საქმე №ას-453-429-2013 27 დეკემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. წ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სს „ქ. ქ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ქ. ქ-ის“ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.04.2012 საოქმო განჩინება), ასევე მესამე პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, თეთრიწყაროში, ფ-ის ქ.№5-ში მდებარე 2208 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე მ. წ-ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
1999 წელს მოსარჩელეს, სს „ქ. ქ-ის“ მიერ მის საკუთრებაში არსებული აქციების სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება. ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა 1999 წელს. 2010 წლის 6 დეკემბერს მ.წ-მა მიმართ საჯარო რეესტრს რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, რის პასუხადაც სარეგისტრაციო სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და მოითხოვა განმცხადებლის მიერ მოთხოვნის დაზუსტება, ასევე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. განმცხადებელმა მოთხოვნა დააზუსტა, კერძოდ, ითხოვა საზოგადოებაში მოსარჩელის კუთვნილი წილის სანაცვლოდ სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, ასევე წარადგინა მესამე მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (საზოგადოების კრების ოქმი), თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა მითითებული დოკუმენტი არ ჩათვალა საკუთრების უფლების წარმომშობად და შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები გასაჩივრდა დადგენილი წესით, თუმცა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და გაიზიარა საჯარო რეესტრის პოზიცია.
მოსარჩელის განმარტებით, მისი აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მ.წ-ი ვერ ახორციელებს რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციასა და ახალი ამონაწერის მიღებას. ამასთანავე, დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისას სს „ქ. ქ-ის“ 1998 წლის კრების გადაწყვეტილება არ იქნა მიჩნეული ქონებაზე საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტად, ამდენად, ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სამართლებრივად წართმეული აქვს მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფ და პირველადი რეგისტრაციით მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.
მოპასუხე სს „ქ. ქ-ის“ წარმომადგენელმა ნ. კ-ამ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მ.წ-ს უძრავი ქონება გადაეცა სს „ქ. ქ-ის“ 1998 წლის 1 ოქტომბრის საერთო კრების №3 ოქმით.
მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი თავისი არსით წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. რადგანაც, არ იკვეთება პირის ნამდვილი ინტერესი. მოთხოვნის ამ კუთხით ფორმულირებით მოსარჩელე ვერ მიაღწევს სამართლებრივ შედეგს. მ.წ-მა საკუთრების უფლების მოსაპოვებლად უნდა გამოიყენოს არა აღიარებითი, არამედ მიკუთვნებითი სარჩელი, რომელიც იურიდიულად მას მისცემს შესაძლებლობას, მოიპოვოს საკუთრების უფლება ამა თუ იმ ქონებაზე. აღიარებითი სარჩელი არ მოიცავს მოპასუხის მიმართ შესრულების მოთხოვნას ან ამ შესრულების იძულების წესით განხორციელებას, რის გამოც საკუთრების უფლების მინიჭება აღიარებითი სარჩელით ვერ მოხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ამასთანავე, მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელი არასათანადო მოპასუხის მიმართაა წარდგენილი, რადგანაც სადავო უფლება მოსარჩელეს გადაეცა სს „ქ. ქ-ის“ კრების გადაწყვეტილებით და სწორედ მან უნდა აგოს პასუხი ამ გადაწყვეტილების გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ 2010 წლის 6 დეკემბერს მ. წ-მა განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს მის საკუთრებაში არსებული თეთრიწყაროში, ფ-ის ქN5-ში მდებარე უძრავ ნივთზე ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ. თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა საქმის წარმოება და მოსარჩელეს დაევალა, დამატებით წარედგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2011 წლის 10 დეკემბერს სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, მ. წ-ის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენდა სს „ქ. ქ-ის“ 1998 წლის 1 ოქტომბრის საერთო კრების N3 ოქმი.
მ. წ-ი წარმოადგენდა საზოგადოების აქციონერს და 1998 წლის კრების ოქმის შესაბამისად, მან საზოგადოებაში კუთვნილი 2,238% წილის სანაცვლოდ საზოგადოებიდან გაიტანა მისი წილის შესაბამისი ღირებულების ქონება დამატებითი შესატანის გარშე. სწორედ აღნიშნულ ქონებას წარმოადგენდა თეთრიწყაროში, ფ-ის ქN5-ში მდებარე 2208 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობები, რომელთა გადაცემაც განხორციელდა 1998 წლის 2 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
საჯარო რეესტრის 1999 წლის 18 მარტის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ თეთრიწყაროში, ფ-ის ქN5-ში მდებარე 2208 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობები 1999 წელს აღირიცხა მ. წ-ის სახელზე, ხოლო 2011 წელს არქივმა მოამზადა ცნობა-დახასიათება, რომელშიც მოცემული იყო მხოლოდ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია, ხოლო შენიშვნის გრაფაში მითითებული იყო, რომ ტექ.პასპორტი შედგენილი იყო 1999 წლის 4 მარტს და მესაკუთრე მითითებული არ ყოფილა. უფლების დამდგენ დოკუმენტად არქივმა გასცა მხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის ტექნიკური პასპორტი და ის ტექნიკური დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო შენობა-ნაგებობების მახასიათებლები.
2011 წლის 10 თებერვალს მ. წ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაასაჩივრა თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ იგი წარმოადგენს თეთრიწყაროში, ფ-ის ქN5-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს. პალატის განმარტებით, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო უძრავ ქონებაზე არსებობს მ. წ-ის საკუთრების უფლება, სასამართლოს შეფასებით, ეკისრებოდა მოსარჩელეს, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, სწორედ დასახელებულ გარემოებას ეფუძნებოდა. აპელანტმა კი, ვერ წარადგინა ამ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, სადავო გარემოების დასტურად არ იქნა მიჩნეული მხარის მიერ მითითებული სს „ქ. ქ-ის“ 1998 წლის 1 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების ოქმი. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების განმარტება, რომ, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, არ დგინდებოდა ზემოთხსენებული მიწის ნაკვეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სს „ქ. ქ-ის“ საკუთრებად რეგისტრაციის ფაქტი, შესაბამისად, სს „ქ. ქ-ს“ ამ ქონების გასხვისების უფლება არ გააჩნდა. სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის თანახმად, ტექბიუროს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება წარმოადგენდა 1997 წლის 25 ნოემბრამდე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს, რომელიც საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ქ.თეთრიწყაროში, ფ-ის ქუჩა №5-ში მდებარე უძრავი ქონება არავის სახელზე არ იყო აღრიცხული, მასზე პირველადი დოკუმენტაცია შედგა 1999 წელს, იმ პირობებში კი, როდესაც არ დასტურდება, რომ სს „ქ. ქ-ი“ სადავო ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა, ამ ქონებაზე მ. წ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად სს „ქ. ქ-ის“ 1998 წლის 1 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების ოქმზე მითითება, საფუძველს მოკლებულად იქნა მიჩნეული.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.წ-მა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს. განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. სადავო უძრავ ქონებაზე მ. წ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურმა (მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა) განახორციელა 1999 წლის 18 მარტს, რასაც ადასტურებს ამავე დეპარტამენტის მიერ გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და არასრულად შედგენილი სააღრიცხვო ბარათი. რეგისტრატურაში ინახება საკუთრების უფლების გადასვლასთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება და სხვა აქტები, რომლებიც შეეხება უფლებას მიწაზე და უძრავ ქონებაზე. თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის განცხადებით რეგისტრატურაში აღარ მოიპოვება მ. წ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი – სს „ქ. ქ-ის“ 1998 წლის 19 აპრილის აქციონერთა კრების ოქმი, თუმცა აღნიშნული ოქმი მოიპოვება სამეწარმეო რეესტრში. მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის (მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის) მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემით დადასტურდა ის ფაქტი, რომ 1999 წლის 18 მარტს მ. წ-ს უძრავ ნივთზე წარმოეშვა საკუთრების უფლება.
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი, მ. წ-ის არც საკუთრების უფლება და არც საკუთრების უფლების რეგისტრაცია დადგენილი წესით არავის გაუუქმებია, შესაბამისად, მ. წ-ი ითვლება სადავო ქონების მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლი, რაც ამყარებს კასატორის პოზიციას, კერძოდ, საქმეში არსებული 1999 წელს გაცემული ამონაწერით დასტურდება სადავო ქონებაზე მ. წ-ის საკუთრების უფლება. მან საკუთრების უფლება დადგენილი წესით აღრიცხა ტექ.ბიუროში.
სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა კასატორის მიერ მითითებული გარემოებები და მისი მოთხოვნა. სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ აპელანტის მიერ სადაოდ გამხდარი ის გარემოება, რომ, სარეგისტრაციო სამსახურის დაუდევრობის გამო, სადავო ქონების მესაკუთრე, ტექბიუროს მონაცემებით, ვერ დგინდება და საერთოდ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, თუ რამდენად უფლებამოსილი იყო მ.წ-ი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერის საფუძველზე გასჩენოდა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ. სწორედ ეს სადავო ფაქტები გახდა სარჩელის საფუძველი.
დადგენილია, რომ 1999 წელს საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე განხორციელდა მ. წ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რასაც ადასტურებს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი სადავო ქონებაზე, ამდენად, დასტურდება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, რის შედეგადაც წარმოიშვა ხელისშემშლელი გარემოებები. იმ გარემოებას, რომ ქ.თეთრიწყაროში, ფ-ის ქ№5-ში მდებარე უძრავი ნივთი დადგენილი წესით გადაეცა სს „ქ. ქ-ს“, ადასტურებს სამეწარმეო რეესტრში დაცული სს „ქ. ქ-ის“ შემდეგი დოკუმენტები:
1. 1996 წლის 20 მაისის ჰოლდინგური კომპანია „ს-ის“ განცხადება.
2. 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით №6 სამშენებლო ტრესტის ღირებულების შეფასების აქტი.
3. 1996 წლის 27 მარტის აუდიტორის დასკვნა.
4. 1996 წლის 4 ივნისის მარნეულის რაიონის სასამართლოს დადგენილება, რომელიც ადასტურებს, რომ სს „ქ. ქ-ი“ წარმოადგენს კონცერნ „ს-ის“ მე-6 სამშენებლო ტრესტის სამართალმემკვიდრეს.
5. 1998 წლის 1 ოქტომბრის სს „ქ. ქ-ის“ №3 საერთო კრების ოქმი.
ამჟამად სს „ქ. ქ-ი“ იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში. საზოგადოების ლიკვიდატორად დანიშნულია ნ. კ-ა. ლიკვიდაციის რეჟიმში კი, შეუძლებელია სადავო ქონებაზე ჯერ სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო შემდგომ ქონების კასატორისათვის დადგენილი წესით გადაცემა. სწორედ ამ გარემოებების საფუძველზე მიმართა მ.წ-მა სასამართლოს. არსებითია ის ფაქტი, რომ სააქციო საზოგადოებამ სარჩელი ცნო, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს სადავო ქონების მიმართ უფლებრივი პრეტენზია არ გამოხატა. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, რა ხელისშემშლელი გარემოებები არსებობს იმისათვის, რომ აღიარებულ იქნას მ. წ-ის სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მ. წ-ი არ წარმოადგენს თეთრიწყაროში, ფ-ის ქ№5-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს. კასატორის მიერ წარმოდგენილი იქნა სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერი დედნის სახით, ასევე საკადასტრო გეგმაც. გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებში წარმოდგენილია უძრავ ქონებაზე ტექბიუროს მიერ გაცემული სააღრიცხვო ბარათიც. მ. წ-ი წარმოადგენდა საზოგადოების აქციონერს. 1998 წლის კრების ოქმის შესაბამისად, მან საზოგადოებაში კუთვნილი 2.238% წილის სანაცვლოდ გაიტანა მისი წილის შესაბამისი ღირებულების ქონება დამატებითი შესატანის გარეშე. აღნიშნულ ქონებას წარმოადგენდა თეთრიწყაროში, ფ-ის ქ.№5-ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის გადაცემაც განხორციელდა 1998 წლის 2 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ მომზადდა უძრავი ქონების გეგმაც. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე კასატორის №19/99 განცხადებით თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურში აღირიცხა მ. წ-ის საკუთრების უფლება ფ-ის ქ№5-ში მდებარე 2208 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც მიენიჭა საკადასტრო კოდი და 1999 წლის 18 მარტს გაიცა ამონაწერი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს კი, წარმოადგენს სს „ქ. ქ-ის“ 1998 წლის 1 ოქტომბრის საერთო კრების №3 ოქმი დამოწმებული ნოტარიუს ნ.ჩ-ის მიერ. ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 10.1 მუხლი. სამოქალაქო კოდექსის 312-ს მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, სადავოდ გახდა 1999 წელს საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სააქციო საზოგადოების ქონების მიღებით მ.წ-ს გაუუქმდა საკუთრების უფლება იმ აქციებზე, რომლის სანაცვლოდაც მიიღო ქონება.
თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 1999 წლის 18 მარტს გაცემული სადავო უძრავ ქონებაზე ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმის მიმართ მ.წ-ს გააჩნდა კანონიერი ნდობა, რადგან აღნიშნული დოკუმენტები დადგენილი წესით იყო შევსებული და გამოცემული თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, შესაბამისად, მესაკუთრეს არ შეეძლო ევარაუდა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს ამ დროს არასრულად ჰქონდა სააღრიცხვო ბარათი შედგენილი, ხოლო შემდგომ, აღნიშნული სამსახური დაკარგავდა უფლების დამდგენ დოკუმენტს და იმ სათანადო წესით აკინძულ შიდასამსახურებრივ ჟურნალს.
სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ სადავო ქონება დადგენილი წესით გადაეცა თუ არა სს „ქ. ქ-ს“, სს „ქ. ქ-ს“ საკუთრებაში გადაეცა უძრავ-მოძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-ის ტერიტორიაზე, მათ შორის თეთრიწყაროს რაიონში, თავის მხრივ, სს „ქ. ქ-ი“ იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოლდინგური კომპანია „ს-ის“ შემადგენელი ნაწილი. სააქციო საზოგადოება რეგისტრაციაში გატარდა 1996 წლის 4 ივნისს, რომლის საწესდებო კაპიტალის ოდენობა შეადგენდა 595608 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. საწესდებო კაპიტალის ოდენობა დადგენილ იქნა სააქციო საზოგადოებისათვის გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულების დაჯამების შედეგად. აღნიშნულს ადასტურებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებში არსებული დოკუმენტები. თავის მხრივ, ეს გარემოება ადასტურებს ფაქტს, რომ სს „ქ. ქ-ს“ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო გეგმაში მითითებული ქონება.
სახელმწფო საკუთრებაში არსებული ქონებები ძირითადად არ იყო აღრიცხული ტექბიუროში, ვინაიდან ისინი ირიცხებოდა სახელმწიფო საწარმოს ბალანსზე, შესაბამისად, ერთი ორგანიზაციის საწარმოს მიერ მეორე საწარმოზე ქონების გადაცემა ხდებოდა ბალანსიდან-ბალანსზე გადაცემის აქტებით. აღნიშნული სამართლებრივად დასტურდება 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 93-ე, 94-ე, 1131-ე მუხლებით. 1997 წლის 25 ნოემბერს ამოქმედდა სამოქალაქო კოდექსი, რომლის მიხედვითაც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელი გახდა აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ამავე კოდექსის 1515-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო კოდექსი გავრცელდა მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ამდენად, სააქციო საზოგადოებისათვის გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის სავალდებულო არ იყო ამ ქონებაზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ ქონებაზე სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლება წარმოეშვა ქონების სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანის მომენტიდან. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მ. წ-მა სს „ქ. ქ-ის“ კრების ოქმით თავისი აქციების სანაცვლოდ ნამდვილად მიიღო სადავო ქონება, შეიძლება სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ ღირებულების შეფასების აქტსა და სს „ქ. ქ-ის“ №3 კრების ოქმს შორის პარალელის გავლება. აქტებში სრული რიგითობის დაცვით არის მითითებული იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც გადაეცა მ. წ-ს. სადავო ქონების გადაცემის დროს შექმნილი დოკუმენტები პირდაპირ არ იძლევა საპრივატიზაციო ქონებისა და მ. წ-ის გადაცემული ქონებების იდენტიფიკაციის საშუალებას, მაგრამ არსებითია ის გარემოებები, რომ საქართველოს ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი არ უარყოფს სს „ქ. ქ-ის“ მიერ უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის ფაქტს; ქ.თეთრიწყაროში, ფ-ის ქ№5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის მიწის მართვის სამმართველოს მიერ აღრიცხულ იქნა მ. წ-ის საკუთრების უფლება; უძრავ ქონებას ერთპიროვნულად ფლობს და სარგებლობს მ. წ-ი; სადავო ქონებაზე არც მოპასუხეს და არც მესამე პირებს არ გააჩნიათ რაიმე პრეტენზია; სს „ქ. ქ-ის“ დირექტორმა ცნო სარჩელი; უძრავ ქონებაზე მ. წ-ი საჯარო რეესტრში ვერ ირეგისტრირებს საკუთრების უფლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით მ. წ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. წ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მ. მ-ას მიერ 2013 წლის 28 მაისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. წ-ს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. მ-ას მიერ 2013 წლის 28 მაისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე