Facebook Twitter

¹ ბს-643-230(კ-05) 16 ნოემბერი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: აუქციონის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 8 აგვისტოს მ. წ-მა ასპინძის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ახალციხის სააღსრულებო ბიუროსა და ო. თედორაძის მიმართ სარჩელი აღძრა და ქ. ასპინძაში, ... ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის თაობაზე ახალციხის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003წ. 26 ივნისს ჩატარებული აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2003წ. 26 ივნისს ახალციხის სააღსრულებო ბიუროს მიერ ასპინძის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად აუქციონზე გაიყიდა ქ. ასპინძაში მდებარე ავტოგასამართი სადგური.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული აუქციონი კანონის დარღვევით ჩატარდა. მოსარჩელე ავტოგასამართი სადგურის თანამესაკუთრეს წარმოადგენდა, აღსრულება კი მისი მონაწილეობის გარეშე განხორციელდა. მოსარჩელის თანასაკუთრების უფლებას ავტოგასამართ სადგურზე ადასტურებდა: 2002წ. 28 ოქტომბრის სანოტარო აქტი, მიწის შესყიდვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ობიექტის ასაშენებლად გაცემული ნებართვები, ობიექტის მშენებლობისთვის აუცილებელი 1999წ. 25 მარტის ცნობა ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, 1999წ. 25 მარტის სანიტარული სამსახურის მიერ გაცემული ¹13 ნებართვა, მშენებლობის პროცესში ტრაქტორის ქირავნობისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გადასახადის გადამხდელის ¹0087050 მოწმობა, ავტოგასამართ სადგურზე არსებული ცისტერნების აუქციონის წესით გამოსყიდვის თაობაზე 1999წ. 21 ივლისის ხელშეკრულება, ავტოგასამართი სადგურის ფუნქციონირებისთვის ბენზინის შესყიდვის ფაქტის დამადასტურებელი 2002წ. 24 ივლისის ¹003470 ანგარიშ-ფაქტურა, საგზაო საგადასახადო სამმართველოში მ. წ-ის, როგორც ავტოგასამართი სადგურის თანამფლობელის, მიერ 2002წ. 31 ივლისს თანხის გადახდის ¹27 ქვითარი.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მან განცხადებით მიმართა ახალციხის სააღრულებო ბიუროს და აცნობა, რომ წარმოადგენდა ხსენებული ბენზინგასამართი სადგურის თანამესაკუთრეს, რის გამოც დაუშვებელი იყო მისი აუქციონის გზით რეალიზაცია, მაგრამ სააღსრულებო ბიურომ აღნიშნული არ გაითვალისწინა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება აღასრულა არაუფლებამოსილმა სააღსრულებო ორგანომ, კერძოდ, ახალციხის სააღრულებო ბიურომ, მაშინ, როდესაც გადაწვეტილება ასპინძის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა და ავტოგასამართი სადგურიც ქ. ასპინძაში მდებარეობდა, რითაც დაირღვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები. ამასთან, აუქციონი ჩატარდა ახალციხეში, მაშინ, როდესაც აღსრულება უნდა მომხდარიყო ასპინძაში, რადგან აღსასრულებელი გადაწყვეტილება გამოიტანა ასპინძის რაიონულმა სასამართლომ და სააღსრულებო ფურცელში დასახელებული პირებიც ასპინძაში ცხოვრობდნენ.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ასპინძის მცხოვრებნი, მათ შორის მოსარჩელე, არ იყვნენ ინფორმირებულები აუქციონის თაობაზე, რის გამოც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღოთ მასში.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არ მოხდა აუქციონის შესახებ განცხადების გამოქვეყნება ან საჯაროდ გამოცხადება. ამასთან, აღსრულების დროს ავტოგასამართი სადგური 15600 ლარად შეფასდა, მაშინ, როდესაც მისი საბაზრო ღირებულება 30000 ლარს შეადგენდა. მოსარჩელის მითითებით, მოვალეებს გარდა აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურისა, გააჩნდათ სხვა საკმარისი მოძრავი ქონება კრედიტორ დ. ს-ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც სასამართლო აღმასრულებელმა არ გაითვალისწინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ასპინძაში, ... ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის თაობაზე ახალციხის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003წ. 26 ივნისს ჩატარებული აუქციონი უკანონოდ მიიჩნია და მისი შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ასპინძის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. წ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ასპინძის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. წ-ლის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2003წ. 26 ივნისის აუქციონი მისგან გამომდინარე შედეგებით.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ასპინძის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით დ. სუარიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. გ-ს და რ. ნ-ეს დ. ს-ის სასარგებლოდ 4655 აშშ დოლარისა და 275 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2002წ. 13 სექტემბერს სასამართლო აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ შედგა ოქმი, ოქმში აღიწერა და დაყადაღდა მხოლოდ ბენზინგასამართი სადგური მასში არსებული ქონებით, რომელიც მოვალის სამეწარმეო საქმიანობის ობიექტი იყო. ამასთან, ამავე აქტით მოვალეს არ განემარტა აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი, რასაც ითვალისწინებდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო აღმასრულებელმა არ გაითვალისწინა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 44-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა, ვინაიდან ამ მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარებოდა მოვალის ყველა ნივთი, რა დროსაც მოვალეს უფლება ჰქონდა, სასამართლო აღმასრულებლისთვის განეცხადა, პირველ რიგში, რა საგნებიდან უნდა მომხდარიყო გადახდევინება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აუქციონის ჩატარებისას დაირღვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან აუქციონის ჩატარების თაობაზე განცხადება არ გამოქვეყნებულა და არც საჯაროდ გამოცხადებულა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საჯარო გამოქვეყნებად არ მიიჩნია ტელეკომპანია “ლ.” მიერ აუქციონის თაობაზე ინფორმაციის გამოცხადება, ვინაიდან ტელეკომპანია “ლ.” მაუწყებლობა მხოლოდ ნაწილობრივ ვრცელდებოდა ასპინძის რაიონზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონით დადგენილი წესით აუქციონის თაობაზე საჯარო განუცხადებლობით დაირღვა მოსარჩელის ინტერესები, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო აუქციონში, მას ასევე მოესპო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, განეცხადებინა ბენზინის ცისტერნებზე თავისი უფლებების თაობაზე და წარედგინა მკიცებულებები აუქციონის დაწყებამდე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. წ-ის მოსაზრება არაუფლებამოსილი ბიუროს მიერ აღსრულების განხორციელების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ასპინძის რაიონი განეკუთვნებოდა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, ხოლო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 62-ე მუხლის თანახმად, აღსრულებას ახორციელებდა ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფებოდა მიწის ნაკვეთი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება ო. თ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმეში წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო მხარეთა ნება იმის თაობაზე, რომ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მომხდარიყო გ. გ-ის კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურის რეალიზაციის ხარჯზე. ამასთან, აღმასრულებელს კანონის შესაბამისად უფლება ჰქონდა აღსრულება ეწარმოებინა მოვალის იმ ქონებაზე, რომელიც საკმარისი იქნებოდა ვალის დასაფარავად.

კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მათ აუქციონის ჩატარების თაობაზე განცახდება საჯაროდ არ გამოცხადებულა და აღნიშნა, რომ განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ გამოკრული იყო ასპინძის რაიონული სასამართლოს დაფაზე, გამგეობის შენობაში და დაბის ცენტრში, ასევე გამოცხადდა ტელეკომპანია “ლომისის” ეთერის საშუალებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

მოგვიანებით, ო. თ-ემ დააზუსტა საკასაციო საჩივარი და აღნიშნა, რომ მ. წ-ი წარმაოდგენდა არასათანადო მოსარჩელეს, ვინაიდან იგი სადავო ბენზოგასამართი სადგურის არც მესაკუთრეს და არც თანამესაკუთრეს არ წამოადგენდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 187-ე მუხლები, რის გამოც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

სამოტივაციო ნაწილი:

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ო. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიისან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ. წ-ი არ წარმოადგენს სადავო აუქციონზე გაყიდული ბენზინგასამართი სადგურის თანამესაკუთრეს. თუმცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. წ-ი და გ. გ-ი ერთობლივად ეწეოდნენ ბენზინგასამართ სადგურზე სამეწარმეო საქმიანობას, მ. წ-ი თავისი პირადი და ქონებრივი მონაწილეობით აქტიურად იყო ჩაბმული ბენზინგასამართი სადგურის სამეურნეო საქმიანობაში. ფაქტობრივად, სახეზე იყო გ. გ-ის, მ. წ-ისა და რ. ნ-ის ერთობლივი საქმიანობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. წ-ი არის დაინტერესებული პირი, რომლის უფლებებიც, როგორც საერთო საქმიანობაში მონაწილე პირისა, შეიძლება შელახულიყო მოცემული ბენზინგასამართი სადგურის არამართლზომიერი გასხვისებით.

საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ ასპინძის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. გ-ს და რ. ნ-ეს დ. ს-ის სასარგებლოდ 4655 აშშ დოლარისა და 275 ლარისა სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2002წ. 13 სექტემბერს სასამართლო აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ შედგა ოქმი, ოქმში აღიწერა და დაყადაღდა მხოლოდ ბენზინგასამართი სადგური მასში არსებული ქონებით, რომელიც მოვალის სამეწარმეო საქმიანობის ობიექტი იყო. ამასთან, ამავე აქტით მოვალეს არ განემარტა აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი, რასაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სასამართლო აღმასრულებელმა არ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალიწინებული ზომები და არ გაარკვია გარდა სადავო ბენზინგასამართი სადგურისა მოვალეებს ხომ არ გააჩნდათ სხვა საკმარისი ქონებაც კრედიტორ დ. ს-ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

საკასაციო სასამართლო აქვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 44-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა, ვინაიდან ამ მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, რა დროსაც მოვალეს უფლება აქვს სასამართლო აღმასრულებელს განუცხადოს პირველ რიგში რა საგნებიდან უნდა მოხდეს გადახდევინება.

საკასაციო სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აუქციონი ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, დაირღვა საჯაროობის პრინციპი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ტელეკომპანია “ლომისის” მიერ აუქციონის თაობაზე ინფორმაციის გამოცხადება ვერ ჩაითვლება საჯარო გამოქვეყნებად, ვინაიდან ტელეკომპანია “ლ.” მაუწყებლობა მხოლოდ ნაწილობრივ ვრცელდება ასპინძის რაიონზე.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, ვერ გაიზიარებს მ. წ-ის მოსაზრებას არაუფლებამოსილი სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების განხორციელების თაობაზე, რამდენადაც ასპინძის რაიონი განეკუთვნება სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას, ხოლო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 62-ე მუხლის თანახმად, აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება მიწის ნაკვეთი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 1 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.