საქმე №ას-502-478-2013 27 დეკემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. მ. ბ-ი (მოპასუხე)
2. გ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე: 1. მ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე - გ. ბ-ი (მოსარჩელე)
2. გ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე - მ. ი-ი (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქობულეთის ადგილობრივი არქივი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - საკომლო წიგნის ჩანაწერის გაუქმება, საარქივო ცნობის ნაწილობრივ გაუქმება, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის, მ. ი-ის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქობულეთის ადგილობრივი არქივის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის რაიონის სოფელ ბ-ის საკომლო წიგნში გ. ბ-ის კომლში 1986-90 წლიდან არსებული მ. გ.ის ასული ბ-სა და მ. გ.ის ასული ი-ის (ქორწინებამდელი გვარი - ბ-ი) კომლში რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმება, ასევე ქობულეთის ადგილობრივი არქივის 2007 წლის 12 სექტემბრის Nბ-118 ცნობის თანმდევი შედეგებით (მოპასუხეთა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში) გაუქმება რომელიც შეეხება მ. ბ-სა და მ. ი-ის რეგისტრაციას. მოპასუხემ მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
გ. ბ-ს საკომლო ამონაწერის საფუძველზე, საკუთრებაში გააჩნია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ი მდებარე 2200კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 140,00 კვ.მ შენობა-ნაგებობა. აღნიშნული გარემოება რეგისტრირებულია ტექბიუროში. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეებს: მ. ბ-სა და მ. ი-ს ამ ქონებაზე თანასაკუთრების უფლება აღურიცხავთ საჯარო რეესტრში ქობულეთის არქივის მიერ 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული Nბ-118 საარქივო ცნობის საფუძველზე, რაც უკანონოა. მოპასუხეები 1986-19990 წლიდან მოსარჩელის კომლის წევრებს აღარ წარმოადგენენ, კომლის წევრობაზე მოპასუხეებმა უფლება სწორედ ზემოაღნიშნულ წლებში დაკარგეს, როდესაც საცხოვრებლად გადავიდნენ სხვა ადგილას: მ. ბ-ი - ქ.თბილისში, ხოლო მ. ი-ი - ქ.ბათუმში. ამ დროიდან მოყოლებული მათ კომლთან შეხება არ ჰქონიათ, რაც კომლის ქონებაზე მათ უფლებას გამორიცხავს.
მ. ბ-მა და მ. ი-მა სარჩელის არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით ითხოვეს:
მოპასუხეების განმარტებით, ისინი დაბადებიდან კომლის წევრები არიან და 1993 წლისთვის და შემდგომაც ცხოვრობდნენ გ.ბ-ის კომლში, რის გამოც კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება გააჩნიათ. არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ მხოლოდ საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას შეიტყო მ. ბ-სა და მ. ი-ის მიერ ქონებაზე თანასაკუთრების რეგისტრაციის თაობაზე, რადგანაც დგინდება, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 18 სექტემბერს წარდგენილი წერილობითი განცხადების, ნახაზებისა და კომლის შემადგენლობის შესახებ სადავოდ გამხდარი ცნობის საფუძველზე, ამდენად, მოპასუხეთა უფლების უკანონოდ რეგისტრაციაზე მითითება არასწორია. დაუსაბუთებელია 1986-1990 წლის ჩანაწერების გაუქმების მოთხოვნა, რადგანაც უდავოდ დასტურდება, რომ მოპასუხეები ამ დროისათვის კანონიერად იყვნენ რეგისტრირებული კომლის წევრებად და ფაქტობრივად ფლობდნენ კომლის ქონებას.
გ.ბ-ის სარჩელი არ ცნო ქობულეთის ადგილობრივმა არქივმა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ გაცემული ცნობა დამყარებულია არქივში დაცულ ინფორმაციაზე, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ის საკომლო წიგნების მონაცემებზე, არქივი კი, უფლებამოსილია, ინფორმაცია არქივში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით გასცეს.
სარჩელი ასევე არ ცნო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იმ საფუძვლით, რომ საკომლო წიგნის უძრავი ქონების ლეგალიზაციისა და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს პირის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია. რაიმე სახის საქმის წარმოება და საკომლო წიგნში ჩანაწერის გაკეთება მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს საარქივო დოკუმენტში არსებული ჩანაწერის გაუქმების საფუძვლიანობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის სოფელ ბ-ის საკომლო წიგნში გ. ბ-ის კომლში 1986-90 წლიდან არსებული ჩანაწერი მ. გ-ის ასული ბ-სა და მ. გ. ასული ი-ის (ქორწინებამდე გვარი ბ-ი) კომლში რეგისტრაციის თაობაზე, ასევე გაუქმდა 2007 წლის 12 სექტემბრის ქობულეთის ადგილობრივი არქივის №ბ-118 ცნობა მ. გ. ასული ბ-სა და მ. გ. ასული ი-ის (ქორწინებამდე გვარი ბ-ი) ნაწილში და თანმდევი შედეგით გაუქმდა საჯარო რეესტრში მოპასუხეების თაობაზე არსებული მონაცემები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა და მ. ი-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-სა და მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სოფელ ბ-ის საკომლო წიგნში გ. ბ-ის კომლში 1986-90 წლიდან მ. ბ-ის სარეგისტრაციო ჩანაწერი, ასევე გაუქმდა ქობულეთის ადგილობრივი არქივის მიერ 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული №ბ-118 ცნობა მ. ბ-ის ნაწილში, გაუქმდა ქობულეთში, სოფელ ბ-ი მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...) მ. ბ-ის თანასაკუთრების უფლების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი, გ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა მ. ი-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეები: მ. ბ-ი და მ. ი-ი (ქორწინებამდე გვარი ბ-ი) მოსარჩელე გ. ბ-ის შვილები არიან. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქობულეთის სოფელ ბ-ი არსებული უძრავი ქონება: დაუზუსტებელი ფართობი - 2200.00 კვ.მ გ. ბ-ან ერთად, თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია ნ. ბ-ის, მ. ბ-ის, გ. ბ-ის, მ. ბ-ის და მ. ი-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - საარქივო ცნობა №ბ-118, დამოწმების თარიღი: 12/09/2007, ქობულეთის სახელმწიფო არქივი. 2007 წლის 12 სექტემბრის №ბ-118 საარქივო ცნობაში დაფიქსირებულია შემდეგი:
ქობულეთის რაონის, ჩაქვის სადაბო საბჭოს აღმასკომის დოკუმენტებით, 1986-1996 წწ. სოფ. ქვედა უ-ას საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ბ- გ.ი პ. ძე არის ოჯახის უფროსი, დაბ. ... წელს, მცხოვრები ქვედა უ-ი. ოჯახს აწერია 0,22 ჰა, საცხოვრებელი სახლი, აშენების წელი -1955 წელი, საერთო ფართი -30 კვ.მ. 2001-2005 წწ-ის ჩაქვის სადაბო საკრებულოს სოფ. ბ-ის საკომლო წიგნი №1-ით დასტურდება, რომ ბ-ი გ. პ. ძე არის ოჯახის უფროსი, დაბ. ... წელს, მცხოვრები სოფ. ბ-ი და მისი ოჯახის შემადგენლობა შემდეგია:
– ბ-ი გ. პ. ძე - ოჯახის უფროსი-დაბ. ...წ.
– ბ-ი ნ. ა. ასული - ცოლი, დაბ, ...წელს.
– ბ-ი მ. გ. ასული-შვილი, დაბ. ... წელს (გადახაზულია და მიწერილია წასულია კნასნოდარში)
– ბ-ი მ. გ. ასული - შვილი, დაბ. ... წელს, (გათხოვდა)
– ბ-ი გ. გ. ძე - შვილი, დაბ. ...წ. (გადახაზულია, გარდაიცვალა 2006წ. 01.04)
– ბ-ი გ. გ. ძე - შვილიშვილი, დაბ. ...წ.
– ბ-ი მ.გ. ასული-შვილიშვილი, დაბ. ... წ.
ოჯახს აწერია მიწა - 0,22 ჰა, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი -140 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი-26 კვ.მ.
1986-1990 წლის საკომლო წიგნში, გ. ბ-ის საკომლო ჩანაწერში გაკეთებულია აღნიშვნა, რომ ოჯახის წევრი - მ. ბ-ი, 1985 წელს სასწავლებლად წასულია ქალაქ კ-ი, იქვე დაფიქსირებულია, რომ „გათხოვდა, არ არის ამოწერილი“.
მ. ი-ის გრაფაში მითითებულია - „გათხოვდა“.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ 2012 წლის 10 სექტემბრის ცნობით ირკვეოდა, რომ მ. ბ-ი რუსთავის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში ქიმიური ბოჭკოს ტექნოლოგიის სპეციალობაზე სწავლობდა 1985-88 წლებში, 1988 წელს დაამთავრა სწავლების სრული კურსი და მიენიჭა ტექნიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაცია. სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მ. ბ-ი 1990 წლის 22 მარტს ჩაწერილი იყო რ-ი, მე-6 მ/რ, კორპ. 1, ბინა N608, საერთო საცხოვრებელში.
მ. ბ-ის ქორწინება ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის.
საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის ასლით ირკვეოდა, რომ მ. ბ-სა და გ. ი-ის ქორწინება რეგისტრირებულ იქნა 1993 წლის 10 სექტემბერს. დაბადების მოწმობის ასლის თანახმად, მ. ი-სა და გ. ი-ის შვილი, ა. ი-ი დაიბადა ... წლის ... დეკემბერს, ანუ ქორწინების ოფიციალურად რეგისტრაციიდან 3 თვეში. სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათის თანახმად, მ. ი-ი 1998 წლის 17 ივლისს დარეგისტრირდა ხელვაჩაურის სოფელ ფ-ი, ხოლო 1998 წლის 23 ივლისიდან რეგისტრირებული იყო ქობულეთში, სოფელ ბ-ი.
პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე:
მოწმე გ. გ-ემ აჩვენა, რომ მოპასუხეები გათხოვდნენ და სადავო სახლიდან წავიდნენ 1990-91 წლებში. მ. და მ. ბ-ს ქორწილი არ ჰქონიათ. ძმის სიცოცხლეში ჩხუბობდნენ და ძმა სახლში არ უშვებდათ.
მოწმე ჟ. შ-ემ აჩვენა, რომ მოპასუხეები, სავარაუდოდ, 1992 წლის შემდეგ გათხოვდნენ და 1993 წლიდან სადავო სახლში აღარ ყოფილან.
მოწმე ც. ბ-ემ აჩვენა, რომ მისთვის ცნობილია, რომ მოპასუხეები გათხოვდნენ 1990-91 წლებში. რადგანაც, მ. ბ-ის (ი-ის) ქორწინება რეგისტრირებული იყო 1993 წელს, ალბათ, მათი გათხოვების წლები შეეშალა. გარდა ამისა, მოწმემ აღნიშნა, რომ „ბიჭი არის გვარის გამგრძელებელი და ოჯახის წილში გოგოს შემოსვლა არასწორია“.
მოწმე ქ. ო-ემ აჩვენა, რომ არის მოპასუხეთა დისშვილი. პირადად გათხოვდა 1994 წელს და ამ დროისათვის უკვე გათხოვილები იყვნენ მ. და მ. ბ-ი. თავდაპირველად გათხოვდა მ., ხოლო შემდეგ - მ..
მოწმე მ. ხ-მა აჩვენა, რომ არის მ. ბ-ის (ი-ი) თანაკლასელი და მეგობარი. პირადად გათხოვდა 1993 წლის მარტში, დაახლოებით ორ
კვირაში გათხოვდა მ.ც. გათხოვების შემდეგ, დეკრეტული შვებულებამდე მ. ცხოვრობდა მამის ოჯახში და იქიდან დადიოდა სამუშაოზე, ხოლო შემდეგ, საცხოვრებლად მეუღლის ოჯახში გადავიდა. მ.ს შვილი იმავე წელს შეეძინა. ერთი პერიოდი ცხოვრობდა მოსკოვშიც, თუმცა დრო ზუსტად არ ახსოვს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლზე და აღნიშნა შემდეგი: ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოშობილია, როგორც 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ისე მის შემდეგ, გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122–ე და 125-ე მუხლების თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ, ამასთან კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანს და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდათ. ამავე კოდექსის 123-ე და 128-ე მუხლებიდან გამომდინარე, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი (ინდივიდუალური) შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გ. ბ-ის კომლი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა სამოქალაქო სამართლის კოდექსით საკოლმეურნეო კომლისათვის განსაზღვრული წესები.
პალატამ მიუთითა ასევე „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა, შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენდა კომლის ქონებას და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრები იყვნენ. აღნიშნულ ქონებაზე გავრცელდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები ვალდებული იყვნენ, სასამართლოსათვის წარედგინათ მათი მოთხოვნის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად კი, სასამართლო ამ მტკიცებულებებს აფასებდა შინაგანი რწმენით. განსახილველ შემთხვევაში, 1993 წლამდე სადავო კომლში მოპასუხეთა ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად მხარეებმა მიუთითეს მოწმეთა ჩვენებებზე. პალატის შეფასებით, მოწმეების: გ. გ-ის, ჟ. შ-სა და ც. ბ-ის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდებოდა მოპასუხეთა ფაქტობრივი ქორწინებისა და სადავო კომლში ცხოვრების ზუსტი თარიღები, გარდა ამისა, მოწმე ც. ბ-ის პირადი შეხედულებით, მიუღებელი იყო დაქორწინებული ქალიშვილის მიერ მამის ქონებიდან წილის მიღება. პალატის აზრით, მოწმის ასეთი შინაგანი განწყობა ზღუდავდა მის ობიექტურობას, შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული ზემოაღნიშნული ჩვენებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პალატამ ასევე მიუთითა მოპასუხეთა შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების: ქ.ო-სა და მ. ხ-ის ჩვენებებზე, რომლებიც, პალატის შეფასებით, დამაჯერებელი იყო, არც ერთ მათგანს არ გააჩნდა პირადი ინტერესი პროცესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მათ ჩვენებაში მოყვანილი იყო ისეთი დეტალები, რაც ჩვენების სისწორეზე მეტყველებდა, კერძოდ, მოპასუხეთა ქორწინების თარიღები უკავშირდება მოწმეთა ქორწინების თარიღებს, რაც დამაჯერებელს ხდიდა მათ ჩვენებებს. ქ. ო-ემ აჩვენა, რომ მოპასუხეთა დისშვილი იყო, პირადად გათხოვდა 1994 წელს და ამ დროისათვის უკვე გათხოვილები იყვნენ მ. და მ. ბ-ი. თავდაპირველად გათხოვდა მ., ხოლო შემდეგ მ.. მოწმე მ. ხ-მა აჩვენა, რომ იყო მ. ბ-ის (ი-ი) თანაკლასელი და მეგობარი. პირადად გათხოვდა 1993 წლის მარტში, დაახლოებით ორ კვირაში გათხოვდა მ.ც. გათხოვების შემდეგ, დეკრეტულ შვებულებამდე ცხოვრობდა მამის ოჯახში და იქიდან დადიოდა სამუშაოზე, ხოლო შემდეგ, საცხოვრებლად მეუღლის ოჯახში გადავიდა. მ.ს შვილი იმავე წელს შეეძინა. ერთი პერიოდი ცხოვრობდა მოსკოვშიც, თუმცა დრო ზუსტად არ ახსოვდა. მოწმეთა ამ ჩვენებების შეფასებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ის (ი-ი) ქორწინება რეგისტრაციის გარეშე შედგა 1993 წლამდე, ხოლო მ. ბ-სა 1993 წლის მარტში და, რომ მ. ბ-ი (ი-ი) დეკრეტულ შვებულებაში გასვლამდე, 1993 წლის შემოდგომამდე ცხოვრებას აგრძელებდა გ. ბ-ის საცხოვრებელ სახლში. ამ გარემოების გათვალისწინებით, არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მსჯელობა, რომ საკომლო წიგნში 1986-1990 წლის მონაცემებში, მოპასუხეთა გრაფაში არსებული მინაწერი „გათხოვდა“ ადასტურებს მ. და მ. ბ-ის 1990 წელში არარეგისტრირებული ქორწინების ფაქტს.
საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ მ. ბ-ი რუსთავის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში ქიმიური ბოჭკოს ტექნოლოგიის სპეციალობაზე სწავლობდა 1985-88 წლებში, ხოლო 1990 წლის 22 მარტიდან რეგისტრირებულ იქნა რუსთავში, მე-6 მ/რ, კორპ. 1, ბინა N608, საერთო საცხოვრებელში. ამდენად, მ. ბ-ი 1988 წლამდე იმყოფებოდა სასწავლებლად, ხოლო 1990 წლის 22 მარტიდან ქ.რუსთავში რეგისტრაცია დაკავშირებული არ იყო სასწავლებელში სწავლასთან, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ მ. ბ-ი 1990 წლიდან მუდმივ საცხოვრებლად იმყოფებოდა რუსთავში და იქვე დასაქმდა, დასაბუთებულად იქნა მიჩნეული. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ, 1990 წლიდან მან დაკარგა უფლება საკოლმეურნეო კომლის წილზე და ამ დროის შემდეგ აღარ წარმოადგენდა სადავო კომლის წევრს.
მ. ბ-ის მოსაზრება, რომ ურთიერთობა ჰქონდა სოფლად დარჩენილ კომლთან, რაც ნიშნავს კომლის წევრის უფლებებში მის დარჩენას და 1993 წლიდან ამ ქონებაზე მისი პირადი საკუთრების უფლების წარმოშობას პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული. სასამართლოს განმარტებით, 1983 წლისათვის მოქმედი კანონმდებლობით, დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობით კომლის წევრობის უფლება, მხოლოდ იმ პირებს უნარჩუნდებოდათ, რომლებიც, მართალია, მუშაობდნენ სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებებში, მაგრამ ცხოვრობდნენ კომლში. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მ. ბ-ი 1990 წლიდან მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა ქ.რუსთავში, ამ დროიდან მისი პირადი შრომა მიმართული არ ყოფილა საკოლმეურნეო წარმოებისაკენ და არ გააჩნდა კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. ამდენად, 1990 წლიდან იგი აღარ წარმოადგენდა სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სუბიექტს -საკოლმეურნეო კომლის წევრს, რომელსაც 1993 წლიდან პირადი საკუთრების უფლება წარმოეშობოდა კომლის ქონებაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, სასარჩელო მოთხოვნა სოფელ ბ-ის საკომლო წიგნში, გ. ბ-ის კომლში 1986-90 წლიდან მ. ბ-ის სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმებისა და ამ ჩანაწერის საფუძველზე ქობულეთის ადგილობრივი არქივის მიერ 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული №ბ-118 ცნობის მ. ბ-ის ნაწილში გაუქმების თაობაზე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.
სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მ. ი-ი (ბ-ი) 1993 წლის შემოდგომამდე (დეკრეტულ შვებულებაში გასვლამდე) ცხოვრობდა სადავო კომლში და ჩათვალა, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, იგი გახდა გ. ბ-ის კომლის ქონების თანამესაკუთრე. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, სასარჩელო მოთხოვნა, სოფელ ბ-ის საკომლო წიგნში გ. ბ-ის კომლში 1986-90 წლიდან მ. ბ-ის (ი-ი) სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმებისა და ამ ჩანაწერის საფუძველზე ქობულეთის ადგილობრივი არქივის მიერ 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული №ბ-118 ცნობის მ. ბ-ის (ი-ი) ნაწილში გაუქმების თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის (1997 წლის რედაქცია) 312-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, ქობულეთში, სოფელ ბ-ი მდებარე უძრავ ქონებაზე, მ. ბ-ის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა ქობულეთის ადგილობრივი არქივის მიერ 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული №ბ-118 ცნობა, რაც მ. ბ-ის ნაწილში გაუქმდა, ამ ქონებაზე მ. ბ-ის ნაწილში სარეგისტრაციო ჩანაწერი არასწორი იყო, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მ. ბ-ის მიმართ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმების ნაწილშიც საფუძვლიანი იყო, ხოლო იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა გ. ბ-ის კომლში მ. ი-ის (ბ-ის) სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმებისა და ამ ჩანაწერის საფუძველზე ქობულეთის ადგილობრივი არქივის მიერ 2007 წლის 12 სექტემბერს გაცემული №ბ-118 ცნობის მ. ი-ის ნაწილში გაუქმების თაობაზე, ასევე არ არსებობდა ქობულეთში, სოფელ ბ-ი მდებარე უძრავ ქონებაზე მ. ი-ის (ბ-ის) თანასაკუთრების უფლების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმებაზე საფუძველი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე, 123-ე, 125-ე, 128-ე და 569-ე მუხლები, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N989 დადგენილება, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტი, ამასთან, არასწორად არ გამოიყენა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რის შედეგადაც უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული კასატორის უფლება.
მ. ბ-ი დაბადებიდან წარმოადგენდა კომლის წევრს, მონაწილეობდა საკომლო ქონების შექმნაში. იგი არასოდეს ყოფილა ამოწერილი საკომლო წიგნიდან და, შესაბამისად, 1993 წლისათვის როცა კომლი გაუქმდა, იგი იყო კომლის წევრი. არ არსებობს დოკუმენტი ან მინაწერი, რომ მ. ბ-ი ამოწერილია კომლიდან. საკომლო წიგნში არსებობს ჩანაწერი, რომ იგი არ არის ამოწერილი. საქმეში არსებულ არც ერთ საარქივო დოკუმენტში არ ჩანს, რომ იგი იყოს გადახაზული, როგორც ეს საარქივო ცნობაშია მითითებული. იმის მტკიცება, რომ კასატორი 1993 წლისათვის ამოწერილი იყო საკომლო წიგნიდან, არ არსებობს ბუნებაში. 1993 წლის 1 იანვარს საკოლმეურნეო კომლმა არსებობა შეწყვიტა და, შესაბამისად, მოსარჩელემ დაკარგა ყოველგვარი უფლებები, როგორც უფროსმა, რაიმე გადაწყვეტილების მიღებისათვის, რამეთუ ყველა კომლის წევრი გახდა თანაბარი უფლებებით მესაკუთრე საკომლო ქონებისა და კომლმა შეწყვიტა არსებობა. სასამართლო ხელმძღვანელობს 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, თუმცა აღნიშნულს განმარტავს მ. ბ-ის საწინააღმდეგოდ. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ, ვინაიდან კასატორი 1990 წლიდან არის რეგისტრირებული ქ.რუსთავში, მას 1993 წლისათვის, როცა საკოლმეურნეო კომლი დაიშალა, აღარ გააჩნდა უფლება კომლის ქონებაზე. ამასთან დაკავშირებით საქმის გარემოებები და მტკიცებულებები არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული, კერძოდ, სასამართლოს არ შეუფასებია მოწმე შ. ბ-ის ახსნა-განმარტება. ის, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობდა, მტკიცდება მოწმე შ. ბ-ის ჩვენებით, რომლის თანახმადაც მას ხშირად ატანდა ფულს მ. ბ-ი თავის მშობლებთან, რითაც მათ საშუალება მიეცათ, ერთჯერადი ფულადი სახსრებით შეეძინათ მსხვილფეხა საქონელი. 1990 წელს მ. ბ-ი იძულებული გახდა, დიპლომის მისაღებად განაწილებით ემუშავა ქ.რუსთავში და ეცხოვრა დროებით საერთო საცხოვრებელში და ამ პერიოდში მის ერთადერთ საკუთრებად რჩებოდა კომლის საკუთრება, იგი დაინტერესებული იყო კომლის განვითარებით. მ.ბ-ი თავის დანაზოგს ახმარდა კომლს, კომლის გაუქმების დროს იყო მისი წევრი. მაშინ მოსარჩელეს, რომელიც კომლის უფროსს წარმოადგენდა, სწორედ 1993 წლამდე უნდა ამოეწერა კასატორი თავისი განცხადებით კომლიდან, რაც მას არ გაუკეთებია, შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებიც, რომელიც ადასტურებს, რომ კასატორმა კომლი ზედიზედ სამი წელი მიატოვა და არ მონაწილეობა რაიმე ფორმით კომლის საქმიანობაში. კომლის საქმიანობაში მონაწილეობა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით მარტო შრომითი საქმიანობა არ არის, არამედ შესაძლებელია გამოხატული იყოს სახსრების დახარჯვაშიც. საყურადღებოა, რომ მ.ბ-ი, გარდა მატერიალური სახსრების ხარჯვისა, ყოველთვის მონაწილეობდა კომლის საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სამუშაოებში.
2007 წელს მოსარჩელემ საკუთარი განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა თანასაკუთრების დარეგისტრირება და დაარეგისტრირა თანასაკუთრება მ. ბ-ან ერთად, მას არც მაშინ ჰქონია რაიმე პრეტენზია. თუ სასამართლო ადგენს, რომ 1993 წლიდან აღარ არსებობს საკოლმეურნეო კომლი მაშინ, გაურკვეველია, როგორ დასტურდება 1993 წლამდე არსებულ მდგომარეობა რის შედეგადაც მ. ბ-ი კომლის სიიდან იქნა ამოღებული. ამ უფლების მქონე პირმა, ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, ვინაიდან მ. ბ-ი აქტიურად მონაწილეობდა კომლის საქმიანობაში. სასამართლო იყენებს 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მხოლოდ პირველ ნაწილს და არ ეხება ამავე ნორმის მეორე ნაწილს. 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის მუხლები არ განსაზღვრავენ შემთხვევას, როდესაც საკოლმეურნეო ქონებას კომლის წევრი კარგავდა მაშინ, როდესაც იგი მუშაობდა სხვა ადგილზე და სხვა საწარმოში. აღნიშნული მუხლები ასევე არ განსაზღვრავს შემთხვევას, როცა კომლის წევრი კარგავს ქონებას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჩაწერილი იყო სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში. 1993 წლისათვის მ. ბ-ი იყო კომლის წევრი ისე, რომ არასოდეს არ ამოწერილა კომლიდან, ხოლო 1990 წელს, დიპლომის მისაღებად, დროებით იყო ჩაწერილი რუსთავის საერთო საცხოვრებელში, იგი ამავდროულად რჩებოდა კომლის წევრად და კომლის გაუქმებისას კომლის წევრს წარმოადგენდა, შესაბამისად, საერთო საცხოვრებელში რეგისტრაცია არ წარმოადგენს გარემოებას, რომლითაც მ. ბ-ი კარგავს საკუთრებაზე უფლებას, ამდენად 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის გამოყენებული ნორმები არ იძლევა მ. ბ-ის საკუთრების უფლების რაიმე ფორმით გაუქმების საფუძველს. იმ გარემოებას, რომ კასატორი ყოველთვის ჩართული იყო კომლის სამეურნეო საქმიანობაში როგორც 1993 წლამდე ასევე მას შემდეგ, ადასტურებს მ. ბ-ის წერილობითი ახსნა-განმარტებები.
საკომლო წიგნში ბოლო ჩანაწერები გაკეთებულია 1988 წლის ივნისის მდგომარეობით და სხვა ჩანაწერები ამის შემდეგ აღარ გაკეთებულა. საკომლო წიგნის 25-ე გრაფა შეიცავს აღნიშნავს ოჯახის იმ წევრთა შესახებ, რომლებიც სრულიად წავიდნენ მეურნეობიდან, მ. ბ-ან დაკავშირებით ამ გრაფაში აღნიშნულია, რომ არ არის ამოწერილი. დანარჩენ წლებში ცვლილებები კომლში აღარ განხორციელებულა, რაც გულისხმობს, რომ 1993 წლამდე, კომლის გაუქმებამდე მ. ბ-ი საკოლმეურნეო კომლიდან არ წასულა.
სასამართლომ არ გამოიყენა 1997 წლის 25 ნოემბრის სამოქალაქო კოდექსის 1507 მუხლის მე-4 ნაწილი, მ. ბ-ი 15 წელზე მეტია წარმოადგენს თანამესაკუთრეს, ფლობდა ქონებას, იყო რეგისტრირებული თანამესაკუთრედ. სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლი ითვალისწინებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენას ხანდაზმულობით, ნორმის უკუქცევითი ძალის საფუძველზე, ვადის ათვლაც 1993 წლის 23 ივლისიდან განისაზღვრება. მოცემულ შემთხვევაში, გასულია თხუთმეტ წელზე მეტი და ამ პერიოდის განმავლობაში მ. ბ-ი თანასაკუთრებაში ფლობდა სადავო წილს.
„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №989 დადგენილებისა და სახელმწიფოს საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის მიხედვით, საკოლმეურნეო კომლებს ნებაყოფლობითობის საფუძველზე უნდა განეხორციელებინათ რეორგანიზაცია. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომლი უქმდებოდა და კომლის საკუთრებაში არსებული ქონება, კომლის წევრებს შორის თანაბრად ნაწილდებოდა. ვინაიდან, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, კოლმეურნეობების გაუქმებით, საკოლმეურნეო კომლის არსებობს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა, რასაც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომლის ქონება იმ პირთა საერთო საკუთრება გახდა, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ.
სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 122-ე, 123-ე, 125-ე და 569-ე მუხლები. კანონი, მართალია, ხაზს უსვამს კომლის წევრის მონაწილეობას პირადი შრომით, თუმცა, რას გულისხმობს პირადი შრომა და რა შემთხვევაში დაკარგავდა კომლის წევრი ქონებას, განმარტებულია ამავე კოდექსის 128-ე მუხლში, რომელსაც სასამართლო აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ განმარტებებს არ უკავშირებს. 128-ე მუხლით კომლის წევრის მიერ წევრობის დაკარგვა დასაშვები იყო თუ პირად შრომას ადგილი არ ჰქონოდა ზედიზედ სამი წელი და ამ სამი წლის განმავლობაში წევრს არ უნდა მიეღო მონაწილეობა პირადი შრომით ან სახსრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორთან მიმართებით არ დასტურდება. სასამართლო ზოგადად მიუთითებს გადაწყვეტილებაში 1983 წლისათვის მოქმედ კანონმდებლობაზე და არ აზუსტებს არც ნორმატიულ აქტს და არც კონკრეტულ ნორმას, რაც დაუსაბუთებელი არგუმენტია სასამართლოს მხრიდან. გაუგებარია ასევე 1964 წლის 569-ე მუხლის გამოყენება ვინაიდან იგი შეეხება კომლში მემკვიდრეობის საკითხსა და მის გახსნას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დამდგარა და დავა მემკვიდრეობის საკითხს არ ეხება.
სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მ. ბ-ი 1989 წლის ჩათვლით მუშაობდა ადგილობრივ მეურნეობაში და იყო საკოლმეურნეო კომლის წევრი, იგი მხოლოდ 1990 წელს მიდის რუსთავში, ისე, რომ არ არის ამოწერილი კომლის წევრობიდან. იგი დღემდე რჩება თანამესაკუთრედ. მიუხედავად კასატორის მცდელობისა, სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ უზუსტობებზე, რომელიც მოცემულ საქმეში ფიქსირდება, კერძოდ, საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ მ. ბ-ი გადახაზულია, რაც კომლის წიგნებში არ ფიქსირდება, ასევე კომლის წევრად არ არის დაფიქსირებული მ. გ. ასული ბ-ი, რომელიც საარქივო ცნობაში არის მითითებული, მაგრამ საკომლო წიგნის ჩანაწერებში არ არის ჩაწერილი, ხოლო გ. გ. ძე ბ-ი მიწერილია იმ დროს, როცა აღარ ხდებოდა საკომლო წიგნში ჩაწერა. მიწერა განხორციელდა 1997 წელს, როცა იგი მეორე კლასის მოსწავლე იყო. იგი დაბადებულია ... წელს. სახლის მშენებლობა დასრულდა 1983 წელს მაშინ, როცა აწ გარდაცვლილი გ. ბ-ი იყო სკოლის მოსწავლე და 1982 წლამდე მსახურობდა ჯარში, შესაბამისად, მცდარია ის ფაქტი, რომ სახლი აშენებულია მის მიერ ან აშენებულია 1955 წელს. მოსარჩელის მტკიცებულებად მოაქვს ტექბიუროს ცნობა, თუმცა ასეთი წარმოდგენილი არ იყო, ხოლო დასახელებული 30 კვ.მ შენობა წარმოადგენს არა სახლს, არამედ ცხოველთა სადგომს, რომელიც ასევე აშენდა 1983 წელს. უნდა აღინიშნოს, ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ მ. ბ-ის სახელზე შეადგინა ანდერძი ათი წლის წინ, ვინაიდან ის მთლიანად ენდობოდა კასატორს.
სამოქალაქო საქმის წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, ხოლო მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას და იმას, რომ მ. ბ-ს არ ეკუთვნის წილი თანასაკუთრებაში, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ახსნა-განმარტებები არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, როგორც სუბიექტური, რომელიც არ ასახავდა სინამდვილეს, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მიიღო სააპელაციო სასამართლომ მ. ბ-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე გ. ბ-მა, მოითხოვა მისის ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. დაზუსტებული საკასაციო განაცხადი) შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლი, ასევე 105-ე მუხლის მოთხოვნები და სათანადოდ არ გამოიკვლია მტკიცებულებები.
სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ გაიზიარა ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი და არ გაიზიარა მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მაშინ, როცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დაასაბუთოს, თუ რატომ იზიარებს ან უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს, ამასთან საქმეზე არსებული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა შეეფასებინა ერთობლიობაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სასამართლომ არ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მ. ი-ს 1992 წლისათვის სადავო კომლში დაკარგული ჰქონდა წევრის უფლებები, ამ პერიოდისათვის ის იყო გათხოვილი და მისი შრომა არ იყო მიმართული კომლის საქმიანობისაკენ. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იქნა სრულყოფილად შესწავლილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ ირკვეოდა, ყოველივე ზემოაღნიშნული კი, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეულია ასევე საპროცესო ნორმები, კერძოდ, პალატა მსჯელობს მტკიცებულებაზე, რომელიც საქმეს არ დაერთო.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათით მ. ი-ი 1998 წლის 17 ივლისს რეგისტრირებული იქნა ხელვაჩაურის სოფელ ფ-ი, ხოლო 1998 წლის 23 ივლისიდან რეგისტრირებული ქობულეთში, სოფელ ბ-ი.
აღნიშნული მტკიცებულებით დგინდება, რომ მ. ი-ი, ვიდრე რეგისტრაციას გაივლიდა ქობულეთში, სადავო კომლში, ის რეგისტრირებული იყო ქმრის კომლში, სადაც ის ქმარსა და შვილებთან ერთად გამოყოფილი იყო ცალკე კომლად და, როგორც კომლის წევრს, გააჩნდა საკუთრება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია ასევე, რომ მ. ი-ი ქორწინების ოფიციალურად რეგისტრაციამდე იყო გათხოვილი და წასული სადავო კომლიდან.
გადაწყვეტილების 4.11, 4.12, 4.13, 4.14, 4.15 პუნქტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ დაამყარა მოწმეთა ჩვენებებს. პალატამ აღნიშნა, რომ გ. ბ-ის მოწმეების ჩვენებებს ვერ გაიზიარებდა მათი ურთიერთსაწინააღმდეგობის გამო, რომ ამ ჩვენებებით არ დგინდებოდა ერთმნიშვნელოვნად ქორწინებისა და სადავო კომლში ცხოვრების ზუსტი თარიღები, რაც არასწორია. მოწმე გ. გ-ემ აჩვენა, რომ მოპასუხეები გათხოვდნენ 1991 წელს, რაც შეეხება მოწმე ც. ბ-ის ჩვენებას, მან განმარტა, რომ „მოპასუხეები გათხოვდნენ 1990-91 წწ. მ. ბ-ის ქორწინება რეგისტრირებულია 1993 წელს“, ამ ჩვენების მიცემით მოწმე ც. ბ-ემ დაადასტურა, რომ მოპასუხეები გათხოვდნენ 1990-91 წწ, ხოლო რაც შეეხება რეგისტრაციას, ალბათ შეეშალა. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მოწმის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგოა. ის ფაქტი, რომ მ. ბ-ი ქორწინების რეგისტრაციამდე იყო რეალურად გათხოვილი დგინდება მისი ბავშვების დაბადების მოწმობებით. მოპასუხეთა ინიციატივით დაკითხული მოწმეების ჩვენებები, სასამართლოს შეფასებით, დამაჯერებელია, არც ერთ მათგანს არ გააჩნია პირადი ინტერესი პროცესთან მიმართებაში, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული მოწმე ქ. ო-ის განმარტება, რომ არის მოპასუხეთა დისშვილი პირადად გათხოვდა 1994 წელს და ამ დროისათვის უკვე გათხოვილები იყვნენ მ. და მ.ბ-ი, ამავე მოწმემ აღნიშნა, რომ მოპასუხეები გათხოვდნენ 1990-1991 წლებში და შემდეგ დასძინა, რომ ის გათხოვდა 1994 წელს, რა დროსაც მოპასუხეები უკვე გათხოვილი იყვნენ. მოწმე მ. ხ-ი არის მოპასუხეთა მეგობარი, შესაბამისად, მას აქვს ინტერესი იმისა, რომ მისმა მეგობარმა არ დაკარგოს საკუთრება და მის დასახმარებლად მისცა ჩვენება, რომ მ. ი-ი გათხოვდა 1993 წელს და დეკრეტულ შვებულებამდე ცხოვრობდა მამის მოსარჩელის ოჯახში. საქმეში მოიპოვება რიგი მტკიცებულებები, მათ შორის სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ მანამ, ვიდრე მ. ი-ი გაივლიდა რეგისტრაციას სადავო კომლში, ის რეგისტრირებული იყო მეუღლის კომლის მისამართზე.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მ. ბ-ი 1993 წლამდე, დეკრეტულ შვებულებაში გასვლამდე, ცხოვრობდა სადავო კომლში. სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს იმ მტკიცებულებაზე, რომელიც არ იქნა მიღებული, კერძოდ, აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ არ დაურთო საქმეს, მაგრამ ამ მტკიცებულებით დაასკვნა, რომ მ. ბ-ი (ი-ი) დეკრეტულ შვებულებაში გასვლამდე ცხოვრობდა სადავო კომლში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით კი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ. ბ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა და მისი საკასაციო საჩივარი ასევე მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. და გ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. ბ-სა და გ. ბ-ის საკასაციო საჩიბრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ბ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გ. ი-ის მიერ 2013 წლის 25 აპრილის N74 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 417 ლარის 70% - 291,9 ლარი.
კასატორი გ. ბ-ი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისმე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორ მ. ბ-ს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ი-ის მიერ 2013 წლის 25 აპრილის N74 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 417 ლარის 70% - 291,9 ლარი.
4. გ. ბ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე