საქმე №ას-641-609-2013 2 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ტ. ც. თ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ღ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ტ. ც. თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ღ-ას მიმართ ნასყიდობის ფასის – 92 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2012 წლის 18 დეკემბერს შპს „ტ. ც. თ-სა“ და ლ. ღ-ას შორის დაიდო №TCT 008/05/1812/08 ნასყიდობის ხელშეკრულება. მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ავტომანქანა „LEXUS LS 460“.
მხარეთა შორის დადებული გარიგებით ნასყიდობის ფასის ანაზღაურების დრო განსაზღვრული არ ყოფილა, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა 2012 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ გაგზავნილი მოთხოვნის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულება ლ.ღ-ას არ შეუსრულებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ. ც. თ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, შპს „ტ. ც. თ-მა“ სარჩელით მოითხოვა ლ. ღ-ან ავტომანქანის ნასყიდობის ფასის – 92 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელისთვის თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მომენტიდან, ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის ფასის გადაუხდელობისთანავე – 2008 წლის 18 დეკემბრიდან.
სამოქალაქო კოდექსის 148-ე, 149-ე მუხლების, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზით სასამართლომ დაასკვნა, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ ლ. ღ-ას ფაქტობრივად გადაეცა ნასყიდობის საგანი და მოპასუხე შსს მომსახურების სააგენტოში აღირიცხა შეძენილი ავტომანქანის მესაკუთრედ. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ლ. ღ-ამ ავტომანქანაზე საკუთრების უფლება მოიპოვა 2008 წლის 18 დეკემბერს.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ გამყიდველმა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულა ვალდებულება – გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, გამყიდველს მის მიერ ვალდებულების შესრულების მომენტიდან – 2008 წლის 18 დეკემბრიდან წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა გამყიდველისათვის ნასყიდობის ფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე უნდა დაიწყოს 2008 წლის 18 დეკემბრიდან, როცა მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა თავისი უფლებების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელისთვის თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო 2008 წლის 18 დეკემბრიდან, შპს „ტ. ც. თ-მა“ კი სასამართლოს განსახილველი სარჩელით მიმართა მხოლოდ 2012 წლის 12 ოქტომბერს, კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ხანდაზმულია.
სამოქალაქო კოდექსით (132-ე მუხლი) ამომწურავადაა დადგენილი ის გარემოებები, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას იწვევს. პალატამ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტი ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძვლად თვლის სარჩელის წარდგენის შეუძლებლობას განსაკუთრებული და მოცემული მომენტისთვის დაუძლეველი ძალის გამო, როგორიცაა მოპასუხის შვილის მიერ (რომელიც იყო მაღალი თანამდებობის პირი) მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ზეწოლა, რომ მას არ მოეთხოვა ნასყიდობის საფასურის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია განმარტოს, რომ ცნება „დაუძლეველი ძალა“ მოიცავს, როგორც სტიქიურ უბედურებას, ისე საზოგადოებრივ მოვლენებს (სამოქალაქო ომი), რომლებიც არღვევენ ტრანსპორტის, სასამართლოსა და სხვა ორგანოების ნორმალური მუშაობის რეჟიმს. იმისათვის, რომ ესა თუ ის მოვლენა დაუძლეველ ძალად დაკვალიფიცირდეს, იგი, უპირველეს ყოვლისა, უჩვეულო უნდა იყოს, ანუ მოვლენათა ნორმალური მსვლელობიდან ამოვარდნილი და, როგორც წესი, წინასწარ გაუთვალისწინებელი. გარდა ამისა, ასეთი მოვლენა ობიექტურად შეუქცევადი უნდა იყოს, მისი შეჩერება კონკრეტულ სიტუაციაში არსებული ტექნიკური და სხვა საშუალებებით შეუძლებელი უნდა იყოს. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით და იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ტ. ც. თ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ხანდაზმულობაზე უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიუთითა.
მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის ფასის გადახდის ვადა განსაზღვრული არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, კასატორმა მოწინააღმდეგე მხარეს თანხის გადახდის მოთხოვნა გარიგების დადებისას არ წარუდგინა. ამდენად, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს ის დრო, როდესაც მოსარჩელემ წარუდგინა მოთხოვნა მოსარჩელეს და არა ხელშეკრულების დადების თარიღი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არსებობდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების წინაპირობები.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოპასუხეს სადავო თანხის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განჩინებით შპს „ტ. ც. თ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ტ. ც. თ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ტ. ც. თ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 3 ივლისს №264 საგადახდო დავალებით გადახდილი 7608,40 ლარის 70% – 5325,88 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტ. ც. თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ტ. ც. თ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..,.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 3 ივლისს №264 საგადახდო დავალებით გადახდილი 7608,40 ლარის 70% – 5325,88 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე