№ას-914-872-2013 5 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს „ჯ+“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი – თ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ქონების საკუთრებაში გადაცემა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით
კ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ჯ +’’-ს კ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 111 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; კ. კ-ის სარჩელი სამშენებლო ბლოკის საამქროს (1.ც) ქვეშგები ბაქნების (2800ც), ხრახნელი ზამბარას (1ც), თვითმავალი სატვირთებელის (1.ც) საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა; კ. კ-ის სარჩელი სამშენებლო ბლოკის საამქროს (1.ც) ქვეშგები ბაქნების (2800ც), ხრახნელი ზამბარას (1ც), თვითმავალი სატვირთებელის (1.ც), ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25 ივლისის განჩინებით კ. კ-სა და შპს „ჯ+-ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით „ჯ+-მა” და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს „ჯ+-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2013 წლის 17 ოქტომბერს შპს „ჯ+-ის“ წარმომადგენელმა თ. ც-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმის შემთხვევაში ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჯ+-ის“ წარმომადგენელ თ. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.
2013 წლის 6 ნოემბერს კასატორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 4000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება.
საკასაციო პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ+-ის“ წარმომადგენელ თ. ც-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 3 დღით.
2013 წლის 27 ნოემბერს შპს „ჯ+-ის“ წარმომადგენელმა თ. ც-ემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 2500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ+-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია _ საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მპალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჯ+-ის“ წარმომადგენელ თ. ც-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ არ ირკვევაა, რომ შპს „ჯ+-ს“ არ გააჩნია რაიმე შემოსავალი და არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესი (არ ირკვეოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობები), სასამართლომ არაერთხელ გაუგრძელა კასატორს ხარვეზის სრულად გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა, ამასთან განუმარტა, რომ სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 48-ე მუხლი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე, სასამართლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხის გადასაწყვეტად ხელმძღვანელობს შუამდგომლობის ავტორის მიერვე წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებითაც მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად დასტურდება, კერძოდ, სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადავადების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარის სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.
ამასთან, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დადასტურების ტვირთი სწორედ შუამდგომლობის ავტორს ეკისრება.
კასატორს ასევე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დადგენილი საპროცესო მოქმედების სრულყოფილად განუხორციელებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა როგორც სამოქალაქოსამართლებრივი სანქცია.
2013 წლის 6 ნოემბერს კასატორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 4000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება, რაც საკასაციო პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდეს და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 3 დღით.
2013 წლის 27 ნოემბერს შპს „ჯ+-ის“ წარმომადგენელმა თ. ც-ემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 2500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.
საკასაციო სასამართლო, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტებით არ ირკვევა კასატორის შემოსავლების უტყუარობის საკითხი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სრულად კვლავ არ გამოუსწორებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6500 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ+-ის“ წარმომადგენელ თ. ც-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ჯ+-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3.. კასატორ შპს „ჯ+-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს თ. ც-ის მიერ 2013 წლის 4 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4000 ლარის ოდენობით და 2013 წლის 25 ნოემბერს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2500 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია