Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-617-587-2013 23 დეკემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. პ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელი ნ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. პ-ის საპროცესო წარმომადგენელმა ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. პ-ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე ა. პ-ის მიმართ მამობა დადგენილი არ ყოფილა, იგი იზრდებოდა დედასთან და დეიდასთან ერთად. მისი დედა – ზ. გ-ი გარდაიცვალა 1999 წლის 28 სექტემბერს.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით ბავშვი დარჩა დეიდის – ნ. გ-ის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც 2001 წლის 31 ივლისს დაინიშნა ა. გ-ის მეურვედ.

ნ.გ-ს არ სურდა, არასრულწლოვანს ღირსება შელახვოდა და სკოლაში შეყვანამდე სთხოვა მის მამას, თავისი გვარი მიეცა ბავშვისათვის. ... წლის ... მაისს მოსარჩელე ა. პ-ის მიმართ გ. პ-ს დაუდგინდა მამობა და დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მიეთითა მოპასუხე გ. პ-ი.

არასრულწლოვანი ა. პ-ი იზრდება დეიდასთან და მასზე დღემდე სრულ მზრუნველობას ახორციელებს ნ. გ-ი. ბავშვს არ სურს მამასთან ცხოვრება.

მოპასუხე გ. პ-ს იშვიათად აქვს ურთიერთობა შვილთან და არ უწევს მას მატერიალურ დახმარებას.

გ. პ-მა არასრულწლოვანი ა. პ-ი აღრიცხა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მის სოციალურ შემწეობას მოიხმარდა თავად. იგი იღებს ასევე ა. პ-ის, როგორც მარჩენალდაკარგულის პენსიას და დღემდე ეს თანხები ბავშვისთვის არ გადაუცია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. პ-ს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ა. პ-ის მიმართ შეეზღუდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

ა. პ-ი დაიბადა ...წლის ... ნოემბერს. მის მიმართ მამობა დადგენილი არ ყოფილა, იგი იზრდებოდა დედასთან და დეიდასთან ერთად. ა. პ-ის დედა – ზ. გ-ი გარდაიცვალა 1999 წლის 28 სექტემბერს.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ა. გ-ს 1999 წელს გარდაეცვალა დედა, რომელიც იყო მარტოხელა, ბავშვი დარჩა დეიდის – ნ. გ-ის მეთვალყურეობის ქვეშ. 2001 წლის 31 ივლისს კი, ა. გ-ის მეურვედ დაინიშნა დეიდა ნ. გ-ი.

2002 წლის 29 მაისს მოსარჩელე ა. პ-ის მიმართ გ. პ-ს დაუდგინდა მამობა და დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მამად მიეთითა გ. პ-ი.

მოპასუხე გ. პ-ი და არასრულწლოვანი შვილი ა. პ-ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ა. პ-ი იზრდება დეიდასთან და მასზე დღემდე სრულ მზრუნველობას ახორციელებს ნ. გ-ი. ბავშვს არ სურს მამასთან ცხოვრება. გ. პ-ს იშვიათად აქვს ურთიერთობა შვილთან და არ უწევს მას მატერიალურ დახმარებას.

გ. პ-მა არასრულწლოვანი ა. პ-ი აღრიცხა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მის სოციალურ შემწეობას მოიხმარდა თავად. იგი იღებს ასევე ა. პ-ის, როგორც მარჩენალდაკარგულის პენსიას და დღემდე ეს თანხები ბავშვისთვის არ გადაუცია.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის განმარტებაზე, რომ არასრუწლოვანი შვილის კუთვნილი თანხები განთავსებულია მის პირად ანგარიშზე და არ განკარგავს მათ. სააპელაციო საჩივარში შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ მითითების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ. პ-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ა. პ-ის განკუთვნილი თანხები განთავსებულია მის პირად ანგარიშზე და არ არის განკარგული.

2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. პ-ის განცხადების საფუძველზე ნ. გ-ი გათავისუფლებულ იქნა დისშვილის მზრუნველის მოვალეობის შესრულებისაგან.

1999 წლის 29 სექტემბერს გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რითაც მოსარჩელე ა. პ-ი ცნობილ იქნა დედის – ზ. გ-ის მემკვიდრედ და მის საკუთრებაში არსებული ბინის მესაკუთრედ. ამჟამად, აღნიშნული უძრავი ქონება არის იჯარით გაცემული და მიღებული შემოსავალი დეიდის, როგორც მეურვის მეშვეობით ხმარდება არასრულწლოვანს.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თა.ხმად, ვინაიდან დაბადებიდან ა. პ-ი იზრდება დეიდასთან და მას არ სურს მამასთან ცხოვრება, ბავშვზე სრულ მზრუნველობას ახორციელებს დეიდა. მამა არ იღებს მონაწილეობას შვილის აღზრდაში. ამასთან, მოპასუხე იღებს არასრულწლოვნისთვის განკუთვნილ თანხებს, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს საკმაო საფუძველი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიაჩნია, გ. პ-ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენელობითი უფლება, ვინაიდან არ მოხდეს არასრულწლოვნის უფლებების უხეში დარღვევა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე, 1999-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონი ადგენს მშობლის ქცევის წესების ზოგად მორალურ და იდეურ პრინციპებს, რომელთა შინაარსშიც მთელი სისრულით ვლინდება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მორალის პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების რეალიზაცია უნდა დაედოს შვილების აღზდას, თუმცა იმავდროულად უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები. კანონი აწესებს რა მშობლების ძირითად უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, ამავე დროს ადგენს მათი განხორციელების საზღვრებს. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. შვილების ინტერესებში იგულისხმება მათ აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ინტერესი, რაც გამომდინარეობს ზნეობისა და კანონის მოთხოვნებიდან. მშობლების მხრიდან შვილების ინტერესების საწინააღმდეგო ქცევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებათა შესახებ“ და სხვა სამართლებრივი აქტები იცავს ბავშვთა ინტერესებს და ახორციელებს მათი უფლებების დაცვას. მათი მიზანია ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთესი უზრუნველყოფა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-9 მუხლებით და მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, რომლის საწინააღმდეგო აპელანტმა ვერ დაადასტურა. მითითებული გარემოებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გ. პ-ის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ კანონიერია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. პ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწინააღემდეგე მხარის განმარტებებსა და სოციალური მუშაკის დასკვნას, ხოლო კასატორის მოსაზრება არ გაუთვალისწინებია. სოციალურმა მუშაკმა კი შემდგომ სხვაგვარი შინაარსის 2013 წლის 3 ივნისის №1212 დასკვნა მიიღო.

სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ა. პ-ი იზრდებოდა დეიდასთან, ვინაიდან 1999 წელს გ. პ-ი ჩამოვიდა უკრაინიდან და დედისა და ნ. გ-ის დახმარებით ზრუნავდა შვილზე. მანვე გაიღო ბავშვის მკურნალობის ხარჯებიც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით გ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მა.მდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე