთითა, რომ მას გააჩნია შპს „ლ“, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, აქვს შემოსავალი და სადავო ნივთები შეიძინა პირადად, ხოლო მის მეუღლეს მ. ნ-ეს მის შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული საქმის მასალებით თანახმად, დაადასტურა ასევე მოპასუხე მ. ნ-ემ.

ის გარემოება, რომ ნივთები უშუალოდ შეიძინა ი. ც-მა სადავო არ არის, მაგრამ მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს არა ის, რომ მან შეიძინა თავისი სახსრებით ნივთები, არამედ ის, რომ ეს ნივთები არ წარმოადგენენ თანასაკუთრებას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლიდან გამომდინარე, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ ნივთებზე, რომლებიც შეძენილია ქორწინების პერიოდში მისი სახსრებით, არ წარმოიშობა თანასაკუთრება.

განსახილველ შემთხვევაში ერთ-ერთი მეუღლის (ი. ც-ის) მიერ ქონების შეძენისას, ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის უნდა დგინდებოდეს, მეორე მეუღლის (მ. ნ-ის) მიერ დამოუკიდებელი შემოსავლის რაიმე საპატიო მიზეზით არ არსებობის ფაქტი. ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ იმ მხარეს (მოსარჩელეს), რომლის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველსაც წარმოადგენს იგი და რომელმაც უნდა ამტკიცოს არა მარტო ის, რომ ნივთები პირადად შეიძინა, არამედ ისიც, რომ ამ შემთხვევაშიც მასზე არ წარმოიშობა თანასაკუთრებად, რადგან სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული არცერთი წინაპირობა და არც მეორე მეუღლეს სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

ის გარემოება, რომ მ. ნ-ეს არასაპატიო მიზეზის გამო არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი, აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ წარადგინა ხელწერილები ნივთების უშუალოდ შეძენაზე და მეუღლემ - მ. ნ-აც დაუდასტურა, რომ მათ შეძენაში თავად მონაწილეობა არ მიუღია, არ არის საკმარისი საფუძველი მეორე მოპასუხე მხარისათვის დამატებით მტკიცების ტვირთის გადაკისრებაზე. რაც შეეხება ერთ-ერთი მოპასუხის, მოსარჩელე ი. ც-ის მეუღლე მ. ნ-ის პოზიციას, იგი როგორც ფაქტობრივად დაინტერესებული პირის პოზიცია, ზემოთ აღნიშნულზე არ არის საკმარისი მტკიცებულება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

საკუთრება თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. ფლობა ნივთის უშუალო პყრობას ნიშნავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრედ მივიჩნევთ ნებისმიერ პირს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ფლობს ნივთს, შესაძლოა, სახეზე იყოს ცდომილება და მესაკუთრის ინტერესების შელახვა. თუმცა, მფლობელიც სარგებლობს მთელი რიგი უფლებებით. ფლობასთან ერთად მესაკუთრეს აქვს ნივთით სარგებლობის უფლება, რაც მოიცავს როგორც ნივთით უშუალო სარგებლობას, მისი მეშვეობით შემოსავლის მიღებას და ა.შ, აგრეთვე მესაკუთრის უფლებას, არ ისარგებლოს კუთვნილი ნივთით. ამასთან, არც მხოლოდ მფლობელობისა და სარგებლობის კომბინაციაა სრულად საკუთრების ცნების გამომხატველი. აუცილებელია საკუთრების ცნების მესამე კომპონენტის არსებობა, ესაა განკარგვა, რაც გულისხმობს ნივთის ბედის გადაწყვეტის უფლებას, რაშიც იგულისხმება მისი გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება და საერთოდ მისი ბედის განკარგვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს სამივე კომპონენტი. საკუთრების ცნების ამგვარი განსაზღვრა აუცილებელია საიმისოდ, რომ პირმა შეიძინოს საკუთრების უფლება უძრავ ან მოძრავ ნივთზე. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია წერილობითი გარიგების დადება და ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების (შემძენის, როგორც მესაკუთრის) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. სწორედ ამ უფლების ნამდვილობის გარკვევის საშუალებაა ზემოაღნიშნული სამი კომპონენტის ერთდროულად სახეზე არსებობის ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მესაკუთრე არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ რაც ამ შემთხვევაში (ნივთის შეძენის ფაქტი) სადავო არ არის, მნიშვნელოვანია, რომ ერთსა და იმავე ნივთს შეიძლება ჰყავდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე მესაკუთრე. ასეთ მესაკუთრეები არიან თანამესაკუთრეები, ხოლო ქონება არის თანასაკუთრება. თანასაკუთრება ორი სახის არსებობს: საერთო თანაზიარი და საერთო წილადი. საერთო თანაზიარი არის საკუთრება, რომლის თანამესაკუთრეებს შორის განსაზღვრული არ არის თითოეულის კუთვნილი წილი, არამედ ისინი მთლიანად ფლობენ ამ ნივთს, როგორც თანასაკუთრებას. სწორედ ეს განასხვავებს მისგან საერთო წილად საკუთრებას, რომლის შემადგენლობაშიც წინასწარვე არის განსაზღვრული თითოეული თანამესაკუთრის კუთვნილი წილი.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობები სპეციალური ნორმებითა მოწესრიგებული და ექვემდებარება სამართლებრივ რეგულირებას. მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებში მოიაზრება მეუღლეთა კუთვნილი ქონება, ასევე ქონებრივი სახის ვალდებულებები, თუ ის საერთო ქონების განკარგვის შედეგად წარმოიშვა. მეუღლეთა შორის კანონით დადგენილ ქონებრივ უფლება-მოვალეობათა შინაარსის გარკვევა, მათი ქონებრივი ინტერესების დაცვის საშუალებას წარმოადგენს. ქონებრივია ყველა ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია განსაზღვრულ ქონებასთან, მის მფლობელობასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის, რომ მეუღლეთა საკუთრებაში არსებული ქონება შეიძლება სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმის იყოს. მათი მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა სხვადასხვა საფუძველზე ხდება. საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარი საკუთრება მეუღლეებს ეკუთვნით თანაბრად, წილთა განუსაზღვრელად და გამოიყენება საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. მართალია, კანონი კონკრეტულად არ განსაზღვრავს ქონების იმ სახეებს, რომლებიც განცალკევებულ ან თანაზიარ საკუთრებას მიეკუთვნება, მაგრამ იმდენად გამოკვეთილია მათი დაყოფის ზოგადი კრიტერიუმები, რომ სავსებით შესაძლებელია მეუღლეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა. ასეთი კრიტერიუმებიდან გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ მეუღლეებმა შეიძლება საქორწინო ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ქონების ამა თუ იმ სახისათვის მისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამართლებრივი რეჟიმის შეცვლა. ასეთ შემთხვევაში მეუღლეთა ნებას ენიჭება უპირატესობა და საქორწინო კონტრაქტის არსებობა ედება საფუძვლად მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანაზიარ საკუთრებად აღიარებას. ხოლო, როდესაც ეს ურთიერთობა საქორწინო კონტრაქტით არ რეგულირდება, თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავალის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანის თუ ორივე მეუღლის მიერ.

ამდენად, საოჯახო კანონმდებლობით სპეციალურად არის განსაზღვრული მეუღლეთა საერთო ქონების ობიექტის შემადგენლობა. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება: როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, რომლებიც შეადგენდნენ ანაზღაურებას, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა.

მეუღლეთა თანასაკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უძრავი ნივთის მესაკუთრის და მასში არსებული მოძრავი ნივთების (როგორც უძრავი ნივთის საკუთვნებელის) მფლობელის, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი არ შეიძლება ცალსახად იქნეს გავრცელებული და შეეხოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ნივთებსაც, ვინაიდან მეუღლეთა თანასაკუთრება წესრიგდება სპეციალური ნორმებით.

უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა (რომელზედაც მითითებული აქვს სააპელაციო პალატას) მიუთითებს უძრავი ნივთების მესაკუთრესა და სხვა პირებს (გარდა მეუღლეებისა) შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მაგრამ მეუღლეთა თანასაკუთრება, როგორც კანონის სპეციალური ნორმებით დაცული ობიექტი, წარმოადგენს განსაკუთრებულ ინსტიტუტს, რომლითაც დაცული უნდა იქნეს არა მარტო მეუღლეთა ინტერესები, არამედ მეუღლეთა მიმართ წარმოშობილი ვალდებულებებიდან გამომდინარე მესამე პირების ინტერესებიც, რათა მიღებული არ იქნეს არამართლზომიერი და უსამართლო შედეგები და თავიდან იქნეს აცილებული მესამე პირებისათვის საზიანო არაკეთილსინდისიერი ან წინასწარ შეთანხმებული ქმედებები.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციაზე მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ნივთებზე შეიძლება ვიმსჯელოთ მაშინ, როდესაც ცალსახად არ დგინდება ნივთების ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტი და ისინი არ წარმოადგენენ მეუღლეთა საერთო მოხმარების საგნებს.

განსახილველ საქმეში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „ლ“, საიდანაც მოსარჩელეს მისივე მითითებით გააჩნია შემოსავალი, რითაც შეიძინა ნივთები და წარმოადგენს მის ერთადერთ დამფუძნებელს, დაფუძნებულია სწორედ მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში 2009 წლის 2 თებერვალს, ხოლო რაიმე გარემოება, რომ მოსარჩელემ შპს დააფუძნა ინდივიდულაური საკუთარი სახსრებით დადგენილი არ არის. მეორე მხრივ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ნ-ეს, რომელსაც იჯარით ჰქონდა აღებული ეკონომიკის სამინისტროდან ქონება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით და ასევე მოსარჩელისვე მითითებით გააჩნდა (გააჩნია) შპს „ზ-ი“, რომლითაც ეწეოდა სხვადასხვა საქმიანობას - ჰქონდა საკუთარი შემოსავლის წყარო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ი. ც-ის სახელზე რიცხული ბინაც, სადაც ცხოვრობს მისი მეუღლე მ. ნ-ეც და რომელში არსებული ნივთებიც არის დაყადაღებული შეძენილია 2008 წლის 10 დეკემბერს, ასევე ქორწინების პერიოდში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით მ. ნ-ის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალების გადახდის მიზნით. ყოველივე ეს ერთობლიობაში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მეუღლეები ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და სარგებლობდნენ სადავო ნივთებით (გამათბობელით, გაზქურით, ავეჯით), რომლებიც მათი საერთო მოხმარების საგნებს წარმოადგენენ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია და არ არსებობს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო სასამართლო თავად იღებს გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ი. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, შესაბამისად, ამ ქონების ნახევარი წარმოადგენს ი. ც-ის საკუთრებას, მაგრამ თავად დაყადაღებული ქონების არსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მოძრავი ნივთების ½ წილზე ყადაღის მოხსნას და ამდენად, სარჩელი მთლიანად არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ი. ც-ს რჩება მისი კუთვნილი წილის შესაბამისი კომპენსაციის (ქონების ღირებულების) მიღების უფლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ი. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დავის საგნის ღირებულება 5400 ლარს შეადგენს, რომლის 4% არის 216 ლარი, ხოლო 5% - 270 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო ინსტანციაში გადასახდელი ბაჟის ოდენობა 300 ლარით უნდა განისაზღვროს, შესაბამისად ი. ც-ს ჯამში 516 გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ი. ც-ის დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 516 ლარის ოდენობით;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ბ. ალავიძე