Facebook Twitter

საქმე №ას-490-466-2013 20 დეკემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ტ. ჩ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ განცხადებით მიმართა სასამართლოს ტ. ჩ-ის მიმართ გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღებისა და მოპასუხისათვის ექსპერტიზის ჩატარების საფასურის - 3717 ლარის დაკისრების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

2008 წლის 9 ივლისის №1/1970 ხელშეკრულების საფუძველზე ტ. ჩ-ს გაეწია ფონოსკოპიური საექსპერტო მომსახურება და მომზადდა შესაბამისი №კ1995/15 საექსპერტო დასკვნა. მოპასუხეს არ გადაუხდია საექსპერტო მომსახურების საფასური 3717 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის გადახდის ბრძანებით მოპასუხე ტ. ჩ-ს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასარგებლოდ დაეკისრა 3733 ლარის გადახდა.

მოპასუხის შესაგებლის (პროტესტის) საფუძველზე გაუქმდა მიღებული გადახდის ბრძანება და საქმე განხილულ იქნა სასარჩელო წარმოების წესით.

გადახდის ბრძანების გაუქმებისა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოპასუხემ დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:

ტ. ჩ-მა, როგორც განსასჯელ მ. რ-ის წარმომადგენელმა (ადვოკატმა), 2008 წლის 9 ივნისს მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ და მარწმუნებლის სახელით გამოხატა ნება ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც დამკვეთმა შესრულების მიმართ დაკარგა ინტერესი, აღნიშნული გარემოება, ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 359-ე მუხლის შესაბამისად, იძლეოდა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს. საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებულად ითვლებოდა ექსპერტიზის დასკვნის დამკვეთისათვის ჩაბარების მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნა ჩაბარებულად და, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულად ითვლება პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტის (ექსპერტიზის დასკვნის) დამკვეთისათვის გადაცემის მომენტიდან, რაც ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტით ან დამკვეთისათვის ამ დოკუმენტის ფოსტის საშუალებით გაგზავნის დღიდან. კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა დამკვეთს არც მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით და არც ფოსტის მეშვეობით არ გადასცემია, შესაბამისად, ვალდებულება არ შესრულებულა.

მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე მოქმედებდა, როგორც განსასჯელ მ.რ-ის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, იგი მოქმედებდა არა საკუთარი, არამედ მარწმუნებლის სახელით. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სადავო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს, ეს გარემოება ტ. ჩ-ის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევას განაპირობებდა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლისა.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი სასამართლოების მიერ, საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ტ. ჩ-ს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასარგებლოდ დაეკისრა 3717 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2008 წლის 9 ივლისს ტ. ჩ-სა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ შორის დაიდო საექსპერტო მომსახურების შესახებ №1/1970 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა მოპასუხის მიერ დაკვეთილი აუდიო-ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზა, თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაო. ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საექსპერტო ან სპეციალური სამუშაო იწყებოდა დამკვეთის მიერ სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო მასალების სრულად წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან და შესრულებულად ითვლებოდა ექსპერტიზის დასკვნის, სპეციალისტის ცნობის ან რევიზიის აქტის დამკვეთისათვის (მოპასუხისათვის) ჩაბარების მომენტიდან. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაო ჩაბარებულად ითვლებოდა შესაბამისი დოკუმენტების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან, რაც გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტით ან ამ დოკუმენტის ფოსტის საშუალებით გაგზავნის დღიდან. ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის N43 დადგენილებით დამტკიცებული სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების თანახმად ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად; დამკვეთი ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საფასურს იხდიდა ნაღდი ანგარიშსწორებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებამდე ან სამუშაოს შესრულებიდან დასკვნის ან/და ცნობის მიღებამდე. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ სარჩელით მოითხოვდა მოპასუხისაგან შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ საექსპერტო მომსახურების შესახებ 2008 წლის 9 ივლისის №1/1970 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხის მტკიცებით, მენარდემ ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია დავის სწორად გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა დავისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე მსჯელობას. დავის სწორად გადაწყვეტისათვის უმთავრესი იყო იმის გარკვევა, თუ რა ვადაში უნდა მოემზადებინა მოსარჩელეს ექსპერტიზის დასკვნა, ამასთან როდიდან დაიწყო მენარდისათვის ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა, კერძოდ, როდის წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო (საკვლევი) მასალა (ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი). მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, თუ როდის მოამზადა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ“ ტ. ჩ-ის მიერ დაკვეთილი ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო ტ. ჩ-ს ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მომენტისათვის უკვე დაკარგული ჰქონდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისადმი ინტერესი.

ამ კუთხით პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ხელშეკრულებით მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების ვადა არ იყო გათვალისწინებული. საექსპერტო მომსახურების ვადა არც იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტებით იყო მოწესრიგებული. მოსარჩელის განმარტებით, ასევე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ეს ვადა შეადგენდა 30 სამუშაო დღეს. აღნიშნულ გარემოებას ფაქტობრივად ადასტურებდა მოპასუხეც თვის ახსნა–განმარტებაში, თუმცა, მისი მტკიცებით, კონკრეტულ შემთხვევაში დამკვეთი მოითხოვდა სამუშაოს არა 30 სამუშაო დღეში, არამედ 7 დღეში შესრულებას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, დასკვნის 7-დღიან ვადაში შესრულების ფაქტი მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ ტ. ჩ-ის მიერ დაკვეთილი სამუშაო უნდა შეესრულებინა 30 სამუშაო დღის ვადაში, რომლის ათვლაც მენარდისათვის შესაბამისი საკვლევი მასალის მიწოდების მომენტიდან იწყებოდა.

საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო 2008 წლის 9 ივლისს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსათვის ტ. ჩ-ს საკვლევი მასალა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არ გადაუცია. იმ საკითხის გამოსარკვევად, თუ როდის გადაეცა ექსპერტიზის ბიუროს საკვლევი მასალა და როდიდან დაიწყო ვალდებულების შესრულების 30-დღიანი ვადის ათვლა, სააპელაციო სასამართლომ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებისა, წინადადებით მიმართა მხარეებს, წარედგინათ დამატებითი მტკიცებულებები.

საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დაკმაყოფილდა ადვოკატ ტ. ჩ-ის მიერ დაყენებული შუამდგომლობა ალტერნატიული ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოსაკვლევი ობიექტის გადაგზავნის თაობაზე. სასამართლო უზრუნველყოფდა საქმეზე ნივთმტკიცებად დართული CD დისკის გადაგზავნას ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო სასამართლოს გზავნილი, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის 22 სექტემბერს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ გადაეგზავნა ზემოაღნიშნული სხდომის ოქმი და მ. რ-ის სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცება 1 CD დისკი ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩასატარებლად, გზავნილი ექსპერტიზის ბიუროს ჩაბარდა 2008 წლის 24 სექტემბერს, ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ვალდებულების შესრულების 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2008 წლის 25 სექტემბრიდან (სამუშაო დღე - ხუთშაბათი) და ამოიწურა 2008 წლის 6 ნოემბერს (დასვენების დღეები და 1 უქმე დღე /14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის დღე). საქმეში წარდგენილი Nკ1995/15 ექსპერტის დასკვნის თანახმად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ აუდიო-ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზა დაასრულა და შესაბამისი დასკვნა შეადგინა 2008 წლის 6 ნოემბერს, რაც უდავოდ მეტყველებდა მენარდის მიერ სამუშაოს 30-დღიან ვადაში შესრულებას.

პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ დამკვეთი ცალმხრივად გავიდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რადგან დაკარგა ინტერესი ექსპერტის დასკვნის მიმართ. პალატის განმარტებით, ხელშეკრულებიდან გასვლა, სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, მეორე მხარისთვის შეტყობინების გზით ხორციელდებოდა. ხელშეკრულების მოშლისათვის, როგორც ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის კანონი (სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი) ითვალისწინებდა მეორე მხარის მიერ მის მიღებას. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, ამ გარემოების დადასტურება მოპასუხეს ევალებოდა. გარდა აღნიშნულისა, პალატამ მიუთითა 2013 წლის 21 იანვრის სხდომაზე ტ.ჩ-ის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც მოსამართლის შეკითხვაზე: „როდის დაკარგა თქვენთვის ინტერესი ამ შესრულებამ და შესაბამისად, როდის მოხდა თქვენს მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა“, ტ. ჩ-მა განმარტა: „მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა“ (21.01.2013 წ. სხდომის ოქმი, 17:40:42-17:44:07). საქმეში წარმოდგენილი განაჩენის თანახმად, მ. ტ-ის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განაჩენი დაადგინა 2008 წლის 23 დეკემბერს, ანუ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი აუდიო-ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი ექსპერტიზის ბიუროს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისადმი ინტერესის დაკარგვის თაობაზე. მოპასუხის არგუმენტი ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისადმი ინტერესის დაკარგვის შესახებ, პალატის მოსაზრებით, გასაზიარებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ექსპერტიზის დასკვნა მომზადდებოდა 2008 წლის 23 დეკემბრისათვის ან უფრო მოგვიანებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დამკვეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. 2008 წლის 9 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული საექსპერტო მომსახურების №1/1970 ხელშეკრულების მე–5 მუხლით, დამკვეთი ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საფასურს იხდიდა ნაღდი ანგარიშსწორებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებამდე ან სამუშაოს შესრულებიდან დასკვნის ან/და ცნობის მიღებამდე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა მიერ შეთანხმებული ამ პირობიდან გამომდინარეობდა, რომ მენარდეს დამკვეთისათვის ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამკვეთი გადაიხდიდა საექსპერტო მომსახურების საფასურს. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენდა ტ.ჩ-ის მიერ საექსპერტო მომსახურების საფასურის გადაუხდელობა, შესაბამისად, ექსპერტიზის ბიუროს არ წარმოშობია ტ.ჩ-ის ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის ვალდებულებაც. ასეთ პირობებში, სასამართლოს მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნის დამკვეთისათვის ჩაუბარებლობა მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგენის საფუძველს არ წარმოადგენდა. განმსაზღვრელი იყო ის, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ №1/1970 საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი საექსპერტო კვლევა ჩაატარა და 30 სამუშაო დღეში მოამზადა სათანადო დასკვნა.

მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენდა ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს მოცულობა და მისი ღირებულება. მოპასუხის განმარტებით, მან მოითხოვა მხოლოდ ერთ პირთან შემდგარი საუბრის აუდიო-ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება. სასამართლოს შეფასებით, ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილი განცხადებით ტ.ჩ-მა მოითხოვა აუდიო-ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება, საკვლევ მასალად მითითებული იყო ფირზე - CD დისკზე დაცული ინფორმაცია (ჩანაწერი).თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმში ასევე ზოგადად იყო მითითება CD დისკზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც CD დისკზე იყო 35 ფაილი (ჩანაწერი) და ამასთან არც ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებაში და არც საოქმო განჩინებაში არ იყო განსაზღვრული, თუ კონკრეტულად რომელი ფაილის გამოკვლევა სურდა დამკვეთს, პალატამ ჩათვალა, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება კი უსაფუძვლო იყო და არ იქნა გაზიარებული.

სამუშაოს ღირებულებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის N43 დადგენილებით დამტკიცებული სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში, დასკვნის მომზადებისას ექსპერტის მიერ გამოყენებული იყო 1.6.2. (დადგენილი ტექსტის აუდიტორული და ლინგვისტური ანალიზი) და 1.6.3 (აუდიო და ვიდეო ჩანაწერების კომპიუტერული ანალი, ანუ მონტაჟის დადგენა) კოდი, რომელიც, ერთ შემთხვევაში (1.6.2.), ითვალისწინებდა ღირებულების საფასურს 1 ფონოგრამის გამოკვლევისთვის 40 ლარს (დღგ-ს გარეშე), მეორე შემთხვევაში (1.6.3.) კი - 50 ლარს (დღგ-ს გარეშე), ხოლო ექსპერტის მიერ გამოკვლეულ იქნა 35 ობიექტი (ფონოგრამა), დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გაწეული სამუშაოს ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 3150 ((40+50) X 35) ლარს, დღგ-ს ჩათვლით კი - 3717 (3150-ის 18% (დღგ) = 567; 3150+567=3717) ლარს.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 629-ე მუხლებით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ საექსპერტო მომსახურების შესახებ №1/1970 ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდა შესაბამისი საექსპერტო კვლევა და 30 სამუშაო დღის ვადაში მომზადდა სათანადო დასკვნა (2008 წლის 6 ნოემბრის დასკვნა №კ1995/15). მოსარჩელემ 2008 წლის 9 ივლისის საექსპერტო მომსახურების №1/1970 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, რის სანაცვლოდაც შემკვეთს მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურებია. პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ასევე ექსპერტის დასკვნის მომზადების პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №43 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მომსახურების ტარიფისა და კვლევის ობიექტების (35) მხედველობაში მიღებით, ჩათვალა, რომ შესრულებული საექსპერტო სამუშაოს ღირებულების საფასური (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენდა 3717 ლარს, რომლის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა ტ. ჩ-ი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ უმსჯელია, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ღირებულების ანაზღაურებასაც ითხოვდა მოსარჩელე, დაინიშნა მ. რ-ის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. მოცემული საქმის სააპელაციო წესით განხილვისას წარმოდგენილ შესაგებელში კასატორმა ახალ გარემოებად მიუთითა პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაზე „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა შესახებ“. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, მ. რ-ი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულადაა მიჩნეული. დადგენილებით გათვალისწინებული გარემოებანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს, შესაბამისად, არ საჭიროებენ დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მ.რ-ის მიმართ ხორციელდებოდა დევნა პოლიტიკური ნიშნით. ხსენებული გარემოება, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლებამ, დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანოების, კერძოდ, სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოების მეშვეობით, პოლიტიკური ნიშნით, უკანონოდ დააკავა მ.რ-ი, არ მისცა საშუალება, კანონით დადგენილი წესით დაეცვა საკუთარი თავი, წარედგინა უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, მათ შორის სადავო ექსპერტიზის დასკვნა და, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის პროცესში, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მონაწილეობდა ექსპერტიზის ბიუროც. აღნიშნულით აიხსნება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის თაობაზე. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნისათვის, რომლის ღირებულებაც უნდა განსაზღვრულიყო მაქსიმუმ 150 ლარით, საბოლოო ჯამში მოსარჩელე ითხოვს 3700 ლარს. მ. რ-ის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ნიშნით დევნა გულისხმობს ამ უკანასკნელისათვის დაცვის უფლების შეზღუდვას. პოლიტიკური ნიშნით დევნის განხორციელების უდავო დადასტურებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ორჯერ მიიღო კასატორის სასარგებლო გადაწყვეტილება. კასატორმა მიუთითა საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აგვისტოსა და 2013 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებებზე და აღნიშნა, რომ მოსამართლემ სავსებით მართებულად ჩათალა ექსპერტიზის ბიუროს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა და ამ გარემოების დადგენის შესაძლებლობას იძლეოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 9 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების 4.1 მუხლი. იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნის გადმოცემა არ განხორციელებულა, ბიუროს არ უცნობებია დამკვეთისათვის დასკვნის მომზადების შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ექსპერტიზის ბიუროს არათუ საკუთარი ინიციატივით არ უცნობებია კასატორისათვის დასკვნის მომზადების შესახებ, არამედ, ტ.ჩ-ის ექსპერტიზის ბიუროში მისვლისას უფლებამოსილი პირი ტელეფონის მეშვეობით განუმარტავდა, რომ დასკვნა არ იყო მზად.

სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისას, დაეყრდნო სადავო ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც მხარეს უტოვებს შესაძლებლობას, საზღაური გადაიხადოს ექსპერტიზის რეალურად ჩატარების შემდეგ, ექსპერტიზის ბიუროსთან ურთიერთობისას, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ანგარიშსწორება ხორციელდება და ხორციელდებოდა სწორედ აღნიშნული ფორმით. ბიურო დამკვეთს აწვდის ინფორმაციას, რომ ექსპერტიზა დასრულებულია, ამასთან გადაეცემა ექსპერტიზის ღირებულების შესაბამისი კალკულაცია.

ბიუროს არ უცნობებია დამკვეთისათვის ექსპერტიზის დასრულებისა და შესაბამისი კალკულაციის საფუძველზე თანხის გადახდის, ასევე ექსპერტიზის დასკვნის მიღების შესაძლებლობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არც სამუშაო შესრულებულა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არც გადახდის ვალდებულება წარმოშობილა. გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

სასამართლომ დაადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისა და დამკვეთის მიერ შესრულების მიღების წესი, რასაც ეთანხმება კასატორი, მაგრამ არ დაუდგენია მოსარჩელის მხრიდან ვალდებულება უნდა ჩაითვალოს თუ არა შესრულებულად, ეცნობა თუ არა დამკვეთს სამუშაოს დასრულების შესახებ, აქედან გამომდინარე, მოითხოვა თუ არა მოსარჩელემ თანხის გადახდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის უარყოფილი პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ისეთი გარემოებები, როგორიცაა, რომ მოსარჩელეს არ უცნობებია სამუშაოს დასრულებისა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შესახებ, ასევე არ უცნობებია გადასახდელი საზღაურის თაობაზე, რის შემდეგაც დამკვეთს გადაეცემოდა დასკვნა, არ მიუწოდებია ასევე ინფორმაცია საზღაურის ოდენობის შესახებ, რაც სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 629-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების არასწორად განმარტების საფუძველი გახდა. სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია იმის განმარტება, ითვლება თუ არა ვალდებულება შესრულებულად იმ შემთხვევისათვის, თუ მენარდე არ აწვდის ინფორმაციას დამკვეთს ვალდებულების შესრულების შესახებ, არ გადასცემს ხელშეკრულების საგანს და თვითონ იტოვებს მას. სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს გარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებისა, ეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება, ეცნობებინა დამკვეთისათვის სამუშაოს შესრულების შესახებ, მოეთხოვა შესაბამისი ანაზღაურება, დამკვეთის მიერ საზღაურის გადაუხდელობის შემთხვევაში, განესაზღვრა დამატებითი ვადა და მხოლოდ აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მიემართა სასამართლოსათვის. სასამართლომ შეფასება არ მისცა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ლეგალურ დეფინიციას, კერძოდ, რომ არსებობდა თუ არა კასატორის წინასწარი ინფორმირების აუცილებლობა არათანაზომიერ ხარჯთან დაკავშირებით, ასევე არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის შინაარსი.

კასატორი არ ეთანხმება გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ ხელშეკრულებით ექსპერტიზის ჩატარების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ ექსპერტიზა არა შვიდი დღის, არამედ 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო. შესრულებული სამუშაო დაკავშირებულია სამართალწარმოების პროცესთან, რომელიც შეზღუდულია დროში, შესაბამისად მსჯელობა, რომ მოსარჩელეს შეეძლო, სამუშაო შეესრულებინა დროის განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში, თუნდაც 30 სამუშაო დღის განმავლობაში, საფუძველს მოკლებულია. სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის გამოყენება, ამასთან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, რა ვადაში შესრულდა სამუშაო, თუ შედეგის გადაცემა არ განხორციელდება დამკვეთისათვის.

დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს დასკვნა, რომ ექსპერტიზის ბიუროს გადაეცა 35 საკვლევი ობიექტი და მოსარჩელის მიერ წარდგენილი კალკულაცია იყო სწორი. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს კვლევისათვის გადაეცა ერთადერთი კომპაქტ დისკი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებით ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ტ. ჩ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 29 აპრილის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ჩ-ი საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ტ. ჩ-ს (პ/N…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 29 აპრილის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე