საქმე №ას-66-61-2013 12 დეკემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „კ-ი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობა საქართველოში (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება და საომარი მდგომარეობის გამო მოპასუხის მიერ მიღებული თანხის ნაწილის გადაცემა (სარჩელის მოთხოვნა); ავანსად გაცემული და დაუბრუნებელი თანხების ანაზღაურება და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „კ-მა“ სარჩელი აღძრა წალკის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობა საქართველოს მიმართ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურების, ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების და საომარი მდგომარეობის გამო მოპასუხის მიერ მიღებული თანხის ნაწილის გადაცემის მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით
2008 წლის 15 მაისს შპს „კ-ს“ და შპს „ა. ი-ის“ საქართველოში წარმომადგენლობას შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უნდა შესრულებულიყო საგზაო-სამშენებლო სამუშაოები, ფარცხისიდან სათხემდე გზის მონაკვეთზე, ხოლო მოპასუხე კისრულებდა ვალდებულებას ხელშეკრულების შესაბამისად აენაზღაურებინა გაწეული სამუშაოების ღირებულება. გარდა აღნიშნულისა, ხელშეკრულების შესაბამისად მხარეებს გააჩნდათ გარკვეული ვალდებულებანი, რომელთა შესრულებაც მათ ევალებოდათ, რათა სრულყოფილად ყოფილიყო შესრულებული შესაბამისი საგზაო სამუშაოები. დამკვეთი შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობა საქართველოში ვალდებული იყო მიეწოდებინა საპროექტო დოკუმენტაცია, ნახაზები მიწის სტრუქტურული საფარის დაზუსტებული კორდინატების შესახებ, არხებისა და წყალგამშვები მილების ადგილმდებარეობის შესახებ და ა.შ. შპს „კ-ის“. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის გარეშე შეუძლებელი იყო გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოთა შესრულება. მიუხედავად არაერთი წერილობითი გაფრთხილებისა მოპასუხე მიზანმიმართულად თავს არიდებდა ვალდებულების შესრულებას. მოპასუხის მიზან მიმართული და ბრალეული მოქმედებათა გამო, მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი რაც გამოიხატა შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელობაში, საბანკო გარანტიაზე და დაზღვევაზე გადახდილი პროცენტები, ავტოტექნიკისა და მექანიზმების იჯარა და ა.შ.
შპს „ა. ი-ის“ მიერ წერილობითი შეტყობინებით შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება.
გარდა ამისა, „ფ. ა. გ. ს-ოს“ მიერ გამოგზავნილი წერილით ირკვევა რომ შპს „ა. ი-მა“ 2009 წლის ივნისში ფონდისგან მიიღო 960 552,10 აშშ დოლარი. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-6 ნაწილისა და მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემსრულებელმა (შპს „კ-მა“) სამუშაოები უნდა შეასრულოს გენერალური ხელშეკრულების და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად. შემსრულებელთან მიმართებაში გენერალური კონტრაქტორის ყველა პირობა მოქმედებს უცვლელად და თანმიმდევრობით. შესაბამისად, თუ დამკვეთმა, მოპასუხემ მიიღო კომპენსაცია, იგი ვალდებული იყო გარკვეული ნაწილი გადაეხადა მოსარჩელისათვის ვინაიდან იგი ასრულებდა სამუშაოებს. მას უნდა მიეღო ომის კომპენსაციის 80%.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობას საქართველოში დაეკისროს 642 323 ლარის, 2 326 794 აშშ დოლარისა და საკომპენსაციო თანხის 967 928 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობამ საქართველოში სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
შპს „კ-ის“ მიერ არ არის წარმოდგენილი დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მოთხოვნილი თანხების დაანგარიშება და დასაბუთება. შპს „კ-ის“ მიმართ შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობას საქართველოში ვალდებულება სამშენებლო აღჭურვილობის იჯარიდან შეადგენს 42 277,86 ლარს. ამასთან, შპს „კ-ს“ გააჩნია მათი კომპანიის დავალიანება 1 788 356,83 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა დარჩენილია 2 710 506,98 ლარიდან, რომელიც საავანსო გადახდის სახით მათ მიერ გადახდილი იქნა შპს „კ-ე“ 2008 წლის 5 ივნისს.
რაც შეეხება საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების მოთხოვნას მოპასუხე შპს „ა. ი-მა“ მიუთითა, რომ „2008 წლის აგვისტოს ომი“ საქართველოს მხრიდან ოფიციალურად დადასტურებული იქნა და საომარი მდგომარეობა ქვეყანაში გამოცხადდა 2008 წლის 9 აგვისტოს #242 ბრძანებულებით და გაუქმებული იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს #425 ბრძანებულებით. საომარი მდგომარეობა მთელ ტერიტორიაზე გაუქმდა 2008 წლის 4 სექტემბრიდან. ამ პერიოდში შპს „კ-ი“ ხელშეკრულების შესაბამისად სამუშაოს ასრულებდა მე-4 ლოტზე, ხოლო MCC/5C-3/08 კონტრაქტის დამატება #2 „კ-ის“ მიერ მე-2 ლოტზე სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმდა 2009 წლის 15 ივლისს. „ფ. ა. გ. ს-ან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ „ა. ი-მა“ მიიღო 2009 წლის ივნისში „ომის კომპენსაცია“ 960 552,10 აშშ დოლარის ოდენობით. ამ წერილში არსად არ არის ასახული თუ რა ზიანისთვის მიიღო ეს თანხა კომპანიამ. ამ თანხის განმარტება „ფინროუდის“ 2009 წლის 11 მაისის წერილშია დაფიქსირებული და აღნიშნულია რომ მე-2 ლოტზე მშენებლობას მართლაც მიაყენა ზიანი საომარმა მდგომარეობამ. ამიტომ შპს „ა. ი-ას“ გაუხანგრძლივდა კონტრაქტის ვადა 24 დღით და მიეცა კომპენსაცია. კომპენსაცია გაიცა მხოლოდ მე-2 ლოტზე და შპს „კ-ი“ მასზე ვერ გაავრცელებს თავის პრეტენზიას. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს არანაირი კომპენსაციის გადახდას. მოსარჩელის მიერ მითითებული ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ ქვეკონტრაქტორის (კ-ის) ვალდებულებას შეასრულოს სამუშაო გარკვეული მოთხოვნების დაცვით, მათ შორის „ფაგს“ კონტრაქტის შესაბამისად, ხოლო მეოთხე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ ქვეკონტრაქტორმა უნდა იკისროს ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა.
2011 წლის 17 თებერვალს წალკის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობამ საქართველოში შპს „კ-ის“ მიმართ ავანსად გაცემული და დაუბრუნებელი თანხების ანაზღაურების და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2008 წლის 20 მარტს ტენდერში გამარჯვების შედეგად „ა. ი-სა“ და ფ. ა. გ. ს-ოს შორის გაფორმდა წალკის გზატკეცილის რეაბილიტაციის შესახებ შეთანხმება, რომლითაც შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობას საქართველოში დაევალა რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება პროექტის #2 (ფარცხისი-გოხნარის მონაკვეთი 27,0 კვ.მ. – 64,1 კვ.მ.), #3 (გოხნარი-ნარდევანი 64.1 კვ.მ.-98.7 კვ.მ.) და #4 (ნარდევანი-საცხე 98.7 კვ.მ.-146.5 კვ.მ.) ლოტებზე.
2008 წლის 15 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა MCC/SC-3/08 შეთანხმება რომლის შესაბამისად შპს „კ-ს“ უნდა შეესრულებინა სამუშაოები წალკის გზატკეცილზე #4 ლოტზე, საერთო თანხით 15 718 551,29 აშშ დოლარი. კონტრაქტის საბოლოო ღირებულება და შესაბამისად საბოლოო გადასახდელი თანხა უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულების 1.5 მუხლის შესაბამისად სამუშაოების დასრულების შემდეგ. MCC/SC-3/08 კონტრაქტის შესაბამისად საკონტრაქტო ფასის 15% შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობას საქართველოში უნდა აენაზღაურებინა წინასწარი გადახდის სახით, მას შემდეგ რაც შპს „კ-ი“ წარმოადგენდა წინასწარი გადახდის საბანკო გარანტიას. ასეთი გარანტია შპს „კ-მა“ წარმოადგინა 2008 წლის 28 მაისს, რის შემდეგაც შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობამ საქართველოში გადაურიცხა შპს „კ-ს“ 2 710 506,98 ლარი ავანსის სახით, ასევე აუნაზღაურა სამობილიზაციო სამუშაოების ღირებულება და მოძრაობის უსაფრთხოებისათის ხარჯები სულ 130 000 აშშ დოლარის ოდენობით. MCC/SC-3/08 ხელშეკრულების თანახმად, წინასწარი საავანსო გადახდის უკუანაზღაურება შპს „კ-ან“ უნდა მომხდარიყო შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისას ყოველი გადასახდელი თანხიდან 15% დაკავებით. სამუშაოების წარმართვა შპს „კ-ის“ მიერ უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების #3 დანართში ჩამოყალიბებული გრაფიკით. გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში შპს „კ-ი“ ვალდებული იყო გადაეხადა შპს „ა. ი-ის“ კონტრაქტის მთელი ღირებულების 0,15% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მთლიანად შეიძლებოდა შეედგინა საკონტრაქტო ღირებულების 10%.
შპს „კ-ი“ არ ასრულებდა კონტრაქტის პირობებს. სისტემატურად არღვევდა გრაფიკისა და ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნებს, რის გამოც შპს „ა. ი-ი“ იძულებული გახდა სამუშაოების უდიდესი ნაწილი გადაეცა სხვა კომპანიისათვის. კერძოდ, ხელშეკრულების შესაბამისად 15 588 500,38 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაობის შესრულების ვადა იყო 26 თვე, იმ დროს, როდესაც შპს „კ-ს“ 2009 წლის 28 თებერვლისათვის (10 თვეში) შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 2048 332,95 აშშ დოლარის სამუშაობი, ნაცვლად გრაფიკით გათვალისწინებული 6 500 00 აშშ დოლარისა.
2009 წლის 6 თებერვალს შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობა საქართველოში იძულებული გახდა მშენებლობის დაჩქარების მიზნით ლოტი #4-ზე სამუშაობი ნაწილი გადაეცა შპს „ბ-ის“, რაზედაც გაფორმდა კონტრაქტის #8 დანართი, რომლის თანახმადაც შპს „კ-ს“ შესასრულებლად დაუტოვეს მხოლოდ 3 991 612,59 აშშ დოლარის სამუშაოები.
შპს „კ-ი“ კვლავ აგრძელებდა ნაკისრი ვალდებულების იგნონირებას, რის შესახებაც მიიღო შენიშვნები. სამუშაოების ნელი ტემპით მიმდინარეობის გამო უკმაყოფილო იყო გენერალური დამკვეთი „MCG”, რის გამოც შპს შპს „ა. ი-ს“ მთლიანად ჩამოერთვა #4 ლოტი, ვინაიდან მისი ქვეკონტრაქტორი შპს „კ-ი“ ვერ ასრულებდა ვადაში შესაბამისი ხარისხის სამუშაოებს. შესაბამისად, შპს შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობა საქართველოში იძულებული გახდა შეეწყვიტა კონტრაქტი შპს „კ-ან“.
ვინაიდან შპს „კ-ს“ დასაბრუნებელი ჰქონდა ავანსად აღებული თანხის უდიდესი ნაწილი (1 564 157,61 აშშ დოლარი) შპს „ა. ი-მა“ მისცა საშუალება შპს „კ-ს“ საავანსო თანხები დაებრუნებინა სამუშაოების შესრულების გზით, რის გამოც 2009 წლის 15 ივლისს გაფორმდა MCC/5C-3/08 ხელშეკრულების ცვლილება #2, რომლის შესაბამისად შპს “კ-ს“ უნდა შეესრულებინა სამუშაოები #2 ლოტზე. სამუშაოების საერთო ღირებულებას უნდა შეედგინა 1 535 536,52 აშშ დოლარი. საავანსო თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოების შესრულების შესახებ სერთიფიკატების ყოველი ანაზღაურებიდან 25% დაკავების გზით. იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტი შეწყდებოდა შპს „ა. ი-ის“ მხრიდან ან ამოიწურებოდა და შპს „კ-ი“ არ შეასრულებდა ნაკის ვალდებულებებს იგი ვალდებულებას კისრულობდა დაუყოვნებლივ დაებრუნებინა შპს „ა. ი-ის“ საავანსო თანხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკანასკნელი აამოქმედებდა საავანსო გადახდის საბანკო გარანტიას, რომელიც მას მიღებული ჰქონდა „საქართველოს ბანკიდან“. შპს „კ-ი“ კვლავ არ ასრულებდა მასზე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც დასტურდებოდა იმით რომ #2 ლოტზე მან შეასრულა მხოლოდ 53 304,68 აშშ დოლარის სამუშაოები, შემდეგ კი საერთო შეწყვიტა საქმიანობა, მაგრამ სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო შეჩერებული იქნა საბანკო გარანტიის გადახდა, რის გამოც შპს „ა. ი-მა“ ვერ დაიბრუნა ავანსად გადახდილი 1 083 748,97 აშშ დოლარი, ვინაიდან საბანკო გარანტიას 2010 წლის 28 აგვისტოს გაუვიდა ვადა.
შპს „კ-ის“ მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო MCG-იმ შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობას საქართველოში ჩამოართვა მე-4 ლოტზე შესასრულებელი სამუშაოები თანხით 15 718 551,29 აშშ დოლარი, საიდანაც 25% წარმოადგენდა შპს „ა. ი-ის“ მოგებას. შესაბამისად, შპს „კ-მა“ მას მიაყენა ზიანი 3 929 637,8 აშშ დოლარის ოდენობით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობამ საქართველოში მოითხოვა შპს „კ-ს“ დაეკისროს ავანსად მიღებული და დაუბრუნებელი თანხა 1 083 748,97 აშშ დოლარი და მიყენებული ზიანის სახით 3 929 637,8 აშშ დოლარი.
შეგებებულ სარჩელში მოპასუხემ შპს „კ-მა“ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
მხარეთა შორის არსებული 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „კ-ის“ ავანსის სახით უნდა გადაეხადათ 2 257 746,86 აშშ დოლარი. ეს თანხა წარმოადგენდა საერთო შესასრულებელი სამუშაოების 15%. მიუხედავად ამისა გადახდილი იქნა 1 886 226,15 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ხელშეკრულების დადებიდან უკვე 2 კვირის ვადაში დარღვეული იქნა მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ასევე ავანსის უზრუნველსაყოფად 2008 წლის 28 მაისს გაცემული იქნა საქართველოს ბანკის მიერ საგარანტიო წერილი და ხელშეკრულების თანახმად საგარანტიო თანხა განისაზღვრა 2 225 746, 86 აშშ დოლარით. შესაბამისად, მხარეები ავანსზე შეთანხმებული იყვნენ იმ ოდენობით რაც მითითებულია საგარანტიო ხელშეკრულებაში.
შპს „ა. ი-მა“ როგორც შეგებებულ სარჩელში აღნიშნა დამკვეთმა შემსრულებელს გადაუხადა სამობილიზაციო სამუშაოების ღირებულება და მოძრაობის უსაფრთხოებისათის ხარჯები 130 000 აშშ დოლარი. აღნიშნული გადახდით მოპასუხემ (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელემ) დაარღვია ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, გენერალური ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით დამკვეთს ევალებოდა გადაეხადა საერთო ჯამში 175 000 აშშ დოლარი.
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელში მოთხოვნილ პირგასამტეხლოს პირველ რიგში ეს უნდა დაეკისროს დამკვეთს, ვინაიდან იგი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (მუხლის მე-5 პუნქტი 2). კერძოდ, ქვეკონტრაქტორს არ გადასცა ნახაზები, საპროექტო მუშა ნახაზებიდა მთლიანად სამუშაო დოკუმენტაცია. რაზედაც არაერთხელ იქნა გაგზავნილი წერილი. დამკვეთმა დოკუმენტაცია გადასცა ერთი წლის დაგვიანებით რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა სამუშაო ტექნიკის, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, მუშა ხელის და მთლიანად კომპანიის გაჩერება და მოცდენა.
დამკვეთის, შპს „ა. ი-ის“ თხოვნით ლოტი #4-ის მესამე სექციაზე 130 კვ.მ დამ 146.5 კვ.მ. ჩათვლით სამუშაოების შესრულება გადაეცა „ბ-ს“ რაზედაც შედგენილი იქნა შეთანხმება დანართი #8, რომლის თანახმადაც კ-ის მიერ გადაცემული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 8% ნაკლებს. მოცემული 8% გამოაკლდებოდა გადახდილ ავანს და შემცირდებოდა საგარანტიო თანხა. შპს „კ-ის“ მიერ არ მომხდარა ვალდებულების დარღვევა. შპს „კ-ი“ წერილობით მოითხოვდა იმ სამუშაო დოკუმენტაციის გადმოცემას რაზედაც უნდა შესრულებულიყო სამუშაოები. აღნიშნულს ადასტურებს არაერთხელ გაგზავნილი წერილები. არასწორია შპს „ა. ი-ის“ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „კ-მა“ უარი განაცხადა ყველანაირ პრეტენზიაზე ლოტი #4-თან დაკავშირებით. 2009 წლის 15 ივლისის #2 შეთანხმების თანახმად, შპს „კ-მა“ უარი განაცხადა იმ პრეტენზიებზე რაც შესაძლოა მას ჰქონოდა ლოტი #4-ის მე-3 სექციაზე. შპს „კ-ი“ დღეისათვის დაობს ლოტი #4-დან პირველ და მეორე სექციებზე და არა მესამე სექციაზე.
შეგებებული სარჩელის ავტორმა შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობამ საქართველოში შპს „კ-ის“ შესაგებელთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ არასწორია შპს „კ-ის“ პოზიცია თითქოს ავანსის სახით უნდა გადახდილიყო 2 225 746,86 აშშ დოლარი, რადგან ხელშეკრულებაში მითითებული საერთო თანხის 1 257 484,1 აშშ დოლარის 15% შეადგენს 1 886 226,15 აშშ დოლარს რომლის ექვივალენტი ლარში შეადგენს 2 710 506,98 ლარს რაც გადაერიცხა კიდეც.
არასწორია შპს „კ-ის“ მტკიცება თითქოსდა საქართველოს ბანკის მიერ საავანსო გადახდის გარანტია გაიცა 2 225 746,86 აშშ დოლარზე. საქმეში წარმოდგენილია 1 886 226,15 აშშ დოლარზე გაცემული გარანტიის ასლი (28.05.2008 #ADV/0339/08) რომელზეც ნათლად ჩანს ბანკის ბეჭედი და ხელმოწერა. მეორე მხარის მიერ კი წარმოდგენილი იქნა იგივე ნომრით და თარიღით გაცემული გარანტია განსხვავებულ თანხაზე, რომელიც არ წარმოადგენს სავარაუდოდ ნამდვილ დოკუმენტს.
ასევე არასწორის შპს „კ-ის“ მტკიცება იმის თაობაზე რომ მას უნდა მიეღო 175 000 აშშ დოლარი სამობილიზაციო და უსაფრთხოების ხარჯებთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება რომ შპს „კ-ი“ ითხოვს აღნიშნული ხარჯებისთვის 130 000 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით 153 400) რაც შეადგენს 217 527,2 ლარს და აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა შპს „ა. ი-ის“ მიერ.
მხარეების მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსად არ არის დათქმული ნახაზებისა და სამუშაო დოკუმენტაციის გადაცემის ვადა შესაბამისად არასწორია მტკიცება იმისა რომ მათ დროზე არ გადაეცათ აღნიშნული დოკუმენტაცია. წარმოდგენილი სერტიფიკატი ცხადყოფს, რომ შემსრულებელი თავს ვერ ართმევდა სამუშაოს მოცულობებს და სიამოვნებით დათანხმდა საქმის სხვა კომპანიისათვის გადაცემას. ასევე არასწორია მტკიცება იმის შესახებ რომ შპს „კ-ი“ პირნათლად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და შპს „ა. ი-მა“ მოსთხოვა მე-4 ლოტის ნაწილი შესასრულებლად გადაცემოდა სხვა კომპანიას. თუ შპს „კ-ი“ მართლა შესაბამისად ასრულებდა თავის სამუშაოს რატომ გადასცა შპს „ა. ი-მა“ სამუშაო შპს „ბ-ს“ რომელიც 8%-ით უფრო ძვირად ასრულებდა სამუშაოს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მე-4 ლოტი არასდროს ყოფილა დაყოფილი სექციებად და 2009 წლის 15 ივლისის #2 შეთანხმებით შპს „კ-მა“ უარი თქვა ყველა სარჩელზე და პრეტენზიაზე რომელიც მას შესაძლოა ჰქონოდა მე-4 ლოტთან დაკავშირებით. მე-4 ლოტი მთლიანობაში MCG-თან კონტრაქტის შესაბამისად წარმოადგენდა ამავე დროს მე-3 სექციას. ხელშეკრულების თანახმად, ლოტი 2- ფარცხისი-გოხნარის მონაკვეთი იწოდებოდა პირველ სექციად, ლოტი 3 - გოხნარი-ნარდევანის მონაკვეთი მეორე სექციად და ლოტი 4 - ნარდევანი-სათხის მონაკვეთი მესამე სექციად.
წალკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს. “ა. ი-ის” წარმომადგენლობას საქართველოში დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიყენებული ზიანის და შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება 2.015.000 აშშ დოლარის ოდენობით და 650 000 ლარის ოდენობით; საომარი მდგომარეობის გამო მოპასუხის მიერ მიღებული თანხის ნაწილის – 967.928 ლარის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შ.პ.ს. “კ-ს” ეთქვა უარი. შპს ,,ა. ი-ის” წარმომადგენლობას საქართველოში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
წალკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენლობამ საქართველოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ა. ი-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდანაწილობრივ; შეიცვალა წალკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ა. ი-ს“ შპს ,,კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 336 231.2 აშშ დოლარის ოდენობით და საბანკო გარანტიის ხარჯის ანაზღაურება 236 056 აშშ დოლარის ოდენობით. შპს ,,კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა გამოყენებული და ადგილზე მიტანილი მასალის ღირებულებისა და დაზღვევაში გადახდილი თანხის ანაზღაურების ნაწილში. შპს ,,ა. ი-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,კ-ს“ შპს ,,ა. ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 083 748.97 აშშ დოლარი. შპს ,,ა. ი-ის“ სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 20 მარტს ტენდერში გამარჯვების შედეგად შპს “ა. ი-სა” და ფონდ ,,ა. გ. ს-ოს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის შესახებ, რომლითაც შპს ,,ა. ი-მა“ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სამუშაოები, კერძოდ კონტრაქტი №SJRRP/CW/04 მოიცავს ფარცხისი–კოხნარის გზის (ნაწილი№SJRRP/CW/04–02 შემდგომში ,,ნაწილი 1“), კოხნარი–ნადრევანის გზის (ნაწილი №SJRRP/CW/04–03 შემდგომში ,,ნაწილი 2“) და ნადრევანი–სამცხეს გზის (ნაწილი№SJRRP/CW/04–04 შემდგომში ,,ნაწილი 3“) რეაბილიტაციას (ტ. 4. ს.ფ. 11–13);
აღნიშნული კონტრაქტის საფუძველზე 2008 წლის 15 მაისს შპს “კ-სა და შპს “ა. ი-ის წარმომადგენლობას საქართველოს” შორის (,,გენერალური კონტრაქტორი“) (ეს უკანასკნელი წარმოადგენს შპს “ა. ი-ის”, ე.ი. უცხოური საწარმოს ფილიალს) დაიდო ხელშეკრულება №MCG/SC-3/08, რომლის შესაბამისად “კ-ს” (ქვეკონტრაქტორს) უნდა შეესრულებინა სამუშაოები ფარცხისიდან სათხემდე გზის მონაკვეთზე (ფაგს კონტრაქტის თანახმად ლოტი №4) (ტ.1.ს.ფ. 106–117)
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენს (დღგ–ს გარეშე) 12 574 841 აშშ დოლარს; 3.2. პუნქტის თანახმად, გენერალური კონტრაქტორი ქვეკონტრაქტორს გადაუხდის ავანსს საკონტრაქტო ფასის (დღგ–ს ჩათვლით) 15%–ის ოდენობით, ქვეკონტრაქტორის მიერ გენერალური კონტრაქტორისათვის სასურველი ბანკიდან უპირობო საბანკო გარანტიის მე–4 დანართით გათვალისწინებული ფორმით წარმოდგენის შემდეგ. გენერალურმა კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი გადახდა ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიისა და წინასწარი გადახდის საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,კ-მა“ ავანსის სახით მიიღო 2 710 506.98 ლარი (1 884 915,45 აშშ დოლარი) (ტ.3. ს.ფ. 82–83)
ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულებაში 2009 წლის 15 ივლისს მხარეთა შორის შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთშეთანხმებას, რათა შეეცვალათ ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ადგილმდებარეობა, პირობები და რაოდენობა. ამ შესწორებით შპს “კ-ს” სამუშაოები უნდა ეწარმოებინა სამცხე–ჯავახეთის გზაზე, სექცია 49–59 კმ გზის მონაკვეთზე (ლოტი #2-ის ნაწილი MCGF ხელშეკრულების თანახმად) (ტ. 4. ს.ფ. 111-114).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ ყოფილა განპირობებული შპს ,,კ-ის“ ბრალეული მოქმედებით. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე:
დადგენილია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს ,,კ-მა“ დაიწყო 2008 წლის ივნისში. ხელშეკრულება შეწყდა 2009 წლის აგვისტოს ბოლოს.
ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, გენერალური კონტრაქტორი თავისი ექსპერტების საშუალებით წარმოადგენს მარკირებულ ცენტრალურ ხაზსა და მარცხენა და მარჯვენა ხაზებს ყოველ 25 მეტრში (ქვეკონტრაქტორის ექსპერტებთან თანამშრომლობით) ქვემდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებისთანავე.
2008 წლის 15 ოქტომბრის №294/10 წერილით შპს ,,ა. ი-ს“ ეცნობა, რომ მოსარჩელემ მიიღო ცენტრალური ხაზის კოორდინატები 20მ–იანი დანაყოფებით წერტილებს შორის და საინჟინრო ჯგუფის 3 სახის ინსტრუქცია. ადგილზე ცენტრალური ხაზის მონიშვნის დროს გამოვლინდა სხვაობები ახალ გეოდეზურ მონაცემებსა და საპროექტო მონაცემებს შორის. შპს ,,კ-მა მოითხოვა 20 ოქტომბრამდე საბოლოო ნახაზები და გზის ვაკისის კოორდინატები განივ კვეთებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო არსებული ცენტრალური ხაზის წერტილთან, იმისათვის რომ შპს ,,კ-ს“ აეღო სამუშაოს შესრულების შესაბამისი პასუხისმგებლობა (ტ.1. ს.ფ. 138–139);
2009 წლის 09 მარტის №070/03 წერილში შპს ,,ა. ი-ის“ მიმართ, მითითებულია, რომ შპს ,,კ-მა“ მიიღო მოპასუხის მიერ გაგზავნილი წერილი №MCG/SUBC/COMF/018 – განივი კვეთები – ლოტი№4, თუმცა ეს მასალები არ იძლეოდა მიწის სამუშაოების მოცულობების განფასების საშუალებას. აღნიშნული წერილით მოთხოვნილია ნახაზები მიწის სტრუქტურული საფარის დაზუსტებული კოორდინატების შესახებ, იმისათვის, რომ განხორციელებულიყო შესრულებული სამუშაოების და ექსკავაციის მოცულობების სწორი დათვლა (ტ.1. ს.ფ. 136–137);
2009 წლის 19 მარტს შპს ,,კ-მა“ მიმართა შპს ,,ა. ი-ს“, რომელშიც მითითებულია, რომ შპს ,,კ-მა“ მიიღო მოპასუხის მიერ გაგზავნილი წერილი №O MCG/SUBC/COMF/018 და ამ წერილის კორექტირებული ვარიანტი №M MCG/SUBC/COMF/021, თუმცა წერილები და დანართები არ შეიცავდა შპს ,,კ-ის“ მიერ წერილი №070/03–ით მოთხოვნილ დოკუმენტაციას, რომლის შესრულებამდე შპს ,,კ-ი“ არ იღებდა პასუხისმგებლობას სამუშაოთა სწორად წარმართვაზე (ტ.1. ს.ფ. 134–135);
2009 წლის 11 აპრილს შპს ,,კ-მა“ მიმართა შპს ,,ა. ი-ს“ თხოვნით, მიეწოდებინათ გზის გრუნტოვანი საფარის მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია (ტ.1. ს.ფ. 132–133);
დადგენილია, რომ მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია (ხაზვითი სამუშაოები შემდეგ გზაჯვარედინზე 111+500–115+000; 119+000–125+000; 127+000–129+500) შპს ,,კ-ს“ ჩაბარდა 2009 წლის 22 აპრილს (ტ.2. ს.ფ. 8–21);
2009 წლის 08 ივლისს შპს ,,კ-ის“ დირექტორმა აკაკი ბურკიაშვილმა მიმართა შპს ,,ა. ი-ს“, რომელშიც მითითებულია, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, შპს ,,კ-ს“ არ მიუღია დოკუმენტაციის სრული პაკეტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კ-ის“ უცნობი იყო შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები ზუსტ კილომეტრაჟებსა და მანძილზე, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ტექნიკისა და მუშახელის სრული მობილიზაციის განხორციელება. სამუშაოები მიმდინარეობდა მხოლოდ იმ მონაკვეთზე, რომელთა ნახაზებიც გააჩნდა შპს ,,კ-ს“. შპს ,,კ-ი“ არ იყო ინფორმირებული არხებისა და წყალგამშვები მილების ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე, არც ბეტონის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე. აღნიშნულ წერილში მითითებულია, რომ შპს ,,კ-მა“ მითითებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა მოპასუხეს (№07/03 09 მარტს; №085/03 18 მარტს, №112/04 10 აპრილს; №142/05 23 მაისს), მაგრამ პასუხი არ მიუღია (ტ.1. ს.ფ.128-131);
2009 წლის 08 ივლისს გენერალურმა კონტრაქტორმა მოითხოვა შპს ,,კ-ის“ მიერ ობიექტიდან (ლოტი 4) ყველა მექანიზმისა და პერსონალის გამოყვანა 5 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2009 წლის 13 ივლისისა, მცირე შესრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტის გამო (ტ.1. ს.ფ. 126–127);
აპელანტის განმარტებით, სამუშაო ნახაზების თავდაპირველი ვერსიების შექმნა ხდებოდა ,,ფ. ა. გ. ს-ოს“ (დამქირავებლის) და მისი საინჟინრო კომპანიის მიერ. სწორედ ისინი გადასცემდნენ ნახაზებს ჯერ ,,ა.ს“ და შემდეგ ,,ა.ი“ აწვდიდა მათ სუბ-კონტრაქტორებს. თუ ნახაზები მათლაც გვიანდებოდა, ამაში შესაძლო ბრალი შეიძლება მიუძღვოდეს ძირითად შემკვეთს, ანუ ,,ფონდს“. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყებისთანავე სამუშაო ნახაზების მიწოდების ვალდებულება ეკისრებოდა გენერალურ კონტრაქტორს. შესაბამისად, აპელანტის განმარტება, ნახაზების დაგვიანებისათვის მის არაბრალეულობასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებების შეფასებით, დგინდება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა გენერალურმა კონტრაქტორმა. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის 15 ოქტომბერს შპს ,,ა. ი-ს“ ეცნობა, რომ მიწოდებული მუშა ნახაზები შეიცავდა ხარვეზებს და ეთხოვა 20 ოქტომბრამდე საბოლოო ნახაზების მიწოდება, რაც არ იქნა შესრულებული. შპს ,,კ-ის“ მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაცია შპს ,,კ-ს“ ჩაბარდა დაგვიანებით, 2009 წლის 22 აპრილს. საქმეში წარმოდგენილი დროებითი გადახდის სერტიფიკატებით დგინდება, რომ სამუშაო ნახაზების გადაცემის შემდგომ გაიზარდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება (ტ.4. ს.ფ. 151-169).
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნებზე იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო გახდა შპს ,,კ-ის“ მოთხოვნები და ამ მოთხოვნათა საფუძვლები.
შპს ,,კ-ის“ სარჩელის მიხედვით, მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 642 323 ლარისა და 2 326 794 აშშ დოლარის დაკისრება. მოთხოვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია მხარეთა შორის 2008 წლის 15 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის შესაბამისად, გენერალური კონტრაქტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ ფაგს კონტრაქტი გაუქმდება, შეწყდება, შეჩერდება, შეფერხდება ნებისმიერი სხვა მიზეზით. ასეთ შემთხვევაში გენერალური კონტრაქტორი ვალდებულია აუნაზღაუროს ქვეკონტრაქტორს ყველა შესრულებული სამუშაოს, გამოყენებული და ადგილზე მიტანილი მასალის ღირებულება, აგრეთვე დაზღვევისა და საბანკო გარანტიების ხარჯები. დაზღვევისა და საბანკო გარანტიების ხარჯების ანაზღაურება მოხდება სამუშაოების დაწყების დღიდან განვლილი დროისა და ქვემდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებამდე დარჩენილი დღეების პროპორციულად. ამდენად, აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება შესრულებული სამუშაოს, გამოყენებული და ადგილზე მიტანილი მასალის ღირებულება, აგრეთვე დაზღვევისა და საბანკო გარანტიების ხარჯები (ტ. ს.ფ. 15-24).
მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების აღიარებით ვლინდება. სამოქალაქოსამართლებრივი დავა მხოლოდ მხარის მოთხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე წარმოებს. დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–4 მუხლის შესაბამისად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, მხარეები წარადგენენ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სასამართლო იხილავს და იკვლევს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც პროცესის მონაწილე მხარეთა მიერ არის წარმოდგენილი. შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეთა ავტონომიურობასა და თვითპასუხისმგებლობას განსაზღვრავს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნით და მოპასუხეს დააკისრა გარკვეული თანხები, რაც არ ყოფილა სარჩელში დავის საგანი, კერძოდ; მოპასუხეს დაეკისრა მანქანა-მექანიზმების მოცდენისათვის 369 696 აშშ დოლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგების სახით - 1 363 225 აშშ დოლარი, და 278 000 აშშ დოლარი - შპს ,,კ-ის“ მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულებისათვის, რომელიც დამკვეთის მხრიდან არ არის ხელმოწერით დადასტურებული და რომლის რეალობის დადგენა აუდიტის დასკვნის შესაბამისად, შესაძლებელია დოკუმენტებთან კამერალური შედარების გზით. აღნიშნულით სასამართლომ დააღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების 6.5. პუნქტის თანახმად, გენერალური კონტრაქტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ ფაგს კონტრაქტი გაუქმდება, შეწყდება, შეჩერდება, შეფერხდება ნებისმიერი სხვა მიზეზით. ასეთ შემთხვევაში გენერალური კონტრაქტორი ვალდებულია აუნაზღაუროს ქვეკონტრაქტორს ყველა შესრულებული სამუშაოს, გამოყენებული და ადგილზე მიტანილი მასალის ღირებულება, აგრეთვე დაზღვევისა და საბანკო გარანტიების ხარჯები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ ყოფილა განპირობებული შპს ,,კ-ის“ ბრალეული მოქმედებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულბის 6.5 პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება: ყველა შესრულებული სამუშაოს, გამოყენებული და ადგილზე მიტანილი მასალის ღირებულება, აგრეთვე დაზღვევისა და საბანკო გარანტიების ხარჯები.
ა) 3.5. პუნქტის თანახმად, ქვეკონტრაქტორი ვალდებულია გენერალურ კონტრაქტორს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიში (შემდეგში ,,ქვეკონტრაქტორის ყოველთვიური სერტიფიკატი“) მიმდინარე თვის ყოველი კალენდარული თვის პირველი ხუთი დღის განმავლობაში. გენერალური კონტრაქტორი ქვეკონტრაქტორს გადაუხდის თითოეული დამტკიცებული დროებითი სერტიფიკატით გათვალიწინებულ თანხას ფაგს–ის მიერ გენერალური კონტრაქტორის ანგარიშზე შესაბამისი თანხების გადარიცხვიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის სხდომაზე შპს ,,კ-ის“ წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას ითხოვს №4 ლოტიდან (ტ.8. ს.ფ. 99);
საქმეში წარმოდგენილია დროებითი გადახდის სერტიფიკატები, საიდანაც დგინდება, რომ 2009 წლის ივნისის მდგომარეობით შპს ,,კ-ის“ მიერ შესრულებული იქნა სულ 2 472 064.23 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები (დღგ-ს ჩათვლით) (ტ.4. ს.ფ. 169). აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატი №11 (დამტკიცებული 24.07.2009წ), მოიცავს წინა პერიოდში შპს ,,კ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ჯამს.
2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად, ავანსის ამოღება განხორციელდება პირველი ქვეკონტრაქტორის ყოველთვიური სერტიფიკატით გათვალისწინებული ყოველი გადასახდელი თანხიდან 15%-ის დაქვითვით.
მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წინასწარი გადახდის (ავანსის) ანაზღაურება შპს ,,კ-ის“ მიერ უნდა მომხდარიყო ყოველი გადახდიდან (შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან) 15%–იანი დაკავებით, ხოლო 2009 წლის 15 ივლისის შესწორების შესაბამისად, საავანსო თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოების შესრულების შესახებ სერტიფიკატის ყოველი ანაზღაურებიდან 25%–იანი დაკავების გზით.
დროებითი გადახდის №2 სერტიფიკატით დადგენილია, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით შესრულებული სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 396 144. 71 აშშ დოლარს (აქედან წინა სერტიფიკატისათვის 153 400 აშშ დოლარი და ამ სერტიფიკატისათვის 242 744.74 აშშ დოლარი, რაც ჯამში შეადგენს 396.144.71 აშშ დოლარს), №3 სერტიფიკატის მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 230 328.65 აშშ დოლარს, №4 სერტიფიკატით – 168 022.22 აშშ დოლარს, №5 სერტიფიკატით – 211 925.26 აშშ დოლარს, №6 სერტიფიკატით – 467 088.69 აშშ დოლარს, №7 სერტიფიკატით – 202 412.62 აშშ დოლარს, №8 სერტიფიკატით – 45 364.75 აშშ დოლარს, №9 სერტიფიკატით – 59 046.73 აშშ დოლარს, №10 სერტიფიკატით – 109 724.26 აშშ დოლარს, №11 სერტიფიკატით – 159 996. 67 აშშ დოლარს, სულ 2 051 034.55 აშშ დოლარს (ტ.4 151-169).
დადგენილია, რომ 2 051 034.55 აშშ დოლარიდან გადახდილია 1 714 803.3 აშშ დოლარი, შესაბამისად გადასახდელია 336 231.2 აშშ დოლარი (153 400 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, №2 სერთიფიკატით განსაზღვრული თანხა 242 744.71 აშშ დოლარი გადახდილია 2008 წლის 07 სექტემბერს (ტ.3. 91); №3 სერტიფიკატით განსაზღვრული თანხა 230 328.65 აშშ დოლარი გადახდილია 2008 წლის 25 სექტემბერს (გადახდილია 322 690.44 ლარი კურსით 1 აშშ დოლარი=1.401 ლარს) (ტ.3. ს.ფ. 104); №4 სერტიფიკატით განსაზღვრული თანხა 169 022.22 აშშ დოლარი გადახდილია 2008 წლის 26 სექტემბერს (გადახდილია 236 986.05 კურსით 1აშშ დოლარი = 1.4021 ლარს) (ტ.3. ს.ფ. 118); №5 სერტიფიკატით განსაზღვრული თანხა 211 925.26 აშშ დოლარი გადახდილია 2008 წლის 10 ნოემბერს (გადახდილია 301 145.78 ლარი კურსით 1შშ დოლარი=1.421) (ტ.3. ს.ფ. 128); №6 სერტიფიკატით განსაზღვრული თანხა 467 088.69 აშშ გადახდილია 2008 წლის 28 ნოემბერს (ტ.3. ს.ფ. 141); №7 სერტიფიკატით განსაზღვრული თანხა 202 412.62 აშშ დოლარი გადახდილია 2008 წლის 24 დეკემბერს (გადახდილია 336409.77 ლარი კურსით 1შშ დოლარი=1.662 ლარს) (ტ.3. ს.ფ. 155); №8 სერტიფიკატით განსაზღვრული თანხა 45 364.75 აშშ დოლარი გადახდილია 2009 წლის 18 მარტს (გადახდილია 75759.13 კურსით 1 შშ დოლარი = 1.67 ლარს) (ტ.3. ს.ფ.165); №9 სერტიფიკატით განსაზღვრული 59 046.73 აშშ დოლარიდან გადახდილია ნაწილი 46 998.54 აშშ დოლარი (გადახდილია 77 556.99 ლარი კურსით აშშ დოლარი =1.6502 ლარს), გადასახდელია 12 048.19 აშშ დოლარი (ტ.3. ს.ფ. 178); №10 სერტიფიკატით განსაზღვრული 109 724.26 აშშ დოლარიდან გადახდილია 98 918.08 აშშ დოლარი (გადახდილია 165 450.3 ლარი კურსით 1 აშშ დოლარი=1.6726 ლარს), გადასახდელია 10 806.18 აშშ დოლარი (ტ.3. ს.ფ.191); №11 სერტიფიკატით განსაზღვრული 159 996. 67 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ა. ი-ის“ მიერ არ არის წარმოდგენილი 336 231.2 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები.
ბ) 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სამუშაოების დაწყების დღიდან 5 დღის განმავლობაში, ქვეკონტრაქტორი ვალდებულია გენერალურ კონტრაქტორს წარუდგინოს სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია იმ ფორმით, როგორც წარმოდგენილია მე–5 დანართში, ქვემდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების 10%–ის ოდენობით თანხისათვის, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელდება სამუშაოების დაწყების დღიდან 27 თვის განმავლობაში.
საქმეში წარმოდგენილია სს ,,ს. ბ-ის“ მიერ გაცემული ორი საგარანტიო ხელშეკრულება, კერძოდ: 28.05.2008 წლის საგარანტიო ხელშეკრულება №ADV10339/08 საგარანტიო თანხით 2 225 746.86 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 28.05.2008 წლის საგარანტიო ხელშეკრულება №PE10242/08 საგარანტიო თანხით 1 483 831.24 აშშ დოლარის ოდენობით (ტ. 1. ს.ფ. 122-124).
დადგენილია, რომ 2008 წლის 28 მაისს გაცემული №ADV10339/08 საავანსო გარანტია 2 225 746.86 აშშ დოლარზე დაბრუნებული იქნა ბენეფიციარის ა. ი-ის მიერ ბანკისათვის, ხოლო შემდგომ შპს ,,კ-ის“ თხოვნის საფუძველზე ბანკის მიერ მოხდა ზემოხსენებული საბანკო გარანტიის ჩანაცვლება იმავე თარიღით და ნომრით და ნაცვლად 2 225 746.86 აშშ დოლარისა გაცემული იქნა გარანტია 1 886 226.25 აშშ დოლარზე (ტ. 7. ს.ფ. 121);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინებით აუდიტორს, თ. ხ-ს დაევალა დასკვნისათვის გამოყენებული ყველა დოკუმენტის წარმოდგენა სასამართლოში. აღნიშნული განჩინების საფუძველზე თ. ხ-ის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის სს ,,ს. ბ-ის“ 2010 წლის 30 ნოემბრის ცნობა საგარანტიო მოსახურებისათვის საკომისიოების გადახდასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით შპს ,,კ-ის“ მიერ გადახდილი საგარანტიო მოსახურებისათვის საკომისიოების ჯამური ოდენობა №ADV10339/08 და № PE10242/08 გარანტიების მოქმედების ვადის განმავლობაში შეადგენს 236 056 აშშ დოლარს.
გ) სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაზღვევის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეკონტრაქტორი ვალდებულია დააზღვიოს თავისი მოწყობილობები და პერსონალი საკუთარი ხარჯებით. დაზღვევა უნდა მოიცავდეს ქვეკონტრაქტორის ან ქვეკონტრაქტორის ნებისმიერი სხვა პერსონალის მიერ დაქირავებული პირის ტრავმირების, ავადმყოფობის ან სიკვდილიანობის შედეგად გამოწვეულ პრეტენზიებზე, ზარალზე, დანაკარგებსა და ხარჯებზე (სასამართლო მოსაკრებლებისა და დანახარჯების ჩათვლით) წარმოქმნილი პასუხიმგებლობისაგან ფაგს-ის, გენერალური კონტრაქტორისა და ინჟინერის დაზღვევას, ისეთი შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული დაზღვევა შესაძლოა არ მოიცავდეს გენერალური კონტრაქტორის ან გენერალური კონტრაქტორის პერსონალის რაიმე დაუდევრობას ან ნებისმიერი ქმედების შედეგად გამოწვეულ ზარალსა და პრეტენზიებს. ფაგს კონტრაქტის შესაბამისად, გენერალური კონტრაქტორის რისკებისაგან დაზღვევა მოიცავს ქვეკონტრაქტორისა და მესამე პირების სამუშაოების დაზღვევას. ფაგს კონტრაქტით გათვალისწინებული დაზღვევის გარდა ნებისმიერი სხვა სახის დაზღვევა, როგორც გენერალური კონტრაქტორის პასუხისმგებლობა, განხორციელდება ქვეკონტრაქტორის მიერ საკუთარი ხარჯებით.
საქმეში წარმოდგენილია ქონების დაზღვევის პოლისი, გაცემული სადაზღვევო კომპანია ,,ი-ოს“ მიერ. აღნიშნული პოლისის შესაბამისად, დაზღვეულ ქონებას წარმოადგენს შპს ,,კ-ის“ მანქანა-დანადგარები, შპს ,,კ-ის“ კუთვნილი მექანიზმების ჩამონათვალის მიხედვით; სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 1 879 110 ლარით; სადაზღვევო პრემია და გადახდის წესი განისაზღვრა შემდეგი სახით _ 3758 ლარი, ანგარიშსწორება ხორციელდება ერთჯერადად პოლისის გაცემიდან ერთი თვის განმავლობაში (არაუგვიანეს 31.07.2008 წლისა) (ტ. 8. 2012 წლის 13 სექტემბრის განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები).
სამოქალაქო კოდექსის 799–ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიღწეული იქნა შეთანხმება მანქანა-დანადგარების საშუალებების დაზღვევის შესახებ. საქმის მასალებით არ დგინდება სადაზღვევო შენატანის გადახდა სადაზღვევო კომპანია ,,ი-ის“.
საქმეში წარმოდგენილია სს ,,ს. ბ-ის“ მეშვეობით განხორციელებული საბანკო ოპერაციების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის შესაბამისად 18.02.09 წელს სადაზღვევო კომპანია ,,ა. ბ-ის“ გადარიცხული იქნა 1923,45 ლარი, ხოლო 21 05.09 წელს - 13 357.12 ლარი. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება, რომელი კომპანიის ანგარიშიდან განხორციელდა საბანკო ოპერაციები. იმ შემთხვევაში, თუ მივიჩნევთ, რომ სადაზღვევო კომპანია ,,ა. ბ-ის“ თანხის გადახდა განხორციელდა შპს ,,კ-ის“ მიერ, მხოლოდ ეს ფაქტი ვერ იქნება გადახდილი თანხის ანაზღაურების საფუძველი, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება გაფორმებული სადაზღვევო კომპანიასთან, არ არის წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისი. შესაბამისად, არ დგინდება ხელშეკრულების საგანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა დაზღვევის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
დ) 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების 6.5. პუნქტის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება გამოყენებული და ადგილზე მიტანილი მასალის ღირებულება. მოსარჩელის მოთხოვნა 125 706 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ მითითებული თანხა გაიხარჯა დაქირავებული მუშებისათვის შპს ,,ს-ან“ საცხოვრებელი სახლების შეძენისა და მონტაჟისათვის (აუდიტის დასკვნა ტ.2. ს.ფ. 157); თანხის გადახდის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი იქნა 2008 წლის 14 ივლისის ანგარიშ-ფაქტურა (ტ. 8. 2012 წლის 13 სექტემბრის განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები). აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №84 ბრძანებით (ძალადაკარგულია ფინანსთა მინისტრის 12/31/2010 №996 ბრძანებით) დამტკიცდა ,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქცია, რომლის 3.1. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, 2008 წლის 14 ივლისის ანგარიშ-ფაქტურა არ არის წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ნიმუშზე. შესაბამისად, ვერ მიიჩნევა შპს ,,ს-სა“ და შპს ,,კ-ს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის დამადასტურებელ მტკიცებულად. შპს ,,კ-მა“ ვერ წარმოადგინა საცხოვრებელი სახლების შეძენის, საცხოვრებელი სახლის მონტაჟის და მათზე გახარჯული თანხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ე) სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2009 წლის 15 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე - ცვლილება №2-ზე, რომლითაც ცვლილებები განხორციელდა 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულებაში. ცვლილებები №2-ის მე-8 პუნქტის მეორე აბზაცში აღნიშნულია: სუბკონტრაქტორი თანხმდება და სამუდამოდ უარს ამბობს ნებისმიერი სარჩელის, მოთხოვნის ან პროცესუალური მოქმედების წარმოწყებაზე, წარმოებაზე და ხელის შეწყობაზე, რომელიც წარმოსდგება ან დაკავშირებულია ზემოთმითითებულ მე-3 სექციასთან (ლოტი მე-4) ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებული პირის მიმართ. ასევე უარს ამბობს ნებისმიერ უფლებაზე მიიღოს ანაზღაურება ან კომპენსაცია, რომელიც შეიძლება წარმოიშვას როგორც შედეგი მესამე პირების მიერ სუბკონტრაქტორის სასარგებლოდ წამოწყებული სასამართლო პროცესიდან (ტ. 4. ს.ფ. 111-114).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52–ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
მითითებული ნორმა გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენას, ამასთან, ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში. ნების განმარტება ადეკვატური უნდა იყოს ფაქტის.
შესწორება №2-ის მე-8 პუნქტიდან არ გამომდინარეობს დასკვნა იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორი უარს აცხადებდა 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების 6.5. პუნქტიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა. ი-ის“ მოთხოვნა შპს ,,კ-ის აუთვისებელი ავანსის 1 083 748.97 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გენერალური კონტრაქტორი ქვეკონტრაქტორს გადაუხდის ავანსს საკონტრაქტო ფასის (დღგ-ს ჩათვლით) 15%-ის ოდენობით, ქვეკონტრაქტორის მიერ გენერალური კონტრაქტორისათვის სასურველი ბანკიდან უპირობო საბანკო გარანტიის მე-4 დანართით გათვალისწინებული ფორმით წარმოდგენის შემდეგ. გენერალურმა კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი გადახდა ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიისა და წინასწარი გადახდის საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. ავანსის ამოღება განხორციელდება პირველი ქვეკონტრაქტორის ყოველთვიური სერტიფიკატით გათვალისწინებული ყოველი გადასახდელი თანხიდან 15%-ის დაქვითვით.
2009 წლის 15 ივლისს გაფორმებული ცვლილებები №2-ის შესაბამისად, 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება შესწორდა შემდეგნაირად: ,,დარჩენილი საავანსო გადახდის ანაზღაურება განხორციელდება თითოეული გადახდის 25%-ის დაქვითვით, რომელიც დაიწყება ქვეკონტრაქტორის პირველი ყოველთვიური სერტიფიკატით, წარდგენილი ამ ცვლილებების თარიღის შემდეგ“ . ასევე, 2008 წლის 15 მაისის ხელსეკრულების მე-3 მუხლს დაემატა პუნქტი 2ა, რომლის შესაბამისად, ,,ქვეკონტრაქტორისათვის გადახდილი ავანსის მთელი თანხა, რომელიც არ იქნება გადახდილი წინამდებარე შესწორების პუნქტი 3-ში აღნიშნულის შესაბამისად, ანაზღაურებული იქნება ქვეკონტრაქტორის მიერ გენერალური კონტრაქტორისათვის ამ ხელშეკრულების ამოწურვისთანავე ან/და გენერალური კონტრაქტორის მიერ ამ ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე ან ნებისმიერი სხვა მიზეზის (გარემოების) დადგომისთანავე, რომელმაც ფაქტიურად შეიძლება გამოიწვიოს ავანსის სრული ოდენობით აუნაზღაურებლობა ქვეკონტრაქტორის მიერ გენერალური კონტრაქტორისათვის“ (ტ. 4. ს.ფ. 111-114).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წინასწარი გადახდის (ავანსის) ანაზღაურება შპს ,,კ-ის“ მიერ უნდა მომხდარიყო ყოველი გადახდიდან (შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან) 15%–იანი დაკავებით, ხოლო 2009 წლის 15 ივლისის ცვლილებების შესაბამისად, საავანსო თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოების შესრულების შესახებ სერტიფიკატის ყოველი ანაზღაურებიდან 25%–იანი დაკავების გზით.
დადგენილია, რომ შპს ,,ა. ი-ის მიერ“ შპს კ-ის“ ავანსის სახით გადახდილი იქნა 1 884 914. 45 აშშ დოლარი (1 884 915,45 აშშ დოლარი) (ტ.3. ს.ფ. 82–83).
მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს შპს ,,კ-ის“ აუნაზღაურებელი ავანსის დაკისრებას 1 083 748.97 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ემყარება შემდეგ გათვლებს:
საქმეში წარმოდგენილია დროებითი გადახდის სერტიფიკატი №11, რომლის შესაბამისად ავანსიდან (1 884 914.45 აშშ დოლარიდან) ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 15%–იანი და 25%–იანი დაკავების გზით, გაიქვითა სულ 320 762.84 აშშ დოლარი. შესაბამისად, ამ დროსათვის აუთვისებელი ავანსი წარმოადგენს 1 564 151.56 აშშ დოლარს (ტ.4 ს.ფ. 168–169); 2009 წლის 10 სექტემბერს დამტკიცებული დროებითი გადახდის №1 სერტიფიკატით დადგენილია, რომ შპს ,,კ-ის“ მიერ შესრულებული იქნა 69 236.49 აშშ დოლარის სამუშაოები (მე-2 ლოტზე), ხელშეკრულების შესაბამისად, ავანსიდან გამოიქვითა 17 309.12 აშშ დოლარი. მოცემული დროისათვის აუთვისებელი ავანსი წარმოადგენს 1 546 842. 44 აშშ დოლარს. 1 546 842.44 აშშ დოლარს აკლდება 103 728.65 აშშ დოლარი (№11 სერტიფიკატით და 10.09.2009 წლის #1 სერტიფიკატით დადგენილი 5%-იანი დაქვითვა (100 266.86 აშშ დოლარი და 3 461.82 აშშ დოლარი), 23 513.44 აშშ დოლარი (ხელშეკრულება №340/90- დან სექტემბრის თვის ანაზღაურება), 39 007.7 აშშ დოლარი (ოქტომბრის თვის საზღაური 340/09 და 498/09 ხელშეკრულებიდან, შესაბამისად - 22 011.9 და 16 995.8), 47 075,75 აშშ დოლარი (№340/09 და №498/09 ხელშეკრულებიდან ნოემბრის თვის საზღაური, შესაბამისად 17 437,5 და 29 638,25); 10 077,42 აშშ დოლარი (340/09 და 498/09 ხელშეკრულებიდან დეკემბრის თვის საზღაური, შესაბამისად 9076,42 და 1001.00), 183 200 აშშ დოლარი (№191/08 ხელშეკრულებიდან), 56 490.56 აშშ დოლარი (რომელიც ერგებოდა შპს ,,კ-ს“ კომპანია ,,ა. კ. ჯ-ან“) (ტ. 8. ს.ფ.134-137 და 04.09.2012 წლის განცხადება).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წალკის რაიონული სასამართლო წარმოადგენდა განსჯად სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2008 წლის 15 მაისს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად “კ-ს” (ქვეკონტრაქტორს) უნდა შეესრულებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები ფარცხისიდან სათხემდე გზის მონაკვეთზე (ფაგს კონტრაქტის თანახმად ლოტი №4) (ტ.1.ს.ფ. 106–117).
დადგენილია, რომ 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულებაში 2009 წლის 15 ივლისს მხარეთა შორის შეტანილი იქნა შესწორება №2, რომლის თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთშეთანხმებას, რათა შეეცვალათ ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ადგილმდებარეობა, პირობები და რაოდენობა. ამ შესწორებით “კ-ს” სამუშაოები უნდა ეწარმოებინა სამცხე–ჯავახეთის გზაზე, სექცია 49–59 კმ (ლოტი #2-ის ნაწილი) (ტ.3. ს.ფ. 244–247);
დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა 2009 წლის აგვისტოს ბოლოს. დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ ყოფილა განპირობებული შპს ,,კ-ის“ ბრალით. შესაბამისად, შპს ,,ა. ი-ი“ ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულების 6.5 პუნქტით გათვალისწინებული შპს ,,კ-ის“ მიერ გაწეული ხარჯები: ყველა შესრულებული სამუშაოს, გამოყენებული და ადგილზე მიტანილი მასალის ღირებულება, აგრეთვე დაზღვევისა და საბანკო გარანტიების ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,კ-მა“ მე-4 ლოტზე შეასრულა 2 051 034.55 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც გადახდილია 1 714 803.3 აშშ დოლარი. გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 336 231.2 აშშ დოლარს. დადგენილია, რომ შპს ,,კ-ის“ მიერ გადახდილი საგარანტიო მოსახურებისათვის საკომისიოების ჯამური ოდენობა №ADV10339/08 და № PE10242/08 გარანტიების მოქმედების ვადის განმავლობაში შეადგენს 236 056 აშშ დოლარს.
სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. 317.1 მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
შპს ,,კ-ის“ მოთხოვნა გამოყენებული და ადგილზე მიტანილი მასალის ღირებულებისა და დაზღვევის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შპს ,,კ-ის“ მიერ ვერ იქნა დადასტურებული გამოყენებული და ადგილზე მიტანილი მასალის ღირებულებისა და დაზღვევის ხარჯის გაწევის ფაქტი.
2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გენერალური კონტრაქტორი ქვეკონტრაქტორს გადაუხდის ავანსს საკონტრაქტო ფასის (დღგ-ს ჩათვლით) 15%-ის ოდენობით, ქვეკონტრაქტორის მიერ გენერალური კონტრაქტორისათვის სასურველი ბანკიდან უპირობო საბანკო გარანტიის მე-4 დანართით გათვალისწინებული ფორმით წარმოდგენის შემდეგ. გენერალურმა კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი გადახდა ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიისა და წინასწარი გადახდის საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. ავანსის ამოღება განხორციელდება პირველი ქვეკონტრაქტორის ყოველთვიური სერტიფიკატით გათვალისწინებული ყოველი გადასახდელი თანხიდან 15%-ის დაქვითვით.
2009 წლის 15 ივლისს გაფორმებული ცვლილებები №2-ის შესაბამისად, 2008 წლის 15 მაისის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება შესწორდა შემდეგნაირად: ,,დარჩენილი საავანსო გადახდის ანაზღაურება განხორციელდება თითოეული გადახდის 25%-ის დაქვითვით, რომელიც დაიწყება ქვეკონტრაქტორის პირველი ყოველთვიური სერტიფიკატით, წარდგენილი ამ ცვლილებების თარიღის შემდეგ“ . ასევე, 2008 წლის 15 მაისის ხელსეკრულების მე-3 მუხლს დაემატა პუნქტი 2ა, რომლის შესაბამისად, ,,ქვეკონტრაქტორისათვის გადახდილი ავანსის მთელი თანხა, რომელიც არ იქნება გადახდილი წინამდებარე შესწორების პუნქტი 3-ში აღნიშნულის შესაბამისად, ანაზღაურებული იქნება ქვეკონტრაქტორის მიერ გენერალური კონტრაქტორისათვის ამ ხელშეკრულების ამოწურვისთანავე ან/და გენერალური კონტრაქტორის მიერ ამ ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე ან ნებისმიერი სხვა მიზეზის (გარემოების) დადგომისთანავე, რომელმაც ფაქტიურად შეიძლება გამოიწვიოს ავანსის სრული ოდენობით აუნაზღაურებლობა ქვეკონტრაქტორის მიერ გენერალური კონტრაქტორისათვის“ (ტ. 4. ს.ფ. 111-114).
სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,კ-ს“ უნდა დაეკისროს აუნაზღაურებელი ავანსი 1 083 748.97 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება, შპს ,,ა. ი-ის“ მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ ,,ფონდი- ათასწლეულის გამოწვევა საქართველომ“ შპს ,,ა. ი-ს“ მცირე შესრულების გამო ჩამოართვა №4 ლოტი თანხით 15 718 551,29 აშშ დოლარი, საიდანაც 25% - 3 929 637,8 აშშ დოლარი წარმოადგენდა შპს ,,ა. ი-ის მოგებას“. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულბის შეწყვეტა არ ყოფილა განპირობებული შპს ,,კ-ის“ ბრალეული ქმედებით, შესაბამისად მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანია წალკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების (შპს ,,ა. ი-ის“ მიმოწერა და წერილობითი პრეტენზიები შპს ,,კ-ან“, ფაგს კონტრაქტი) დართვის შესახებ მიჩნეული იქნა დაუშვებლად. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი აღნიშნული განჩინების გაუქმების შესახებ დაუსაბუთებელია არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე, უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა ან მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მტკიცებულებათა წარდგენა დასაშვებია საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ხოლო მათი წარდგენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაუშვებელია, ვინაიდან ამის უფლებას უზღუდავს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისად, მთავარ სხდომაზე სასამართლო დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ შუამდგომლობებს განიხილავს მხოლოდ გამონაკლისის სახით, კერძოდ, თუ მხარეს მათი წარდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე არ შეეძლო ობიექტური მიზეზებით, ანუ აღნიშნულის შესახებ არ იცოდა, ან შუამდგომლობათა წარდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარემ ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი სასამართლო სხდომა შედგა 2011 წლის 17 თებერვალს. 2011 წლის 12 ივლისამდე ჩატარდა არაერთი მოსამზადებელი სხდომა. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეს შუამდგომლობა არ წარუდგენია და მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2012 წლის 12 ივლისს მოითხოვა მტკიცებულების დართვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და განუხილველად დატოვა შუამდგომლობა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არასაკმარისად დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და შპს „კ-ს“ დაეკისრა ავანსის გადახდა 1,083,748,97 აშშ დოლარი. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავანსის სახით შპს „კ-მა“ მიიღო 1,884,914,45 აშშ დოლარი, რომელიც მე-4 ლოტზე იყო გამოყოფილი. ამის შემდეგ სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი მე-4 ლოტზე სამუშაოების შეწყვეტის შესახებ და მხარეთა შეთანხმებით მე-2 ლოტზე სამუშაოების გაგრძელების თაობაზე, სადაც საავანსო ვალდებულება გადავიდა. მხარის შეგებებული სარჩელი და სარჩელი შეეხება ურთიერთობას მხოლოდ მე-4 ლოტზე. არ შეიძლებოდა სასამართლოს დაეკისრებინა ავანსის გადახდა მე-4 ლოტის ვალდებულებიდან, როდესაც ვალდებულების შესრულება მიმდინარეობდა მე-2 ლოტზე, რომლის განხილვის საგანს საერთოდ არ წარმოადგენს. ამასთან, მე-2 ლოტზე გამოწერილი პირველი სერტიფიკატის შესაბამისად ავანსის ვალი დარჩენილია მხოლოდ 320762,84 აშშ დოლარი (რომელსაც არ ეთანხმება და არ აღიარებს). აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
გარდა ამისა, მოპასუხე შპს „ა. ი-ი“ სააპელაციო სასამართლოში ითხოვდა წალკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას განსჯად სასამართლოში. ანუ განსჯადობის მოტივით გადაწყვეტილების გაუქმებას. აპელანტის ხსენებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად სააპელაციო სასამართლო გაცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მის მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „კ-ის“ სარჩელი იმ საფუძვლით რომ არ იყო მოთხოვნა დაყენებული არ დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო შპს „ა. ი-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ავანსის ნაწილში, რაც არასწორია ვინაიდან სარჩელის მოსარჩელე ითხოვდა 2 326 794 აშშ დოლარსა და 642 323 ლარს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო. წარდგენილი იქნა აუდიტის დასკვნა სადაც გაშიფრული იქნა მოთხოვნილი თანხების ოდენობა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მოთხოვნის არ არსებობის გამო უსაფუძვლოა.
სარჩელის 2 015 000 აშშ დოლარისა და 650 000 აშშ დოლარის არ დაკმაყოფილების საფუძველი სასამართლოს არ ჰქონდა ვინაიდან ორივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულება შეწყდა შპს „ა. ი-ის მიერ“ და მას ხელშეკრულების 6.5. მუხლისა და 5.1 მუხლის ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზიანი. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და კანონიერია პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ უზუსტობას წარმოადგენს ავანსის თანხის 1 083 748,97 აშშ დოლარის დარჩენილ ავანსად განსაზღვრა. სასამართლო ავანსის გაანგარიშებისას აკლებს შესრულებული სამუშაოს 15% მე-4 ლოტზე, აგრეთვე აკლებს შპს „ა. ი-ის“ სხვა ფილიალის კერძოდ „ა. კ-ის“ და სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე შპს“კ-ის“ წინაშე გადაუხდელ ვალდებულებებს არასრულად. სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება მე-4 ლოტზე შპს „ბ-ე“ გადაცემული სამუშაოებიდან მისაღები 8% მოგების დაქვითვას და აგრეთვე სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებს. მხარეთა შორის შედარების შედეგად მიღებული იქნა მე-2 ლორის პირველი სერტიფიკატი, სადაც ვალი ცალმხრივად შპს „ა. ი-მა“ დააფიქსირა 320 762,84 აშშ დოლარი. ამის შემდეგ მე-2 ლოტზე გაგრძელდა სამუშაოები და ერთი წლის განმავლობაში სრულდებოდა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებები. დავის საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის მხოლოდ მე-4 ლოტი. შპს „ა. ი-ს“ ავანსის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია, ვინაიდან საავანსო ვალდებულება მე-2 ლოტზე გაგრძელდა, ხოლო დავის საგანი მე-2 ლოტის უფლება-ვალდებულებები არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს „კ-ს“ გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის 8000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი შპს „კ-ი“ მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და მოპასუხისათვის 2015000 აშშ დოლარისა და 65 000 ლარის დაკისრებას. ამდენად, საკასაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 2015000 აშშ დოლარსა და 65 000 ლარს. ვინაიდან, დასახელებული თანხის 5% აღემატება 8000 ლარს, შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 8000 ლარი, საიდანაც კასატორს შპს „კ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30% - 2400 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორს შპს „კ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 2400 ლარის ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ბ. ალავიძე