№ას-635-604-2013 5 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ვ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ვ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ვ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ვ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 2000 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას რაიმე ვალდებულება მ. ვ-ის მიმართ არ გააჩნია, ვინაიდან თანხა, რომელიც მ. ვ-ემ რუსეთიდან გამოუგზავნა არის ის ვალი, რომელიც მოსარჩელეს წლების განმავლობაში გააჩნდა მის მიმართ, ესაა დაახლოებით 6000 აშშ დოლარი. 2012 წლის მარტში მან საჭიროების გამო მოსთხოვა ვალის დაბრუნება, რის გამოც მ. ვ-ემ ზემოაღნიშნული ვალიდან დაუბრუნა 2000 აშშ დოლარი. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ვ-ეს, მის სასარგებლოდ, დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ.ვ-ემ აჩვენა, რომ მ. ვ-ეს მ. ვ-ის მიმართ ვალი არ გააჩნდა, ხოლო მ.ს მიერ, მ.სათვის გადმოგზავნილი თანხა იყო სესხი, რომლის დაბრუნებასაც მ. ელოდა.
პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ საბანკო დაწესებულების მეშვეობით მოპასუხისათვის გადარიცხული თანხა წარმოადგენდა სესხს, წარმოადგინა მოწმის ჩვენება. მოპასუხემ შესაგებელში დაფიქსირებული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მ. ვ-ის სასარგებლოდ შესრულებული ჰქონდა გარკვეული სამუშაოები და, რომ ამ სამუშაოს ანაზღაურებისათვის განხორციელდა მისთვის თანხის გადმორიცხვა, შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით. პალატის განმარტებით, მხოლოდ მ. ვ-ის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. შესაბამისად, არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, დადგენილ ფაქტად მიეჩნია, მას და მოსარჩელეს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა და ამ ხელშეკრულების ანგარიშში მოსარჩელის მხრიდან მისთვის 2000 აშშ დოლარის გადმოცემის ფაქტი. პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზე, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და არასწორად განმარტა სკ-ის 361-ე მუხლი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ზეპირი სასესხო ურთიერთობა. კასატორის მითითებით, არსებობს თანხის გადმოცემის ფაქტი და მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომ თანხა ზეპირი სასესხო შეთანხმების საფუძველზე გადაეცა კასატორს. ამგვარი გარემოებების პირობებში, რამდენად საფუძვლიანია სასამართლოს მხრიდან იმ ფაქტის დადგენილად მიჩნევა, რომ თანხის გადმოცემა ნამდვილად ზეპირი სასესხო შეთანხმების საფუძველზე მოხდა. კასატორის აზრით, ასეთი პროცესუალურ-სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქმეზე ამგვარი მოცემულობის პირობებში, სასამართლოს უნდა მიეჩნია, რომ მოსარჩელემ, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, დაემტკიცებინა მოპასუხესთან ზეპირი სასესხო შეთანხმების არსებობის ფაქტი, ვერ დაამტკიცა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოება და უარი უნდა ეთქვა მისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სასესხო ურთიერთობის დამადასტურებელი მატერიალური სახის მტკიცებულება არცერთ მოდავე მხარეს არ გააჩნდა, გადაწყვეტილებაში გარდა ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმისა, სასამართლო უნდა დაყრდნობოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმას და მიეჩნია, რომ, რადგან საქმეზე საწინააღმდეგო ვერ იქნა დამტკიცებული, თანხის გადმოცემით მოსარჩელემ მისდამი თავისი ვალდებულება შეასრულა და შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს მ. ვ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 3 ივლისს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე