№ას-654-622-2013 5 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის25 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ბ-სა და ლ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მ. ბ-ის მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - თბილისი, დ-ის ქუჩა, №20/6 - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .... -1/8 წილზე და ამ ნაწილში ე. ბ-სა და ლ. ბ-ს შორის აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2011 წლის 5 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაბათილება; ე. ბ-სა და ლ. ბ-ს შორის 2009 წლის 25 დეკემბერსა და 2009 წლის 28 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა 1/4 ნაწილში და ამ ნაწილში ქ. თბილისში, ა-ის III ჩიხის, №9-ში მდებარე თითოეულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი ე. ბ-სა და ლ. ბ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების, ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ბ-ი აღირიცხა მესაკუთრედ, საჯარო რეესტრში ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე, თბილისი, დ-ის ქუჩა N20/6 - 1/8 წილზე და ამ ნაწილში გაბათილდა ე. ბ-სა და ლ. ბ-ს შორის აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2011 წლის 5 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მ. ბ-ის სარჩელი ე. ბ-სა და ლ. ბ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქონების ¼ წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წეისთ გაასაჩივრა ლ. ბ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატის მოსაზრებით, ლ. ბ-ის ცნობილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონების, მდებარე, თბილისი, შ. დ-ის ქუჩა N20/6-ის ერთადერთ მესაკუთრეს არ წარმოადგენდა ე. ბ-ი.
დადგენილ იქნა, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე, თბილისში, შ. დ-ის ქ. N20/6-ში შეძენილ. მეუღლეთა - გ. ბ-სა და ე. ბ-ის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მათი თანაცხოვრების დროს. შესაბამისად, პალატის აზრით, გ. ბ-ის წილი აღნიშნული ქონებიდან განისაზღვრება ½ ნაწილით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, დადგინდა, რომ გ. ბ-ის სამკვიდროს შეადგენდა თბილისში, შ. დ-ის ქ. N20/6-ში მდებარე ქონების ½ ნაწილი, ხოლო ½ წილი ე. ბ-ის საკუთრებას.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ბ-ის კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: მეუღლე - ე. ბ-ი; შვილები - მ. ბ-ი, ლ. ბ-ი და მ. ბ-ი (პუნქტი 2.7). შესაბამისად, ლ. ბ-ის ცნობილი იყო, რომ დედა - ე. ბ-ი არ წარმოადგენდა ქონების ერთადერთ მესაკუთრეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. პალატის აზრით, ამგვარ პირობებში, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მემკვიდრემ - შვილმა, ლ. ბ-მა, იცოდა ქონებაზე მშობლების თანასაკუთრების ფაქტი, შესაბამისად, ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი უკვე გადადის მოპასუხეზე, რომელსაც სასამართლოსთვის არ დაუსაბუთებია, თუ რა გარემოება გამორიცხავდა მისი მხრიდან სადავო ქონებაზე ცოლ-ქმრის -მშობლების თანასაკუთრების ფაქტის ცოდნას.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312.2-ე, 185-ე, 54-ე, 62-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად მიიჩნია, რომ მ. ბ-ი უნდა აღრიცხულიყო, თბილისში, შ. დ-ის ქ. N20/6-ში მდებარე ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/8 წილის მესაკუთრედ და ამ ნაწილში უნდა გაბათილებულიყო ე. ბ-სა და ლ. ბ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან არსებობდა გ. ბ-ის ოთხი მემკვიდრე, ხოლო მ. ბ-ის წილი შესაბამისად განისაზღვრებოდა 1/8-ით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბკაშვილმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. ბ-ის სახელზე,ქ. თბილისში, შ.დ-ის ქ. №20/6-ში მდებარე უძრავი ქონების 1/16 წილის აღრიცხვა შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავი ქონება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ე. ბ-სა და ა.გ-ეს უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში პურის სპეციალური მაღაზია №27. ამდენად ეს ფართი წარმოადგენდა ე. ბ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას. ა.გ-ემ თავისი წილი მიჰყიდა ვ. ხ-ს, ხოლო ვ. ხ-მა - ე. ბ-ს. ამ პერიოდში ე. ბ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ბ-ან. ამდენად ქონების ეს ნაწილი წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას და გ. ბ-ის სამკვიდრო წილი შეადგენს ¼ წილს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ს 4 პირველი რიგის მემკვიდრე ჰყავს, მ. ბ-ის წილი უნდა ყოფილიყო ¼-ის ¼, 1/16.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ლ. ბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 15 ივლისს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე