Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-700-663-2013 10 დეკემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „რ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პარტნიორისათვის საზოგადოების დოკუმენტების გაცნობა-გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 2 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. მ-მა მოპასუხე შპს „რ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხე საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცნობა და ასლების გადაცემა.

სარჩელის მიხედვით, 2012 წლის 5 სექტემბერს, მოსარჩელემ, როგორც შპს „რ-ის“ საწესდებო კაპიტალის 39% წილის მფლობელმა, მიმართა შპს „რ-ის“ გენერალურ დირექტორ თ.მ-ს, საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობისა და ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ასლების მისი ხარჯით გადაღება-გადაცემის თაობაზე, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მიიღო. მოსარჩელის მოსაზრებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს იცნობდეს და ხელთ ჰქონდეს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია და დოკუმენტი. ამ უფლების განხორციელებას ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი. ასეთი სტანდარტის ფარგლებში მოიაზრება პარტნიორის უფლება, მიიღოს წლიური ანგარიშის ასლი და საზოგადოების ყველა პუბლიკაცია. ამავდროულად, პარტნიორი უფლებამოსილია შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე, ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით, საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე („მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი). პარტნიორის მითითებული უფლებების განხორციელების მიზნით, კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დირექტორის ვალდებულებად მიიჩნევს, პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას. კანონი საზოგადოების დირექტორს ავალდებულებას, ხელი შეუწყოს პარტნიორს, დაუყოვნებლივ გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს („მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით:

I. ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

II. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

III. ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

IV. შპს „რ-ს“ დაევალა საზოგადოების პარტნიორის, ზ. მ-ის 2005-2012 წლების შემდეგი დოკუმენტების გაცნობა-გადაცემა ზ. მ-ის ხარჯით:

1. შპს „პ-ის” უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონზე შესყიდვის ყველა დოკუმენტი;

2. შპს „რ-ის” წილობრივი მონაცემებით დაფუძნებული/არსებული ყველა კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირის სრული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, შპს „რ-ის” თავდაპირველი რეგისტრაციიდან დღემდე, მათ შორის წესდებები, პარტნიორთა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმები და ა.შ. (მათ შორის, შპს „ბ.ს. ს-ა”, შპს „კ. ვ. რ-ი”.

3. სს „თ. ბ-ან” შპს „რ-ის” მიერ მიღებულ კრედიტებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება;

4. შპს „რ-ის” მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მათ შორის ბ.მ-ე და მ. მ-ე გაცემულ სესხებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება, სალაროს გასავლის ორდერები და სხვა დაკავშირებული დოკუმენტაცია;

5. შპს „რ-ის” მიმართ დებიტორული დავალიანების მქონე იურიდული და ფიზიკური პირების სია დავალიანების მითითებით;

6. სადამფუძნებლო დოკუმენტაცია შემდგომში შეტანილი ცვლილებებით;

7. პარტნიორთა კრების ოქმები და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმები თავისი დანართებით;

8. მითითებულ პერიოდში საგადასახადო ორგანოს მიერ შედგენილი აქტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

9. აუდიტის დასკვნები;

10. წლიური ბრუნვითი ბალანსი საანგარიშო პერიოდების მიხედვით;

11. საანგარიშო პერიოდების მიხედვით, საბუღალტრო დოკუმენტები და სააღრიცხვო მონაცემები, რომლებშიც ასახვა ჰპოვეს ამა თუ იმ ოპერაციებმა;

12. საანგარიშო პერიოდების მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულებები;

13. საანგარიშო პერიოდების მიხედვით სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები;

14. საანგარიშო პერიოდების მიხედვით გაწეული საგადასახადო და არასაგადასახადო ხარჯების დამადასტურებელი საბუღალტრო დოკუმენტები;

15. საანგარიშო პერიოდების მიხედვით დამატებითი ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები;

16. საანგარიშო პერიოდების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები;

17. საანგარიშო პერიოდების მიხედვით მოგების და ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები;

18. საანგარიშო პერიოდების მიხედვით მემორიალური ორდერები;

19. საანგარიშო პერიოდების მიხედვით შპს „რ-ის” სალაროს წიგნების მატერიალური და ელექტრონული ვერსია;

20. საანგარიშო პერიოდების მიხედვით ფულის მოძრაობის უწყისი;

21. საანგარიშო პერიოდების მიხედვით ბრუნვითი უწყისი;

22. საანგარიშო პერიოდების მიხედვით ბანკებში არსებული სალარე და სავალუტო ანგარიშების სრული ამონაწერი;

23. საანგარიშო პერიოდების მიხედვით შემოსავლების სამსახურთან შედარების აქტები;

24. დებიტორების და კრედიტორების სრული გაშიფრული ნუსხა, 2012 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით;

25. 2012 წლის საცდელი ბალანსი;

26. საანგარიშო პერიოდების მიხედვით შპს „რ-ის” მიერ აღებული სესხები და მომსახურეობის ამსახველი დოკუმენტები;

V. შპს „რ-ს“ ზ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 280 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „რ-ის” სახელმწიფო რეგისტრაცია განხორციელდა 2005 წლის 21 მარტს;

მოსარჩელე წარმოადგენს შპს „რ-ის” 39% წილის მქონე პარტნიორს 2012 წლის მაისიდან;

მოსარჩელე მოითხოვა მოპასუხე საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცნობასა და ასლების გადაცემას;

საქმეში არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის ფაქტს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი. კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახამდ, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგან მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის 7-წლიანი მუშაობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემას, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტროლისა და შემოწმების კანონით განსაზღვრული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი რაიმე შეზღუდვას ან/და აკრძალვას დოკუმენტაციის ხანდაზმულობის გამო გადაცემაზე არ შეიცავს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საზოგადოების ვალდებულება დოკუმენტების გადაცემაზე წარმოიშობოდა მხოლოდ ისეთ დოკუმენტებზე, რომლებიც ინახებოდა საზოგადოებაში და ხანდაზმულობის გამო არ განადგურებულა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს მხოლოდ იმ პერიოდიდან შეეძლო მოეთხოვა დოკუმენტაციის გადაცემა, როცა იგი გახდა საზოგადოების პარტნიორი, ანუ 2012 წლის მაისის თვიდან. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი არც ასეთ შეზღუდვას აწესებდა.

შპს ,,რ-ის’’ წესდების 3.1.1 პუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს მოითხოვოს საწარმოს სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, გაეცნოს მათ პირადად ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით, გააკეთოს დოკუმენტის ასლები, თავისივე დადგენილი წესით და ფორმებით მოითხოვოს ინფორმაცია გენერალური დირექტორისა (დირექტორების) და სამეთვალყურეო საბჭოსაგან. წესდების 3.1.5 პუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს მოითხოვოს სამეურნეო საქმიანობის ან მთლიანი წლიური ბალანსის შემოწმება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან და შპს „რ-ის“ წესდების დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან მოსარჩელე წარმოადგენდა შპს „რ-ის” 39% წილის მქონე პარტნიორს, მას ჰქონდა თავისი ხარჯებით სარჩელში მითითებული დოკუმენტების გაცნობა-გადაცემის მოთხოვნის უფლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, მოპასუხეს უნდა დავალებოდა, მოსარჩელისათვის მისივე ხარჯით სარჩელში მითითებული დოკუმენტების გაცნობა-გადაცემა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „რ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, შეჯიბრებითობის პრინციპი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე და 380-ე მუხლების უგულებელყოფით გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ ახალ გარემოებაზე, რომელზეც მას პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას არ უმსჯელია, კერძოდ, სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული არ ყოფილა საწარმოს წესდებასა და მის პუნქტებზე, შესაბამისად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შპს „რ-ის“ წესდების პუნქტებზე მითითება და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მათი გამოყენება ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ ამ მტკიცებულების მიღებაზე უარის თქმის განჩინებას;

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტიდან გამომდინარე, პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის (კონკრეტულ შემთხვევაში, 2012 წლის ანგარიშის) ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის (და არა საფინანსო, საბუღალტრო, სახელშეკრულებო) მიღების უფლება. მას ასევე აქვს უფლება, შეამოწმოს წლიური (მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში – არა 2005 წლიდან) ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით, ისიც საწარმოს წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე;

რაც შეეხება ზ. მ-ის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტების გადაცემას, რომელთაც იგი მოითხოვს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამ მუხლის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. 2012 წლის მაისიდან პარტნიორად საზოგადოებაში მისულ ზ. მ-ს ყოველდღიურად მიეწოდებოდა ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ. აღნიშნულს ადგილი ჰქონდა ზ. მ-ის მოთხოვნის მიუხედავად, ეს უკანასკნელი არასდროს ყოფილა შეზღუდული საწარმოს საქმიანობის თაობაზე ზეპირი თუ წერილობითი ინფორმაციის მიღების კუთხით, რასაც ადასტურებს მისი წარმომადგნელი, რომელიც ინფორმირებულია საწარმოს საქმიანობის შესახებ და რასაც იგი იყენებს კიდეც სასამართლო სხდომაზე სხვადასხვა საკითხების განხილვისას. მოპასუხემ ზ. მ-ს გადასცა 2009-2010 წლების საწარმოს საქმიანობის თაობაზე შედგენილი აუდიტის დასკვნა, ისე, რომ ასეთი ვალდებულება არ გააჩნდა. შესაბამისად, ზ. მ-ის მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს;

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი რიგი დოკუმენტები, კერძოდ: საკრედიტო, ნასყიდობის თუ სხვა სახის ხელშეკრულებები, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, წესდებები, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმები და ა.შ., აგრეთვე, გასავლისა და შემოსავლის ორდერები და საგადასახადო დეკლარაციები, არ წარმოადგენენ წიგნებსა და ჩანაწერებს;

შპს „რ-მა“ სასამართლოს წარუდგინა ჩამონათვალი იმ დოკუმენტებისა, რაც მოსარჩელეს გაუგზავნა. სასამართლომ მითითებული ჩამონათვალი მტკიცებულებად არ მიიჩნია და მხარეს მოსთხოვა დასახელებული გარემოების სხვა წესით დამტკიცება. ასეთი რამე შეუძლებელია, ვინაიდან გაგზავნილი დოკუმენტები იმყოფება მოსარჩელესთან და მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას, წარადგინოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, კონკრეტულად რომელი დოკუმენტი გაეგზავნა მოსარჩელეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს – შპს „რ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 7, გადახდის თარიღი – 2013 წლის 25 ივნისი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე