საქმე №ას-663-630-2013 9 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ის მიმართ. მან მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ც. კ-ის ქუჩა №18-ში მდებარე უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ნ. დ-ის გადაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის მარტში მოპასუხე გ. ს-ან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ.თბილისში, ც.კ-ის ქ.№18-ში მდებარე უძრავი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიუხედავად, მოპასუხე გ. ს-ი არ ათავისუფლებს ნ. დ-ის საკუთრებას, რითაც იზღუდება მისი უფლებები, კანონიერად დაეუფლოს თავის საკუთრებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ც. კ-ის ქუჩა №18-ში (მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 840 კვ.მ-დან 210 კვ.მ და შენობა №1-დან 34.48 კვ.მ, №5 საერთო ფართით 20.80 კვ.მ, №6 საერთო ფართით 33,78 კვ.მ და №7 საერთო ფართით 11,18 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე ნ. დ-ი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა გ. ს-ის უკანონო მფლობელობიდან, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ 2012 წლის 27 სექტემბერს, 12.00 სთ-ზე დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა მოპასუხე გ. ს-ის მეუღლე მ. მ-ას, სატელეფონო შეტყობინებით შესაგებელში მითითებულ ტელეფონზე.
მოპასუხე პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, რის თაობაზეც აცნობა სასამართლოს და მოითხოვა სხდომის გადადება. გ. ს-ი არ გამოცხადდა 2012 წლის 27 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე დანიშნულ სხდომაზე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით და დაადგინა, რომ გ. ს-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა 2012 წლის 27 სექტემბერს დანიშნული სხდომის თაობაზე, თუმცა იგი დანიშნულ დროს სხდომაზე არ გამოცხადდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აპელანტი სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად ასახელებს პირადობის მოწმობის არქონას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ვერ მიიჩნევა ხსენებული ნორმებით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებად, მით უფრო მაშინ, როდესაც მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად (ასეთი შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო რეესტრისადმი მიმართვა ახალი პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე).
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სარჩელში მითითებულ და დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტობრივ გარემოებებაზე, კერძოდ:
მოსარჩელე ნ. დ-ი არის თბილისში, ც. კ-ის ქუჩა №18-ში (მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 840 კვ.მ-დან 210 კვ.მ და შენობა №1-დან 34.48 კვ.მ, №5 საერთო ფართით 20.80 კვ.მ, №6 საერთო ფართით 33,78 კვ.მ და №7 საერთო ფართით 11,18 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე.
მოპასუხე ფლობს ნ. დ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გამოტანილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ს-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ იხელმძღვანელა 230-ე მუხლით, მაგრამ მხედველობიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ კასატორმა, როგორც მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დაცვით განაცხადი შეიტანა თავისი კანონიერი ინტერესების დასაცავად და მოითხოვა პროცესის გადადება გონივრული ვადით. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ არ მისცა საშუალება, დაეცვა თავისი და მისი მცირეწლოვანი სამი შვილის ინტერესი, რათა ამჟამინდელ ბინის მესაკუთრეს ვერ მოეხერხებინა მათი ბინიდან გამოსახლება. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ფორმალურად, იგი არის იპოთეკის ხელშეკრულების გაგრძელება. ამ გარემოებების დასამტკიცებლად კასატორი ითხოვდა დროს, რათა აეყვანა ადვოკატი და სათანადოდ დაეცვა საკუთარი ინტერესები.
ამასთან, სასამართლო სხდომას დამსწრის სახით ესწრებოდა კონსტანტინე მჭედლიშვილი, რომელიც მოხსენიებულია, როგორც მოწინააღმდეგე მხარე ნ. დ-ის წარმომადგენელი და მას არ ჰქონია უფლება, რომ დასწრებოდა სასამართლო სხდომას წარმომადგენლის სტატუსით და მიეღო მონაწილეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ გ. ს-ს უნდა დაუბრუნდეს 2013 წლის 20 ივლისს №2 სალაროს შემოსავლის ორდერით გ. ს-ის მიერ და 2013 წლის 25 სექტემბერს №2 სალაროს შემოსავლის ორდერით მ. გ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. ს-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2013 წლის 20 ივლისს №2 სალაროს შემოსავლის ორდერით გ. ს-ს მიერ და 2013 წლის 25 სექტემბერს №2 სალაროს შემოსავლის ორდერით მ. გ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე