საქმე №ას-835-793-2013 12 დეკემბერი 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:
პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ+“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დოკუმენტაციის მიღება, მოსარჩელის აუდიტორის მიერ საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ+ს“ მიმართ, შპს-ს დოკუმენტაციის მიღების და მოსარჩელის აუდიტორისათვის საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობის მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე გ. ჯ-ი 2005 წლიდან 2010 წლამდე 33 % წილს ფლობდა შპს „გ+ში“. 2010 წელს კუთვნილი წილი გაასხვისა. წილის გასხვისებამდე მიმართა მოპასუხე მხარეს და თხოვა მის მიერ უფლებამოსილი აუდიტორი დაეშვა საზოგადოებაში დოკუმენტაციის გასაცნობად, ვინაიდან სურდა კუთვნილ წილის რეალური ღირებულების და მიუღებელი დივიდენდის დადგენა. მოპასუხე მხარემ ამის უფლება არ მისცა, რის გამოც მიაჩნია, რომ დაიღვა მისი კანონიერი უფლება, რასაც „მეწამეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ანიჭებდა.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ გ. ჯ-ი ნამდვილად იყო შპს „გ+ს“ პარტნიორი და საზოგადოების 33 % წილის მფლობელი, თუმცა 2010 წლის 3 ნოემბრს კუთვნილი წილი სრულად გაასხვისა 660 000 აშშ დოლარად.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ გ. ჯ-ის განმარტება, თითქოსდა ამ უკანასკნელის მიერ უფლებამოსილ აუდიტორს არ მიეცა წილის რეალური ღირებულების დადგენის მიზნით საზოგადოების დოკუმენატაციის გაცნობის შესაძლებლობა იყო აბსურდული, ვინაიდან მისი მოსაზრებით ამგვარ ფაქტი არ მომხდარა და მოსარჩელის წილის 660 000 აშშ დოლარად შეფასება ბევრად აღემატებოდა საზოგადოებაში მისი წილის რეალურ ღირებულებას. მოპასუხის განმარტებით გ. ჯ-ის წილის ღირებულების დადგენა მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში და თავად მოსარჩელის ინიციატივით დასახელდა ის თანხა, რაც წილის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს „გ+ს“ საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით იყო დაუსაბუთებელი, ვინაიდან გ. ჯ-ი აღარ წარმოადგენდა საზოგადოების პარტნიორს და წილის გაყიდვით მან გაასხვისა ყველა ის უფლება და მოვალეობა, რაც გააჩნდა შპს-ს პარტნიორს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „გ+ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და გ. ჯ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე გ. ჯ-ი 2005 წლის 14 მარტიდან 2010 წლის 8 ნოემბრამდე წარმოადგენდა შპს „გ+ს” პარტნიორს და საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მისი წილი განისაზღვრებოდა 33%-ით.
2010 წლის 03 ნოემბერს ერთი მხრივ, გ. ჯ-ს და მეორე მხრივ, ზ. ფ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს „გ+ს” საწესდებო კაპიტალში წილის გადახდის განვადებით ნასყიდობის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს „გ+ს” პარტნიორის გ. ჯ-ის საწესდებო კაპიტალის 33% და დამატებით, მისი მხრიდან 2010 წლის 01 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად მყიდველის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 13%, სულ ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 660 000 აშშ დოლარით.
2010 წლის 3 ნოემბრამდე გ. ჯ-ს საწარმოდან კანონით დადგენილი დოკუმენტაცია არ მიუღია.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას და დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წელს წილის გასხვისებამდე გ. ჯ-ის მოთხოვნით რაიმე საბუღალტრო დოკუმენტაციის გაცემას არ ჰქონია ადგილი. კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული საზოგადოების მთავარი ბუღალტრის - ც. დ-ის ჩვენებით დადგენილი იყო, რომ ვ. ფ-ე გაიცა მხოლოდ ბრუნვის უწყისი. საგადასახადო დეკლარაციების, ანგარიშგების ასლების რომელიმე პარტნიორისთვის გაცემის ფაქტი მოწმემ არ დაადასტურა. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, საბუღალტრო პროგრამასთან პარტნიორების წვდომის შესაძლებლობის არსებობის თაობაზე, იგი ვერ იქნებოდა მიჩნეული მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად, ვინაიდან, საბუღალტრო პროგრამასთან წვდომის უზრუნველყოფა არ წარმოადგენდა პარტნიორისთვის კანონით მინიჭებული უფლების - საწარმოსგან ინფორმაციის გამოთხოვის - რეალიზებულად მიჩნევის საფუძველს. კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული, თუ რა სახის ინფორმაციის მოთხოვნის უფლება ჰქონდა პარტნიორს და მისი შეზღუდვა დასაშვები იყო მხოლოდ კანონით.
დავის არსიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-ი 2010 წლიდან აღარ წარმოადგენდა საზოგადოების პარტნიორს, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში კუთვნილი წილის გასხვისების შედეგად. 2010 წლის 03 ნოემბრის შპს „გ+ს” საწესდებო კაპიტალში წილის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ წილის შემძენს გადაეცა წილთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტი, რომ მას ჰქონდა რაიმე წილთან დაკავშირებული მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოშობილია და უკავშირდება საზოგადოებაში მისი პარტნიორად ყოფნის პერიოდს პალატამ მიიჩნია დაუსაბუთებელად, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლისა, რომლის მიხედვით, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
აღნიშნულიდან გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს „გ+ს“ მიმართ მიიჩნია უსაფუძვლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო შეზღუდული იყო სასარჩელო მოთხოვის ფარგლებში, მან არ გამოიკვლია დავის საგანი, სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით იგი ითხოვდა არა მისი პარტნიორობიდან გასვლის შემდგომ დოკუმენტაციას, არამედ მისი პარტნიორად ყოფნის პერიოდს. სასამართლომ არასწორედ მიუთითა 2010 წლის 3 ნოემბრის წილის გასხვისების ხელშეკრულების 4.1 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც წილის შემძენზე გადავიდა წილთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა, ვინაიდან კასატორის განმარტებით სასარჩელო განცხადებით დავის საგანს არ წარმოადგენდა წილის გასხვისებისას მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები. კასატორის განმარტებით სასამართლომ ასევე არასწორედ დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად მითითებული იყო წილის გასხვისებამდე წილის რეალური ღირებულების და დივიდენდის მოთხოვნის უფლების დადგენა, ვინაიდან მისი სარჩელი არ იყო აღიარებითი სარჩელი და აქედან გამომდინარე არ ჰქონდა ვალდებულება მიეთითებინა იურიდიულ ინტერესზე, შესაბამისად ასეთი ინტერესი მითითებული არც ყოფილა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ვინაიდან არასწორედ განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 10 პუნქტი; გამოიყენა კანონი, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე; დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმა, რაც მდგომარეობს მასში, რომ გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს; არ გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლი, რაც დირექტორს პირდაპირ ვალდებულებას აკისრებდა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დაერთო გაცნობოდა საზოგადოების წიგნებს და ჩანაწერებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ასახული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული კასატორს - გ. ჯ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. მ-ის მიერ 2013 წლის 13 აგვისტოს №32 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. ჯ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. მ-ის მიერ 2013 წლის 13 აგვისტოს №32 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ბ. ალავიძე