№ას-373-354-2013 23 დეკემბერი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. წ-ა, ბ. ჭ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ჭ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად აღიარება, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. წ-ამ და ბ. ჭ-ამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ლ. ჭ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს 2012 წლის 2 აგვისტოს ლ. ჭ-ას სასარგებლოდ ს. ჭ-ას სამკვიდროზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და ლ. ჭ-ას საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ზუგდიდში, ყ-ას ქ. N60-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრედ ცნობა.
მოსარჩელეთა განმარტებით, ს. ჭ-ა არის მოპასუხის მამა. იგი 1986 წლიდან ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, ყ-ას ქ. N60-ში. ს. ჭ-ამ კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაუყო ორ ვაჟიშვილს - რ. ჭ-სა და ო. ჭ-ას. მას შემდეგ, ო. ჭ-ა, მეუღლე მ. წ-ან ერთად ცხოვრობდა მამის მიცემულ ნაკვეთზე აშენებულ სახლში. ს. ჭ-ა 2002 წელს გარდაიცვალა. ო. ჭ-ა გარდაიცვალა 2010 წლის 17 ივნისს. მისი გარდაცვალების შემდეგ მ. წ-ა და ბ. ჭ-ა აგრძელებენ ცხოვრებას ს. ჭ-ას მიერ გადაცემულ ნაკვეთზე აშენებულ სახლში. ლ. ჭ-ამ, ნოტარიუსს დაუმალა სხვა მემკვიდრეების არსებობის თაობაზე და მოტყუებით მიიღო სამკვიდრო მოწმობა, როგორც ს. ჭ-ას ერთადერთმა მემკვიდრემ, რაც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
მოპასუხის განმარტებით, მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, ხოლო მ. ჭ-ამ და რ. ჭ-ამ სამკვიდროდან კუთვნილი წილი მის სასარგებლოდ დათმეს. მოსარჩელეებს სამკვიდრო არ მიუღიათ და არც მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. ზუგდიდში, ყ-ას ქ. N60-ში, როგორც ეს სარჩელშია მითითებული. ამასთან, მოპასუხე აღიარებს მოსარჩელეების, როგორც ო. ჭ-ას მემკვიდრეების, უფლებას ს. ჭ-ას სამკვიდროს ¼-ზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. წ-სა და ბ. ჭ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 2 აგვისტოს ლ. ჭ-ას სასარგებლოდ ს. ჭ-ას სამკვიდროზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1/4 ნაწილში და ლ. ჭ-ას საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ზუგდიდში, ყ-ას ქ. N60-ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) 1/4 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნენ მ. წ-ა და ბ. ჭ-ა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა და ხალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მ. წ-სა და ბ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1 2012 წლის 2 აგვისტოს ლ. ჭ-ამ მიიღო სამკვიდრო მოწმობა მისი გარდაცვლილი მამის ს. ჭ-ას სამკვიდროზე და ამ გზით საკუთრებაში დაარეგისტრირა ქ. ზუგდიდში, ყ-ას ქ. №60-ში მდებარე უძრავი ნივთი;
2 ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განაჩენით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ლ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში. განაჩენის მიხედვით, ლ. ჭ-ამ კანონსაწინააღმდეგოდ მიიღო ს. ჭ-ას სხვა მემკვიდრეების წილი;
3 ს. ჭ-ა გარდაიცვალა 2002 წლის 22 აპრილს. შესაბამისად მის ქონებაზე სამკვიდრო ამ დღეს გაიხსნა;
4 საქმის მასალების მიხედვით კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო მიიღეს ს. ჭ-ას კანონით პირველი რიგის შემდეგმა მემკვიდრეებმა: ლ. ჭ-ამ, რ. ჭ-ამ, ო.ჭ-ამ და მ. ჭ-ამ. მათ მონაწილეობა მიიღეს მამის დაკრძალვაში, გარდაცვალების დღიდან ჯერ კიდევ დაკრძალვამდე დაეუფლნენ მამის უძრავ-მოძრავ ქონებას და ურთიერთშეთანხმებით ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს მამის ქონებასთან დაკავშირებით;
5 პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მემკვიდრეების ჩვენებების შინაარსიდან ცალსახაა, რომ არ არსებობდა მათი მხრიდან კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის წანამძღვრები. მათი ურთიერთდამოკიდებულება და იმ პერიოდისთვის განხორციელებული მოქმედებები სწორედ რომ გამოხატავდა მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს;
6 ლ. ჭ-ას გარდა, არცერთ სხვა მემკვიდრეს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს;
7 მამკვიდრებელ ს. ჭ-ას ჰყავდა სხვა შვილიც - მ. ჭ-ა, რომელიც არ იყო ცოცხალი ლ. ჭ-ას მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღებისას. მის მიერ სამკვიდროს მიღება არ წარმოადგენს მტკიცების საგანს, რადგან მხარეები ამ გარემოებაზე არ მიუთითებენ;
8 ლ. ჭ-ას მიერ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისას ს. ჭ-ას მემკვიდრეებიდან რ. ჭ-ამ და მ. ჭ-ამ გამოხატეს იმგვარი ნება, რომლითაც სურდათ სამკვიდროდან მათ წილზე ლ. ჭ-ას საკუთრების უფლების აღიარება (გადაცემა), თუმცა ამ ნების გამოხატვისას მთლ.დ მიენდნენ ნოტარიუსის და ლ. ჭ-ას წარმომადგენლის კონსულტაციებს და ხელი მოაწერეს მათ მიერ შედგენილ დოკუმენტებს იმ მიზნით, რომ ამ ხელმოწერების შედეგად, მათი წილი ქონება მამის სამკვიდროდან გადასულიყო ლ. ჭ-ას საკუთრებაში;
9 პირველი ინსტანციის სასამართლოში ნოტარიუსმა მოწმის სახით დაკითხვისას (29.11.12 სხდომის ოქმი 18:56:45-დან), განმარტა, რომ ჰქონდა წარმოდგენილი მემკვიდრეების მიერ ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მემკვიდრეებს სურდათ სამკვიდრო მოწმობა და საკუთრება მათ წილზეც მიეღო ლ. ჭ-ას და ვინაიდან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა გასული იყო, სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ ინსტრუქციის მიხედვით შეადგინა დოკუმენტი სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ, რასაც ხელი მოაწერა მ. ჭ-ამ და რ. ჭ-ას რწმუნებით ნ. კ-ამ. ანუ ამ გზით მემკვიდრეები შეთანხმდნენ მამის სამკვიდროს გაყოფის წესზე და დათმეს თავიანთი უფლებები ერთ-ერთი მემკვიდრის ლ. ჭ-ას სასარგებლოდ.
10 ო. ჭ-ა (პ/ნ ...) გარდაიცვალა 2010 წლის 17 ივნისს, შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო მის ქონებაზე. ო. ჭ-ას ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული ჰქონდა მამის ს. ჭ-ას სამკვიდრო, რის გამოც ო. ჭ-ას სამკვიდრო მასაში შედიოდა ს. ჭ-ას სამკვიდროს შესაბამის ნაწილზე მემკვიდრეობის უფლება, რომელზეც საკუთრება მას სიცოცხლეში არ დაურეგისტრირებია.
11 ო. ჭ-ას კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებმა ბ. ჭ-ამ (შვილმა) და მ. წ-ამ (მეუღლემ) ფაქტობრივი დაუფლებით მიიღეს ო. ჭ-ას სამკვიდრო.
11 სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის დანაწესებით სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლ. ჭ-ას წილი ¾-ით უნდა განსაზღვრულიყო, რადგან ო. ჭ-ას, რომელმაც მამის - ს. ჭ-ას სამკვიდრო ასევე ფაქტობრივი ფლობით მიიღო, თავისი წილი არ დაუთმია არავის სასარგებლოდ და მისი კუთვნილი წილი ლ. ჭ-ას სამკვიდრო მოწმობაში არ უნდა შესულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1452-ე მუხლი. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ს. ჭ-ას გარდაცვალების შემდეგ მისმა კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებმა ლ. ჭ-ამ, მ. ჭ-ამ და რ. ჭ-ამ მიიღეს მისი სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით, მაშინ, როცა ასეთი წინაპირობები სასამართლო სხდომაზე არ გამოვლენილა. ის, რომ ისინი გასვენებაში იყვნენ და დაესწრნენ სხვა რიტუალებს არ უნდა იქნეს გაგებული მათ მიერ სამკვიდროს დაუფლებად. სასამართლოს არ დაუზუსტებია, მათ მიერ განხორციელებული რომელი მოქმედება უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც სამკვიდროს მიღება. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ რ. ჭ-ამ და მ. ჭ-ამ თავიანთ წილზე უარის განაცხადეს ლ. ჭ-ას სასარგებლოდ, თითქოს მემკვიდრეები ამ გზით შეთანხმდნენ მამის სამკვიდროს გაყოფის წესზე და დათმეს თავიანთი უფლებები ერთ-ერთი მემკვიდრის - ლ. ჭ-ას სასარგებლოდ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რ. ჭ-სა და მ. ჭ-ას მამის სამკვიდრო არ მიუღიათ, შესაბამისად, არ გააჩნდათ უფლება, წილი ვინმეს სასარგებლოდ დაეთმოთ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. წ-სა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1 2012 წლის 2 აგვისტოს ლ. ჭ-ამ მიიღო სამკვიდრო მოწმობა მისი გარდაცვლილი მამის ს. ჭ-ას სამკვიდროზე და ამ გზით საკუთრებაში დაარეგისტრირა ქ. ზუგდიდში, ყ-ას ქ. №60-ში მდებარე უძრავი ნივთი;
2 ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განაჩენით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ლ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში. განაჩენის მიხედვით, ლ. ჭ-ამ კანონსაწინააღმდეგოდ მიიღო ს. ჭ-ას სხვა მემკვიდრეების წილი;
3 ს. ჭ-ა გარდაიცვალა 2002 წლის 22 აპრილს, შესაბამისად, მის ქონებაზე სამკვიდრო ამ დღეს გაიხსნა;
4 საქმის მასალების მიხედვით კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო მიიღეს ს. ჭ-ას კანონით პირველი რიგის შემდეგმა მემკვიდრეებმა: ლ. ჭ-ამ, რ. ჭ-ამ, ო. ჭ-ამ და მ. ჭ-ამ. მათ მონაწილეობა მიიღეს მამის დაკრძალვაში, გარდაცვალების დღიდან ჯერ კიდევ დაკრძალვამდე დაეუფლნენ მამის უძრავ-მოძრავ ქონებას და ურთიერთშეთანხმებით ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს მამის ქონებასთან დაკავშირებით;
5 პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მემკვიდრეების ჩვენებების შინაარსიდან ცალსახაა, რომ არ არსებობდა მათი მხრიდან კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის წანამძღვრები. მათი ურთიერთდამოკიდებულება და იმ პერიოდისთვის განხორციელებული მოქმედებები სწორედ რომ გამოხატავდა მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს;
6 ლ. ჭ-ას გარდა, არცერთ სხვა მემკვიდრეს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს;
7 მამკვიდრებელ ს. ჭ-ას ჰყავდა სხვა შვილიც - მ. ჭ-ა, რომელიც არ იყო ცოცხალი ლ. ჭ-ას მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღებისას. მის მიერ სამკვიდროს მიღება არ წარმოადგენს მტკიცების საგანს, რადგან მხარეები ამ გარემოებაზე არ მიუთითებენ;
8 ლ. ჭ-ას მიერ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისას ს. ჭ-ას მემკვიდრეებიდან რ. ჭ-ამ და მ. ჭ-ამ გამოხატეს იმგვარი ნება, რომლითაც სურდათ სამკვიდროდან მათ წილზე ლ. ჭ-ას საკუთრების უფლების აღიარება (გადაცემა), თუმცა ამ ნების გამოხატვისას მთლ.დ მიენდნენ ნოტარიუსის და ლ. ჭ-ას წარმომადგენლის კონსულტაციებს და ხელი მოაწერეს მათ მიერ შედგენილ დოკუმენტებს იმ მიზნით, რომ ამ ხელმოწერების შედეგად, მათი წილი ქონება მამის სამკვიდროდან გადასულიყო ლ. ჭ-ას საკუთრებაში;
9 პირველი ინსტანციის სასამართლოში ნოტარიუსმა მოწმის სახით დაკითხვისას (29.11.12 სხდომის ოქმი 18:56:45-დან), განმარტა, რომ ჰქონდა წარმოდგენილი მემკვიდრეების მიერ ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მემკვიდრეებს სურდათ სამკვიდრო მოწმობა და საკუთრება მათ წილზეც მიეღო ლ. ჭ-ას და ვინაიდან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა გასული იყო, სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ ინსტრუქციის მიხედვით შეადგინა დოკუმენტი სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ, რასაც ხელი მოაწერა მ. ჭ-ამ და რ. ჭ-ას რწმუნებით ნ. კ-ამ. ანუ ამ გზით მემკვიდრეები შეთანხმდნენ მამის სამკვიდროს გაყოფის წესზე და დათმეს თავიანთი უფლებები ერთ-ერთი მემკვიდრის ლ. ჭ-ას სასარგებლოდ.
10 ო. ჭ-ა გარდაიცვალა 2010 წლის 17 ივნისს, შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო მის ქონებაზე. ო. ჭ-ას ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული ჰქონდა მამის ს. ჭ-ას სამკვიდრო, რის გამოც ო. ჭ-ას სამკვიდრო მასაში შედიოდა ს. ჭ-ას სამკვიდროს შესაბამის ნაწილზე მემკვიდრეობის უფლება, რომელზეც საკუთრება მას სიცოცხლეში არ დაურეგისტრირებია.
11 ო. ჭ-ას კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებმა ბ. ჭ-ამ (შვილმა) და მ. წ-ამ (მეუღლემ) ფაქტობრივი დაუფლებით მიიღეს ო.ჭ-ას სამკვიდრო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია“ აღნიშნული ნორმის მიზნებისათვის გულისხმობს მხარის მითითებას იმ საპროცესო სამართლებრივ დარღვევებზე, რის შედეგადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დადგინდა. განსაკუთრებით ეს ეხება მტკიცებულებათა შეფასების წესების დარღვევას, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დარღვევას, კერძოდ, თუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორებმა ისარგებლეს სსკ-ის 407-ე მუხლით გარანტირებული შედავების უფლებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია წარმოადგინეს.
საკასაციო სასამართლომ, შეამოწმა რა შედავების საფუძვლები, მიიჩნევს, რომ კასატორების პრეტენზია მე-4, მე-5, მე-8 და მე-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ გაზიარებული უნდა იქნეს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ჭ-ას სამკვიდრო მიიღო მისმა ოთხმა პირველი რიგის მემკვიდრემ: ლ. ჭ-ამ, მ. ჭ-ამ, რ. ჭ-ამ და ო.ჭ-ამ, ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა ამგვარ დასკვნამდე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე და 394-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლოს ვალდებულებაა სრულყოფილად დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს თითოეული მტკიცებულების შეფასებასა და მათზე მითითებას კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
საქმეებზე „დევიერი ბელგიის წინააღმდეგ“ და „დელკური ბელგიის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ადამიანის უფლებათა“ ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს „დასაბუთებული“ (Bien-fonde), რაც ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით, მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი ვრცელდება სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც.
სააპელაციო სასამართლომ, მიიჩნია რა, რომ სამკვიდრო ოთხმა პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო, არასწორად განმარტა მ. ჭ-ას ჩვენება. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას მ. ჭ-ამ განმარტა, რომ მამის დაკრძალვის შემდეგ, რ. ჭ-ას გარდა, ყველა მემკვიდრე წავიდა სამკვიდრო მასაში შესული საცხოვრებელი სახლიდან და გასაღებს რ. ჭ-ას უტოვებდნენ, რომელიც იმავე ეზოში მის მიერ აშენებულ სახლში ცხოვრობს. ასევე მოსარჩელის წარმომადგენლის შეკითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ წლისთავამდე წილი არავის მოუთხოვია და არც რომელიმე მემკვიდრის სასარგებლოდ დათმობაზე ყოფილა საუბარი. მ. ჭ-ა ასევე ადასტურებს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ წილი არ მოუთხოვია, 40 წელია ოჯახიდან წასულია და მისი აზრით, სამკვიდრო იმ პირმა უნდა მიიღოს, ვინც მამას უვლიდა, კერძოდ, ლ. ჭ-ამ, ვინაიდან, თავად არ ჰქონდა საშუალება მამას დახმარებოდა (ს.ფ. 180-184). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განმარტებები საერთოდ არ გაითვალისწინა და დაასკვნა, რომ სამკვიდრო ყველა მემკვიდრემ მიიღო.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მამკვიდრებლის დაკრძალვასა თუ ორმოცზე დასწრება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სამკვიდროს მიღება, არამედ ამ შემთხვევაში, აუცილებელია, მხარის ნება, მიმართული სამკვიდრო ქონებაზე უფლების მოპოვებისაკენ, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მთლიანი ქონების ან მისი ნაწილის დაუფლებაში.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1439-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან, იმავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელება შეზღუდულია კანონით დადგენილი ვადით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან, ხოლო 1434-ე მუხლის მიხედვით კი, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ს. ჭ-ას მემკვიდრეებს სწორედ ამ ვადაში და წესით უნდა გამოევლინათ სამკვიდროს მიღების, ან უარის თქმის ნება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მტკიცებულებები ამ თვალსაზრისით უნდა შეესწავლა და შეეფასებინა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ჭ-ას მიერ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისას ს. ჭ-ას მემკვიდრეებიდან რ. ჭ-ამ და მ. ჭ-ამ გამოხატეს იმგვარი ნება, რომლითაც სურდათ სამკვიდროდან მათ წილზე ლ. ჭ-ას საკუთრების უფლების აღიარება (გადაცემა), თუმცა ამ ნების გამოხატვისას მთლიანად მიენდნენ ნოტარიუსის და ლ. ჭ-ას წარმომადგენლის კონსულტაციებს და ხელი მოაწერეს მათ მიერ შედგენილ დოკუმენტებს იმ მიზნით, რომ ამ ხელმოწერების შედეგად, მათი წილი ქონება მამის სამკვიდროდან გადასულიყო ლ. ჭ-ას საკუთრებაში. პირველი ინსტანციის სასამართლოში ნოტარიუსმა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ჰქონდა წარმოდგენილი მემკვიდრეების მიერ ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მემკვიდრეებს სურდათ სამკვიდრო მოწმობა და საკუთრება მათ წილზეც მიეღო ლ. ჭ-ას და ვინაიდან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა გასული იყო, სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ ინსტრუქციის მიხედვით შეადგინა დოკუმენტი სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ, რასაც ხელი მოაწერა მ. ჭ-ამ და რ. ჭ-ას რწმუნებით ნ. კ-ამ. ანუ ამ გზით მემკვიდრეები შეთანხმდნენ მამის სამკვიდროს გაყოფის წესზე და დათმეს თავიანთი უფლებები ერთ-ერთი მემკვიდრის ლ. ჭ-ას სასარგებლოდ.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ ნოტარიუსის მიერ მითითებული დოკუმენტები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობა, რ. ჭ-სა და მ. ჭ-ას განცხადებები) საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას სასამართლო მათ არსებობაზე ვერ მიუთითებს, ვინაიდან მხოლოდ მოწმის ჩვენება დოკუმენტის შინაარსის დადგენისა და შეფასებისათვის საკმარისი არ არის. სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან ცალსახად გამომდინარეობს სასამართლოს ვალდებულება, უშუალოდ თავად შეაფასოს ყველა მტკიცებულება და განსაზღვროს მათი მნიშვნელობა, დავის გადაწყვეტისათვის. საქმესთან დაკავშირებული ყოველი მტკიცებულება უშუალოდ სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რის შედეგადაც დაადგინოს წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება და არ უნდა გაიზიაროს აღნიშნულის თაობაზე სხვა პირის, მათ შორის ნოტარიუსის, შეფასება. დაუშვებელია, გადაწყვეტილება ემყარებოდეს მტკიცებულებებს, რომლებიც საქმეში არაა წარმოდგენილი და სასამართლოს არ გამოუკვლევია. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ „მემკვიდრეები შეთანხმდნენ მამის სამკვიდროს გაყოფის წესზე და დათმეს თავიანთი უფლებები ერთ-ერთი მემკვიდრის, ლ. ჭ-ას, სასარგებლოდ“, არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მით უფრო, რომ თავად მ. ჭ-ას ჩვენებიდან არ დასტურდება, მის მიერ სამკვიდროს დადგენილ ვადაში მიღების ფაქტი. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირაა განსაზღვრული, რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან (პრეიუდიცია, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები, მეორე მხარის აღიარება), მხარე ასევე თავისუფლდება კონკრეტული მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებისაგან იმ შემთხვევაში, თუ ეს მტკიცებულება მის მოწინააღმდეგე მხარესთან იმყოფება და იგი უარს ამბობს წარდგენაზე, ყველა სხვა შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია სათანადოდ დაადასტუროს მირ მიერ მითითებული გარემოებების ნამდვილობა, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის პასუხად, ლ. ჭ-ა ამტკიცებდა, რომ სამკვიდრო ყველა მემკვიდრემ მიიღო, მაგრამ რ. ჭ-ამ და მ. ჭ-ამ უარი თქვეს თავიანთ წილზე მის სასარგებლოდ, შესაბამისად, სწორედ მას ევალებოდა აღნიშნული გარემოებების დადასტურება და იგი გათავისუფლებული არ ყოფილა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენისაგან, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია.
ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ, თავად ნოტარიუსის ჩვენების მიხედვით, მემკვიდრეების მიერ ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობდა მხოლოდ რ. ჭ-სა და ლ. ჭ-ას სახელზე. ის გარემოებაცაა შესაფასებელი, რომ ნოტარიუსის აღნიშნული განმარტება, ერთადერთი მტკიცებულებაა, პრაქტიკულად, რაც ლ. ჭ-ას მიერ სამკვიდროს მიღებას ადასტურებს, ზემოაღნიშნული ცნობა კი, როგორც აღინიშნა, საქმეში არ მოიპოვება.
საკასაციო სასამართლო იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ საქმის მასალებით არც ის გარემოება ირკვევა უტყუარად, ო. ჭ-ამ მიიღო თუ არა სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ლ. ჭ-ა აღიარებს მოსარჩელეთა უფლებას სამკვიდრო მასის ¼-ზე, იგი ო. ჭ-ას მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტსაც ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ს. ჭ-ა 2002 წელს გარდაიცვალა, ხოლო სამკვიდრო მოწმობა გაიცა 2012 წელს. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. იმ შემთხვევაში, თუ რ. ჭ-ა და მ. ჭ-ა ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მამის დანაშთ ქონებას (რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს), 2012 წლისათვის ისინი სამკვიდროს მისაღებად მიწვეული მემკვიდრეები კი არ აიყვნენ, არამედ ამ ქონების შესაბამისი წილის მესაკუთრეები და შეეძლოთ მისი განკარგვა, მათ შორის ლ. ჭ-ის საკუთრებაში გადაცემა, რაც ასევე უნდა გამოეკვლია სააპელაციო სასამართლოს (იხ. მაგ. სუსგ Nას-377-357-2011).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა ან არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოარკვიოს, ს. ჭ-ას რომელმა მემკვიდრეებმა მიიღოს სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში, დაასაბუთოს, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიდის ამგვარ დასკვნამდე, გაითვალისწინოს წინამდებარე განჩინების დასაბუთება და დავა აღნიშნული გარემოებების შესაბამისად გადაწყვიტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. წ-სა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე