№ას-360-342-2013 2 დეკემბერი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ბ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჟ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ჟ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-სა და ვ. ბ-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, გ-ის პირველ და მე-2 მიკრორაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრში, მე-3 სართულზე განთავსებული 82,88 მ2 ფართიდან 77,72 მ2 -ის გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს „ჟ-ა“ 1996 წლიდან საკუთრების უფლებით ფლობს ქ. თბილისში, გ-ის პირველ და მე-2 მიკრორაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრში, მე-3 სართულზე განთავსებულ 82,88 მ2 ფართს. სადავო ფართში შეჭრილი არიან მოპასუხეები, რაც შპს „ჟ-ას“ საკუთრების უფლებას ხელყოფს.
გ. ბ-ემ და ვ. ბ-ამ სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
სადავო ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელშიც იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფომ კომპაქტურად ჩაასახლა.
მესამე პირმა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ჟ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების გ. გ-სა და ვ. ბ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, გ-ის პირველ და მე-2 მიკრორაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრში, მე-3 სართულზე განთავსებული, მოსარჩელე შპს „ჟ-ას“ საკუთრებად რეგისტრირებული 82,88 მ2 ფართიდან (საკადასტრო კოდი ...) მოპასუხეების მიერ დაკავებული, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2010 წლის 23 დეკემბერს გაცემული №14774/03 დასკვნის №2 დანართში მითითებული №3,№4, №5,№6, №7 ოთახები და 77,72 მ2 სათავსები , რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით გ. ბ-სა და ვ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, გ-ის პირველ და მე-2 მიკრორაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრში, მე-3 სართულზე განთავსებული 82,88 მ2 ფართის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ჟ-ა“. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ შპს „ჟ-ას“ მიერ სადავო ფართის საკუთრებაში რეგისტრაცია განხორციელდა მხოლოდ 2008 წელს. სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდებოდა, რომ ქ. თბილისში, გ-ის პირველ და მე-2 მიკრორაიონებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრში, მე-3 სართულზე განთავსებული 82,88 მ2 ფართის მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს „ჟ-ა“, ხოლო უფლების რეგისტრაციის საფუძველს ქ. თბილისის სახელმწიფო ქოენების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 13 თებერვალს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №23/705-პ. 1996 წელს აღნიშნული მოწმობის არსებობა კი, ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო ნივთის პრივატიზება განხორციელდა ჯერ კიდევ 1996 წლის 13 თებერვალს. იმის გათვალისწინებით, რომ უტყუარად დასტურდებოდა დევნილთა ჩასახლების დროს უძრავ ქონებაზე კერძო მესაკუთრის უფლების რეგისტრაციის ფაქტი, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ობიექტი არ წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღებული ვალდებულება, რომ დევნილი უზრუნველყოს დროებითი საცხოვრებელი ადგილით, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, ანუ უნდა არსებობდეს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მხრიდან გამოვლენილი ნება - დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა დევნილთა კომპაქტურად თუ ინდივიდუალურად განსახლებაზე ზრუნვას. მოცემულ შემთხვევაში, დევნილთა განსახლება ეხებოდა კერძო საკუთრებას, შესაბამისად, მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე სახელმწიფო არ იყო უფლებამოსილი, უზრუნველყო თავისი ვალდებულების შესრულება და, მესაკუთრის ნების მიუხედავად, საკუთრებაში განესახლებინა დევნილები. სააპელაციო სასამართლომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2010 წლის 23 დეკემბერს გაცემული №14774/03 დასკვნის გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები - გ. ბ-ე და ვ. ბ-ა ფლობდნენ შპს „ჟ-ას“ საკუთრებად რეგისტრირებულ ფართს.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით და განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოების შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. გასახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა სადავო ნივთზე საკუთრების უფლება და იგი არ იყო შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეები ვერ ჩაითვლებობდნენ მართლზომიერ მფლობელად „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვინაიდან ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით. ამასთან, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება; ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით; დ) დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დასახელებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე დაცულია ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებული მფლობელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ, არამედ მხოლოდ მართლზომიერი მფლობელობა, რისი არსებობაც მოპასუხეებმა სასამართლოს ვერ დაუდასტურეს კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. ბ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა საქმის ძირითად ფაქტობრივ გარემოებებზე. ვერ იქნა დადგენილი, ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართი, რომელიც რეალურად შეადგენს 106 კვ.მ წარმოადგენს შპს „ჟ-ას“ საკუთრებას. ასევე არასწორად იქნა განმარტებული და შეფასებული ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ფართი არ წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. ბ-ა არ შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერ მფლობელად, ვინაიდან აღნიშნული ობიექტში დევნილები სახელმწიფომ შეასახლა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლები. გადაწყვეტილება ასევე გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების არსებითი დარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად იქნა შეფასებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით ვ. ბ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ ას-1252-1272-2011, ას-347-666-09), ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ბ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს ლ. ბ-ას მიერ 30.04.2013 წლის N399905 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე