Facebook Twitter

Nას-885-843-2013 10 დეკემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს საგზაო კომპანია ,,თ-ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – გ. გ-ი, რ. გ-ი, ვ. ძ-ი, მ. ძ-ი, ბ. ქ-ე, გ. ტ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 13 დეკემებერს გ. გ-მა, რ. გ-მა, ვ. ძ-მა, მ. ძ-მა, ბ. ქ-ემ, გ. ტ-მა და მ. მ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სს საგზაო კომპანია ,,თ-ის“ მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისაგან სააქციო საზოგადოების აქციონერებზე დარიცხული დივიდენდებისა და ხელფასების გაცემა, ზიანის ანაზღაურება.

საქმის განხილვისას მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მ. მ-მა უარი თქვა თავის სასარჩელო მოთხოვნაზე, რის გამოც მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება. ამასთან, დანარჩენ მოსარჩელეებს მოპასუხემ ნებაყოფლობით აუნაზღაურა დივიდენდები, რის საფუძველზეც მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს: მოსარჩელეების სასარგებლოდ დივიდენდებზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილი ინფლაციის პროცენტის დარიცხვის - 60047 ლარის მოპასუხეზე დაკისრება. მოსარჩელეების სასარგებლოდ მათი თანხებით სარგებლობისთვის ყოველ თვეზე თანხის - 2 %-ის მოპასუხეზე დაკისრება, რაც გონივრულ შესაბამისობაში იყო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთთან, 60 თვე 2%=180%, 120820 ლარის 180%=217476 ლარი და ვ. და მ. ძ-ის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის - 32331 ლარის მოპასუხეებისთვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის, რ. გ-ის, ვ. ძ-ის, მ. ძ-ის, ბ. ქ-ის და გ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდა 792 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სს საგზაო კომპანია ,,თ-ის“ განცხადება (ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება) დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-მა, რ. გ-მა, ვ. ძ-მა, მ. ძ-მა, ბ. ქ-ემ, გ. ტ-მა და მოითხოვეს – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს საგზაო კომპანია „თ“-ის“, აპელანტების სასარგებლოდ, მათი კუთვნილი თანხებით 4 წლის განმავლობაში სარგებლობისთვის ყოველ თვეზე 2%-ს ოდენობით სარგებლის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს საგზაო კომპანია ,,თ-მა“ და მოითხოვა იურიდიული მომსახურების მიზნით გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხის სასარგებლოდ, მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად, მოსარჩელეებისათვის 18 208 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით:

1. გ. გ-ის, რ. გ-ის, ვ. ძ-ის, მ. ძ-ის, ბ. ქ-ის, გ. ტ-ის და სს საგზაო კომპანია „თ-ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.2., მე-2 და მე-3 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3 . გ. გ-ის, რ. გ-ის, ვ. ძ-ის, მ. ძ-ის, ბ. ქ-ის და გ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

4. გ. გ-ის სასარგებლოდ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 1728 (ათას შვიდას ოცდარვა) ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება;

5. რ. გ-ის სასარგებლოდ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 4160 (ოთხი ათას ას სამოცი) ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება;

6. ვ. ძ-ის სასარგებლოდ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 3392 (სამიათას სამას ოთხმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება;

7. მ. ძ-ის სასარგებლოდ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 15456 (თხუთმეტი ათას ოთხას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება;

8. გ. ტ-ის სასარგებლოდ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 4960 (ოთხი ათას ცხრაას სამოცი) ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება;

9. ბ. ქ-ის სასარგებლოდ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 8966.40 (რვა ათას ცხრაას სამოცდაექვსი და 40) ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება;

10. მოპასუხე სს საგზაო კომპანია „თ-ს“, მოსარჩელეების: გ. გ-ის, რ. გ-ის, ვ. ძ-ის, მ. ძ-ის, ბ. ქ-ის და გ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1121.10 (ათას ას ოცდაერთი და 10) ლარის გადახდა, მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

11. სს საგზაო კომპანია „თ-ს“ გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 69.12 (სამოცდაცხრა და 12) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

12. სს საგზაო კომპანია „თ-ს“ რ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 166.40 (ას სამოცდაექვსი და 40) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

13. სს საგზაო კომპანია „თ-ს“ ვ. ძ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 135.68 (ას ოცდათხუთმეტი და 68) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

14. სს საგზაო კომპანია „თ-ს“ გ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 198.40 (ას ოთხმოცდათვრამეტი და 40) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

15. სს საგზაო კომპანია „თ-სს“ ბ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 358.66 (სამას ორმოცდათვრამეტი და 66) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

16. სს საგზაო კომპანია „თ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 618.24 (ექვსას თვრამეტი და 24) ლარის ოდენობით;

17. სს საგზაო კომპანია „თ-ს“ მოსარჩელეების: გ. გ-ის, რ. გ-ის, ვ. ძ-ის, მ. ძ-ის, ბ. ქ-ის და გ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 (ათასი) ლარის გადახდა, მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

18. გ. გ-ს, რ. გ-ს, ვ. ძ-ს, მ. ძ-ის, ბ. ქ-ეს და გ. ტ-ს სს საგზაო კომპანია „თ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა, მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად და 88.32 (ოთხმოცდარვა და 32) ლარის გადახდა, მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელეები: გ. გ-ი, რ. გ-ი, ვ. ძ-ი, მ. ძ-ი, ბ. ქ-ე და გ. ტ-ი წარმოადგენენ სს საგზაო კომპანია „თ-ის“ აქციონერებს შემდეგი წილობრივი მონაცემებით: 1. გ. გ-ი - 1,343333% წილი, 2. რ. გ-ი - 2% წილი, 3. ვ. ძ-ი - 2,100000% წილი, 4. მ. ძ-ი - 5,093333% წილი, 5. გ. ტ-ი - 3,150000% წილი, რომელსაც აქციები გადაეცა ზ. ტ-ან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 6. ბ. ქ-ე - 4,66 0000% წილი.

2007 წლის 05 ივნისის აქციონერთა საერთო კრებაზე დადებითად შეფასდა სს საგზაო კომპანია „თ-ის“ 2006 წლის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დივიდენდად - 1 000 000 ლარის კომპანიის დამფუძნებლებზე განაწილების შესახებ, მაგრამ მიუხედავად დაპირებებისა და თანხების გაცემის წესის განსაზღვრის მცდელობისა, წლების განმავლობაში აღნიშნული გადაწყვეტილება არ შესრულდა; კერძოდ, საქმის მასალებში არსებული სს საგზაო კომპანია „თ-ის“ კრების ოქმებით დადასტურებული იქნა, რომ საზოგადოების აქციონერთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საწარმოს მხრიდან, 2007 წლის 05 ივნისის აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა - აქციონერთა კუთვნილი დივიდენდები არ გაცემულა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეების მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ, მოპასუხე სს საგზაო კომპანია ,,თ-მა“ ნებაყოფლოფლობით დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა სააქციო საზოგადოების აქციონერებზე დარიცხული დივიდენდების და ხელფასების ანაზღაურების ნაწილში, რაც დადასტურებული იქნა საქმის მასალებით და აღნიშნული მხარეებსაც სადავოდ არ გაუხდიათ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის 7 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, რომელმაც დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და განმარტა, რომ აპელანტები გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ მხოლოდ მათი კუთვნილი თანხებით (დივიდენდებით) მოპასუხის მხრიდან 4 წლის განმავლობაში სარგებლობისათვის, ყოველ თვეზე შესაბამისი თანხის 2%-ის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. კერძოდ, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ აპელანტებზე დივიდენდები გაიცა 2012 იანვარში, მას შემდეგ, რაც სარჩელი აღიძრა სასამართლოში. მოსარჩელეები სარჩელით მოითხოვდნენ მათი თანხებით 2012 წლამდე სარგებლობისთვის მოპასუხეს გადაეხადა შესაბამისი დარიცხული დივიდენდის 2% ყოველთვიურად, რაზეც აპელანტების წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტი). აქცია, თავისი არსით, წარმოადგენდა აქციონერსა და სააქციო საზოგადოებას შორის სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადების დამადასტურებელ დოკუმენტს.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეებს (კონტრაგენტებს) ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. აქციონერთა უფლებები შეიძლება დაყოფილი იქნას ქონებრივ და იმ სახის უფლებებად, რომელიც უკავშირდება მხოლოდ საზოგადოების მართვის სფეროს. აქციონერთა ქონებრივი უფლებებიდან უმნიშვნელოვანესია მოგებიდან წილის - დივიდენდის მიღების უფლება („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი). დივიდენდის მიღების უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს აქციონერის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლების (დივიდენდის მოთხოვნის უფლების) განმაპირობებელი გარემოებების არსებობასთან. იმისათვის, რომ აქციონერს მოეთხოვა დივიდენდის სახით მისაღები თანხა, აუცილებლობას წარმოადგენდა საზოგადოებას სამეურნეო წელი წარმატებულად დაემთავრებინა, უნდა ყოფილიყო მოგება და მისი განაწილების თაობაზე საზოგადოების საერთო კრების გადაწყვეტილება („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ 2006 წელს ჰქონდა მოგება და საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოს აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა კომპანიის დამფუძნებლებზე წმინდა მოგების (დივიდენდის) სახით 1 000 000 ლარის განაწილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ, მოეთხოვათ დივიდენდი და შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ისინი წარმოადგენდნენ მოპასუხე საზოგადოების კრედიტორებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, გამოყენებულ უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენდა სავარაუდო შემოსავალს და მისი დადგენისათვის აუცილებელად გასათვალისწინებელი იყო, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელი იყო მხედველობაში მიღებულიყო მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდებოდა გადასახდელი ფულადი თანხის სხვაგვარად გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა დავალიანების სახით არსებული თანხის სხვაგვარად გამოყენების შედეგად მისაღები სარგებელი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალისათვის არ შეიძლებოდა იმ ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა აუნაზღაურდეთ თანხა, რასაც ისინი მიიღებდნენ მათი კუთვნილი თანხის საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში დარიცხული სარგებლის სახით. ასეთი სახის ზიანი წარმოადგენდა ზიანს, რომლის მიუღებლობა მოვალეს შეეძლო ევარაუდა, როგორც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი. ფულადი თანხის საბანკო ანაბარზე განთავსება კი წარმოადგენდა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად ფულადი თანხიდან მიღებულ სარგებელს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმების დანაწესისა და საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, გ. გ-ის, რ. გ-ის, ვ. ძ-ის, მ. ძ-ის, ბ. ქ-ის და გ. ტ-ის სასარგებლოდ სს საგზაო კომპანია „თ-ს“ უნდა დაეკისროს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება იმ საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის - ფულის ანაბარზე განთავსების შედეგად. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საყოველთაოდ ცნობილი გარემოება, რომ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში შეტანილ ანაბრებზე საპროცენტო სარგებლის საშუალო ოდენობა შეადგენდა წლიურ 8%-ს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით, სს საგზაო კომპანია „თ-ს“ გ. გ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 1728 (5400-ის 8% X 4 წელზე) ლარის გადახდა, ვ. ძ-ის სასარგებლოდ - 4160 (13000-ის 8% X 4 წელზე) ლარი, მ. ძ-ის სასარგებლოდ - 3392 (10600-ის 8% X 4 წელზე) ლარი, გ. ტ-ის სასარგებლოდ - 4960 (15500-ის 8% X 4 წელზე) ლარი, ხოლო ბ. ქ-ის სასარგებლოდ - 8966.4 (28020-ის 8% X 4 წელზე) ლარის გადახდა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სააპელაციო სასამართლომ სს საგზაო კომპანია ,,თ-ის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეადგენს დავის საგნის ღირებულების არა უმეტეს 4%-ს.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნიდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას და იცავდა იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მისაღები იყო საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებული იყო გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობოდა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მაქსიმუმის ფარგლებში (არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%–სა), სასამართლომ ადვოკატის დახმარებისათვის საფასური უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მოცულობის, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული, არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 19800 ლარის ანგარიშში, მოსარჩელეებს სს საგზაო კომპანია „თ-ის“ სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდათ .

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს საგზაო კომპანია ,,თ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება ვარაუდს იმის თაობაზე, რომ დივიდენდებს მოსარჩელეები აუცილებლად შეიტანდნენ ბანკში და მიიღებდნენ საბანკო პროცენტის სახით სარგებელს. ამასთან, კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და მტკიცებულებებით ნათლად დასტურდებოდა, რომ აქციონერების კუთვნილი თანხებით სარგებლობას ადგილი არ ჰქონია. ასევე, საზოგადოება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოგების აქციონერებზე განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება აქციონერთა საერთო კრების პრეროგატივას წარმოადგენდა და სწორედ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მოქმედება საზოგადოება;

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი არცერთი კრების ოქმი, რომელიც დაადასტურებდა აქციონერთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, 2007 წლის 05 ივნისის აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, ვინაიდან დივიდენდების განაწილებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებები. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა დივიდენდების ანაზღაურების მოთხოვნის ანაზღაურების ნაწილში საზოგადოების მიერ ნებაყოფლობით დაკმაყოფილება, ვინაიდან ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით აღნიშნული განხორციელდა ყველა აქციონერთა მიმართებაში. შესაბამისად, კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი და შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი (სამოქალაქო კოდექსის 411-412 მუხლები), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ასევე არასწორად განმარტა აღნიშნული კანონი და გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ნორმები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სს საგზაო კომპანია ,,თ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს საგზაო კომპანია ,,თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს საგზაო კომპანია ,,თ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი) 70% - 350 ლარი, სახელმწიფო ბაჟის (1257 ლარი) 70% - 879.90 ლარი და სახელმწიფო ბაჟის (177 ლარი) 70% - 123.90 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს საგზაო კომპანია ,,თ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს საგზაო კომპანია ,,თ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 19 აგვისტო, საგადახდო დავალება №525) 70% – 350 ლარი, სახელმწიფო ბაჟის (1257 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 30 სექტემბერი, საგადახდო დავალება №1) 70% – 879,90 ლარი და სახელმწიფო ბაჟის (177 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 11 ოქტომბერი, საგადახდო დავალება №1) 70% – 123,90 ლარი,

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე