Facebook Twitter

№ას-677-643-2013 5 დეკემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება და წილის ნატურით გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჩ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. პ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მხარეთა თანასაკუთრებაში არსებვული, ქ. სამტრედიაში, ჭ-ას ქუჩის №2-ში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონებიდან ½ წილის რეალურად გამოყოფა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გ. პ-სა და გ. ჩ-ას საზიარო უფლება ნატურით არსებვული, ქ. სამტრედიაში, ჭ-ას ქუჩის №2-ში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სსიპ ''ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2012 წლის 31 დეკემბრის №047167-2012/07/4 დასკვნის თანახმად: პირველი სართულის ფართებიდან გ. ჩ-ას მიეკუთვნოს №1-1 და №1-2 ოთახები საერთო ფართით 28,9 კვმ (დანართშიმოცემულია დაშტრიხული ფონით), ხოლო გ. პ-ს მიეკუთვნოს №1-3 და №1-4ოთახები საერთო ფართით 28.6კვმ (დანართში მოცემულია დაწერტილებული ფონით).იმისათვის, რომ არ შემცირდეს მხარეების საკუთრებაში გათვალისწინებული ფართებისსამეურნეო ღირებულება მეორე სართულის ფართებიდან კიბე და აივანი ფართით 12.7კვმ,აგრეთვე №2-1 სათავსო ფართით 26,5 დარჩეს გ. ჩ-ას და გ. პ-ის საერთო საკუთრებაში (დანართში მოცემულია თეთრი ფონით). №2-2 სათავსო ფართით 15,7 კვმ მიეკუთვნოს გ. ჩ-ას (დანართში მოცემულია დაშტრიხული ფონით), ხოლო №2-3 სათავსო ფართით 23,5კვმ მიეკუთვნოს გ. პ-ს (დანართში მოცემულია დაწერტილებული ფონით).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ. ჩ-ა არის ვ. კ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე.

2007 წლის 30 აპრილს ნოტარიუს ქ.ჭ-ის მიერ, მოწმეების - ლ.მ-ის და ნ.თ-ის თანდასწრებით, შედგა სანოტარო აქტი, რომლითაც ვ. კ-ემ გ. ჩ-ას უანდერძა უძრავი ქონება ქ.სამტრედიაში, ჭ-ას ქუჩაზე, №2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობების სახით, მიწის ნაკვეთთან ერთად;

გ. პ-ი არის ვ. კ-ის კანონით პირველი რიგის მემკვიდრე და მან მიიღო სავალდებულო წილი მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან, კერძოდ, უძრავი ქონებიდან მდებარე - ქ.სამტრედია, №2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე;

ქ.სამტრედია, ქუჩა №2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე 74 კვმ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა (განაშენიანების ფართი 74 კვმ წარმოადგენს გ. პ-სა და გ. ჩ-ას თანასაკუთრებას თანაბარი წილის უფლებით;

საქმეში დაცული ტექნიკური პასპორტის, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და სამტრედიის რაიონული სასამართლო 2011 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დასტურდება, რომ ვ. კ-ეს საკუთრებაში გააჩნდა სამტრედია, ჭ-ას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა (სავაჭრო ობიექტი) რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს გ.პ-მა და გ.ჩ-ამ. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე. დადგენილია, რომ გ. პ-ს და გ. ჩ-ას საზიარო უფლების ობიექტს წარმოადგენს მემკვიდრეობით მიღებული სავაჭრო ობიექტი, მდენარე -ქ.სამტრედია, ქუჩა №2 ავტოსადგურის ტერიტორია, თანაბარი წილის უფლებით. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ სამტრედია, ჭ-ას ქუჩა №2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობა და სამტრედია, ქუჩა №2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობა არ არის ერთი და იგივე ობიექტი.

ექსპერტიზის №047167-2012/07/4 დასკვნის მიხედვით, ქ.სამტრედია, ჭ-ას ქუჩა №2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე გ. პ-სა და გ. ჩ-ას თანასაკუთრებაში არსებული ფართიდან, შენობის სამეურნეო ღირებულების შემცირების გარეშე, 1/2 წილის რეალურად გამოყოფა შესაძლებელია;

ექსპერტიზის №047167-2012/07/4 დასკვნის №1 დანართის მიხედვით: პირველი სართულის ფართებიდან ერთი მხარის საკუთრებაში გათვალისწინებული არის №1-1 და №1-2 ოთახები საერთო ფართით 28,9 კვმ (დანართში მოცემულია დაშტრიხული ფონით), ხოლო მეორე მხარის საკუთრებაში გათვალისწინებული არის №1-3 და №1-4 ოთახები საერთო ფართით 28.6კვმ (დანართში მოცემულია დაწერტილებული ფონით). იმისათვის, რომ არ შემცირდეს მხარეების საკუთრებაში გათვალისწინებული ფართების სამეურნეო ღირებულება მეორე სართულის ფართებიდან კიბე და აივანი ფართით 12.7კვმ, აგრეთვე №2-1 სათავსო ფართით 26,5 გათვალისწინებულია როგორც საერთო სარგებლობის ფართები(დანართში მოცემულია თეთრი ფონით). №2-2 სათავსო ფართით 15,7 კვმ გათვალისწინებულია პირველი მხარის საკუთრებაში (დანართში მოცემულია დაშტრიხული ფონითი, ხოლო №2-3 სათავსო ფართით 23,5 კვმ გათვალისწინებულია მეორე მხარის საკუთრებაში (დანართში მოცემულია დაწერტილებული ფონით). შესაბამისად, ერთი მხარის საკუთრებაში გათვალისწინებულია სათავსოები საერთო ფართით 44,6კვმ, მეორე მხარის საკუთრებაში 52,1 კვმ,ხოლო აივანი და ერთი სათავსო ფართით 39,2 კვმ რჩება საერთო საკუთრებაში.

პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები და დამატებით განმარტა შემდეგი:

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 961-ე, 963-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო საზიარო საგანს წარმოადგენდა შენობა-ნაგებობა, რომელზეც, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, საზიარო უფლების გაუქმება შესაძლებელია, შენობის სამეურნეო ღირებულების შემცირების გარეშე. ექსპერტიზის დასკვნის ანალიზის შედეგად ნათელია, რომ ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვარიანტით ობიექტის გაყოფის შემდეგ, გაყოფილი ნაწილები თავის მხრივ შეინარჩუნებენ ერთგვაროვან სამეურნეო დანიშნულებას. ამდენად, რეალურად გაყოფის შედეგად საზიარო უფლების გაუქმებით არ შეილახება არც ერთი მესაკუთრის კანონით დაცული ქონებრივი უფლება.

აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებია ექსპერტიზის დასკვნა და განმეორებითი ექსპერტიზა უნდა დაენიშნა პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დასაბუთებულია, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო არგუმენტაცია ან მტკიცებულება კი, აპელანტს არ წარმოუდგენია, იგი მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც პალატისთვის სარწმუნო არ არის;

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხე გ. პ-ის წარმომადგენლის ჰ. რ-ას პოზიცია იმის შესახებ თითქოს სამტრედია, ჭ-ას ქუჩა №2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობა და სამტრედია, ქუჩა №2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობა არ არის ერთი და იგივე ობიექტი. საქმეში დაცული ტექნიკური პასპორტის, საჯარო რეესტრის ამონაწერის და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დასტურდება, რომ ვ. კ-ეს საკუთრებაში გააჩნდა სამტრედიაში, ჭ-ას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა (სავაჭრო ობიექტი) რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს გ.პ-მა და გ.ჩ-ამ. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე. ამდენად, ცხადია, რომ გ. პ-ს და გ. ჩ-ას საზიარო უფლების ობიექტს წარმოადგენს მემკვიდრეობით მიღებული სავაჭრო ობიექტი, მდენარე -ქ.სამტრედია, ქუჩა №2 ავტოსადგურის ტერიტორია, თანაბარი წილის უფლებით;

პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში იკვეთებოდა ყველა იმ გარემოებების არსებობა, რომელთა ერთად არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო საზიარო უფლების გაუქმება და ქონების ნატურით გამოყოფა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მას არ უნდა გაეზიარებინა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან დარღვეული იყო მხარეთა თანაბარობის პრინციპი, მოსარჩელეს მიეკუთვნა უფრო მეტი ფართი, რის გამოც სასამართლოს უნდა დაენიშნა განმეორებითი ექსპერტიზა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. კასატორის აზრით, არასწორია ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ქ. სამტრედიაში, №2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე 74 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს გ. პ-სა და გ. ჩ-ას თანასაკუთრებას თანაბარი წილის უფლებით, ვინაიდან შენობა დაუკანონებელია. ამასთან, მემკვიდრეობით მიღებულია მხოლოდ მიწის ნაკვეთი, ანდერძში შენობა არაა ნახსენები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით გ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. პ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გ. პ-ი, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე