Facebook Twitter

№ას-510-484-2013 4 დეკემბერი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. და გ. ე-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა. გ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. და ა. ე-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ა. გ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს მოპასუხისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 1 875 ლარის, ასევე ვიზის საფასურის, სულ 150 ლარის, გადახდის დაკისრება.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის აპრილში გ. ე-ს, ნ. ე-ს და შპს ,,ა. გ-ს“ შორის დაიდო ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ტურისტული მომსახურება გაეწია მოსარჩელეებისთვის მის მიერ ორგანიზებული ინფოტურის ფარგლებში, რომლის მარშრუტი წინასწარ იყო რეკლამირებული კომპანიის „ფეისბუქის“ გვერდზე. ინფოტური მოიცავდა მონაწილეთა ვიზიტს ესპანეთის კუნძულებზე შემდეგი მარშრუტით: თბილისი - ტენერიფე - გრანდ კანარია - მადრიდი. ტური უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 14 აპრილიდან - 26 აპრილამდე. მისი ღირებულება შეადგენდა 860 ევროს ერთ მგზავრზე. 2012 წლის 6 აპრილს გ. და ნ. ე-მა ფირმას გადაუხადეს მგზავრობის ღირებულება - 3908 ლარი, რაც მოიცავდა როგორც უშუალოდ მგზავრობის, ასევე ვიზის საფასურს. მხარეთა შეთანხმებით, მგზავრობა უნდა განხორციელებულიყო თურქეთის ავიახაზებით, ტრანზიტისას ფრენებს შორის მაქსიმუმ 2 საათიანი შუალედით, მიმართულებით თბილისი-სტამბული - მადრიდი - ტენერიფე - გრანდ კანარია, დაბრუნებისას, შესაბამისად, მადრიდი - სტამბული - თბილისი. გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ ფრენა განხორციელდებოდა თბილისი - პრაღა - ბარსელონა - ტენერიფეს მიმართულებით. არასწორი ინფორმაცია მიეწოდათ მგზავრებს ფრენების ხანგრძლივობის თაობაზეც. ფრენებს შორის შუალედები მნიშვნელოვნად აღემატებოდა შეთანხმებულს. 24-სათიანი მძიმე ფრენის შემდგომ, მოსარჩელეები დანიშნულების ადგილას ჩაფრინდნენ 15 აპრილს, ღამის 3 საათზე და არა 14 აპრილს 16:30 საათზე, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. მოგზაურობის გრაფიკის თანახმად, როგორც მოსარჩელეები განმარტავენ, 19 აპრილს ისინი კუნძულ გრანდ კანარიაზე უნდა გადაფრენილიყვნენ, თუმცა ტურისტულმა კომპანიამ 18 აპრილს, ტენერიფეზე ყოფნის დროს, კვლავ შეცვალა გრაფიკი და ტური კუნძულ გრანდ კანარიაზე არ განხორციელდა. როგორც გაირკვა, ეს ორგანიზატორებს თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა მგზავრებისათვის ამის თაობაზე არაფერი იყო ცნობილი, კერძოდ თბილისის აეროპორტში მგზავრებს გადაეცათ ბილეთები მხოლოდ თბილისი-პრაღა-ბარსელონა-ტენერიფე და შესაბამისად ბარსელონა-პრაღა-თბილისის მიმარულებით, ხოლო გრანდ კანარიაზე გასამგზავრებელი ბილეთების გადაცემას კომპანია მათ მოგვიანებით შეჰპირდა, თუმცა შემდგომში მარშრუტის ეს ნაწილი თავისი ექსკურსიებით საერთოდ ამოღებულ იქნა პროგრამიდან. ამასთან, კომპანიამ დაუმალა მგზავრებს ჯერ კიდევ თბილისში, 13 აპრილს მიღებული ბილეთები ტენერიფე-მადრიდის მიმართულებით, რითაც დასტურდებოდა რომ ტური გრანდ კანარიაზე საერთოდ არ ჩატარდებოდა. ზემოთაღნიშნული ბილეთები მგზავრებს გადაეცათ 24 აპრილს, ტენერიფედან მადრიდში გადაფრენის წინ. გასათვალისწინებელი ისიც, რომ მადრიდში დაგეგმილი იყო მთელი რიგი ღონისძიებანი და ექსკურსიები. ტურის მონაწილეებმა ვერ მიიღეს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება, რის გამოც, მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული მოგზაურობა მთლიანად ხარვეზიანი იყო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2012 წლის აპრილში მან გ. და ნ. ე-ს აცნობა ინფოტურის პროგრამის შეცვლის თაობაზე. მათ თანხმობა განაცხადეს შეცვლილ ინფოტურში მონაწილეობის მიღებაზე, კერძოდ, მოსარჩელეებს თანხის გადახდამდე ეცნობათ მადრიდის საექსკურსიო პროგრამის სრულად გაუქმებაზე, რის შემდეგაც მოხდა ანგარიშსწორება. უნდა ემგზავრათ ჩეხეთის ავიახაზებით პრაღისა და ბარსელონის გავლით, შესაბამისად, არ შეცვლილა არც ავიაკომპანია და არც მგზავრობის ხანგრძლივობა. გრანდ კანარიაზე გამგზავრებამდე სამი დღით ადრე, 2012 წლის 16 აპრილს, სასტუმრო „ბ-ი“ ვახშმის დროს ინფოტურის მონაწილეებს მოპასუხის წარმომადგენელმა შესთავაზე არჩევანი გაეკეთებინათ გრანდ კანარიაზე სამუშაო პროგრამასა (რომლიც გულისხმობდა დღეში დაახლოებით 8-11 სასტუმროს ინსპექციას) და ტენერიფეზე 6 დღიან დასასვენებელ პროგრამას შორის, რომელიც ითვალისწინებდა ასევე ორჯერად კვებას. მოსარჩელეებმა სხვა ინფოტურის მონაწილეებთან ერთად, გადაწყვიტეს დარჩენილიყვნენ ტენერიფეზე და უარი განაცხადეს გრანდ კანარიის სამუშაო პროგრამაზე. მოსარჩელეებისათვის, ასევე ცნობილი იყო მადრიდის და ტოლედოს ექსკურსიების გაუქმების თაობაზე. ამასთან, როგორ მოპასუხე აღნიშნავს, მგზავრობა მადრიდიდან ბარსელონაში განხორციელდა კომფორტული, ყველაზე მაღალი კლასის ავიახაზებით, ხოლო ბარსელონადან მგზავრობა განხორციელდა ასევე ჩეხეთის ავიახაზებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ე-ის და გ. ე-ის სარჩელი შპს ,,ა. გ-ის“ წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ა. გ-ს“ დაეკისრა ნ. ე-სა გ. ე-ის სასარგებლოდ თითოეულისათვის 1 875 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. და გ. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ა. ე. გ-ს“ დაეკისრა ნ. ე-ის სასარგებლოდ 1154 ლარისა და გ. ე-ის სასარგებლოდ 1154 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2012 წელს შპს ,,ა. გ-მა“ კომპანიის „ფეისბუქის“ გვერდზე დაგეგმილი ინფოტურს გაუწია რეკლამირება. სახელდობრ, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ა. გ-ი“ მსურველებს სთავაზობდა ინფოტურს ესპანეთში, კანარიის კუნძულებზე: ტენერიფე - გრანდ კანარია - მადრიდი. ტურის ღირებულება შეადგენდა 860 ევროს 1 ადამიანზე, ხოლო მოგზაურობა მოიცავდა 14.04.2012წ-დან - 26.04.2012წ-მდე პერიოდს;

2. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2012 წლის აპრილში თვეში, ერთი მხრივ, ნ. და გ. ე-სა და, მეორე მხრივ, შპს ,,ა. გ-ს“ შორის ტურისტული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების პირობები განისაზღვრა ისევე, როგორც ეს იყო რეკლამირებული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, სახელდობრ, ტურისტები უნდა გამგზავრებულიყვნენ თურქეთის ავიახაზებით, შემდეგი მიმართულებით: თბილისი - სტამბული - მადრიდი - ტენერიფე - გრანდ კანარია, ხოლო დაბრუნების მიმართულება უნდა ყოფილიყო: მადრიდი - სტამბული - თბილისი. ფრენებს შორის შუალედი არ უნდა ყოფილიყო 2სთ-ზე მეტი;

3. 2012 წლის 6 აპრილს გ. და ნ. ე-მა შპს ,,ა. გ-ს“ გადაუხადეს ტურისტული მომსახურების ღირებულება 3 750 ლარი.

4. გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიცვალა ავიახაზები. აღნიშნულის გამო, ტურისტები, ნაცვლად თურქეთის ავიახაზებისა, გაემგზავრნენ პრაღის ავიახაზებით, შემდეგი მიმართულებით: თბილისი - პრაღა - ბარსელონა - ტენერიფე. გაიზარდა მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 12სთ-ით და ტენერიფეზე 14 აპრილის ნაცვლად, ჩავიდნენ 15 აპრილს;

5. მხარეებს შორის არსებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება ითვალისწინებდა 4-დღიან ინფოტურს გრან-კანარიის კუნძულებზე, 20.04.2012წ-დან - 24.04.2012წ-მდე , რომელიც არ შესრულდა;

6. ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება ითვალისწინებდა 2-დღიან საექსკურსიო ტურს მადრიდში, რომელიც ასევე არ შესრულდა;

7. შპს ,,ა. გ-მა“ მოსარჩელეებს ტენერიფეზე გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთდღიანი მომსახურება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოგზაურობის ეს ნაწილიც ხარვეზიანი იყო, ვინაიდან რომ მოსარჩელეები დანიშნულების ადგილზე ჩავიდნენ ერთი დღის დაგვიანებით, კერძოდ, შეთანხმებული 14 აპრილის ნაცვლად - 15 აპრილს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გრანდ კანარიის კუნძულებზე გათვალისწინებული იყო ოთხ დღიანი ინფოტური 20.04.2012წ-დან - 24.04.2012წ-მდე, რაც, აპელანტის მოსაზრებით, არ შედგა ტურისტების სურვილით, თუმცა გრანდ კანარიის კუნძულებზე გათვალისწინებულ ოთხ დღიანი ინფოტურის ჩანაცვლებაზე ტურისტულ კომპანიას არ ჰქონდა ნ. და გ. ე-ის თანხმობა. შესაბამისად, სამუშაო პროგრამის ჩანაცვლება მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეების ინტერესი იყო ინფოტურით შემოთავაზებული სრული პაკეტის უალტერნატივოდ მიღება კუნძულ გრანდ კანარიაზე გათვალისწინებული ოთხდღიანი (20.04.2012წ-დან - 24.04.2012წ-მდე) სამუშაო პროგრამის ჩათვლით და არა მომსახურების სხვაგვარად მიღება ტენერიფეზე.

პალატამ მიიჩნია, რომ პრაღის ავიახაზებით მგზავრობის ფაქტი ვერ განიხილება ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების პირობების ახლებურ მოწესრიგებად, ხელშეკრულების პირობების ცვლილებად, ვინაიდან ამ ავიახაზებით სარგებლობა, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ტურსტებისათვის, მათ შორის, მოსარჩელებისათვის, გახდა გარდაუვალი, უალტერნატივოდ მისაღები პირობა, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კონტრაჰენტების ნების ფორმირება არ მომხდარა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, არამედ კონტრაჰირება ეფუძნებოდა შექმნილ ვითარებას, სახელდობრ, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები ემზადებოდნენ ამ ტურისთვის, გასწიეს ხარჯები, ამიტომ ისინი იძულებული იყვნენ, მიეღოთ მგზავრობის შეთანხმებულისაგან განსხვავებული პირობა. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დროის იმ მომენტზე, როდესაც კომპანიამ შესთავაზა ტურისტებს ავიახაზების ცვლილება. პრაქტიკულად, ტურისტი ან უნდა დასთანხმებოდა ამგვარ ცვლილებას და ესარგებლა პროდუქტით, ან უარი ეთქვა მასზე. აქედან გამომდინარე, კომპანიის შეთავაზება უალტერნატივო იყო, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ტურისტული კომპანიისთვისაც. პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პირობები დაირღვა, ასევე, გამომგზავრებისას, როდესაც მადრიდიდან სტამბულის გავლით თბილისში დაბრუნების ნაცვლად, მოსარჩელეებმა იმგზავრეს ჯერ მატარებლით ბარსელონამდე, შემდეგ ბარსელონადან პრაღაში თვითმფრინავით, პრაღიდან ბაქოში და ბაქოდან თბილისში. მგზავრობის ხანგრძლივობამ, მთლიანად, შეადგინა 42სთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაგეგმილი მიმართულებით გათვალისწინებული მგზავრობის ხანგრძლივობას. ამასთან, იგი მოიცავდა უფრო მეტ გაჩერებას, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნიდა ტურისტებს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ა. გ-მა“ ჯეროვნად ვერ შეასრულა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები.

სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 659-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის წესს, რომლის თანახმად, მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლებსაც შეუძლიათ, გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის. 660-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, მოგზაურობის ხარვეზის გამო, ღირებულების შემცირების შესაძლებლობას, კერძოდ, ნორმის დანაწესით, თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები. აღნიშნული ნორმების განმარტებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ წესზე, რომ მოგზაურობის გაუფასურება, ისე როგორც მისი ღირებულების შემცირება მოგზაურობის ხარვეზს წარმოადგენს. ამასთან, მიუხედავად იმისა, არსებობს რაიმე უმნიშვნელო ხარვეზი, თუ, მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო, მოგზაურობამ საერთოდ დაკარგა ინტერესი (გაუფასურდა), კანონი ითვალისწინებს მხოლოდ ხარვეზიანად მიჩნეული პერიოდის შესაბამისი თანხის დაბრუნებას ტურისტისთვის. პალატას მიიჩნია, რომ, ამ შემთხვევაში, მოგზაურობა იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ მოსარჩელეებისთვის მას აღარ ჰქონდა ინტერესი, თუმცა ამგვარ შემთხვევას კანონი განიხილავს ხარვეზიან მოგზაურობად და ითვალისწინებს მისი ღირებულების შემცირებას და არა სრულად თანხის დაბრუნების ვალდებულებას. ტურისტს რჩება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 662-ე მუხლის საფუძველზე, რაშიც იგულისხმება ის ქონებრივი დანაკლისი, რაც მან მომსახურების ხარვეზის გამო მიიღო (ვიზის თანხა, მოცდენილი შვებულების ანაზღაურება, კრედიტით სარგებლობის პროცენტი და ა.შ), რასაც მოსარჩელეები არ მიუთითებენ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ტურისტული კომპანია შპს ,,ა. ე. გ-ის“ მიერ დაგეგმილი მოგზაურობა, საერთო ჯამში, ხარვეზიანი იყო, რაც, წარმოშობს ღირებულების შემცირების საფუძველს დროის იმ მონაკვეთში, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები. დადგენილია, რომ მოგზაურობის ხანგრძლივობა იყო 13 დღე, კერძოდ, 14.04.2012წ-დან 26.04.2012წ-მდე და მისი მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 3 750 ლარით. შესაბამისად, თითოეულ დღეზე გადასახდელი მომსახურების ღირებულებაა 188 ლარი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარდა ტენერიფეზე გაწეული 5-დღიანი ტურისტული მომსახურებისა, დანარჩენი 8 დღის განმავლობაში მოგზაურობა ხარვეზიანი იყო. აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს სკ-ის 660-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარმოშობს დროის ამ მონაკვეთში გაწეული მომსახურების ღირებულების დაბრუნების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 8 დღის მომსახურების ღირებულება 2308 ლარი მოსარჩელეებს უკან უნდა დაუბრუნდეს, ხოლო ტენერიფეზე გაწეული 5-დღიანი მომსახურების ღირებულების უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 659-ე და 660-ე მუხლები, ასევე, არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის გარკვევა, კერძოდ, სასამართლომ ჯერ დაადგინა, რომ შპს ,,ა. გ-მა“ მოსარჩელეებს ტენერიფეზე გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთდღიანი მომსახურება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოგზაურობის ეს ნაწილიც ხარვეზიანი იყო, ვინაიდან მოსარჩელეები დანიშნულების ადგილზე ჩავიდნენ ერთი დღის დაგვიანებით, კერძოდ, შეთანხმებული 14 აპრილის ნაცვლად - 15 აპრილს, ხოლო შემდეგ მიუთითა, რომ გარდა ტენერიფეზე გაწეული 5-დღიანი მომსახურებისა, მოგზაურობა დარჩენილი 8 დღის განმავლობაში ხარვეზიანი იყო. სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია;

3. სამოქალაქო კოდექსის 660-ე მუხლი მიუთითებს მხოლოდ ხარვეზის გამო ღირებულების შემცირების შესაძლებლობაზე და არ უთითებს ღირებულების დაანგარიშების კრიტერიუმზე, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების პირობები, ფაქტობრივად, არ შესრულდა, ხოლო ის მცირე ნაწილი, რომელიც შესრულებულად შეიძლება იქნეს მიჩნეული, ხარვეზიანი იყო, დაუსაბუთებელია სასამართლოს მტკიცება, რომ სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს თანხის სრულად დაბრუნების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და გ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. და გ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.05.2013 წლის N25 საგადახდო დავალებით ნ. ე-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე