№ას-678-638-2012 12 დეკემბერი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს. ს-ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ჯ. ა. გ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ჯ. ა. გ-მა“ მოპასუხე შპს „ს.ს ს-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების საფასურის 19000 ლარისა და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს 20016 ლარის დაკისრება.
სარჩელი დაემყარა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს:
2008 წლის 1 აპრილს, შპს „ჯ. ა. გ-სა“ და შპს „ს.ს ს-ის“ შორის დაიდო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს უნდა გაეწია საფინანსო-საბუღალტრო მომსახურება მოპასუხისათვის მივლენილი სპეციალისტების (მთლიანობაში 3 ადამიანი, მათ შორის: ფინანსისტი, ეკონომისტი და ბუღალტერი-მოლარე) მეშვეობით. მოპასუხე მხარე, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, გადაეხადა მომსახურების ყოველთვიური საზღაური 8000 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით). ეს საფასური მას უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს მომდევნო 10 რიცხვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველთვიური თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
შპს „ჯ. ა. გ-მა“ 2008 წლის 1 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა. მას ასევე სრულად ჰქონდა შესრულებული 2007 წლის 1 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამას ადასტურებდა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხეს არც ერთხელ არ მიუმართავს მოსარჩელისათვის წერილობითი ფორმით იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მივლენილი სპეციალისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულებების შეუსრულებლობას, სამუშაო რეჟიმის დარღვევას, სამუშაოს უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებას, როგორც ამას ითვალისწინებდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი;
რაც შეეხებოდა მოპასუხეს, იგი ხშირად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ, აგვიანებდა გაწეული მომსახურების ანაზღაურებას. ამის საფუძველზე, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მოსარჩელის მხრიდან 2008 წლის დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების საფასური სრულად, კერძოდ, კუთვნილი სახელშეკრულებო თანხიდან – 8000 ლარიდან 2009 წლის 22 მაისს მიღებული ჰქონდა მხოლოდ 5000 ლარი. ამასთან, მოპასუხეს გადაუხდელი ჰქონდა 2009 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების მთლიანი საფასური 8000 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით (ჯამში 16000 ლარი);
მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ, 2009 წლის 28 თებერვალს, შპს „ჯ. ა. გ-ი“ იძულებული გახდა, მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება შეეწყვიტა წერილობითი შეტყობინების გზით.
მოპასუხე შპს „ს.ს ს-იმ“ სარჩელი არ ცნო და მის მიერ წარდგენილ შესაგებელში მიუთითა შემდეგი:
2008 წლის დეკემბერში, მოპასუხე ორგანიზაციამ შპს „ჯ. ა. გ-ს“ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება 2008 წლის 1 აპრილის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. იმის გამო, რომ აღნიშნული შეტყობინება არ წარმოადგენდა დაზღვეულ წერილს, მოპასუხემ განმარტა, რომ შესაგებელს დაურთო მხოლოდ ამ წერილის ასლი. ხსენებული შეტყობინების შედეგად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ, შპს „ჯ. ა. გ-ის“ სპეციალისტები ადასტურებდნენ, რომ 2008 წლის მეორე ნახევარში, 2009 წლის იანვარსა და თებერვალში მათ შპს „ს.ს ს-ის“ საფინანსო-საბუღალტრო მომსახურება არ გაუწევიათ;
ამდენად, 2009 წლის იანვარსა და თებერვალში შპს „ს.ს ს-ის“ მოსარჩელე ორგანიზაციისაგან მომსახურება აღარ მიუღია, მოსარჩელის მიერ მიწვეული სპეციალისტები მოპასუხეს აღარ უწევდნენ საფინანსო-საბუღალტრო მომსახურებას;
თავისი პოზიციის გასამყარებლად მოპასუხემ შესაგებელში მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება. მოცემულ შემთხვევაში, მის მიერ გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე უარის თქმის პატივსადებ საფუძვლად მოპასუხემ დაასახელა 2008 წელს საქართველოში არსებული საომარი მდგომარეობის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, რამაც გამოიწვია ბიზნეს გარემოში არსებული ვითარების გაუარესება. როგორც მან განმარტა, აღნიშნულმა გავლენა იქონია აგრეთვე შპს „ს.ს ს-ის“ საქმიანობაზე, რომელიც ვეღარ ხორციელდებოდა ჩვეული ტემპით. ამასთან, შპს „ს. ს-ი“ აღარ ახორციელებდა ისეთ ფინანსურ ოპერაციებს, რომელიც ძვირადღირებული დაქირავებული კომპანიების მომსახურებას საჭიროებდა;
მოპასუხემ მიუთითა 2008 წლის 1 აპრილის ხელშეკრულების მე-2 თავის მე-13 პუნქტზეც, რომლის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილნი არიან, ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება იმ შეთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „დამკვეთის“ ბალანსზე რიცხული საწარმოო სუბიექტების ჯამი განსაზღვრული იქნება 3-ზე ნაკლები ოდენობით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, „დამკვეთის“ მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა არ გამოიწვევს „დამკვეთის“ ფინანსურ დაჯარიმებას;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად იგი არ იყო ვალდებული უკვე ანაზღაურებულის გარდა დამატებით რაიმე მომსახურების საზღაურის გადახდაზე, ვინაიდან დასახელებული პერიოდისათვის ვალდებულებითი ურთიერთობა მხარეებს შორის აღარ არსებობდა და შპს „ს.ს ს-ის“ მომსახურება აღარ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ. ა. გ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ს.ს ს-ის“ მოსარჩელე შპს „ჯ. ა. გ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 19000 ლარის გადახდა, შპს „ს.ს ს-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად ასევე დაეკისრა პირგასამტეხლო 3644 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.ს ს-იმ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით შპს „ს.ს ს-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 1 აპრილს შპს „ჯ. ა. გ-სა“ და შპს „ს.ს ს-ის“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად შემსრულებელი (შპს „ჯ. ა. გ-“) ვალდებული იყო საფინანსო-ეკონომიკური, სალარო მეურნეობის წარმოებისა და საბუღალტრო მომსახურების გაწევის მიზნით დამკვეთთან (შპს „ს.ს ს-ი“) მიევლინა 3 წლის სტაჟის მქონე სპეციალისტები – ფინანსური მენეჯერი, ეკონომისტი და ბუღალტერი. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 1 წელი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ყოველთვიური საზღაური განისაზღვრა ყოველთვიურად 8000 ლარით, დღგ-ს ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.3 მუხლის თანახმად, მომსახურების თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სრულად, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ყოველთვიურად, მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარება მოხდებოდა ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, სათანადო წესით გაფორმებული აქტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენდა „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლის“ მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესაბამის თვეში ჯეროვნად და სრულად შესრულების აღიარებას.
ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, „დამკვეთის“ მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების თანხის ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისას, „შემსრულებელს“ უფლება ჰქონდა დაეკისრებინა „დამკვეთისათვის“ საურავი ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე თვიური თანხის 0.1 პროცენტის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „დამკვეთის“ მიერ მომსახურების თანხის დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულება უკავშირდებოდა მივლენილი სპეციალისტების მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და აღნიშნულის თაობაზე „დამკვეთს“ წერილობითი ფორმით, არა უგვიანეს თვის ბოლო რიცხვისა უნდა ეცნობებინა „შემსრულებელისთვის“.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მივლენილი სპეციალისტების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის, სამუშაო რეჟიმის დარღვევის, სამუშაოს უხარისხოდ შესრულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
შპს „ს.ს ს-ის“ მოსარჩელის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში სერიით ბბ04, №841094 დაფიქსირებული მომსახურების თანხიდან გადახდილი ჰქონდა ნაწილი 5000 ლარის ოდენობით, 2009 წლის 22 მაისს.
მოსარჩელე შპს „ჯ. ა. გ-ის“ მიერ შედგენილი ბბ-04 №020062 და ბბ–04 №1020064 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მომსახურების საზღაური 8000-8000 ლარი, მთლიანობაში 16000 ლარი, შპს „ს.ს ს-ის“ არ გადაუხდია.
შპს „ჯ. ა. გ-ის“ მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება ფაქტობრივად ხდებოდა გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე, მაშინ როდესაც ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო სათანადო წესით გაფორმებული აქტის საფუძველზე. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.
შპს „ჯ. ა. გ-მა“ შპს „ს.ს ს-ის“ გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება 2008 წლის დეკემბრის, 2009 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში. მოპასუხე შპს „ს.ს ს-იმ“ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით შპს „ჯ. ა. გ-ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის მომსახურების გაწევა დაადასტურა შპს „ს.ს ს-ის“ მიერ 2008 წლის დეკემბრის თვეში შედგენილი და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით, კერძოდ, 2008 წლის დეკემბრის თვეში წარდგენილი დეკლარაციით, სადაც თანდართულ რეესტრში ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ბბ-04 №841094, 2009 წლის აპრილის თვეში წარდგენილი დეკლარაციით, სადაც თანდართულ რეესტრში ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ბბ-04 №1020062, 2009 წლის მაისის თვეში წარდგენილი დეკლარაციით, სადაც თანდართულ რეესტრში ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ბბ-04 №1020062. მითითებულ ანგარიშ-ფაქტურებში შპს „ჯ. ა. გ-ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 24000 ლარს, საიდანაც უდავო იყო, რომ 5000 ლარი ანაზღაურებული ჰქონდა მოპასუხეს.
მოპასუხე შპს „ს.ს ს-ი“ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოსაზრებების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით, რაც სასამართლოსათვის არ იყო სარწმუნო და საკმარისი, ხოლო მოპასუხის შუამდგომლობით გამოძახებული მოწმეების მიერ მათთვის პირადად ცნობილი გარემოებების შესახებ მიცემული ჩვენებებით სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არარსებობაზე, როგორიც იყო მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევა. რაც შეეხებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის დასადასტურებელ მტკიცებულებად წარდგენილ წერილს, რომელიც შედგენილი იყო მოსარჩელის მისამართით, იგი ასეთად ვერ იქნებოდა მიჩნეული, ვინაიდან წერილის მიღება ადრესატის მიერ არ იყო დადასტურებული საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, შეეძლო დაედასტურებინა სადავოდ გამხდარ თვეებში მის მიერ მოპასუხე შპს „ს.ს ს-ის“ მომსახურების გაწევის ფაქტი, რისი გაქარწყლებაც შპს „ს.ს ს-იმ“ მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო. შესაბამისად აღნიშნული წარმოადგენდა მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „ს.ს ს-ის“ მიერ ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, რაც გამოიხატა გაწეული მომსახურების, საერთო თანხით 19000 ლარის გადაუხდელობაში. რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს მოთხოვნას, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დამკვეთის“ მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების თანხის ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისას, „შემსრულებელს“ უფლება ჰქონდა დაეკისრებინა „დამკვეთისათვის“ საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თვიური თანხის 0.1 პროცენტის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „დამკვეთის“ მიერ მომსახურების თანხის დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულება უკავშირდებოდა მივლენილი სპეციალისტების მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და აღნიშნულის თაობაზე „დამკვეთმა“ წერილობითი ფორმით, არაუგვიანეს თვის ბოლო რიცხვისა წერილობით აცნობა „შემსრულებელს“. უდავო იყო, რომ მივლენილი სპეციალისტების მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ვინაიდან დადგინდა, რომ ხელშეკრულების პირობა მოპასუხე შპს „ს.ს ს-ის“ მხრიდან დაირღვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა იყო საფუძვლიანი.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შემცირებულიყო, კერძოდ, მოთხოვნილი 20016 ლარი შემცირდა და მოპასუხე შპს „ს.ს ს-ის“ შპს „ჯ. ა. გ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 3644 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის დასაბუთება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „ჯ. ა. გ-ს“ შპს „ს.ს ს-ის“ არ გაუწევია საფინანსო-საბუღალტრო მომსახურება სადავო პერიოდში, კერძოდ, 2008 წლის დეკემბერის და 2009 წლის იანვარსა და თებერვლის თვეში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2008 წლის 1 აპრილის საფინანსო-საბუღალტრო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდო ერთი მხრივ, შპს „ჯ. ა. გ-სა“ და მეორე მხრივ, შპს „ს.ს ს-ის“ შორის და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით. მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი განისაზღვრა ხელშეკრულების მე-4 მუხლით, რომლის თანახმად, გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარება მოხდება ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, სათანადო წესით გაფორმებული აქტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლის“ მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესაბამის თვეში ჯეროვნად და სრულად შესრულების აღიარებას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევის შესახებ ფაქტობრივი გარემოების არარსებობას უკავშირებს ამ პერიოდში, კერძოდ, 2008 წლის დეკემბრის და 2009 წლის იანვარსა და თებერვალის თვეში შემსრულებლის (მოსარჩელის) მიერ მომსახურების გაწევისა და დამკვეთის (მოპასუხის) მიერ მისი მიღების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების არარსებობას.
საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ 2008 წლის 31 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი ერთის მხრივ, შპს „ჯ. ა. გ“-ის (შემსრულებელის) დირექტორის ვ. ბ-ას და მეორეს მხრივ, შპს „ს.ს ს-ი“-ს (დამკვეთი) დირექტორის კ. ძ-ის მიერ, რომლითაც ირკვევა, რომ 2008 წლის 01 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებელმა შეასრულა 2008 წლის მაისის თვეში მასზე დაკისრებული ვალდებულება სრულად. ასევე, მოსარჩელის განმარტებით ირკვევა, რომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გაფორმდა მხოლოდ ორჯერ 2008 წლის აპრილის და ამავე წლის მაისის თვეში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსრულებლის მიერ მომსახურების გაწევა და დამკვეთის მიერ მომსახურების მიღება უმრავლეს შემთხვევებში ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გარეშე. პალატის ამგვარი დასკვნა გამომდინარეობდა იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ ხელშეკრულების მოქმედების დანარჩენ პერიოდში მოსარჩელის მიერ განხორციელებული მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული იქნა მოპასუხის მიერ, თუმცა არც ამ პერიოდზე არ ყოფილა შედგენილი ამგვარი მიღება-ჩაბარების აქტები. ამ ფაქტობრივი გარემოების არსებობა პალატას აძლევდა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტების არარსებობაზე მითითება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელეს არ გაუწევია საფინანსო-საბუღალტრო მომსახურება მოპასუხისათვის.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შპს „ს.ს ს-ის“ მიერ 2008 წლის დეკემბრის თვეში შედგენილი და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2008 წლის დეკემბრის თვეში წარდგენილი იქნა დეკლარაცია, სადაც თანდართულ რეესტრში ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ბბ-04 №841094, 2009 წლის აპრილის თვეში წარდგენილი იქნა დეკლარაცია, სადაც თანდართულ რეესტრში ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ბბ-04 №1020062, 2009 წლის მაისის თვეში წარდგენილი იქნა დეკლარაცია, სადაც თანდართულ რეესტრში ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ბბ-04 №1020062. აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში შპს „ჯ. ა. გ-ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 24 000 ლარს, ხოლო ამ თანხიდან მოპასუხის მიერ ანაზღაურებული 5000 ლარი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება წარმოებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ის ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება იმ გარემოებათა დაამტკიცება, რაც მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში დაარწმუნებს სასამართლოს. მეორეს მხრივ კი, მოპასუხეს ეკისრება მის მიმართ არსებული მოთხოვნის გაქარწყლება შესაბამისი მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდში, კერძოდ, 2008 წლის დეკემბერში და 2009 წლის იანვარსა და თებერვალში შპს ,,ს.ს ს-ის“ შპს „ჯ. ა. გ“-ათვის საბუღალტრო-საფინანსო მომსახურება არ გაუწევია. თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. აღნიშნული გარემოება კი, პალატის აზრით მეტყველებს იმაზე, რომ მოპასუხემ კონკრეტულ შემთხვევაში, სარწმუნოდ ვერ დაადასტურა და შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის დასაბუთება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების მე-13 მუხლით დადგენილი წესის დაცვით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოსარჩელსთან და აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
პალატამ მიუთითა 2008 წლის 01 აპრილის საფინანსო-საბუღალტრო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეების მიერ გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება, რომლის თანახმად: ,,მხარეები უფლებამოსილნი არიან ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ,,დამკვეთის“ ბალანსზე რიცხული საწარმო სუბიექტების ჯამი განსაზღვრული იქნება 3-ზე ნაკლები ოდენობით.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლზე, რომელიც შეეხება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას. ნორმის დანაწესით, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების განხორციელებას უკავშირებს მოსაჩელისათვის წერილის გაგზავნას, რომელიც მოპასუხის მითითებით გადაეცა მოსარჩელის მიერ მოვლენილ თანამშრომლებს ადმინისტრაციისათვის გადასაცემად, რომლებმაც დაადასტურეს ამ წერილის ჩაბარება შპს „ჯ. ა. გ“-ის დირექტორისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134–ე მუხლის პირველი ნაწილი წერილობით მტკიცებულებად მოიაზრებს აქტებს, საბუთებს, საქმიან და პირადი ხასიათის წერილებს, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, მხარეთა ახსნა-განმარტება ასევე წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის დანაწესით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების მოპასუხის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება მხოლოდ ახსნა-განმარტებით დაუშვებელია. შესაბამისად, მხოლოდ აპელანტის მითითება, რომ მოსარჩელის მიერ მოვლენილმა თანამშრომლებმა დაადასტურეს წერილის ჩაბარება დირექტორისათვის არ არის საკმარისი მტკიცებულება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ფაქტის დადგენილად მიჩევისათვის და საფუძვლად ვერ დაედება სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე უნდა ემყარებოდეს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
რაც შეეხება თავად შემსრულებლის მიერ მივლენილი თანამშრომლებისათვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გადაცემას, პალატამ მიიჩნია, რომ არც აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ შეტყობინების თაობაზე იქიდან გამომდინარე, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვალდებულება უნდა განხორციელებულიყო უშუალოდ დირექტორის მიმართ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ფაქტი ვერ დაადასტურდა, რის გამოც პალატას მაიჩნია, რომ სადავო პერიოდში მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, რაც თითოეულ მათგანს აკისრებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. გარდა ამისა, პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს სხდომაზე შპს ,,ს.ს ს-ის“ წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ წერილის დედანი, რომელიც განკუთვნილი იყო შპს „ჯ. ა. გ“-ის დირექტორისათვის გადასაცემად და დედნის მათთან არსებობა ახსნა იმით, რომ დედანი შპს ,,ს.ს ს-ის“ თანამშრომელმა, რომელსაც დირექტორისათვის გადასაცემად ჰქონდა ჩაბარებული აჩვენა იგი უფლებამოსილ პირს - შპს „ჯ. ა. გ“-ის დირექტორს და ამის შემდგომ, უკან დაუბრუნა შპს ,,ს.ს ს-ის“ წარმომადგენლებს, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ფაქტობრივი გარემოების უარსაყოფად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.ს ს-იმ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ს.ს ს-ის“ მიერ წარდგენილი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელთა არსებობა გამორიცხავს შპს „ჯ. ა. გ-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მოდავე მხარეებს შორის 2008 წლის 1 აპრილს დადებული ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი. კერძოდ, დადგინდა, რომ გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, სათანადო წესით გაფორმებული აქტის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებდა ყველა ვალდებულების შესაბამის თვეში ჯეროვნად და სრულად შესრულებას;
ზემოთ მოყვანილი დებულებიდან გამომდინარე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება წარმოადგენდა იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ შპს „ჯ. ა. გ-მა“ თავისი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად შეასრულა. მას მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მოეთხოვა შპს „ს.ს ს-ის“ მიერ შემხვედრი ვალდებულების შესრულება და გაწეული მომსახურების ანაზღაურება. ის გარემოება, რომ სადავო პერიოდის განმავლობაში (რომელიც მოიცავს 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის იანვარ-თებერვალს) მხარეებს არ მოუხდენიათ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, წარმოადგენს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ ხსენებულ პერიოდში შპს „ჯ. ა. გ-ის“ სპეციალისტებს დამკვეთისათვის არანაირი მომსახურება არ გაუწევიათ. მოცემული ფაქტი სასამართლოს დაუდასტურეს მოწმეებმაც, რომლებიც წარმოადგენდნენ მივლენილ სპეციალისტებს. მათგან ორი სპეციალისტი – დ. რ-ე და მ. ა-ი, მოწინააღმდეგე მხარის დამფუძნებელი პარტნიორები არიან. დასახელებულმა პირებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მათ სადავო პერიოდში დამკვეთისათვის მომსახურება არ გაუწევიათ;
სასამართლომ არასწორად შეაფასა ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებული საკითხი. ანგარიშ-ფაქტურებს, რომლებიც სასამართლომ მომსახურების შესრულების მტკიცებულებად მიიჩნია, ორივე მხარეზე ხელს აწერს შემსრულებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამასთან, იგი გამოწერილია შემსრულებელი ორგანიზაციის დირექტორისა და ამავე ორგანიზაციის ბუღალტრის მიერ. ორივე მხრიდან ერთი და იმავე ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ხელმოწერით წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები არ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების შესრულების საფუძვლად. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშ-ფაქტურა არ ემთხვევა სადავო პერიოდს. კერძოდ, სასამართლომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნია ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გამოწერილია 2008 წლის იანვარში, მაშინ როდესაც სადავოა 2009 წლის დასაწყის პერიოდი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა;
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ხელშეკრულების მე-13 პუნქტი, რომლის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილნი არიან ცალმხრივად მოშალონ ხელშეკრულება იმ შემთხვვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამკვეთის ბალანსზე რიცხული საწარმოო სუბიექტების რიცხვი სამზე ნაკლები აღმოჩნდა. მოცემულ შემთხვევაში სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში დამკვეთი ორგანიზაციის ბალანსზე იმყოფებოდა 3 საწარმო და ხორციელდებოდა მათი მშენებლობა. 2008 წლის ნოემბერში მოხდა ერთი საწარმოს ლეგალიზება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ობიექტი კომპანიის საწარმო სუბიექტთა ნუსხიდან მოიხსნა;
სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშალა შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ 2009 წლის თებერვლის ბოლოს გაგზავნილი წერილის საფუძველზე, რომელიც ჩაბარდა კანცელარიის თანამშრომელს, მაგრამ არ გაითვალისწინა დამკვეთის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელიც გადაეცა კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორებსა და მივლენილ სპეციალისტებს. ისინი ადასტურებენ, რომ მათ მიიღეს და გაეცნენ ამ დოკუმენტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „ს. ს-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჯ. ა. გ-მა“ შპს „ს.ს ს-ის“ გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება 2008 წლის დეკემბრის, 2009 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში, ხოლო მოპასუხე შპს „ს.ს ს-იმ“ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით შპს „ჯ. ა. გ-ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულება.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის მომსახურების გაწევა დაადასტურა შპს „ს.ს ს-ის“ მიერ 2008 წლის დეკემბრის თვეში შედგენილი და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით, კერძოდ, 2008 წლის დეკემბრის თვეში წარდგენილი დეკლარაციით, სადაც თანდართულ რეესტრში ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ბბ-04 №841094, 2009 წლის აპრილის თვეში წარდგენილი დეკლარაციით, სადაც თანდართულ რეესტრში ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ბბ-04 №1020062, 2009 წლის მაისის თვეში წარდგენილი დეკლარაციით, სადაც თანდართულ რეესტრში ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ბბ-04 №1020064. მითითებულ ანგარიშ-ფაქტურებში შპს „ჯ. ა. გ-ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 24000 ლარს, საიდანაც უდავო იყო, რომ 5000 ლარი ანაზღაურებული ჰქონდა მოპასუხეს, ხოლო მოპასუხე შპს „ს. ს-ის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მას 2008 წლის დეკემბერში და 2009 წლის იანვარსა და თებერვალში შპს ,,ს.ს ს-ის“ შპს „ჯ. ა. გ“-ათვის საბურალტრო-საფინანსო მომსახურება არ გაუწევია. აღნიშნული გარემოება კი, პალატის აზრით მეტყველებს იმაზე, რომ მოპასუხემ კონკრეტულ შემთხვევაში, სარწმუნოდ ვერ დაადასტურა და შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიზნებისათვის „დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას პროცესუალურ დარღვევებზე, რამაც მტკიცებულებათა არასწორი შეფასება და ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა გამოიწვია. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ისარგებლა 407-ე მუხლით გარანტირებული შედავების უფლებით და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაშვები პრეტენზია წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლომ, განიხილა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები, მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია გაზიარებულ უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ჯ. ა. გ-ი“ ვალდებული იყო ემტკიცება ის გარემოება რომ მან 2008 წლის დეკემბერში და 2009 წლის იანვარსა და თებერვალში შპს „ს. ს-ის“ გაუწევია საბუღალტრო-საფინანსო მომსახურება, ხოლო აღნიშნული ფაქტის უარყოფის მტკიცების ტვირთი კასატორს არ ევალებოდა.
მოცემულ შემთხვევაში კი შპს „ჯ. ა. გ-ის“ მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება რომელიც მისი განმარტებით ადასტურებს ვალდებულების შესრულებას წარმოადგენს ანგარიშფაქტურები. ანგარიშფაქტურა თავისი სამართლებრივი ბუნებით იქმდება საგადასახდო მიზნებისათვის და არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი. შესაბამისად ანგარიშფაქტურა არ წაროადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშანვს, რომ მოსარჩელე შპს „ჯ. ა. გ-ის“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით არ დასტურდება მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი და არ წარმოადგენს ვალდებულების, კერძოდ მომსახურების გაწევის უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან სადაო პერიოდში შემსრულებლის მიერ გამოწერილ ანგარიშფაქტურას ერთი მხრივ, ხელს აწერს შემსრულებელი შპს „ჯ. ა. გ-ის“ დირექტორი ვ.ბ-ა და მეორე მხრივ, ამავე კომპანიის მიერ დამკვეთ ორგანიზაციაში, შპს „ს. ს-ი“, წარდგენილი პირი ნ. ზ-ე. შესაბამისად, ანგარიშფაქტურის ორივე მხარეს ერთი და იმავე კომპანიის წარმომადგენლები აწერენ ხელს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დამკვეთის მიერ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ასევე გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს „ჯ. ა. გ-ი“ მივლინებულმა სპეციალისტებმა დ. რ-ემ და მ. ა-მა, რომლებიც ამავე დროს აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები არიან დაადასტურეს, რომ მათ სადავო პერიოდში დამკვეთისათვის მომსახურება არ გაუწევიათ, ხოლო მოწმე ნ. ზ-ემ დაადასტურა, რომ მან ანგარიშფაქტურებს ხელი მოაწერა შპს „ჯ. ა. გ-ის“ დირექტორის ვ. ბ-ას დაჟინებული მოთხოვნით და მას აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებზე არ სურდა ხელის მოწერა, ვინაიდან მხარეთა შორის შეწყვეტილი იყო ხელშეკრულება და იგი შეყვანილი იქნა შეცდომაში ვლ.ბასარაიას მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე შპს „ჯ. ა. გ-მა“ 2008 წლის დეკემბერში და 2009 წლის იანვარსა და თებერვალში შპს „ს. ს-ის“ გაუწევია საბუღალტრო-საფინანსო მომსახურება, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ შპს „ჯ. ა. გ-ის“ მიერ ვალდებულება შესრულებულია ნათლად და ჯეროვნად, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ემყარება და უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე, მისი გაუქმების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებით შეფასების აუცილებლობა და საქმის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნების საჭიროება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ. ა. გ-მა“ ვერ დაადასტურა ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, მისი სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ. ა. გ-მა“ შპს „ს. ს-ის“ უნდა აუნაზღაუროს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1133 ლარი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 905 ლარი სულ 2038 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს. ს-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ჯ. ა. გ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ჯ. ა. გ-ს“ შპს „ს. ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2038 ლარის ანაზღაურება;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე